ხმაურიანი ძაღლი

გააზიარე:

ძაღლებსაც აქვთ ხასიათის თავისებურებები. ზოგი მშვიდია, გაწონასწორებული, ზოგიც – ფეთქებადი, მუდამ აგზნებული, ხმაურიანი. ძაღლის ხასიათს უწინარესად გენეტიკა, თანდაყოლილი ტემპერამენტი განაპირობებს, თუმცა აღზრდასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ოჯახში ძაღლის შემომატება გადაწყვიტეთ, კარგი იქნება, სასურველი ჯიშის მახასიათებლებს წინასწარ გულდასმით გაეცნოთ. წლამდე ძაღლი ლეკვია და ქცევაც, ბავშვივით, ხშირად არაპროგნოზირებადი აქვს, მაგრამ სწორი წვრთნითა და აღზრდით თავიდან აიცილებთ უამრავ სირთულეს.

თუ უკვე ზრდასრული ძაღლი აიყვანეთ ქუჩიდან ან თავშესაფრიდან, ის კი ფიცხი და მყეფარა აღმოჩნდა, ნურც ეს შეგაშინებთ – არასასურველი ქცევის შეცვლა შესაძლებელია.

როდის სჭირდება ძაღლს დახმარება

. თუ თქვენი ძაღლი ისტერიულად, “უმიზეზოდ” და ხანგრძლივად ყეფს,

. თუ სეირნობისას უყეფს, უღრენს და ერჩის ყველა შემხვედრ ცხოველს,

. თუ, მიუხედავად თხოვნისა და დაყვავებისა, ვერ წყნარდება, ყეფის შეტევების შემდეგ კანკალებს, იკუნტება, იღრინება,

– მაშინ მას დახმარება სჭირდება, რადგან ასეთი ქცევა თავისით არ “გაუვლის”.

შეაფასეთ ძაღლის მდგომარეობა და ქცევის სირთულე. დააკვირდით, დღეში რამდენჯერ აქვს ყეფის შეტევა, ეცადეთ ამოიცნოთ აგზნების გამომწვევი ფაქტორი. გააკეთეთ ჩანაწერები – ისინი ძალიან გამოგადგებათ, თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ გაართვით თავი და სპეციალისტის ჩარევა დაგჭირდათ.

დააკვირდით ძაღლს, სულ მცირე, სამი დღის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ, მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოავლინოთ სიმპტომები.

ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ “ხმაურიანი” ძაღლი და ძაღლი, რომელსაც გამძაფრებული აქვს ტერიტორიის დაცვის`ლიდერობის სურვილი. დაკვირვება სწორედ ამის საშუალებას მოგცემთ.

ლიდერობის სურვილი, საკუთარი ტერიტორიის დაცვისკენ სწრაფვა ბევრი ძაღლისთვის განვითარების ნორმალური ეტაპებია. ამ შემთხვევაში მათ ყეფისა და აგრესიის შეტევები მხოლოდ კონკრეტულ გამღიზიანებლებზე ემართებათ. მაგალითად, თუ სადარბაზოდან ხმაური მოესმა, ძაღლი კართან მიდის და იწყებს ყეფას. ამ დროს ის კეთილსინდისიერად ასრულებს “სამუშაოს” – იცავს “ოჯახს”. აგზნებული`ხმაურიანი ძაღლი კი ამავე სიტუაციაში სხეულის ენით შიშს გამოხატავს. ის კართან არ მიდის – ან იქვე რჩება, სადაცაა, ან კუთხეში მიიყუჟება ხოლმე და იქიდან ყეფს.

აგზნებული`ხმაურიანი ძაღლი არ არის ბედნიერი, ცოტას ან საერთოდ არ თამაშობს, უმეტესად იყუჟება, სხეულის ენით მორჩილებას და შიშს გამოხატავს,  შეტევისას ან შეტევის შემდეგ კანკალებს. ყველა ეს სიმპტომი იმაზე მიანიშნებს, რომ პატრონმა ძაღლისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, მეტი დრო დაუთმოს მასთან ურთიერთობას და პატივი სცეს მის მოთხოვნილებებსა და სურვილებს.

რეკომენდაციები

დავიწყოთ იმით, რისი გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება:

* ისტერიკული ყეფის შეტევის დროს დასამშვიდებლად არ მისცეთ საჭმელი – ჩათვლის, რომ ყეფა კარგი საშუალებაა საკვების მისაღებად.

* არ გაუბრაზდეთ – თქვენი აგრესია დამატებით გამაღიზიანებლად იქცევა.

* დასჯა, ცემა, გამოკეტვა, ყვირილი პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მხოლოდ დაამძიმებს.

* სეირნობის ხანგრძლივობის შემცირება, გარეთ არგაყვანა ან გაყვანა ისეთ დროს, როცა სხვა ძაღლებს ვერ შეხვდება, დიდი შეცდომაა. ასე ძაღლს მოაკლებთ საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილების საშუალებას. სოციალიზაცია, სეირნობა, თავისუფლად, საბლის გარეშე გარემოს კვლევა-შესწავლა მნიშვნელოვანია.

როგორ მოვიქცეთ?

შეიმუშავეთ რეჟიმი

ძაღლებს, რომლებიც ადვილად ღიზიანდებიან, სტაბილურობისა და დაცულობის განცდა სჭირდებათ. ამასთან, სავარაუდოდ, ვერ ახერხებენ საკმარისად “დახარჯვას” მათთვის საინტერესო აქტივობებით.

შეიმუშავეთ დღის რეჟიმი, რომელსაც არ გადაუხვევთ. გაზარდეთ დილის სეირნობის ხანგრძლივობა. სეირნობისას მიეცით ძაღლს საშუალება, დამოუკიდებლად იკვლიოს გარემო, ყნოსოს მისთვის საინტერესო არეები. ხშირად პატრონი, იმის შიშით, ძაღლმა ნაგავი ან მიწაზე ნაგდები საკვები არ შეჭამოს, მას ნიადაგის ყნოსვას უკრძალავს, არადა ძაღლისთვის სწორედ ყნოსვაა გარემოსთან ურთიერთქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამარჯვი. ასე იღებს ის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეს საუკეთესო სტიმულატორია მისი გონებრივი განვითარებისთვის. ამ შესაძლებლობას მოკლებული ძაღლი დაგროვილ ენერგიას სხვა არხში მიმართავს.

კვება და დასვენება

რუტინის ნაწილი უნდა იყოს კვება და დასვენებაც. შინ ძაღლს უნდა ჰქონდეს “ბუნაგი” - სპეციალური საწოლი, საყვარელი პლედი, რბილი სათამაშო... როცა ცხოველი კარგად ისვენებს,  ნაკლებად ღიზიანდება.

როცა საბაზისო მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ძაღლს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ თავი მშვიდად და დაცულად იგრძნოს. თუ მაინც ადვილად ღიზიანდება, წვრთნისა და აღზრდის მიმართულებით მოგიწევთ მუშაობა.

ტვინის სტიმულირება

დაიწყეთ მარტივი ბრძანებების სწავლებით. გაკვეთილებს ყოველდღე დაუთმეთ 10-15 წუთი. პატრონთან ერთად საინტერესოდ გატარებული ეს წუთები ფასდაუდებელი ინვესტიციაა. ასწავლეთ “მოდი!”, “გვერდით!”, “დაჯექი!”, “დაწექი!”, “მოიცადე!” და სხვა საბაზისო ბრძანებები.

თავდაჯერება

ხმაურიანი ძაღლების ერთ-ერთი სახასიათო თვისება თავდაჯერების ნაკლებობაა. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობაც. ეთამაშეთ ძაღლს “ბაწრით ძიძგილაობა”. თამაშის არსი ასეთია: თქვენ ექაჩებით ბაწარს თქვენკენ, ძაღლი კი თავისკენ. რამდენჯერმე “დაუთმეთ” და მიეცით საშუალება, ბაწარი “წაგართვათ”. შეაქეთ და გაიხარეთ მისი “წარმატებით”. ეს თვითრწმენას შემატებს.

სოციალიზაცია

ძაღლი სოციალური ცხოველია. მარტოობა, იზოლირება მისთვის საზიანოა. მართალია, თანამედროვე ცხოვრების ტემპი ისეთია, ძნელად თუ გამოვნახავთ თავისუფალ დროს, მაგრამ ეს არ არის იმის გამართლება, რომ ძაღლი შინ გამოვკეტოთ ან მხოლოდ ათწუთიანი “მოსასაქმებელი” გარეთ გაყვანით შემოვიფარგლოთ. ასეთ მოპყრობას შედეგიც სათანადო მოჰყვება.

სეირნობისას მიეცით ძაღლს საშუალება, გაეცნოს სხვა ძაღლებს. აქ ერთგვარი სიფრთხილეცაა საჭირო, ამიტომ პატრონთან წინასწარ დააზუსტეთ, ხომ არ არის მისი ძაღლი აგრესიული, ხომ არ შეაშინებს თქვენსას. მინახავს, როგორ უშლიან პატრონები ცუგებს გენიტალიების ყნოსვას, არადა გაცნობისას ეს მნიშვნელოვანია.

შეიცვალეთ ძაღლის ქცევისადმი დამოკიდებულება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობენ “გაუგონარი”, “უტვინო” ძაღლები. ძაღლის ქცევას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ადამიანის მოპყრობა მის მიმართ. თუ თქვენი ძაღლის საქციელი არ მოგწონთ, თქვენივე პასუხისმგებლობაა მისი შეცვლა.

ნინო ლომიძე

გააზიარე: