შვილის მეგობარი

გააზიარე:

როგორც მშობელს, ალბათ გიხარიათ, როცა ხედავთ, როგორ ფართოვდება თქვენი შვილის სამეგობრო წრე, გსიამოვნებთ, რომ ბავშვს უვითარდება სოციალური უნარები, სწავლობს გაგებას, თანადგომას და, იმავდროულად, აფასებს მეგობრების ყურადღებას, ემოციების გაზიარებით მიღებულ სიამოვნებას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეგობრობას შეუძლია, შეუმსუბუქოს ბავშვს წარმატებისკენ მიმავალი გზა, რადგან მას, ვისაც ადრეული ასაკიდანვე ჰყავს საუკეთესო მეგობრები, მეტად სჯერა საკუთარი თავის, აქვს სხვებთან შედარებით მაღალი თვითშეფასება.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ როგორ მოიქცეოდით, რომ შეგემჩნიათ, რომ ერთ-ერთი მეგობარი თქვენს შვილზე ცუდ გავლენას ახდენს, ან უბრალოდ რომ არ მოგწონდეთ თქვენი შვილის მეგობარი? არმოწონებას შესაძლოა არაერთი მიზეზი ჰქონდეს: თქვენი შვილის მეგობარი უხამს სიტყვებს ამბობდეს, უბიძგებდეს თქვენს შვილს ცუდი საქციელისკენ, მასში მჩაგვრელი ამოიცნოთ... ამ ყველაფერს უფროსები ადვილად ვამჩნევთ, მაგრამ ბავშვები ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ, პირიქით, იზიდავთ კიდეც და რისკი იმისა, რომ რთული ქცევის თანატოლს აჰყვნენ, დიდია.

ამ დროს მშობლები ხშირად იბნევიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ.

სტატიაში სწორედ მსგავს სიტუაციებს განვიხილავთ და კომპეტენტურ რჩევებს შემოგთავაზებთ.

ვეძებთ მიზეზებს

თუ შვილის რომელიმე მეგობარი უსიამოვნო გრძნობას აღგიძრავთ, მოქმედებაზე გადასვლამდე აუცილებლად უნდა მიაგნოთ მიზეზს. ყოველთვის დაუშვით იმის შესაძლებლობა, რომ ცდებით.

დაფიქრდით, რა არ მოგწონთ ამ ბავშვში, მის ქცევაში, რამ აღძრა თქვენში ეს უსიამოვნო გრძნობა.

დაწყებითი სკოლის ასაკში მშობლების მთავარი საფიქრალი ის არის, რა გავლენას მოახდენს მეგობარი მათ შვილზე – ვაითუ მანაც დაიწყოს უხამსი სიტყვების გამეორება, გადმოიღოს აგრესიული ქცევა, ჩვევად ექცეს სუსტის ჩაგვრა...

ბავშვი იზრდება და პრობლემებიც იმატებს: ვაითუ მეგობარმა ბავშვს არასასურველი ქცევისკენ უბიძგოს, მავნე ჩვევების ჩამოყალიბებაში შეუწყოს ხელი, ბოროტ საქციელში აიყოლიოს...

მშობლები მოსვენებას კარგავენ: გაართმევს კი ჩვენი შვილი დამოუკიდებლად თავს ამ პრობლემას? საერთოდ დაინახავს კი მას? დაგვიჯერებს, რომ დაველაპარაკოთ? არც ერთ მშობელს არ სურს იმის ყურება, როგორ ექცევა მათი შვილის სხვისი გავლენის ქვეშ, მაგრამ სანამ ჩარევას გადაწყვეტდეთ, ჯობია მოიფიქროთ, როგორ გააკეთებთ ამას.

აქვე ისიც ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად თქვენი შვილის მეგობარია პრობლემა თუ ის, რომ თქვენი კომფორტის ზონის საზღვრები ირღვევა? იქნებ თქვენი უსიამოვნო გრძნობა გამოწვეულია მისი ოჯახის განსხვავებული ცხოვრების წესით, ისტორიით, რელიგიით, ეთნიკური წარმომავლობით? ნუ მოახვევთ ბავშვს თავს საკუთარ კომპლექსებს, გამოიყენეთ ეს სიტუაცია იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და თავადაც გაიმდიდროთ თვალსაწიერი.

კიდევ ერთი მიზეზი შვილის მეგობრით უკმაყოფილებისა მისი მშობლებია. შესაძლოა, ბავშვი მოგვწონდეს, მაგრამ მის ოჯახში იმდენად არაჯანსაღი გარემო დავინახოთ, რომ ამ ოჯახთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა მოგვინდეს. კარგად დაფიქრდით და ყოველი ნაბიჯი გათვალეთ – ძალიან ძნელია ბავშვისთვის იმის ახსნა, რომ მართალია, მის მეგობარს არაფერი დაუშავებია, მაგრამ მაინც არ გინდათ, მასთან იმეგობროს. ამან შესაძლოა ისე გააღიზიანოს ბავშვი, რომ ჯიბრში ჩაგიდგეთ.

მომდევნო ნაბიჯები

რა თქმა უნდა, როგორც მშობელს, გაქვთ უფლება, ზომიერად ჩაერიოთ შვილის ურთიერთობებში, მით უმეტეს, თუ ხედავთ, რომ ეს ურთიერთობა აზიანებს მის ფსიქიკას და ხელს უშლის განვითარებაში. მთავარია, ეს ისე გააკეთოთ, რომ ბავშვის აგრესია არ გამოიწვიოთ.

* დაუსვით კითხვები

გაკიცხვის გარეშე გაერკვიეთ სიტუაციაში. ჰკითხეთ ბავშვს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის მეგობარში, რისი კეთება სიამოვნებს მასთან ერთად, რომელი თვისებების გამო მეგობრობს მასთან, რით განსხვავდება ის მისი სხვა მეგობრებისგან. პასუხებმა შესაძლოა სულ სხვა კუთხით შეგახედოთ სიტუაციას.

* არ გალანძღოთ მისი მეგობარი

რა დიდი სურვილიც უნდა გქონდეთ, პირდაპირ უთხრათ ბავშვს, რასაც გრძნობთ მისი მეგობრის მიმართ, თავი შეიკავეთ – დიდი შანსია, ბავშვი გაგემიჯნოთ, რაც უნდა რაციონალური იყოს თქვენი სიტყვები, არ მოგისმინოთ.

არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდოთ ბავშვი უხერხულ მდგომარეობაში მეგობრისა და მისი ოჯახის თვალწინ. ნუ ეცდებით, მისი ემოციების ხარჯზე მოაგვაროთ პრობლემა, მაგალითად, ნუ ათქმევინებთ მეგობრისთვის, რომ მშობლები აღარ უშვებენ მასთან და ამიტომ ვეღარ იმეგობრებენ. ეს ბავშვისთვის ემოციურად ძალიან მძიმე გადასატანი იქნება და შესაძლოა უარესი შედეგიც მიიღოთ.

* მოახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება

თუ აშკარა პრობლემას ხედავთ და, ამასთანავე, ამჩნევთ, რომ ბავშვი ვერ სწვდება სიტუაციის არსს, დაეხმარეთ პრობლემის დანახვაში. ჰკითხეთ, მოეწონა თუ არა თავისი მეგობრის საქციელი, როდესაც მან ქუჩაში ლეკვს ჯოხი მოუქნია, ან როდესაც უხამსი სიტყვებით მიმართა სხვა ბავშვს, ან როდესაც უმცროსს ჩაარტყა; ხედავს თუ არა, რომ ეს მეგობარი მხოლოდ მაშინ ურეკავს, როდესაც რამე სჭირდება? მიეცით ბავშვს საშუალება, თავად მოგიყვეთ, რაც აწუხებს, მაგალითად: “ვამჩნევ, რომ შენს მეგობართან შეხვედრის შემდეგ ყოველთვის ცუდ ხასიათზე ხარ. ხომ არ გინდა მომიყვე, რატომ?”

* ერთად ეძებეთ გამოსავალი

მას შემდეგ, რაც პრობლემა გამოიკვეთება, მიეცით ბავშვს აზრის გამოთქმის საშუალება. შესაძლოა, ისიც ხედავდა ამ პრობლემას, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა და ახლა შვებით ამოისუნთქა, რადგან დახმარების ხელი გაუწოდეთ.

გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, თუ მის ასაკში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხართ. ჰკითხეთ, რა იქნება, მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი. როგორ ჯობია მისი მეგობრისთვის იმის თქმა, რომ მის გვერდით თავს არაკომფორტულად გრძნობს? რა მოახდენს მასზე ყველაზე დიდ გავლენას? ურჩევნია, ჯერ დაელაპარაკოს თუ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, უკვე სცადა და ახლა ურთიერთობის გაწყვეტაღა დარჩენია? მოუსმინეთ და ერთად იმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე.

როდის მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება

თუ ხედავთ, რომ მეგობრის ქცევა საფრთხის შემცველია თქვენი შვილისთვის, ჩაერიეთ. შესაძლოა საკმარისი იყოს ასეთი აკრძალვა: შეგიძლია, მასთან ურთიერთობა გქონდეს სკოლაში და ჩვენს სახლში, მაგრამ მის სახლში აღარ წახვალ, – მაგრამ ზოგჯერ, როდესაც საფრთხე დიდია, ურთიერთობის გაწყვეტაა ერთადერთი გამოსავალი. თუ ბავშვს სკოლაში უწევს ამ მეგობართან ურთიერთობა, დაგჭირდებათ პედაგოგების ჩართვაც.

თუ საკითხი ასე მწვავედ არ დგას, უბრალოდ ესაუბრეთ ბავშვს. აუხსენით, რომ ბევრი მეგობარი დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ზოგჯერ ცალკეული ადამიანები ჩვენში არასასურველ თვისებებს წამოსწევენ ხოლმე წინ, მაშინ როდესაც სხვები მხოლოდ დადებით თვისებებს გვიღვივებენ, ამიტომ არ უნდა ჩაიციკლოს ერთ ადამიანზე, შეხედოს, ვისთან ურთიერთობისას აქებს სკოლაში პედაგოგი და ვისთან ურთიერთობისას იღებს ყველაზე მეტ შენიშვნას. კონკრეტული მაგალითები ბავშვზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე ზოგადი და განყენებული მსჯელობა.

შვილებს ყოველთვის ვერ დავიცავთ არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობისა და იმედგაცრუებისგან, მათ აუცილებლად თავად უნდა გამოსცადონ ეს გრძნობა, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ვაჩვენოთ ჯანსაღი ურთიერთობებისკენ მიმავალი გზა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: