ჯანსაღი პირის ღრუ

გააზიარე:

პირის ღრუს წვის სინდრომი

ღრძილების ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ კბილებს

 

პირის გავლით სხეულში ხვდება საჭმელი და სასმელი. იქვე იწყება საჭმლის მონელება – დაქუცმაცება და ქიმიური დამუშავება. პირი მონაწილეობს ლაპარაკსა თუ სიმღერაში, ზოგჯერ – სუნთქვაშიც. მისი მეშვეობით გამოვხატავთ ემოციებს.  ასე რომ, პირში წარმოქმნილმა ნებისმიერმა  პრობლემამ შეიძლება გაართულოს ჭამა, სმა, საუბარი, ღიმილი.

***

ჰერპესი

ტუჩებზე და მათ ირგვლივ სითხით სავსე ბუშტუკები ჰერპესის ნიშანია. ხშირად ბუშტუკები შეჯგუფებულია, მათი გახეთქვის შემდეგ კი ფუფხი წარმოიქმნება. ორ-სამ კვირაში გამონაყარი უკვალოდ ქრება. ანტივირუსული აბები ან მალამოები აჩქარებს მათ გაქრობას, აიშვიათებს რეციდივს, ამცირებს მის ხანგრძლივობასა და სიმძიმეს.

დაავადებას იწვევს  ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის (HSV) ზოგიერთი შტამი: HSV-1, ჩვეულებრივ, ტუჩის ჰერპესს,  HSV-2 – უმეტესად გენიტალურს, თუმცა ორივე ტიპი შეიძლება გავრცელდეს სახეზეც და სასქესო ორგანოებზეც მჭიდრო კონტაქტის შედეგად (კოცნა და სხვა). HSV-1 ასევე ვრცელდება ჭურჭლის, საპარსის და პირსახოცის მეშვეობით.

ჰერპესი ყველაზე გადამდებია ბუშტუკების არსებობის პერიოდში, თუმცა მაშინაც ვრცელდება, როცა ადამიანს ბუშტუკები არ აქვს. ბევრია ინფიცირებული, რომელსაც ბუშტუკები არასოდეს უჩნდება. ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ჰერპესვირუსის მატარებელია, თუნდაც სიმპტომები არასდროს ჰქონოდეს.

ნიშნები

გამონაყარის  გაჩენამდე, დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში, ბევრი უჩივის ქავილს, წვას ან ჩხვლეტას ტუჩების ირგვლივ. შემდეგ  პატარა, მყარი, მტკივნეული ადგილი გამოიკვეთება და სითხით სავსე ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკები, როგორც წესი, ტუჩების საზღვრის გასწვრივ ჩნდება, უფრო იშვიათად -― ცხვირის გარშემო, ლოყების გარშემო ან პირის ღრუში. პატარა ბუშტუკები შესაძლოა გაერთიანდეს, შემდეგ გასკდეს და დატოვოს ზედაპირული ღია წყლულები, საიდანაც სითხე ჟონავს და რომლებიც მერე ქერქს იკეთებს.

ჰერპესის მატარებელთან კონტაქტის და ინფიცირების შემდეგ სიმპტომები შესაძლოა 20 დღეც არ გაჩნდეს. წყლულები შესაძლოა რამდენიმე დღე არ მოშუშდეს, ხოლო ბუშტუკების გაქრობას ორი-სამი კვირა დასჭირდეს. რეციდივი, როგორც წესი, ერთსა და იმავე ადგილზე ვლინდება და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ ჯერზე.

ჰერპესის პირველ ეპიზოდს შესაძლოა დაერთოს ცხელება, ღრძილების მტკივნეულობა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.

რა ამწვავებს

ჰერპესული ინფექციის პირველი ეპიზოდის შემდეგ ვირუსი კანის ნერვულ უჯრედებში რჩება და შესაძლოა, იმავე ადგილას სხვა დროსაც წარმოქმნას ბუშტუკები. გამწვავების მიზეზად შესაძლოა იქცეს:

* ვირუსული ინფექცია ან ცხელება;

* ჰორმონული, მაგალითად, მენსტრუაციასთან დაკავშირებული ცვლილებები;

* სტრესი;

* დაღლილობა;

* მზე და ქარი;

* ცვლილებები იმუნურ სისტემაში;

* კანის დაზიანება.

პრევენცია

თუ ჰერპესი ადამიანს წელიწადში ცხრაზე მეტჯერ უმწვავდება ან აქვს მძიმე გართულების მაღალი რისკი,  ექიმმა შესაძლოა რეგულარულად მისაღები ანტივირუსული მედიკამენტი გამოუწეროს. თუ ჰერპესის გამწვავება მზეს უკავშირდება, საჭიროა მზისგან დამცავი საშუალების ხმარება მოსალოდნელი რეციდივის ადგილას. ბუშტუკების არსებობის პერიოდში ადამიანი უნდა ერიდოს კოცნას და სხვის კანზე შეხებას, ჭურჭლის, პირსახოცის, ტუჩსაცხის და სხვა პირადი ნივთების გაზიარებას, ხელები კარგად უნდა დაიბანოს, ვიდრე საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილს ან სხვა ადამიანს შეეხება.

***

აფთოზური წყლული

აფთოზური წყლული პირის ღრუს ლორწოვანზე განვითარებული ზედაპირული დეფექტია. ჰერპესული წყლულისგან განსხვავებით, ის არ ჩნდება ტუჩის გარეთა მხარეს და არც გადამდებია, თუმცა შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული იყოს. აფთოზური წყლულების უმეტესობა ერთ-ორ კვირაში თავისთავად ქრება.

წყლული, წესისამებრ, მრგვალი ან ოვალურია, აქვს თეთრი ან ყვითელი შუაგული და წითლადაა შემოსაზღვრული. ჩნდება ენაზე, ენის ქვეშ, ლოყებისა და ტუჩების შიგნითა ზედაპირებზე, ღრძილებზე, რბილ სასაზე. წყლულის გაჩენამდე ერთი ან ორი დღით ადრე შესაძლოა თავი იჩინოს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებამ.

ყველაზე ხშირად შეხვდებით პატარა ოვალური, წითელკიდეებიანი აფთოზურ წყლულებს,  რომლებიც ერთ-ორ კვირაში ნაწიბურების გარეშე ქრება.

ნაკლებადაა გავრცელებული დიდი, მრგვალი და ღრმა აფთოზური წყლულები, რომლებსაც ზოგჯერ უსწორმასწორო კიდეები აქვს. ისინი ძალიან მტკივნეულია. შესაძლოა, ექვსი კვირაც კი არ შეხორცდეს და მოზრდილი ნაწიბური დატოვოს.

ჰერპესისმაგვარი წყლულები იშვიათია და, მიუხედავად სახელისა, ჰერპესვირუსთან არაფერი აქვს საერთო. ჩნდება გვიან ასაკში. ხშირად ერთდროულად წარმოიქმნება 10-დან 100-მდე წყლული, რომლებიც შესაძლოა ერთ დიდ წყლულად გაერთიანდეს. აქვს უსწორმასწორო კიდეები და ნაწიბურების გარეშე ერთ-ორ კვირაში ქრება.

რა იწვევს

აფთოზური წყლულების მიზეზი დაუდგენელია. ეჭვობენ, რომ მათ გაჩენას ხელს უწყობს  რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა. ეს ფაქტორებია:

* პირის ღრუს მცირე დაზიანება სტომატოლოგიური ჩარევის, ჯაგრისის უხეში გამოყენების, ტრავმის, ლოყაზე კბენის შედეგად;

* ნატრიუმის ლაურილ სულფატის შემცველი კბილის პასტისა და სავლების გამოყენება;

* მგრძნობელობა საკვების, განსაკუთრებით შოკოლადის, ყავის, მარწყვის, კვერცხის, თხილის, ყველისა, ცხარე და მჟავე სოუსებისა და სანელებლების მიმართ;

* ვიტამინ B-12-ის, თუთიის, ფოლიუმის მჟავას ან რკინის შემცველი საკვების დეფიციტი;

* ალერგიული რეაქცია პირის ღრუში არსებულ ზოგიერთ ბაქტერიაზე;

* Helicobacter pylori – იგივე ბაქტერია, რომელიც იწვევს პეპტიკურ წყლულს;

* მენსტრუაციის თანმხლები ჰორმონული ცვლილებები;

* ემოციური სტრესი.

წყლულები შესაძლოა გაჩნდეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების ფონზეც, როგორიცაა ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ბეჰჩეტის დაავადება, აივ/შიდსი და იმუნიტეტის დაქვეითების გამომწვევი სხვა მდგომარეობები.

პრევენცია

აფთოზური წყლულები ყველაზე ხშირად მოზარდებს, ახალგაზრდებს და ქალებს უჩნდებათ. მორეციდივე წყლულების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ამ დაავადების ოჯახური ისტორია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მემკვიდრეობით ან გარემოში არსებული საერთო ფაქტორით, განსაზღვრული საკვებით ან ალერგენებით.

რეციდივისგან თავის დასაცავად:

* დააკვირდით საკვებს, ერიდეთ იმას, რაზეც ეჭვობთ, რომ პირის ღრუს ლორწოვანს გიღიზიანებთ. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს თხილი, ჩიფსები, ზოგიერთი სანელებელი, მარილიანი და მჟავე საკვები, ანანასი, გრეიპფრუტი,  ფორთოხალი.

* კვებითი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეულის ნაწარმი.

* დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა: რბილი ჯაგრისით და პასტით, რომელიც არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს, გამოიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ; დღეში ერთხელ გამოიყენეთ ფლოსი.

* თუ ბრეკეტებს ან სხვა სტომატოლოგიურ მოწყობილობას ატარებთ, სტომატოლოგს სთხოვეთ, ბასრი კიდეები ორთოდონტიული ცვილით დაფაროს.

* მოიშველიეთ მედიტაცია და სხვა მეთოდები სტრესის დასაძლევად.

***

კანდიდოზი

ორალურ კანდიდოზს, იმავე რძიანას, უმეტესად იწვევს სოკო ჩანდიდა ალბიცანს-ი,  რომელიც მუდმივად ბინადრობს ადამიანის პირის ღრუში. ჭარბად გამრავლების შემთხვევაში ის თეთრ ნადებს წარმოქმნის. რძიანა უმეტესად ემართებათ ჩვილებსა და ხანდაზმულებს, რადგან მათ შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ. რისკჯგუფში შედიან სუსტი იმუნური სისტემის და ჯანმრთელობის განსაზღვრული პრობლემების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ვაგინალური კანდიდოზის) მქონე სხვა ადამიანებიც, განურჩევლად ასაკისა. რისკის სხვა ფაქტორებია ზოგიერთი წამლით, კერძოდ, იმუნიტეტის დამთრგუნველი, სიმსივნის სამკურნალო, კორტიკოსტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით მკურნალობა, პროთეზის ტარება (განსაკუთრებით – ზედა ყბაზე), პირის სიმშრალე.

ჯანმრთელი ადამიანისთვის რძიანა დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ მათთან, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს, მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს და ძნელად კონტროლირებადი გახდეს.

რძიანას სიმპტომებია:

* თეთრი კრემისებრი ან ხაჭოსებრი ნადები ენაზე, ლოყებზე, ზოგჯერ – სასაზე, ღრძილებზე, ნუშურა ჯირკვლებზე ან ყელის უკანა კედელზე;

* სიწითლე, წვა ან ტკივილი;

* მცირე სისხლდენა, თუ ნადები დაზიანდა;

* პირის კუთხეების დახეთქვა და სიწითლე;

* ბამბის შეგრძნება პირში;

* გემოვნების დაკარგვა;

* სიწითლე, გაღიზიანება და ტკივილი პროთეზის ქვეშ (პროთეზის სტომატიტი).

თუ ადამიანს სუსტი იმუნიტეტი აქვს (აივ/შიდსის, კიბოს გამო), ნადები შესაძლოა გავრცელდეს საყლაპავზეც, რაც გააძნელებს ყლაპვას, გამოიწვევს ტკივილის და ლუკმის ყელში გაჩხერის შეგრძნებას.

პრევენცია

კანდიდოზის განვითარების რისკის შესამცირებლად:

* კორტიკოსტეროიდის ინჰალაციის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ პირში წყალი ან გაიხეხეთ კბილები.

* გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ მაინც და გამოიყენეთ ფლოსი დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც სტომატოლოგი გირჩევთ.

* დარწმუნდით, რომ პროთეზი სწორადაა მორგებული და პირის ღრუს არ აღიზიანებს. ყოველდღე გაწმინდეთ, ღამით კი ამოიღეთ.

* რეგულარულად იარეთ სტომატოლოგთან, განსაკუთრებით – თუ დიაბეტი გაქვთ ან პროთეზს ხმარობთ.

* ერიდეთ შაქრის შემცველ საკვებს.

* თუ დიაბეტი გაქვთ, მოიწესრიგეთ სისხლში შაქრის დონე. ეს შეამცირებს ნერწყვში მის შემცველობას, რაც ხელს შეუშლის კანდიდას გამრავლებას.

* უმკურნალეთ ვაგინალურ კანდიდოზს.

* უმკურნალეთ პირის სიმშრალეს.

***

წარმონაქმნები

წარმონაქმნები პირის ღრუში უმეტესად ტუჩებზე, ენის გვერდებზე, პირის ფსკერზე, რბილ სასაზე ჩნდება. ისინი სამი ტიპისაა: კეთილთვისებიანი, კიბოსწინარე და კიბო.

შედარებით ხშირია გაღიზიანების შედეგად განვითარებული არასიმსივნური წარმონაქმნები. საჭიროების შემთხვევაში მათ ქირურგიულად აცილებენ, მაგრამ თუ გამღიზიანებელი კვლავ არსებობს, წარმონაქმნი ზოგჯერ ხელახლა ჩნდება და შესაძლოა კიბოსწინარე ცვლილებები გამოიწვიოს.

კთილთვისებიანი წარმონაქმნები

მეჭეჭები ვირუსული წარმოშობისაა და თითის პირში ჩადების შედეგად ვითარდება. გენიტალური მეჭეჭი შესაძლოა გადაეცეს ორალური სექსით.

მორგვი ძვლის ნელა მზარდი უვნებელი წარმონაქმნია სასის შუაში ან ქვედა ყბაზე, ენის გვერდით. ქვედა ყბის კუთხის გასწვრივ მრავალი ძვლოვანი გამონაზარდის არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს გარდნერის სინდრომზე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მემკვიდრეობით აშლილობაზე – მსხვილ ნაწლავში მრავალი პოლიპია, რომლებიც ხშირად კიბოდ გადაგვარდება.

კერატოაკანთომა გამონაყარია, რომელიც ტუჩებსა და მზისგან დაუცველ სხვა ადგილებზე (წინამხრებზე, ხელებზე) წარმოიქმნება. ის ერთ-ორ თვეში 1-დან 3 სანტიმეტრამდე იზრდება, შემდეგ პატარავდება და რამდენიმე თვეში შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს. ადრე ყველა ასეთი წარმონაქმნი კეთილთვისებიანად მიიჩნეოდა, მაგრამ დღესდღეობით ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კერატოაკანთომა, რომელიც არ პატარავდება, ნელა მზარდი სიმსივნეა და მისი მოცილება ჯობია.

ცისტა სითხით სავსე ღრუა, რომელიც ყბის ტკივილს და შეშუპებას იწვევს. ხშირად ყბის ძვალში, სიბრძნის კბილის გვერდით მდებარეობს და თუ გაიზარდა, შესაძლოა ყბის ძვლის მნიშვნელოვანი უბნები დააზიანოს. ზოგიერთი ტიპის ცისტა ქირურგიული მოცილების შემდეგ ხელახლა ჩნდება.

პირის ღრუს ცისტებიდან ყველაზე გავრცელებულია ტუჩის ლორწოვანის ცისტა – მუკოცელე, რომელიც უმეტესად ქვედა ტუჩზე კბენის შედეგია: ამ დროს იბლოკება ნერწყვის გადინება სანერწყვე ჯირკვლიდან. მუკოცელე უმეტესად ერთ-ორ კვირაში ქრება, მაგრამ თუ შემაწუხებელია, შეიძლება ქირურგიულადაც მოიკვეთოს.

ოდონტომა კბილის წარმომქმნელი უჯრედების ჭარბი გამრავლებაა. წააგავს უფორმო დამატებით კბილებს.

სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეთა უმეტესობა (75-80%) კეთილთვისებიანი, ნელა მზარდი და უმტკივნეულოა. შეიგრძნობა როგორც რბილი, მოძრავი წარმონაქმნი სახის კანის ან პირის ღრუს ლორწოვანის ქვეშ.

კიბოსწინარე წარმონაქმნები

ლეიკოპლაკია ბრტყელი თეთრი ლაქაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანებისას. აქვს კერატინის სქელი ფენა – იმავე უჯრედებისა, რომლებიც ფარავს კანს და ნაკლებადაა პირის ღრუში.

ერითროპლაკია წითელი ბრტყელი ლაქა, რომელიც პირის ღრუს ლორწოვანის გათხელებისას ვითარდება. ის პირის ღრუს კიბოს გაცილებით საშიში წინამორბედია, ვიდრე ლეიკოპლაკია.

კიბო

მწეველებს და ალკოჰოლის მომხმარებლებს პირის ღრუს კიბოს განვითარების 15-ჯერ მაღალი რისკი აქვთ. საღეჭი თამბაქოსა და ბურნუთის მომხმარებლებისთვის პირის ღრუს კიბოს ტიპობრივი ადგილია ლოყები და ტუჩები. სხვებს ის უმეტესად ენის გვერდებზე, პირის ფსკერსა და ყელზე უჩნდებათ. ადამიანის პაპილომავირუსით (HPV), განსაკუთრებით – მე-16 ტიპით, გამოწვეული კიბო უმეტესად ყელის უკანა ნაწილში, ენის ძირზე და ნუშისებრ ჯირკვლებში ვითარდება.

პირის ღრუს კიბო გარეგნულად სხვადასხვანაირია, მაგრამ უმეტესად კიბოსწინარე დაზიანებებს წააგავს.

ვინაიდან პირის ღრუს კიბო ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს იშვიათად იწვევს, სასურველია პირის ღრუს ყოველწლიური გამოკვლევა. ასეთი გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა წონის კლება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება.

ქსეროტომია

ქსეროტომიას, პირის სიმშრალეს, ნერწყვის უკმარისობა განაპირობებს. ამ დროს ადამიანს პირი უმეტესად ან მუდმივად მშრალი აქვს, ნერწყვი კი – ბლანტი და წელვადი, უჭირს ღეჭვა, ლაპარაკი და ყლაპვა, გარდა ამისა, პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი, აწუხებს ყელის სიმშრალე, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ენა მშრალი, დაღარულია, გემოვნება – შეცვლილი, ჭირს პროთეზის გამოყენება. შესაძლოა, პომადა კბილებზე მიეწებოს.

მიზეზები

პირის სიმშრალის უშუალო მიზეზი სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითებაა. მას იწვევს:

* ასეულობით მედიკამენტი, მათ შორის – მრავალი ურეცეპტოდ გასაცემი: დეპრესიის, შფოთვის სამკურნალო, წნევის დამწევი, ანტიჰისტამინური საშუალებები, დეკონგესტანტები, მიორელაქსანტები,  ტკივილგამაყუჩებლები;

* დაბერება – ბევრს ასაკის მატებასთან ერთად პირი უშრება, რისი მიზეზიცაა ზოგიერთი მედიკამენტი, ორგანიზმის მიერ წამლების გადამუშავების უნარის შეცვლა, არაადეკვატური კვება და ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები;

* კიბოს მკურნალობა – ქიმიოთერაპიული პრეაპრატები ცვლის ნერწყვის ხასიათს და რაოდენობას; თავისა და კისრის რადიაციულმა მკურნალობამ შესაძლოა დააზიანოს სანერწყვე ჯირკვლები და ნერწყვის წარმოქმნის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. ეს ცვლილებები შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი;

* ნერვის დაზიანება – თუ ტრავმის შედეგად ან ოპერაციის დროს დაზიანდა შესაბამისი ნერვს თავისა და კისრის არეში, პირის სიმშრალეა მოსალოდნელი;

* ჯანმრთელობის სხვა პრობლემები: დიაბეტი, ინსულტი, პირის კანდიდოზი, ალცჰაიმერის დაავადება, ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, შოგრენის სინდრომი ან აივ/შიდსი;

* ხვრინვა და ღია პირით სუნთქვა;

* თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება.

მკურნალობა

მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. იცვლება მედიკამენტი, რომელმაც პირის სიმშრალე გამოიწვია. იწყება პირის ღრუს დამატენიანებელი, ქსილიტოლის შემცველი, ნერწყვის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება. კარიესის თავიდან ასაცილებლად სტომატოლოგმა შესაძლოა კბილების ფთორირება გირჩიოთ.

 

პირის ღრუს წვის სინდრომი

პირის ღრუს წვის სინდრომი მტკივნეული მდგომარეობაა, რომელსაც ხშირად აღწერენ როგორც წვის, დამწვრობის ან ჩხვლეტის შეგრძნებას პირში. ზოგჯერ ერთვის გარდამავალი დაბუჟებაც. შესაძლოა პერიოდულად იჩინოს თავი ან უწყვეტად გაგრძელდეს თვეების ან მეტი ხნის განმავლობაში. ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს პირის სიმშრალე ან გემოვნების შეცვლა. ჩივილები უმეტესად ენას მოიცავს, მაგრამ ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს ტუჩებზე, სასაზე ან მთელ პირის ღრუში. ჭამის ან სმის დროს უმეტესად სუსტდება.

მიზეზები

პირველადი პირის ღრუს წვის სინდრომი გამოწვეულია იმ ნერვების დაზიანებით, რომლებიც ტკივილისა და გემოს შეგრძნებას აკონტროლებს. მეორეულის მიზეზად შესაძლოა იქცეს კბილების კრაჭუნი, დიაბეტით ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებები, ალერგია სტომატოლოგიურ მასალებზე (უმთავრესად – ლითონებზე) ან საკვებზე, პირის სიმშრალე, არტერიული წნევის დამწევი ზოგიერთი წამალი, B ვიტამინის, რკინის და სხვა ნუტრიენტების უკმარისობა, პირის სოკოვანი ინფექცია, მჟავა რეფლუქსი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ამ სინდრომის დიაგნოსტიკა ძნელია, რადგან ადამიანებს, რომლებიც პირის ღრუს წვას უჩივიან, იშვიათად აქვთ პირის ღრუს ისეთი პრობლემები, რომლებიც გამოკვლევით გამოჩნდება, თუმცა დაახლოებით მესამედს უდასტურდება კბილების კრაჭუნის ჩვევა. მის დაძლევაში სტომატოლოგი უნდა დაგეხმაროთ.  შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზები განსაზღვრული სამედიცინო პრობლემების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად, პირის ღრუს ნაცხის შესწავლა, ალერგიის ტესტები, ნერწყვის ნაკადის შესწავლა, განსაზღვრული ქსოვილების ბიოფსია, გამოსახვითი გამოკვლევა.

შესაძლოა, ექიმმა გამოწეროს წამლები, რომლებიც პაციენტს ტკივილის გაკონტროლებასა და პირის სიმშრალის მოხსნაში დაეხმარება. მეორეული პირის ღრუს წვის სინდრომი შესაძლოა თავისთავად ალაგდეს ძირითადი სამედიცინო პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ.

სასარგებლო რჩევები

ტკივილის შესამსუბუქებლად დალიეთ ცივი სასმელი, წუწნეთ ყინულის ნატეხი ან ღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი.

მოერიდეთ პირის ღრუს ისეთ გამღიზიანებლებს, როგორიცაა:

* თამბაქო;

* ცხელი და ცხარე საკვები;

* ალკოჰოლური სასმელები;

* ალკოჰოლის შემცველი სავლები;

* მჟავათი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ციტრუსები და მათი წვენები.

ზემგრძნობელობა

ზემგრძნობელობა ან ჰიპერმგრძნობელობა, იმუნური სისტემის პათოლოგიური რეაქცია, სხვა შემთხვევაში უვნებელ ნივთიერებათა ზემოქმედების პასუხად ვითარდება. რეაქცია სხვადასხვა სიმძიმისა და ტიპისაა, ალერგიულიც და არაალერგიულიც. მათ შორის ყველაზე რთული და მძიმეა ანაფილაქსია, რომელიც მთელი სხეულის რეაქციაა და ალერგენის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში იწყება.

უშუალოდ პირის ღრუს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციებისთვის ტიპობრივია შემდეგი ფორმები:

* კვინკეს შეშუპება – ეს ელვისებური ალერგიული რეაქციაა. ხშირად ჭინჭრის ციებასთან ერთად ვითარდება. სიცოცხლისთვის საშიშია ხახის შეშუპება (ვითარდება ოთხიდან ერთ შემთხვევაში). შუპდება ტუჩები, ენა, პირის ღრუს ლორწოვანი, ქუთუთოები, სახის სხვა ნაწილები. ხორხის შეშუპების დროს ვითარდება ბრონქოსპაზმი.

* სტომატიტი – მისი ტიპური ნიშნებია სიწითლე და შეშუპება, რომელმაც შესაძლოა პირის ნებისმიერი ნაწილი მოიცვას, მათ შორის – ენა, სასა, ლოყები და ტუჩები. ზოგჯერ ბუშტუკები და წყლულები ჩნდება. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს წვის შეგრძნებას და პირის ღრუს გადაჭარბებულ მგრძნობელობას ცივი, ცხელი და ცხარე საკვების მიმართ.

* ლიქენისმაგვარი რეაქცია – ჩნდება ოდნავ წამოწეული თხელი, მოთეთრო ხაზები, რომლებიც მაქმანივით ერწყმის ერთმანეთს. ზოგჯერ მათ შიგნით წყლულებია. ასეთი სურათი უმეტესად ლოყების ლორწოვან გარსზე ჩნდება, მაგრამ შესაძლოა მთელი პირის ღრუც მოიცვას.

* მრავალფორმიანი ერითემა – შესაძლოა დაზიანდეს კანიც და პირიც. პირის ღრუს (უმეტესად – ქვედა ტუჩის, ასევე – ლოყების, ენის, რბილი სასისა და ცხვირ-ხახის) დაზიანება იწყება ლორწოვანი გარსის შეშუპებით და სიწითლით, რასაც ბუშტუკების წარმოქმნა მოჰყვება. შემდეგ ბუშტუკები იშლება და ტოვებს წყლულოვან უბნებს. ერითემა რამდენიმე საფეხურს გაივლის: თავდაპირველად ჩნდება ლაქა, შემდეგ – ბუშტუკი, ეროზია, წყლული, აფთა, ქერქი. რეაქციისთვის დამახასიათებელია ციკლური მიმდინარეობა და რეციდივები. გვხვდება უმეტესად 30 წლამდე ასაკის პირებთა, ძალიან იშვიათად – ბავშვებსა და მოხუცებთან. გარდა პირისა, ზიანდება სახე, კისრის, წინამხრის, ხელისგულების, მუხლის, იდაყვის, წვივის კანი. შესაძლოა დაზიანდეს გენიტალიები, ცხვირის ლორწოვანი და კონიუნქტივაც.

კანის ტიპური დაზიანებაა ნორმალური ფერის კანის უბნებით გარშემორტყმული წითელი რგოლები. ამ დროს მდგომარეობა შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ პაციენტს ჰოსპიტალიზაციაც კი დასჭირდეს.

ერითემის ძირითად მიზეზად ინფექციურ-ალერგიული და ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციები მიიჩნევა.

* პლაზმურუჯრედოვანი გინგივიტი – ეს ღრძილის იშვიათი კეთილთვისებიანი მდგომარეობაა. ვლინდება ღრძილების სიწითლით და შეშუპებით დაწყლულების გარეშე. განპირობებულია პლაზმური უჯრედების, სისხლის სპეციფიკური თეთრი უჯრედების, ღრძილებში დაგროვებით. შესაძლოა ჩაითრიოს ენა და ტუჩები.

პლაზმურუჯრედოვანი გინგივიტი არის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია ზოგიერთი ანტიგენის, უმეტესად არომატიზატორების მიმართ, რომლებსაც საღეჭი რეზინები და კბილის პასტები შეიცავს.

პლაზმურუჯრედოვანი გინგივიტი ღრძილების სხვა დაავადებისგან იმით განსხვავდება, რომ შექცევადია. სიმპტომები ქრება მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ.

ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან პლაზმურუჯრედოვანი გინგივიტი კლინიკურად ჰგავს ლეიკემიის, აივ ინფექციის, წითელი მგლურას, ატროფიული ლიქენის, დესქვამაციური გინგივიტის, პემფიგუსის დროს განვითარებულ დაზიანებას. დიფერენცირება უნდა მოხდეს ჰემატოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევებით.

მეტალის გემო პირში

პირში მეტალის გემოს უამრავი მიზეზი აქვს, მედიკამენტებით დაწყებული, კბილების არასწორი გახეხვით დამთავრებული. მათი შედარებით სრული ჩამონათვალი ასეთია:

* ცუდი ჰიგიენა – თუ კბილის ჯაგრისსა და ფლოსთან მეგობრობთ, უკეთ იქნებით დაზღვეული გინგივიტის, პერიოდონტიტისა და კბილის ინფექციებისგან, რომლებმაც შესაძლოა ცუდი გემო გამოიწვიოს;

* გაციება, სინუსიტები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები – გამოჯანმრთელების შემდეგ მეტალის გემოც ქრება;

* ანტიბიოტიკები, გულის დაავადებების, პოდაგრის სამკურნალო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ლითიუმი, რომლითაც ზოგიერთ ფსიქიკურ მდგომარეობას მკურნალობენ. თუ მეტალის გემო გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე წამლის მიღება არ შეწყვიტოთ;

* ორსულობის დროს მისაღები ვიტამინები,  რკინის ან კალციუმის დანამატები,  სპილენძის, თუთიის ან ქრომის შემცველი  მულტივიტამინები – აბების მიღების შემდეგ მეტალის გემო მალევე ქრება;

* გულძმარვა, მჟავა რეფლუქსი და საჭმლის მონელების დარღვევა – ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ პირის ღრუში ნორმალური გემო აღდგება;

* ორსულობა – მეტალის გემო შესაძლოა ორსულობის დასაწყისშივე გაჩნდეს. ის თავისთავად გაქრება;

* დემენცია – ამ დროს მოსალოდნელია გემოების ცვლილება;

*  კიბოს მკურნალობა – მწარე ან მეტალის გემო ქიმიოთერაპიისა და რადიაციის საერთო გვერდითი მოვლენაა. მკურნალობის დასრულების შემდეგ ის ქრება;

* ვერცხლისწყლის ან ტყვიის ჩასუნთქვა, მაგალითად, სახლის რემონტის დროს, თერმომეტრის გატეხვისას;

* ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა – ბელის დამბლა (სახის კუნთების სისუსტის ან დამბლის აუხსნელი ეპიზოდი), გაფანტული სკლეროზი, დეპრესია.  

მკურნალობა და პრევენცია

მკურნალობა მიზეზზეა  დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს უსიამოვნო სიმპტომი თავისთავად ქრება, მაგალითად, თუ შეწყვეტთ ვიტამინების მიღებას ან მოიშორებთ ტყვიის წყაროს, რომელთანააც შეხება გაქვთ. სხვა შემთხვევაში დამატებითი მეთოდები უნდა სცადოთ: მიბრძანდეთ სტომატოლოგთან და მოიგვაროთ პირის ღრუს პრობლემა; კბილები და ენა დღეში მინიმუმ ორჯერ გაიხეხოთ და ერთხელ ძაფით გაიწმინდოთ; სვათ ბევრი წყალი და ღეჭოთ უშაქრო კევი; ჭამის წინ პირიში გამოივლოთ მარილისა და სოდის თბილი წყალხსნარი (1/2 ჩაის კოვზი მარილი და ამდენივე სოდა ერთი ჭიქა წყალზე); ლითონის ჭურჭლის ნაცვლად გამოიყენოთ პლასტმასის, მინის ან კერამიკული ჭურჭელი; ხორცი დაამარინადოთ ტკბილი ხილის წვენში ან ტკბილ ღვინოში ან უხვად შეაზაოთ მწვანილითა და სანელებლებით; გაესაუბროთ ექიმს წამლის დოზის ან ერთი მედიკამენტის მეორით შეცვლის შესახებ.

ცუდი სუნი

ჰალიტოზი პირიდან უსიამოვნო სუნი, შესაძლოა მხოლოდ დილაობით შეინიშნებოდეს, შესაძლოა, მთელი დღეც. მას ხშირად თან ახლავს პირის სიშრალე, ნალექი კბილებზე, ღრძილების ხაზთან ახლოს, თეთრი ნადები ენაზე, ცხვირიდან ყელში გამონადენის გადასვლის შეგრძნება, ცუდი, ხშირად ლითონისებრი გემო.

რა იწვევს

უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზი საკვების ნარჩენებია, რომლებიც ლპება და ხელს უწყობს პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. უსიამოვნო სუნის მიზეზი შესაძლოა გინგივიტიც იყოს. ზოგჯერ სუნი საკვების ბრალია: ხახვის, ნივრის, ყველის, ზოგიერთი სანელებლის, ფორთოხლის წვენის, გაზიანი სასმელების. სუნი სუნთქვისას ფილტვებიდან გამოიყოფა და მანამდე რჩება, ვიდრე ეს საკვები მთლიანად არ გამოვა სხეულიდან.

უსიამოვნო სუნი შესაძლოა მიუთითებდეს სინუსურ ინფექციაზე, ფილტვების ქრონიკულ ინფექციაზე, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებაზე, დიაბეტზე.

ჰალიტოზის პრევენციისთვის:

* გაიხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ ორჯერ ფთორიანი კბილის პასტით. კბილების ზედაპირებთან ერთად აუცილებლად გაიხეხეთ ღრძილებისა და კბილების შეერთების ხაზი და ენა.

* კბილები დღეში ერთხელ მაინც ფლოსით გაიწმინდეთ.

* ყოველდღე ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული და ნაკლები ხორცი.

* ერიდეთ საკვებს, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს, ასევე – ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს ნაწარმს.

* პირის სიმშრალისას კარგია უშაქრო პიტნის კანფეტების წუწვნა, უშაქრო კევის ღეჭვა, ბევრი წყლის სმა.

* სავლები საშუალებების უმეტესობა ჰალიტოზის დროს ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა.

* მოსახსნელი პროთეზები მთელი ღამით დატოვეთ სადეზინფექციო ხსნარში. გაწმინდეთ მოსახსნელი ბრეკეტებიც.

* წელიწადში ორჯერ ეწვიეთ სტომატოლოგს  კბილების გასაწმენდად.

ჰალიტოზის მკურნალობა უმთავრესად ჩამოთვლილ საშუალებებს ეფუძნება. ღრძილების დაავადების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა პირის ღრუს სავლები შემოგთავაზოთ.

ღრძილების ჯანმრთელობა

ღრძილების დაავადება ხშირად ფარულად, უსიმპტომოდ ვითარდება და ბოლო სტადიებზეღა მჟღავნდება, თუმცა არსებობს გამაფრთხილებელი ნიშნებიც:

* წითელი, შეშუპებული ან მგრძნობიარე ღრძილები ან ტკივილი პირის ღრუში;

* სისხლდენა კბილების ხეხვის, ძაფით წმენდის ან მყარი საკვების მიღების დროს;

* ღრძილების დაწევა ან კბილებისგან მოშორება;

* კბილების დაკარგვა ან დაშორიშორება;

* ჩირქი ღრძილებსა და კბილებს შორის;

* წყლულები პირში

* მუდმივად ცუდი სუნი პირიდან;

* თანკბილვის შეცვლა;

* ცვლილება ნაწილობრივი პროთეზის მორგებაში.

რა ემუქრება ღრძილებს

გინგივიტი ღრძილების ანთებაა, რომელიც მათ სიწითლეს, შეშუპებას და სისხლდენას იწვევს. გინგივიტის დროს დისკომფორტი მცირეა ან საერთოდ არ იგრძნობა. ის შექცევადი პროცესია, თუმცა ამისთვის საჭიროა მკურნალობა და პირის ღრუს კარგი მოვლა.

მიშვებული გინგივიტი შესაძლოა პაროდონტიტში გადაიზარდოს. პაროდონტი ქსოვილთა კომპლექსია, რომელიც კბილს კბილბუდეში აფიქსირებს. ნადები, რომელიც ბაქტერიებს შეიცავს, დროთა განმავლობაში შესაძლოა გავრცელდეს ღრძილების ხაზის ქვემოთ. ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ღრძილებს აღიზიანებს და ასტიმულირებს ქრონიკულ ანთებით რეაქციას, რის შედეგადაც ქსოვილები და ძვლები, რომლებიც კბილებს ამაგრებს, იშლება და ნადგურდება. ღრძილებსა და კბილებს შორის იქმნება ჯიბეები, რომლებიც ადვილად ინფიცირდება. რაც უფრო პროგრესირებს დაავადება, მით უფრო ღრმავდება ჯიბეები და მით უფრო მეტი ღრძილის ქსოვილი და ძვალი ნადგურდება. საბოლოოდ კბილები შესაძლოა ამოცვივდეს ან ისე მოირყეს, რომ ამოღება გახდეს საჭირო.

პაროდონტის დაავადების განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს ასაკი (65 წლიდან), მოწევა, გენეტიკური განწყობა, სტრესი, ზოგიერთი წამალი (ორალური კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები, გულის სამკურნალო საშუალებები), კბილების კრაჭუნი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, ცუდი კვება, სიმსუქნე.

სწორი მოვლით და პაროდონტოლოგთან მუდმივი კომუნიკაციით პაროდონტის დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.

კარიესი

კარიესი, კბილის ღრუ, უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებს უჩნდებათ, მაგრამ მისგან არც ზრდასრულები არიან დაზღვეულები. კარიესს აჩენენ პირის ღრუში მობინადრე ბაქტერიები, რომლებიც საკვებს, განსაკუთრებით – შაქარსა და სახამებელს, მჟავად გარდაქმნიან. ბაქტერიების, მჟავას, საკვების ნარჩენებისა და ნერწყვის გაერთიანებით მიიღება წებოვანი ნივთიერება – ნადები, რომელიც კბილებს ეწებება და კბილის ქვად გარდაიქმნება. ნადები და ქვა ღრძილებს აღიზიანებს, რაც გინგივიტს და პერიოდონტიტს უდებს სათავეს.

ნადები ჭამიდან 20 წუთის შემდეგ იწყებს კბილებზე დაგროვებას. თუ ამ ხნის განმავლობაში არ მოვაშორეთ, გამკვრივდება და ქვად გადაიქცევა. ნადებში არსებული მჟავები აზიანებს მინანქარს – კბილების მფარავ გარსს, ხვრეტს კბილებს და წარმოქმნის ღრუებს.

კარიესი, როგორც წესი, არ არის მტკივნეული, სანამ მეტისმეტად არ გაიზრდება და ნერვებს არ ჩაითრევს ან კბილს მოტეხვამდე არ მიიყვანს. მიშვებულმა კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილის ინფექცია, აბსცესი, დააზიანოს კბილის შიგინითა ნაწილი – პულპა, რაც უფრო ღრმა მკურნალობას მოითხოვს და ზოგჯერ გარდაუვალს ხდის კბილის ამოღებას.

კბილების გაფუჭების რისკს ზრდის ნახშირწყლები (შაქარი და სახამებელი), წებოვანი საკვები, ხშირი წახემსება.

კარიესი ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი კბილის ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევდეს, განსაკუთრებით – ტკბილი, ცხელი ან ცივი საკვებისა თუ სასმლის მიღებისას.

კარიესს უმეტესად ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს ექიმი რუტინული სტომატოლოგიური გამოკვლევის დროს. მას მკურნალობენ კბილის გვირგვინის დაბჟენით, არხების დაბჟენით, კბილის ხელოვნური საფარის შექმნით...

პრევენცია

კარიესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენა. ის გულისხმობს რეგულარულ პროფესიონალურ წმენდას ექვს თვეში ერთხელ, კბილების დღეში მინიმუმ ორჯერ გახეხვას და დღეში მინიმუმ ერთხელ ფლოსით წმენდას. სასურველია კბილების ყოველწლიური რენტგენოლოგიური გამოკვლევაც, რათა მაღალი რისკის ადგილებში კარიესის დაწყება არ გამოგვეპაროს.

ჩირი, კანფეტი და სხვა წებოვანი საკვები უმჯობესია ჭამის დროს მიირთვათ და არა ცალკე. ამის შემდეგ, თუ შესაძლებელია, გაიხეხეთ კბილები ან პირი წყლით გამოირეცხეთ. ერიდეთ ხშირ-ხშირად წახემსებას, შაქრიანი სასმელების წრუპვას, კანფეტების წუწვნას.

კარიესის თავიდან აცილება შესაძლებელია კბილის დალუქვით – თხელი პლასტმასის მსგავსი საფარის გადაკვრით მოლარის, ძირითადი კბილის, საღეჭ ზედაპირზე. ეს საფარი ღარებში ნადების დაგროვებას უშლის ხელს.

კარიესისგან ფთორიც იცავს. მას, ვინც ფთორს სასმელი წყლის ან საკვები დანამატის საშუალებით იღებს, ნაკლებად უფუჭდება კბილები.

კარგია ფთორის შემცველი კბილის პასტას ან სავლების გამოყენებაც.

როგორ მოვუაროთ კბილებს

ჯანსაღი კბილებისა და ღრძილების შესანარჩუნებლად აუცილებელია ნადების მოცილება, ეს კი ჯაგრისისა და ფლოსის გარეშე ვერ მოხერხდება:

* გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ რბილი ჯაგრისით. კბილის ჯაგრისი ისეთი ზომისა და ფორმისა უნდა შეარჩიოთ, რომ ყველა უბანს ადვილად მისწვდეთ. გამოიყენეთ ფთორის შემცველი პასტა. კბილებს შორის სივრცეები დღეში ერთხელ მაინც გაიწმინდეთ ძაფით ან სპეციალური კბილთაშორისი საწმენდით, რათა იმ ადგილებიდანაც, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, მოიცილოთ ნადები. ეს აუცილებელია ღრძილების დაავადების თავიდან ასაცილებლად.

როგორ გავისუფთაოთ

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს კბილების გახეხვისა და ძაფით წმენდის შემდეგ ტექნიკას:

ჯაგრისი

* კბილის ჯაგრისი დაიკავეთ ღრძილების მიმართ 45-გრადუსიანი კუთხით.

* ნაზად ამოძრავეთ კბილების ზედაპირზე.

* გაიხეხეთ კბილების ყველა ზედაპირი: გარეთა, შიგნითა და საღეჭი (ორივე ყბაზე სულ ექვსი ზედაპირი გამოვა).

* წინა კბილების შიგნითა ზედაპირების გასაწმენდად ჯაგრისის წვერი გამოიყენეთ. ნაზად ამოძრავეთ ზევით-ქვევით.

* გაიხეხეთ ენა ბაქტერიების მოსაშორებლად.

ფლოსი

* მოწყვიტეთ 40 სმ-მდე სიგრძის ძაფი და ორივე ხელის შუა თითებზე შემოიხვიეთ. ერთზე – უფრო მეტი. გაჭიმული ძაფი მოიქციეთ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის.

* ფრთხილად ჩაატარეთ ძაფი კბილებს შორის.

* როდესაც ძაფი მიაღწევს ღრძილების ხაზს, მორკალეთ ერთ-ერთი კბილის გარშემო (მიეცით ასო ჩ-ს ფორმა) და ფრთხილად ჩაატარეთ ღრძილსა და კბილს შორის არსებულ სივრცეში.

* ამოსწიეთ ძაფი კბილების კონტაქტის ადგილამდე და ახლა იმავე კბილთაშორის სივრცეში მომიჯნავე კბილის ზედაპირს ამოატარეთ.

* გადაახვიეთ ძაფი და ასევე გაიწმინდეთ დანარჩენი კბილებიც.

პირის ღრუს მოსავლელად სტომატოლოგმა შესაძლოა გაირჩიოთ პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები, რომელიც ამცირებს ბაქტერიებს და ნადებს. მართალია, ფთორის შემცველი სავლები კბილებს გაფუჭებისგან იცავს, მაგრამ ვინაიდან არსებობს ჩაყლაპვის რისკი, მისი გამოყენება არ შეიძლება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: