ნართი – ბიზნესად ქცეული ჰობი

გააზიარე:

სოციალურ ქსელებში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება გვერდები, სადაც ხელნაკეთ ნივთებს – ექსკლუზიურ სამშვენისებს, სამოსსა და აქსესუარებს გვთავაზობენ. ხატია გაჩეჩილაძე ერთ-ერთი ასეთი ბრენდის – Narti-ს დამაარსებელია. ცხრა შვილის დედა პროფესიით პროგრამისტია, თუმცა ხალხმა ხელსაქმის წყალობით გაიცნო – მის ნაქსოვ სათამაშოებსა და აქსესუარებს დღიდან დღემდე უფრო და უფრო მეტი მსურველი ჰყავს.

– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე მაგისტრის ხარისხით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მესამე შვილი შემეძინა, პროფესიით აღარ მიმუშავია, – გვიყვება ხატია, – ქსოვა დედამ მასწავლა. ბავშვობიდანვე ჩემი ხელით მოქსოვილ ქუდებსა და კაშნეებს ვატარებდი. მერე შვილებს ვუქსოვდი ტანსაცმელს. მეგობარმა შემომთავაზა, ჰობი ბიზნესად მექცია და ასე შეიქმნა “ნართი”.

თავდაპირველად სამოსს და ჩანთებს ქსოვდა, ახლა უმეტესად სათამაშოებს და ორიგინალურ აქსესუარებს ამზადებს. მის საბავშვო ქუდებს ხან ჟირაფის თავი ამშვენებს, ხან – დათვის დრუნჩი, ხანაც – მამლის ბიბილო, წინდებს – ბაჭიას ყურები, თაგუნას ულვაშები...

– ჩემი იდეების გენერატორებიც და საუკეთესო შემფასებლებიც შვილები არიან. მათგან ვიცი, რა ახარებთ პატარებს, როგორი ფერები მოსწონთ... ზოგჯერ ისეთ ორიგინალურ შეკვეთას ვიღებ, აზარტი მიპყრობს. ერთმა გოგონამ მეგობარი ბიჭისთვის ჯიმ ქერის გალაქტიკებიანი სვიტერი დამიკვეთა (ფილმიდან “სუფთა გონების მარადიული ბრწყინვალება” – ავტ.), ერთი პატარა გოგონას მამამ იხვი მომაქსოვინა – თურმე სოფელში იხვები ჰყოლიათ და არდადეგების შემდეგ თბილისში რომ დაბრუნებულან, ბავშვს ძალიან უდარდია. გავახარე პატარა...

– პროფესიით რატომ აღარ მუშაობთ?

– ცხრა შვილი მყავს, უმცროსი ჯერ ოთხი წლისაა. თუ თავად არ გამოგიცდიათ, ვერ მიხვდებით, რა ძნელია ამხელა ოჯახის გაძღოლა, მაგრამ მიმაჩნია, რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს. რა თქმა უნდა, ბევრს არ აქვს ამის ფუფუნება, იძულებულია, იმუშაოს და პატარა ბებიას ან ძიძას მიაბაროს, მე კი შვილებთან ყოფნა ვარჩიე. ქსოვას იმიტომაც მოვკიდე ხელი, რომ შინ ვმუშაობ და ოჯახს ყურადღებას არ ვაკლებ.

საქმიანობა, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს

ბავშვობაში თოჯინების კოლექცია ჰქონდა. დედას ხშირად ჩამოჰქონდა მივლინებიდან ახალ-ახალი სათამაშოები. როცა ვქსოვ, თითქოს იმ წლებში ვბრუნდებიო, ამბობს.

– მომწონდა, თოჯინას ნაირ-ნაირი ტანსაცმელი რომ ჰქონდა: ერთს გავხდიდი, მეორეს ჩავაცმევდი... ასეთ მოდელებს ახლა მე თვითონ ვქმნი. ბუნებრივ მასალას ვერიდები, რადგან ალერგენულია. ჩვილებისთვის არ ვქსოვ ბუსუსიანი ძაფით. უმეტესად აკრილითა და ბამბით ვმუშაობ, ამოსავსებად კი სინტეპონს ვიყენებ, რადგან მასში მტვრის ტკიპები არ იბუდებენ. არც საღებავები მიყვარს – იშვიათად პასტელით თუ გავუფერადებ თოჯინას ლოყას ან ყურს, ამიტომ ჩემი სათამაშოები რეცხვისას ფერს და პეწს არ კარგავენ.

– პატარებისთვის ფერებს განსაკუთრებით არჩევთ?

– ძალიან მიყვარს ლურჯის ყველა ტონი და ქსოვის დროს ხშირად გამირბის ხელი მათკენ, მაგრამ მაშინვე მახსენდება, რომ პატარებს ცისარტყელას ფერები უყვართ. ახლახან ჩემი უფროსი გოგონა დედა გახდა. შვილიშვილს ორიგინალური სათამაშო – ფუტკარი მოვუქსოვე, ისეთი პატარა, რომ ხელში იოლად დაეჭირა, სათამაშოს წინდებიც შევუხამე და უსაყვარლესი კომპლექტი გამოვიდა. იდეა უცებ აიტაცეს და მოიწონეს ინტერნეტგვერდის გამომწერებმა.

მრავალშვილიანი დედა

ზაზა თურმანიძე და ხატია გაჩეჩილაძე კურსელები იყვნენ. ჯერ კიდევ სწავლობდნენ, როცა შეუღლდნენ. დღეს ექვსი ვაჟი და სამი გოგონა ჰყავთ: ანა, ლუკა, მართა, იოანე, ლაზარე, თევდორე, მათე, ანდრია და სიდონია. ოჯახში ყოველი  ახალი წევრის შემომატებას სიხარულით ხვდებოდნენ:

– პატარას ცოტა რომ წამოვზრდიდით, ისევ ჩვილი გვენატრებოდა. ერთხელ მამა რაფაელმა თქვა, მრავალშვილიან ოჯახს ღმერთი ვალში არ დარჩებაო. ჩვენც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ უფლის შეწევნას. ყოველ პატარას ახალი ბედნიერება მოაქვს. როცა ვხედავ, როგორ უყვართ ბავშვებს ერთმანეთი, ვფიქრობ, თუნდაც ამად ღირდა ჩემი სიცოცხლე.

მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ყურადღებას თითქმის არ აქცევს. სულადობრივ კომუნალურ გადასახადებზეც კი არ გვიწევენ შეღავათს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მეხუთე შვილის დაბადების შემდეგ მხარში გვიდგას, “ავერსია”.

ხატია საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლია, რომლის მოძღვარი, მამა ალექსანდრე ბოლქვაძე, თავადაც მრავალშვილიანია. მისი მეუღლის ნინო ბზვანელის ინიციატივით დაარსდა ტაძრის მრავალშვილიანი დედების საზოგადოება, რომლის მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ყოველდღიური საზრუნავის შემსუბუქებაა. ხატია ამ საზოგადოების საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული.

მრავალშვილიან ოჯახებში ატმოსფეროც განსაკუთრებულია – უფრო მზრუნველი, უფრო თბილი, უფრო მოსიყვარულე... ხატიას საქმეშიც ყველა ეხმარება – უფროსმა გოგონამ და სიძემ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ვებგვერდის მართვა ითავეს, დანარჩენები საკურიერო მომსახურებაში არიან ჩართულნი. ოჯახი ჩემი ცხოვრების უდიდესი სიხარულიაო, ამბობს ხატია, ამ განწყობას სათამაშოებში დებს და უამრავ პატარას უნაწილებს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: