მიცელოვანი წყალი – კანის მოვლის სამყაროს მარგალიტი
გააზიარე:
1995 წელს ფრანგულმა ბრენდმა Bioderma-მ პირველი მიცელოვანი წყალი გამოუშვა. ამ ინოვაციურმა პროდუქტმა სახის მოვლის რუტინაში რევოლუცია მოახდინა.
მგრძნობიარე კანის პრობლემების მოსაგვარებლად Bioderma-მ დერმატოლოგებთან ერთად შეიმუშავა გამწმენდი ფორმულა, რომელიც უკეთ ესადაგებოდა კანის ბუნებას. ამ ფორმულამ, რომელიც კანის ბუნებრივი ლიპიდების თვისებებით იყო შთაგონებული, დაარღვია სახის მოვლის ტრადიციული რუტინა და მაკიაჟის მოცილების პროცესი უფრო სწრაფი, მარტივი და ეფექტური გახადა.
რა არის და როგორ მოქმედებს მიცელები
მიცელოვანი წყალი, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება სუფთა წყლისგან. ის არ შეიცავს სპირტს, საპონს და სხვა გამწმენდ საშუალებებს. მისი აქტიური კომპონენტებია მიცელები.
მიცელები მიკროსკოპული სხეულებია, რომლებიც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების, ტენზიდების, მოლეკულებისგან შედგება. ეს ნივთიერებები კანსა და ჭუჭყის ნაწილაკებს შორის იჭრებიან და მათ გაცალკევებას აადვილებენ.
მიცელების შემადგენლობაში შამავალ მოლეკულებს ერთსა და იმავე დროს ჰიდროფილური (წყალში ხსნადი) და ლიპოფილური (ცხიმში ხსნადი) თვისებები აქვთ. ამის წყალობით ისინი ადვილად შლიან როგორც წყალში, ისე ცხიმში ხსნად ნარჩენებს და ფაქიზად, მაგრამ საფუძვლიანად აშორებენ კანს ჭუჭყს.
ასე რომ, ამ “სუფთა წყალში” არცთუ ისე მარტივი ტექნოლოგია იმალება.
მიცელოვანი წყალი სამი ტიპის პროდუქტს აერთიანებს: გამწმენდს, მატონიზებელს და დამატენიანებელს.
ღირსებები და ნაკლოვანებები
მიცელოვანი წყალი კანს გაცილებით ღრმად ასუფთავებს, ვიდრე ტონიკი, ლოსიონი ან საწმენდი ხელსახოცი.
მიცელოვანი წყალი სპირტს, წესისამებრ, არ შეიცავს, ამიტომ მცირეა მისი გამოყენებისას კანის გაღიზიანების რისკი. საპნისგან განსხვავებით, ის არ არღვევს კანის მჟავატუტოვან ბალანსს.
გამოიყენება მგრძნობიარე უბნების, მაგალითად, ქუთუთოების გასაწმენდად. ადვილად აცილებს ლაინერსაც და ტუშსაც. არ წვავს თვალებს, არ აღიზიანებს და არ აშრობს კანს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ სჭირდება ჩამობანა (თუ ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული), რაც დროს დაგაზოგვინებთ.
მიცელოვანი წყალი იდეალურია მოგზაურობის დროს, რადგან რამდენიმე კოსმეტიკურ საშუალებას შეგიცვლით.
ის საუკეთესოა მათთვის, ვისაც არ უყვარს მაკიაჟის მოსაშორებელი ცხიმიანი საშუალებები.
შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა მამაკაცებისთვისაც.
მიცელოვანი წყალი, როგორც ვთქვით, ღრმად აღწევს კანში, ამიტომ მასში შემავალი ნივთიერებები უფრო ადვილად ხვდება ორგანიზმში. ასე რომ, შეძენისას გადაამოწმეთ შემადგენლობა. საუკეთესოა ის, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს.
როგორ ვიყენებთ
მიცელოვანი წყალი სწორედ გამოყენების სიმარტივითაა მიმზიდველი.
დაასხით ბამბის დისკოზე და ნაზად გაიწმინდეთ სახე.
მიცელოვანი წყალი ყველა ტიპის კანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა მაინც აჯობებს, ის აარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება კანის თქვენეულ ტიპს. იდეალურია ძლიერ მგრძნობიარე კანისთვისაც, რაც ამ პროდუქტს მიმზიდველობას მატებს.
ბოლოს აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
საჭიროა თუ არა მიცელოვანი წყლის ჩამობანა?
თუ წყალი ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს, არც ჩამობანა სჭირდება, მაგრამ თუ მის შემადგენლობაში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
შემადგენლობა
აქაც, როგორც კოსმეტიკის თითქმის ყველა სექტორში, არიან ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც მიცელოვან წყალს მხოლოდ მცენარეული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისგან აწარმოებენ და ისეთებიც, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებსაც იყენებენ. ზოგიერთი ნივთიერება შესაძლოა აგრესიული აღმოჩნდეს. გაწმენდის დროს ისინი ურთიერთქმედებენ კანის შემადგენელ ნივთიერებებთან და შესაძლოა, კანის ლიპიდური შრე დააზიანონ. ჭარბი წმენდა, მით უფრო – აგრესიული აგენტებით, ხშირად არანაკლებ საზიანოა, ვიდრე საერთოდ გაუწმენდაობა.
სინთეტიკური ტენზიდებიდან უმთავრესად იყენებენ პოლიეთილენგლიკოლს (Polyethylene glycol (PEG)), პოლოქსამერს (Poloxamers) და პოლისორბატს (Polysorbates), რომლებიც კანის დამცავ ბარიერს ასუსტებს და კანს გაცილებით მგრძნობიარეს ხდის გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ.
მგრძნოაბიარე კანი ამ კომპონენტებზე სიწითლით, სიმშრალით, აქერცვლით რეაგირებს.
ზოგიერთ წყალში ეგრეთ წოდებული პოლიჰექსანიდიც (polyhexamethylene biguanide, PHMB) აღმოაჩინეს. ეს არის კონსერვანტი, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, კანცეროგენული მოქმედება აქვს, ამიტომ ყურადღებით გაეცანით მიცელოვანი წყლის შემადგენლობას. ყურადღება მიაქციეთ სუნის მიმცემ ნივთიერებებსაც, რომლებსაც შეუძლია, მგრძნობიარე კანის ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
გამწმენდი ან ტონერი
მიცელოვანი წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძირითადი გამწმენდი საშუალება. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ის ღრმად ასუფთავებს კანს და აცილებს მაკიაჟს. ამასთან, მატონიზებელი ეფექტიც აქვს.
ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ კანი კარგად არის გასუფთავებული, დამატენიანებელ კრემს ნუ წაისვამთ.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა
უმრავლესობა მიცელოვან წყალს კარგად იტანს, მაგრამ ალერგიისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უმჯობესია სიფრთხილე გამოიჩინონ. ვიდრე მთელ სახეს გაიწმენდთ, ჯერ კანის მცირე უბანზე მოსინჯეთ, რამდენად მგრძნობიარე ხართ.
წყალგამძლე კოსმეტიკას იყენებთ თუ საფიქსაციო საშუალებებს, მიცელოვანი წყლით გაჟღენთილი ორი საფენი სავსებით საკმარისია კანის საფუძვლიანად გასაწმენდად. ტუშს უფრო ადვილად მოიშორებთ, თუ წინასწარ ოდნავ დაისველებთ წამწამებს.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიცელოვანი წყალი დროსაც გიზოგავთ და ბიუჯეტსაც, რადგან აღარ გჭირდებათ რამდენიმე პროდუქტი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.
ჯილდა გაჩეჩილაძე