მატრასი ჩვილისთვის
გააზიარე:
ჩვილისთვის ტანსაცმლისა და აქსესუარების ყიდვა ალბათ ყველა დედის საყვარელი საქმიანობაა. ისეთი დეტალები კი, რომლებიც არ ჩანს, ხშირად მეორეხარისხოვნად მიიჩნევა. მაგალითად, მატრასი. არადა, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის ასეთი ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია.
მატრასის ტიპები
გადაღლილს შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ბავშვს საერთოდ არ სძინავს. სინამდვილეში ჩვილები დღე-ღამეში 18 საათს ატარებენ ძილში, ამიტომ კარგი მატრასი აუცილებელია, რათა პატარამ კომფორტულად იძინოს და სწორად განვითარდეს.
დღეს უმთავრესად ორი ტიპის მატრასებია გავრცელებული: ღრუბლოვანი და ზამბარიანი. ხარისხიანი ორივე კომფორტულია, თუმცა მათ შორის არის განსხვავებაც.
მაგალითად, ღრუბლოვანი მატრასი შედარებით მსუბუქია (საშუალოდ 2-დან 5 კგ-მდე), ხოლო ზამბარიანი – მასთან შედარებით მძიმე (6-დან 13 კგ-მდე).
ღრუბლოვანი მატრასი ნაკლებად დრეკადია, ამიტომ წამოზრდილი პატარა მას ბატუტად ვერ გამოიყენებს.
არსებობს ორმხრივი მატრასებიც, რომლებსაც ცალი მხარე ღრუბლისა აქვს, ხოლო მეორე – ზამბარებიანი.
ღრუბლოვანი მატრასი
ღრუბლოვანი მატრასები უმთავრესად პოლიურეთანისა და ლატექსის ქაფისგან მზადდება.
პოლიურეთანის ქაფი ასევე ცნობილია როგორც პოლი-ქაფი. მისგან ხშირად ამზადებენ დივნისა და სავარძლის ბალიშებს. პოლიურეთანის ქაფი უმთავრესად ნავთობქიმიკატებისგან მიღებული ნაერთებისგან შედგება.
ლატექსის ქაფი თხევადი ლატექსის ვულკანიზაციის შედეგად წარმოიქმნება. ის ქაფის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სახეობაა. გამძლეობით ლატექსის მატრასი საგრძნობლად აღემატება პოლიურეთანისას. ამასთან, ძალზე მოქნილიცაა და მეყსეულად რეაგირებს ჩვილის ყოველ მოძრაობაზე. ლატექსის ქაფი არ “იძირება” და არ რბილდება გათბობისას.
ჩვილის საწოლისთვის აუცილებლად ორგანული ლატექსი შეარჩიეთ და არა ქიმიური.
ღრუბლოვანი მატრასი, უპირველეს ყოვლისა, მტკიცე და დრეკადი უნდა იყოს. ყიდვისას დააჭირეთ ხელი შუაგულშიც და კიდეებზეც. მატრასი ოდნავ უნდა ჩაიზნიქოს, მთლიანად არ უნდა დაჰყვეს ზეწოლას, ხოლო ხელის აშვებისთანავე საწყის პოზიციას დაუბრუნდეს.
სიმკვრივის შემოწმებაში მეგობარი ან კონსულტანტი დაიხმარეთ. მატრასი ვერტიკალურად დაიჭირეთ, ხელები შემოაჭდეთ და ერთმანეთისკენ მოზიდეთ. ხარისხიანმა მატრასმა ხელების ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ უნდა მოგცეთ.
ზამბარიანი მატრასი
არსებობს მატრასები გადახლართული და დამოუკიდებელი ზამბარებით. პირველ შემთხვევაში ზამბარები ერთმანეთშია გადახლართული, მეორეში კი ყოველი მათგანი ცალ-ცალკეა მოთავსებული ქსოვილის საფარში. ორივე გამძლეა და სუნთქავს, უბრალოდ, გადახლართული ზამბარების შემთხვევაში უფრო ნაკლებია შანსი, დროთა განმავლობაში ან დიდი ძალის დაწოლისას (მაგალითად, ბავშვის ხტუნვისას) მატრასი აქა-იქ ჩაიღუნოს.
ხვეულების დიდი რაოდენობა უზრუნველყოფს უფრო თანაბარ სიმტკიცეს მატრასის ზედაპირზე. ნაკლებსავარაუდოა, ასეთ მატრასს ამობურცული, ჩაღრმავებული და ზედმეტად რბილი ადგილები ჰქონდეს. ჩვილის მატრასისთვის 150-250 ხვეული სავსებით საკმარისია.
გასათვალისწინებელია ზამბარების სისქეც, რაც მათ გამძლეობაზე მეტყველებს.
თუ მატრასს აქვს 250 ზამბარა, რომლებიც დამზადებულია იმავე სისქის ფოლადისგან, რომლისგანაც 150-ზამბარიანი მატრასის, მაშინ პირველი უფრო მტკიცე იქნება, მაგრამ თუ იგივე ზამბარები უფრო თხელი ფოლადისგანაა დამზადებული, დიდ განსხვავებას ვერ დაინახავთ.
თუ არჩევანს ზამბარებიან მატრასზე შეაჩერებთ, იცოდეთ: საფარის რაც უფრო მეტი შრე აქვს, მით უკეთესი. არსებობს საშიშროება, დროთა განმავლობაში ზედა შრე გაცვდეს და ზამბარებმა ბავშვი შეაწუხოს, ამიტომ კარგად დააკვირდით შრეების რაოდენობას და შემადგენლობას.
სასურველია, ზამბარებიან მატრასს წიბოები სპეციალური წნული თოკებით ჰქონდეს შემოსაზღვრული. ეს მას დამატებით სიმკვრივეს და გამძლეობას მიანიჭებს. როდესაც ბავშვი მასზე ხტუნვას დაიწყებს, მატრასი ფორმას არ დაკარგავს.
საფარი უმჯობესია წყალგაუმტარი შეარჩიოთ. სხვებთან შედარებით ძვირი იქნება, სამაგიეროდ, სითხეს არ გაატარებს. თუ პამპერსიდან სისველემ გამოჟონა ან ბავშვმა საწოლში წყალი ჩაღვარა, გარანტია გექნებათ, რომ ტენი მატრასის სიღრმეში ვერ შეაღწევს.
კარგი იქნება, მატრასი ყოველი დასველების შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდოთ, რათა თავიდან აიცილოთ არა მარტო ლაქების გაჩენა, არამედ მიკრობების გამრავლება და უსიამოვნო სუნიც, რომელიც პირველ რიგში ისევ ბავშვს შეაწუხებს.
უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ, შეიძინოთ არაწყალგაუმტარი ქსოვილით დაფარული მატრასი და წყალგაუმტარი შალითა გადააკრათ.
რას მივაქციოთ ყურადღება
არ მოგერიდოთ, გამოჰკითხოთ კონსულტანტს ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. თქვენ, მყიდველს, გაქვთ უფლება, კარგად შეისწავლოთ ნივთი, რომლის შეძენასაც აპირებთ. შეამოწმეთ, ხელით დააწექით, მოსინჯეთ მისი სიმყარე.
თუ კონსულტანტი ვერ დაგეხმარათ, ყურადღებით წაიკითხეთ მატრასის ეტიკეტი. ის სრულფასოვან ინფორმაციას უნდა იძლეოდეს შემადგენლობაზე, საუკეთესო შემთხვევაში – მისი თითოეული ფენის აგებულებაზე.
თუ ბიუჯეტი საშუალებას მოგცემთ, ახალი მატრასი შეიძინეთ. რაც შეეხება მეორეულს, მეგობარს ან ნათესავს შეგიძლიათ თამამად გამოართვათ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყოფილი მფლობელი მატრასს კარგად უვლიდა და მასში არ იქნება გამრავლებული მიკროორგანიზმები და ობი, მაგრამ ნუ იყიდით უცხო ადამიანისგან, როდესაც არ იცით, რა პირობებში ინახავდნენ მას, როგორ უვლიდნენ და რა სიხშირით წმენდდნენ.
ნუ შეწყვეტთ ძებნას, თუნდაც სასურველი მატრასი პირველივე მაღაზიაში აღმოაჩინოთ. წინასწარ მოძებნეთ ინტერნეტში რამდენიმე მაღაზია, სადაც თქვენთვის სასურველი მატრასები გეგულებათ და ნუ დაიზარებთ, მიდით ყველგან, ნახეთ ყველა ვარიანტი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამას თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის აკეთებთ.
ლიკა ქათამაძე