პირველი მყარი საკვები

გააზიარე:

ახლოვდება მყარ საკვებზე გადასვლის დრო და მშობლებს კიდევ ერთი საფიქრალი გვიჩნდება: მრავალფეროვანი ინფორმაციიდან რომელს ვენდოთ, ვის დავუჯეროთ. პედიატრთა რეკომენდაციებიც არ არის ერთნაირი: ზოგს მიაჩნია, რომ მყარი კვების ოთხი თვიდან დაწყება ჯობია, ზოგი კი ექვსი თვიდან დაწყებას ემხრობა; ზოგი დაბლენდერებული საკვების მიცემას გვირჩევს, ზოგი კი დაჭრილისას, რომ ბავშვმა ღეჭვა ისწავლოს.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ოპტიმალური ზრდისა და განვითარებისთვის პირველი ექვსი თვე ჩვილი მხოლოდ დედის რძით უნდა იკვებებოდეს (გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო ჩვენებით, მაგალითად, წონის ნელი მატების გამო ბავშვი ოთხი თვიდან მყარ საკვებზე გადაჰყავთ). ექვსი თვის ასაკში საჭმლის მომნელებელი სისტემა, ისევე როგორც ღეჭვისა და ყლაპვის უნარები, უკეთესად არის განვითარებული და ბავშვიც მეტადაა მზად მყარი კვებისთვის.

და მაინც, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველა საკუთარი ტემპით იზრდება. მაშ, როგორ მივხვდეთ, მზად არის თუ არა ჩვენი პატარა მყარი კვების დასაწყებად?

ნიშნები, რომლებიც ბავშვის ფიზიოლოგიურ მზაობაზე მიუთითებს:

* თავი მყარად უჭირავს;

* ჯდება დამოუკიდებლად ან ჰყოფნის მცირე დახმარება;

* პირთან მიაქვს დიდი ზომის ნივთები;

* ინტერესს იჩენს უფროსების საკვების მიმართ, ცდილობს, მშობლების თეფშიდან ლუკმა აიღოს, პირს აღებს, როდესაც საკვებს მის თვალწინ გაატარებენ.

რა დაგჭირდებათ მყარ საკვებზე გადასასვლელად

* სკამ-მაგიდა – უნდა იყოს მყარი, ჰქონდეს რეგულირებადი საზურგე, ფეხების დასაწყობი და დამცავი ღვედები;

* წინსაფარი;

* საბავშვო ჭურჭელი – ხის, სილიკონის ან პლასტმასის. შეიძინეთ მხოლოდ ის პროდუქცია, რომლის ეტიკეტეზეც მითითებულია, რომ არ შეიცავს ბისფენოლ-A-ს (BPA ფრეე) – ტოქსიკურ ნივთირებას;

* პატარა ჭიქა წყლისთვის.

რით დავიწყოთ

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. პედიატრების უმრავლესობა გვირჩევს, თავდაპირველად ბავშვს ხილი და ბოსტნეული გავასინჯოთ, მარცვლეულის ფაფების გასინჯვა კი 7 თვემდე გადავდოთ. ყველაზე პოპულარული პირველი საკვებია ვაშლი, ბანანი, ავოკადო, ბატატი და შვრია.

როდის და როგორ შევთავაზოთ წყალი

ბავშვს ექვსი თვიდან უნდა ვასვათ წყალიც – მანამდე ჰიდრატაციის წყარო მისთვის დედის რძე ან ხელოვნური ნარევია (ფორმულა). წყლის ოდენობის შესახებ რეკომენდაციები განსხვავებულია, ამიტომ უმჯობესია, თქვენს პედიატრთან გაიაროთ კონსულტაციაა. ყველაზე მიღებული ზოგადი რეკომენდაცია კი ასეთია:

* 6-დან 12 თვემდე –    100-200 მლ (1`2-1 ჭიქა)

*1-დან 2 წლამდე – 200-800 მლ (1-4 ჭიქა)

*2-დან 6 წლამდე – 200-1000მლ (1-5 ჭიქა)

წყალი შეგიძლიათ ასვათ როგორც კვების დროს, ისე შუალედებშიც. დაიწყეთ პატარა ულუფებით და ნელ-ნელა მოუმატეთ, იმის მიხედვით, რამდენ და რომელ მყარ საკვებს იღებს ბავშვი. გაითვალისწინეთ მისი მოთხოვნები, ამინდი და სხვა ფაქტორებიც.

ნაყიდი თუ ონკანის?

თუ ბავშვი ხელოვნურ ნარევს იღებს, მის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ ანადუღარი, გაგრილებული წყალი. ონკანისა იქნება თუ ბოთლის, სულერთია (ბოთლის წყალი არასტერილურია). ზოგიერთი რეკომენდაციის თანახმად, ექვსი-შვიდი თვიდან წყლის ადუღება აღარ არის საჭირო, ზოგიერთი პედიატრი კი წლამდეც ანადუღარი წყლის მიცემას გვირჩევს. თუ ონკანის წყალს არ ენდობით, აადუღეთ და ისე ასვით ბავშვს, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ადუღებისას წყალი მნიშვნელოვან მინერალებს კარგავს. საუკეთესო გამოსავალია ფილტრი, რომელიც წყალს ბაქტერიებისგანაც გაწმენდს და ყველა  სასარგებლო ნივთიერებასაც შეუნარჩუნებს. ბოთლში ჩამოსხმული წყლის შეძენისას კი  აუცილებლად შეამოწმეთ ეტიკეტი და დარწუნდით რომ 1ლ-ში ნატრიუმი (Nა) 200მგ-ზე ნაკლებია, სულფატები კი (შO ან შO4 ) – 250 მგ-ზე ნაკლები.

ბოთლი, ჭიქა თუ საწრუპი?

პედიატრები და ბავშვთა სტომატოლოგები გვირჩევენ, რაც შეიძლება მალე გადავაჩვით ბავშვები საწოვარიან ბოთლს. უმჯობესია, წყალი ხის, პლასტმასის ან სილიკონის პატარა ჭიქით შევთავაზოთ. ღია ჭიქა და საწრუპიანი ჭიქა თანაბრად მისაღებია (შეიძლება საწრუპიანი ბოთლიც), ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ საწრუპის გამოყენებას მიჩვევა და სწავლა სჭირდება. აჩვენეთ პატარას, როგორ სვამთ საწრუპით წყალს, მაგალითად, წყლის სმის დროს გამოეცით ხმები. სანამ სმას მიეჩვევა, ბავშვი ბევრ შეცდომას დაუშვებს, ასე რომ, მზად იყავით დაღვრილი წყლის დღეში ათჯერ მოსაწმენდად.

ალერგია

მყარი კვების დაწყებისას მზად უნდა ვიყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მრავალფეროვანი საკვების მიღებისას შესაძლოა თავი იჩინოს ალერგიულმა რეაქციებმა, ამიტომ პედიატრები გვირჩევენ, ბავშვს ყოველი ახალი პროდუქტი სამი დღის წესით შევთავაზოთ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის რაციონში ახალი საკვების შეტანის შემდეგ მოვიცადოთ, სულ მცირე, სამი დღე, სანამ მეორე ახალ პროდუქტს შევთავაზებდეთ. ამ სამი დღის განმავლობაში ყოელდღე მცირე ულუფებით ვაძლიოთ ახალი საკვები და საკვები, რომელმაც უკვე გაიარა სამდღიანი ტესტირება. ეს წესი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, არის თუ არა თქვენი შვილი ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ.

რვა ძირითადი საკვები, რომლებიც კვებითი ალერგიების 90%-ს იწვევს:

* რძე

* კვერცხი

* ხორბალი

* სოია

* თევზი

* კიბოსნაირები

* თხილი

* არაქისი (მიწის თხილი)

საბედნიეროდ, არსებობს ყველა ამ ინგრედიენტის ალტერნატივა, მაგალითად:

* ძროხის რძე  და მისი ნაწარმი შეგიძლიათ შეცვალოთ ქოქოსის, სოიის, შვრიის ან ნუშის რძით.

* ხორბლის ფქვილის (გლუტენი) ნაცვლად პურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მუხუდოს, შვრიის, წიწიბურას ფქვილი, ხოლო  ბლინებისა და ნამცხვრებისთვის – შვრიის, ქოქოსის, ნუშის.

* ომეგა 3-ის მარაგის შევსებაში თევზეულის ნაცვლად სელისა და ჩიას თესლი დაგეხმარებათ.

გადაცდენა

განურჩევლად იმისა, რა ფორმით მივცემთ ბავშვს მყარ საკვებს – დაბლენდერებულს თუ დაჭრილს, გადაცდენის რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა რბილი, ფაფისებური სუბსტანცია, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი საშიში, როგორიც მყარი, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვების ფორმას, სიმკვრივეს, ტექსტურას.

არსებობს იმ პროდუქტების სია, რომელთა მიცემისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

* უმი ბოსტნეული (სტაფილო, ჭარხალი და სხვ.);

* გაუფცქვნელი ხილი;

* კურკიანი ხილი;

* მრგვალმარცვლოვანი ხილი (ყურძენი, ბროწეული) და ბოსტნეული;

* პური;

* თხილეული;

* კუბიკებად დაჭრილი ყველი;

* სოსისი;

* კრეკერები;

* ბატიბუტი;

* კანფეტი;

* საღეჭი რეზინი.

რისკის შესამცირებლად:

* მკვრივი საკვები პროდუქტები (თხილი, უმი ბოსტნეული, ხილი) დაამუშავეთ მექანიკურად ან თერმულად. თხილეული დააქუცმაცეთ ან კერძში შეურიეთ, მთელ-მთელს ხუთ წლამდე ნუ მისცემთ.

* მრგვალი ან ოვალური ფორმის საკვები დაჭყლიტეთ ან წვრილად დაჭერით, კურკები გამოაცალეთ.

* ბოჭკოვან საკვებს (ისპანახი, მწვანილი, ციტრუსი, ანანასი) შეძლებისდაგვარად მოაცილეთ კანი და ძნელად დასაღეჭი ბოჭკოები, მერე კი წვრილად დაჭერით.

ვინაიდან რისკი მაინც ყოველთვის არსებობს, უნდა ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ ბავშვს ლუკმის გადაცდენისას.

თუ დარწმუნდით, რომ რამე გადასცდა (ცდილობს ამოხველებას, მაგრამ ვერ ახველებს, ხმას ვერ იღებს, ვერ სუნთქავს, სახე ულურჯდება, უკიდურეს შემთხვევაში გული მისდის):

* დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე ისე, რომ თავი საჯდომზე დაბლა ჰქონდეს და ხელისგული ხუთჯერ მკვეთრად დაჰკარით ბეჭებს შორის.

* თუ გადაცდენილი საგანი არ გადმოვარდა,  ორი თითით  ხუთჯერ მკვეთრად დააწექით მკერდის ძვლის ქვემოთ.

ასე გააგრძელეთ მონაცვლეობით, სანამ საგანი არ გადმოვარდება და სუნთქვა არ აღდგება.

* თუ ბავშვს გული წაუვიდა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, შეწყვიტეთ ზემოთ აღწერილი მოქმედებები და სასწრაფოს მოსვლამდე გულ-ფილტვის რეანიმაცია დაიწყეთ.

მარილი და შაქარი

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, წლამდე ბავშვს უმჯობესია საერთოდ არ მივცეთ მარილი, მერე კი შეზღუდულად. მარილის სისტემატურმა და ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ოსტეოპოროზი (ძვლების სიმყიფე, მსხვრევადობა) გამოიწვიოს, ვინაიდან მარილის სიჭარბისას იმატებს თირკმელებით კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნა, ხდება ძვლების დემინერალიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზი უმეტესად ასაკოვნებთან გვხვდება, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კალციუმის მეტაბოლიზმზე მარილის გავლენა შესაძლოა ბავშობაშივე გამოვლინდეს და ზრდასრულ ასაკშიც გაგრძელდეს.

რაც შეეხება შაქარს, წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი, 2-3 წლისთვის კი შეიძლება მივცეთ, მაგრამ სასურველია, მაქსიმალურად შევზღუდოთ შემდეგი მიზეზების გამო:

* შაქრის შემცველი პროდუქტები იკავებს რაციონში სხვა, ჯანსაღი საკვების ადგილს და ბავშვები ვეღარ იღებენ ნუტრიენტებს, რომლებიც აუცილებელია მათთვის სიცოცხლის პირველ წლებში.

* კვლევების თანახმად, ადრეულ ასაკში დიდი ოდენობის შაქრიანი საკვების მიღება ზრდის მომავალში ჭარბწონიანობის, დიაბეტის, მაღალი წნევის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

* ტკბილეულის მიღება ხშირად პირდაპირ კავშირშია კარიესთან.

ყოველივე ამის გამო რაფინირებული შაქრის ალტერნატივად მშობლები ხშირად თაფლს, ნეკერჩხლის სიროფს და სხვა დამატკბობლებს იყენებენ, თუმცა აქაც ვხვდებით შეზღუდვებს. მაგალითად, 12 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ბოტულიზმის საფრთხის გამო თაფლის მიღება ნებადართული არ არის.

ნუ გეგონებათ, რომ უშაქრო და უმარილო საკვები უგემურია. ტკბილისა და მარილიანის სიყვარული ჩვევაა, რომელიც ხელს გვიშლის, აღვიქვათ სურსათის ნამდვილი გემო. გარდა ამისა, საკვების დატკბობა ბანანით და სხვა ტკბილი ხილითაც შეიძლება.

გიზიარებთ  ჯანსაღი ბანანის  მაფინების ჩემეულ რეცეპტს.

დაგჭირდებათ:

* 1ჭიქა დაფქული (დაბლენდერებული) შვრია;

* 2 სუფრის კოვზი დაუბლენდერებელი შვრია;

* 1 ჩაის ჭიქა ფქვილი;

* 2.5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;

* 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ან ნებისმიერი სიროფი, ან არაფერი (ასაკის მიხედვით);

* 2 სუფრის კოვზი დარბილებული უმარილო კარაქი;

* 2 დიდი კვერცხი;

* 200 მლ რძე;

* ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი;

* 1 ცალი საშუალო ზომის ბანანი.

ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე თასში – სველი ინგრედიენტები, ბოლოს კი ეს ორი ნარევი ერთმანეთში გადაურიეთ. დაამატეთ დაჭყლეტილი ბანანი და ფრთხილად ამოურიეთ, ჩაასხით მაფინის ფორმებში და აცხვეთ 15  წუთი 190-200 გრადუსზე.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: