ფანქარი თუ ლაინერი

გააზიარე:

საღამოს მეიქ-აფს იკეთებთ თუ მსუბუქს, თვალის მაკიაჟი მისი ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია.

თვალების შეღებვას მრავალ კულტურაში საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჯერ კიდევ ქვის ხანაში მიაჩნდათ, რომ თვალის გარშემო შავი ხაზი ავი თვალისგან იცავდა. ინდოეთში ლოცვის დროს შავ პასტას თვალებქვეშ უსვამდნენ ღმერთების ქანდაკებებს – ამას ღმერთები უნდა გამოეღვიძებინა. ეგვიპტეში თვალი მზის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, თვალის ფორმის ამულეტს კი სასწაულმოქმედი თვისებები მიეწერებოდა, ამიტომ ფარაონები თვალების გარშემო მკვეთრ შავ კონტურს ივლებდნენ.

თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა უძველესი რიტუალების ზებუნებრივ ძალას, სილამაზის მაგია კი ნამდვილად არსებობს. ფანქრით თუ ლაინერით ხელში ჯადოსნობა ყველას შეგვიძლია: ხაზი გავუსვათ თვალის ფერს, გამოვკვეთოთ კონტური, გავაფართოოთ ან, პირიქით, დავავიწროოთ ჭრილი...

და მაინც, ფანქარი (კაიალი) ჯობია თუ ლაინერი?

კაიალი

სიტყვა "კაიალი" ჰინდიზე ნახშირს ნიშნავს. თავდაპირველად მისი მთავარი კომპონენტი მართლაც ნახშირი ან ჭვარტლი იყო. დროთა განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, ფერთა პალიტრა კი გაიზარდა. დღეს გვხვდება როგორც თბილი, პასტელური, ისე ბრჭყვიალა ელემენტის შემცველი ფანქრები.

კაიალით შესაძლებელია შტრიხების გავლება თვალის როგორც ზედა, ისე ქვედა ქუთუთოზე და ქუთუთოს შიდა ხაზზეც კი. მისი მეშვეობით შეიძლება ოპტიკურად გავზარდოთ პატარა თვალები ან დავაპატარაოთ დიდი.

ლაინერი

თხევადი ლაინერის ისტორია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან იწყება. 60-70-იან წლებში, როცა მოდაში ახალი ტენდენციები გაჩნდა, გოთური და პანკური სუბკულტურების მიმდევრები მას მუქი, დრამატული ეფექტის შესაქმნელად იყენებდნენ.

ლაინერი რამდენიმე ტიპისაა:

* თხევადი – როგორც სახელიდანაც ჩანს, ის თხევადია და წაწვეტებული ფუნჯით ისმება. ყველაზე მეტხანს ძლებს და ყველაზე ეფექტურიცაა. შეიძლება ფლომასტერის აპლიკატორის გამოყენებაც, რომელიც პატარა წაწვეტებული ღრუბლით ბოლოვდება.

თხევადი ლაინერი კარგია ხელოვნურ წამწამების ბოლოების დასაფარად, მაგრამ უმჯობესია, მხოლოდ ზედა წამწამების გასწვრივ წაისვათ. ქვედა ქუთუთოზე წასმული თვალს უხეშ და არაბუნებრივ ფორმას მისცემს.

* მშრალი – დაპრესილი ფხვნილის მსგავი პროდუქტია, რომელსაც სველი ფუნჯით ისვამენ. შედეგი იგივე აქვს, რაც თხევადს, თუმცა მშრალი ლაინერით მუშაობა ბევრად უფრო ადვილია.

* ცხიმიანი – კრემისმაგვარი მასაა და სველი პატარა ფუნჯით ისმება. ეფექტი იგივეა, რაც თხევადი ლაინერის გამოყენებისას, თუმცა უფრო სწრაფად შრება, შედარებით ადვილი წასასმელია და  არ იდღაბნება.

* ჟელესებრი (გელ-ლაინერი) – ის ბოლო ხანს გამოჩნდა ბაზარზე და ფერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ძალიან მალე შრება, ამიტომ საჭიროა, სწრაფად წაისვათ ქუთუთოზე. წყალგამძლე არ არის. ეცადეთ, რამდენიმე ფენა არ წაისვათ, რომ არ დაიტალღოს.

მიუხედავად იმისა, რომ კაიალს ბევრი საერთო აქვს ლაინერთან, ისინი სხვადასხვა იმიჯს ქმნიან. 

კაიალი მსუბუქი იმიჯისთვის

კაიალი, ლაინერისგან განსხვავებით, უფრო ნაზ იმიჯს ქმნის და მისი წასმა ქუთუთოს შიგნითა ხაზზეც შეიძლება. ის ადვილად ისმება და ასევე ადვილი მოსაცილებელია. ხარვეზებიც ადვილად სწორდება. კლასიკურ შავ კაიალს არ აქვს ინტენსიური ფერი, ამიტომ ძალიან პრაქტიკულია ყოველდღიური მაკიაჟისთვის.

ექსპრესიული გამოხედვა ლაინერით

ლაინერის წასმა მხოლოდ და მხოლოდ წამწამების ხაზზე შეიძლება და არამც და არამც – ქუთუთოს შიდა ხაზზე. მისი ფერი უფრო მსუყეა და სიპრიალეც მეტი, რის გამოც ლაინერი განსაკუთრებით უხდება საღამოს მაკიაჟს. მისი წასმა მტკიცე ხელს და ვარჯიშს მოითხოვს, ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ გამოცდილებმა გამოიყენოთ, თუმცა კარგი შედეგის მისაღებად წასმის ტექნიკასთან ერთად მნიშვნელოვანია ლაინერის ტიპი. კაიალზე მეტხანს ძლებს, თუმცა მისი მოცილებაც უფრო რთულია.

სასარგებლო რჩევები

* წასმამდე კაიალი აუცილებლად გათალეთ და წვეტი გაუკეთეთ. უფრო ადვილად წაისვამთ და თვალის დაზიანებისგანაც დაზღვეული იქნებით.

* თუ თეთრ ან სპილოსძვლისფერ კაიალს ქვედა ქუთუთოს შიგნითა ხაზზე წაისვამთ, თვალი უფრო დიდი გამოჩნდება. ჭრილის დასავიწროებლად კი იმავე ადგილას შავი კაიალი წაისვით.

* შავი კაიალი ნებისმიერ შემთხვევაში აპატარავებს თვალს. თუ ეს არ გინდათ, მაშინ სხვა ფერი, მაგალითად, ყავისფერი ან ნაცრისფერი მოსინჯეთ. თუ ფერების მოყვარული ბრძანდებით, გეტყვით, რომ იისფერი ძალიან უხდება მწვანე თვალებს, ყვითელი – ცისფერს, ხოლო ვარდისფერი – ყავისფერს.

* თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ, ყოველგვარი კაიალი არ გამოგადგებათ ქუთუთოს შიგნითა ხაზზე წასასმელად, რადგან შესაძლოა მისი პატარა ნაწილაკები ლინზის ქვეშ მოხვდეს და თვალი გააღიზიანოს. წამწამების გასწვრივ კი თამამად წაისვით.

* კაიალმა დიდხანს რომ გაძლოს, თვალზე ჯერ ჩრდილი ან პუდრი წაისვით, ცოტა ხნის შემდეგ კი კაიალი. უფრო ძლიერი ეფექტისთვის ზოლზე იმავე ფერის ჩრდილი ან უფერო პუდრი გადაისვით. წყალგამძლე კაიალი უფრო მეტხანს ძლებს, თუმცა შედარებით ძნელი მოსაშორებელიცაა. მის მოსაშორებლად მხოლოდ წყალგამძლე ნაწარმისთვის განკუთვნილი საშუალებები გამოიყენეთ.

* ლაინერის წასმა კაიალთან შედარებით რთულია. უმჯობესია, ჯერ პატარა წერტილები დასვათ და ბოლოს შეაერთოთ. ხელი რომ არ აგიკანკალდეთ და იდეალურად სწორი ხაზის გავლება მოახერხოთ, უმჯობესია დაჯდეთ და იდაყვით მაგიდას დაეყრდნოთ.

* ლაინერს ნუ წაისვამთ, თუ ქუთუთოზე რამე ცხიმიანი გისვიათ.

* ძილის წინ მაკიაჟი აუცილებლად მოიცილეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: