როგორ გავწმინდოთ შუშისზედაპირიანი ქურა
გააზიარე:
ქურა ყველა ოჯახისთვის საჭირო ნივთია, მაგრამ საჭიროებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტი: რაც უფრო სასიამოვნო შესახედავია ქურა, მით უფრო გვსიამოვნებს მასთან ტრიალი.
დღესდღეობით მრავალი ტიპის ქურას შეხვდებით, თუმცა განსაკუთრებული სილამაზით შუშისზედაპირიანი ქურები გამოირჩევა.
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ნათქვამია. არ აქვს მნიშვნელობა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას – ამ შემთხვევაში ის ნამდვილად სამართლიანია, რადგან შუშისზედაპირიანი ქურის გაწმენდა-გასუფთავება ნამდვილად მოითხოვს მსხვერპლს.
როგორ გავწმინდოთ შუშის ზედაპირი ისე, რომ არ დავკაწროთ? როგორ მოვაშოროთ მიმწვარი კერძი? როგორ გადავარჩინოთ ფერის დაკარგვას და გახუნებას? სტატიაში სწორედ ამის შესახებ გესაუბრებით.
როგორ მოვაშოროთ ნამწვი
შუშისზედაპირიანი ქურის რეგულარული წმენდა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მის გასუფთავებას ნარჩენებისგან, რომლებიც არასასიამოვნოდ გამოიყურება და იმავდროულად მიწვის საფრთხეს ზრდის. ყოველი გამოყენების შემდეგ რბილი ნაჭრით გადაწმინდეთ ქურის ზედაპირი, ოღონდ აუცილებლად გაგრილებული. ცხელი ქურის გადმოწმენდა არ შეიძლება – შესაძლოა, ნარჩენები უარესად ჩააკვდეს და ის ნაჭერიც მიიწვას, რომლითაც წმენდთ.
კვირაში ერთხელ საფუძვლიანად გაწმინდეთ ქურა სპეციალური საწმენდი საშუალებით. დაასხით, დაელოდეთ იმდენ ხანს, რამდენიც ამ საშუალების ინსტრუქციაშია მითითებული და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით.
ნუ გამოიყენებთ უხეშ ქსოვილს და მკაწრავზედაპირიან ღრუბელს, თორემ დაიჩხაპნება. ნურც მითითებულზე მეტი რაოდენობის საწმენდ საშუალებას.
თუ ლაქა არ ამოდის, ძალას ნუ დაატანთ. მოსინჯეთ შემდეგი მეთოდი:
• თხევად და ცხიმოვან ლაქებს დაასხით თეთრი ძმარი და რბილი ნაჭრით გაწმინდეთ.
• მიმხმარ კერძს დააყარეთ ცოტაოდენი საჭმელი სოდა, დაასხით თეთრი ძმარი და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით.
• თუ ქურის ზედაპირს ძველი საწმენდი საშუალება დაახმა, ამ შემთხვევაშიც ძმარი და საკვები სოდა გამოიყენეთ.
• უფრო დიდ ლაქებს დააყარეთ სოდა ან ლიმონმჟავა, გახსენით წყალში სარეცხის საპონი, გაჟღინთეთ მასში ნაჭერი და ლაქა ამ ნაჭრით მოწმინდეთ.
• ჭურჭლისგან დატოვებული მცირე ზომის ნაკაწრების მოსაშორებლადაც შეგიძლიათ, სარეცხის საპნის, სოდისა და ლიმონმჟავას კომბინაცია გამოიყენოთ.
შავზედაპირიანი ქურა
შავ ზედაპირს ლაქები უფრო მეტად ეტყობა. ქურა მუდამ სუფთად რომ გამოიყურებოდეს, მოიქეცით ასე:
• წმენდის დაწყებამდე მშრალად გადაწმინდეთ მტვერი რბილი ნაჭრით, რომ მტვრის ნაწილაკები შუშაში ღრმად არ ჩაჯდეს, როგორც ხდება ხოლმე გაცხელებისა და დასველების დროს.
• ერიდეთ საპონს და საპნის ბაზაზე დამზადებულ საწმენდ საშუალებებს. საპონი შუშის ზედაპირზე დატოვებს ლაქებს, რომლებიც ქურას დაორთქლილს დაამსგავსებს. გამოიყენეთ საგანგებოდ შავი შუშისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები ან თეთრი ძმარი.
• გამოიყენეთ ნაჭერი და არავითარ შემთხვევაში – ქაღალდის ხელსახოცი, რადგან ეს უკანასკნელი კვალს დატოვებს და ქურა უფრო ჭუჭყიანს დაემსგავსება.
როგორც არ უნდა უვლიდეთ შავზედაპირიან ქურას, დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ის ფერს კარგავს. ხშირად ამის მიზეზი ღრმად ჩამჯდარი ცხიმის ან საწმენდი საშუალების ნაწილაკებია, რომლებიც წმენდისას საფუძვლიანად არ მოაშორეთ. ზოგჯერ ცხელი წყლის ლაქაც კი საკმარისია შავი ზედაპირისთვის ფერის შესაცვლელად. საუკეთესო დამხმარე ამ შემთხვევაშიც თეთრი ძმარია. დაასხით ის ქურის მთელ ზედაპირს და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით. ძმარს უნარი შესწევს, ძალიან ძველ ლაქებშიც კი ჩააღწიოს.
გაწმენდის შემდეგ ქურას გაშრობა აცადეთ. სანამ კარგად არ გაშრება, კერძის მომზადებას ნუ დაიწყებთ, თორემ გაცხელებული წყლის წვეთები მასზე თვითონვე დატოვებს ლაქებს.
ელექტროქურა
ელექტროქურის თხევადი საშუალებით გაწმენდა შესაძლოა სარისკო მოგეჩვენოთ, მაგრამ საშიში არაფერია. მთავარია, სითხე გაზქურის კიდეებიდან არ გადმოვიდეს და სადენებზე არ მოხვდეს. ძალზე მოზომილად გამოიყენეთ საწმენდი საშუალება ან მის ნაცვლად – საკვები სოდა და ძმარი, კარგად გაანაწილეთ ქურის ზედაპირზე და რბილი ნაჭრით გაწმინდეთ.
ღრმად ჩამჯდარი ლაქები
ზოგჯერ ლაქა ერთ წმენდას არ ემორჩილება. განსაკუთრებით – ჩამჯდარი ცხიმი. ვინაიდან ზედაპირი შუშისაა, მის გასაწმენდად ბევრი ფანჯრის საწმენდ საშუალებებს იყენებს, რაც შეცდომაა: ფანჯრის საწმენდი საშუალება გაცხელებისას ღრმად ჯდება ზედაპირში და შემდეგ მისი ამოყვანა ძნელია. ერიდეთ მათეთრებლისა და ამიაკის შემცველი საწმენდების გამოყენებას – ასეთი საშუალებით გაწმენდილ ქურას გაცხელებისას უსიამოვნო სუნი აუვა და ლაქები დააჩნდება.
თუ ლაქა პირველსავე ცდაზე არ დაგემორჩილათ, სცადეთ მეორედ და მესამედ – აუცილებლად ამოვა, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საწმენდად ისეთი ნივთი, რომელმაც შეიძლება ზედაპირი დაჩხაპნოს. მით უმეტეს ნუ ეცდებით დანით აფხეკას.
ჩამჯდარი ნარჩენები
საკვების ჩამჯდარი ნარჩენები ზოგჯერ დიდ პრობლემად იქცევა. ასეთ დროს შეამოწმეთ, ხომ არ იძლევა ქურის ზედაპირი საპარსი სამართებლით გაფხეკის საშუალებას. თუ პასუხი დადებითია, ლაქას დაასხით საწმენდი საშუალება ან ძმარი და 10 წუთით დატოვეთ, მერე სამართებელი ჰორიზონტალურად, ქურის ზედაპირის პარალელურად დაიჭირეთ და ნელი მოძრაობებით ააფხიკეთ ლაქა. ეცადეთ, შუშას არ შეეხოთ.
როცა ლაქა მოშორდება, ზედაპირი რბილი ნაჭრით და საწმენდი საშუალებით გადაწმინდეთ და გააშრეთ.
მიმხმარი პლასტმასა
შუშის ზედაპირზე პლასტმასის მიწვა ყველაზე უსიამოვნო რამაა, რაც კი შეიძლება შეემთხვეს დიასახლისს. პირველი, რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ, სამზარეულოს განიავებაა, რადგან პლასტმასის წვის შედეგად ჰაერში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. გამოაღეთ ფანჯარა, ჩართეთ ვენტილატორი და გადით ოთახიდან, სანამ ქურა არ გაგრილდება და სუნი არ გავა.
თუ ცოტა პლასტმასაა მიმწვარი, დაასხით მდუღარე წყალი, რომ დარბილდეს და მერე რბილი ნაჭრით სცადეთ მისი მოშორება. თუ არ დაგემორჩილათ, შეგიძლიათ, ასაფხეკად სამართებელი ან ხის კოვზი გამოიყენოთ. თუ ლაქა დიდია, მისი გაყინვა სცადეთ – უფრო ადვილად აძვრება.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ აცეტონიც – ძალიან ცოტა დაასხით მხოლოდ მიმწვარ პლასტმასაზე და 5-10 წუთით დატოვეთ, მერე ხის კოვზით ან სამართებლით ააძრეთ, ბოლოს კი რბილი ნაჭრით და საწმენდი საშუალებით კარგად გადაწმინდეთ ზედაპირი.
ლიკა ქათამაძე