ლეკვი – ინსტრუქცია

გააზიარე:

წინა ნომერში ძაღლების აღზრდასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები მიმოვიხილეთ. იქვე დაგპირდით, რომ მათი გადაჭრის გზებს მომდევნო ნომერში გაგაცნობდით. ვასრულებთ პირობას და გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციებს ძაღლის პრობლემური ქცევის თავიდან ასაცილებლად.

სოციალიზაცია

უშბასთან ერთად სეირნობისას ხშირად ვხვდები საბლით მოსეირნე ძაღლებს, რომელთა პატრონებიც შიშით უვლიან გვერდს ყველა შემხვედრ ძაღლს, მათი დაყნოსვის საშუალებას არ აძლევენ შვილობილებს და თავისკენ ექაჩებიან.

ასე აღზრდილ ცხოველს არ ეცოდინება, როგორ უნდა მოიქცეს უცხო ძაღლებთან შეხვედრისას და კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა მისთვის ყეფა, ღრენა, თავდასხმა ან თავდაცვა იქნება.

როგორ მოვიქცეთ?

როგორც კი აცრები დასრულდება, ძაღლი მზადაა გარეთ გასაყვანად.

* სასეირნოდ გაყვანილ ძაღლს აუცილებლად უნდა მისცეთ გარემოს, მისთვის საინტერესო ობიექტების და სხვა ძაღლების დაყნოსვის უფლება.

* ძაღლები ერთმანეთს ყნოსვით ესალმებიან. ფაქტობრივად გამორიცხულია, ნორმალური ფსიქიკის მქონე ძაღლს სხვა ძაღლის დანახვისთანავე მისი დაგლეჯა მოუნდეს. აუცილებლად მიეცით საშუალება თქვენს ცუგას, მიესალმოს თანამოძმეს.

ძაღლებს ცხვირი ცხვირთან მიაქვთ და ისე ყნოსავენ ერთმანეთს. შესაძლოა, გენიტალიებზეც დაყნოსონ. თუ ამ დროს პატრონი უხეშად არ ჩაერია და თავისი შფოთვა და არ გადასდო შვილობილს, ძაღლები მალევე დაემშვიდობებიან ერთმანეთს.

ეს სწრაფი მისალმება-დამშვიდობება ძაღლის სოციალიზაციისთვის აუცილებელია – როდესაც თავისუფლად სეირნობისა და თამაშის საშუალება მიეცემა, ეცოდინება, როგორ მოიქცეს სხვადასხვა ზომისა და ტემპერამენტის ძაღლებთან. მეწრმუნეთ, ძაღლი ჩვენზე უკეთ გრძნობს, რას უნდა ელოდეს შემხვედრისგან, ამიტომ მოქმედების იმ სტრატეგიას შეარჩევს, რომელიც მისივე უსაფრთხოებისთვისაა მიზანშეწონილი. მაგალითად, უშბა, ჩემი ძაღლი, დიდი ზომის და რთული ტემპერამენტის ძაღლებთან წინა ორ თათზე წვება. თუ შემხვედრს დომინანტური ქცევა შეამჩნია, ზურგზეც გაწვება “მეტი უსაფრთხოებისთვის”. ამით ის აჩვენებს, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვს და მშვიდობიანი ურთიერთობისთვისაა განწყობილი. მომცრო და ხალისიან ძაღლებთან კი სათამაშოდ მიწევს და სხეულის ენითაც სწორედ ამას ეუბნება. “მოდი, ვირბინოთ!” – “ამბობს” წინა ორ თათზე დაყდრნობით და კუდის ქიცინით. ჯერჯერობით არც ერთ შემხვედრთან, ქუჩის, სოფლის, გარეუბნის თუ პატრონიან ძაღლთან, უშბას კონფლიქტი არ მოსვლია.

* სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია ძაღლების თავისუფალი თამაში, პატრონის ჩარევისა და “არ აძვრე` არ ირბინო` არ დაისვაროს” გარეშე. თუ ძაღლმა სათანადოდ ვერ დახარჯა ენერგია, ის სხვაგვარად ეცდება განტვირთვას, რაც ნიშნავს დესტრუქციულ ქცევას სახლში, საოჯახო ნივთების ღრღნას, ყეფას...

ძაღლების თამაშის მაყურებელ ადამიანს ხშირად ეჩვენება, რომ ისინი ჩხუბობენ, ერჩიან ერთმანეთს. ერთად თამაშის დროს კბილებით ლოყებზე, ყურებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ჩაფრენა ძაღლებისთვის ნორმალურია და არ უნდა დავუშალოთ. “ყბებით თამაშის” დროს ძაღლი სწავლობს, როგორ გამოიყენოს თავისი ძალა.

თუ კარგად დააკვირდებით, ჩხუბს ადვილად გაარჩევთ უხეში თამაშისგან. თამაშის დროს ძაღლები გამეტებით არ კბენენ ერთმანეთს.

ასე რომ, ნუ დაუშლით თქვენს უმცროს მეგობარს თავისიანებთან თამაშს.

საბაზისო ბრძანებები, რომლებიც ძაღლმა აუცილებლად უნდა დაისწავლოს

“გვერდით”, “ჩემთან”, “მოდი” – ეს ბრძანებები ძაღლს აუცილებლად უნდა დაასწავლოთ, რათა უზრუნველყოთ საკუთარი, თქვენი ოთხფეხა შვილობილის და სხვების უსაფრთხოება.

ყველაზე გავრცელებული კითხვაა, როდის დავიწყოთ ძაღლის წვრთნა. სპეციალისტების პასუხი ასეთია: რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უკეთესი. თვე-ნახევრიდან მოყოლებული, ლეკვს უკვე შეუძლია “მოდი” ბრძანებასა და საკუთარ სახელზე რეაგირება. შესაბამისად, ამ ასაკიდან ხანმოკლე სესიების დაწყება არათუ სასურველი, საჭიროც კია.

ლეკვების შინ წვრთნის დროს დასაცავი წესები

1. ვარჯიში არ უნდა იყოს ხანგრძლივი. დღეში თითო 5-10-წუთიანი სესია სავსებით საკმარისია. შეიძლება სესიების გამეორება ორჯერ ან სამჯერ.

2. პროცესი ლეკვისთვის სახალისო და სასიამოვნო უნდა იყოს, განმტკიცების საშუალებად კი გამოვიყენოთ მხოლოდ ჯილდო და არავითარ შემთხვევაში – სასჯელი. მცირე ასაკში მხოლოდ დადებითი განმამტკიცებელი მუშაობს სასიკეთოდ! სასჯელმა ლეკვს შესაძლოა ფსიქიკა დაუზიანოს!

3. შეგიძლიათ, ვარჯიში დაამთხვიოთ კვების დროს და ლეკვის სპეციალური საკვები ჯილდოდ გამოიყენოთ სწორად შესრულებული ბრძანების შემდეგ.

მცირე ასაკში სახელზე რეაგირება და ბრძანება “მოდი” სავსებით საკმარისია. ყოველთვის, როცა ლეკვი სწორად შეასრულებს ბრძანებას, დაჯილდოეთ მისივე საკვებით.

დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობა:

1. ხმოვანი ბრძანება+ჟესტი;

2. შესრულება (ძაღლი ასრულებს მითითებას);

3. მეყსეული ჯილდო.

ამ ინსტრუქციას არ გადაუხვიოთ.

მაგალითად, თუ უბრძანეთ: “მოდი! – ლეკვმა კი ჯერ თავისი საქმეები მოილია და მხოლოდ ამის შემდეგ გეახლათ, ჯილდოს მიცემა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, ძაღლმა თავისი ქმედება საკვების მიღებას დაუკავშიროს. მხოლოდ ასე ჩამოუყალიბდება მას პირობითი რეფლექსი: სიგნალი+ შესრულება = ჯილდოს. თუმცა ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასჯა დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თუ ძაღლმა მეყსეული რეაქცია არ მიიღო თავის ქმედებაზე, პოსტ-ფაქტუმ მისთვის ჭკუის სწავლება წყლის ნაყვაა. ძაღლს არ აქვს რეფლექსიის უნარი, მას არ შეუძლია, “ფირი უკან გადაახვიოს” და უკვე ჩადენილი ქმედების ავკარგიანობა შეაფასოს. როცა ძაღლი კარგად იქცევა და ამისთვის მყისიერად ჯილდოვდება, მას რეფლექსი უყალიბდება. “აჰა! – ფიქრობს ის, – თუ ამას გავაკეთებ, ჯილდო მელის”. თუ ეს სქემა არ დაირღვა, ძაღლი მტკიცედ გაითავისებს თქვენთვის სასურველ ქცევას.

ერთი სასარგებლო რჩევა

ეს ფასდაუდებელი რჩევა პირველად ამერიკელი პროფესიონალი მწვრთნელის ნეიტ შუმერის ვიდეოლექციაზე მოვისმინე და ვინაიდან ადვილი და სახალისო შესასრულებელი იყო, უშბას პირველივე სეირნობის დროს მოვსინჯე. დღეს მეთოდი ჩემი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. მისი წყალობით დარწმუნებული ვარ, რომ უცხო გარემოში, ტყეში, სკვერსა თუ ქუჩაში სეირნობისას უშბა არჩევს, ჩემ სიახლოვეს ისუნსულოს, მუდამ თვალთახედვის არეში ვყავარ და დაძახებისთანავე ჩემკენ მორბის.

მეთოდი არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს.

დაგჭირდებათ ძაღლისთვის განკუთვნილი სასუსნავი (რასაკვირველია, რაც უფრო მაღალი ხარისხის და გემრიელი იქნება ორცხობილა, მით უკეთესი).

რა უნდა გააკეთოთ:

როდესაც ძაღლს ქუჩაში გაიყვანთ (იგულისხმება საბლით), ყურადღებით იყავით და ყოველთვის, როდესაც ძაღლი შემოგხედავთ, შეაქეთ, სახელი დაუძახეთ და პაწაწა სასუსნავით დააჯილდოეთ. ასე განაგრძეთ მთელი სეირნობის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, ძაღლმა შემოგხედოთ – თვალით კონტაქტი უნდა შედგეს! როგორც კი თქვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება, აქებთ ძაღლს და მაშინვე აჯილდოებთ. სულ ესაა.

ზოგადი ინსტრუქციები

გახსოვდეთ, თქვენი ძაღლის ქცევაზე, მის ხასიათსა და ჯანსაღ ფსიქიკაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ.

ძაღლის ნებისმიერი არასასურველი ქცევა პატრონის არასწორი, არასათანადო მოპყრობის შედეგია.

ძაღლის ნებისმიერი ქცევის კორექტირებაა შესაძლებელი!

თუ მის რომელიმე მავნე ჩვევას დამოუკიდებლაად ვერ ართმევთ თავს, მიმართეთ სპეციალისტს.

დღეში ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ ძაღლის ტვინის მასტიმულირებელი სავარჯიშოების შესრულებას.

ძაღლი მცენარე არ არის, რომ თავისთავად გაიზარდოს. მისი ხასიათის ფორმირება თქვენი უშუალო ჩარევით (ან ჩაურევლობით) ხდება.

ნინო ლომიძე

გააზიარე: