გვანჯი მანიას ცხოვრების ქრონიკა

გააზიარე:

ალბათ ყველა ჩვენგანი ყოფილა ბავშვობაში ტომ სოიერიც და მიუნჰაუზენიც, უოცნებია მოგზაურობაზე, აღმოჩენებსა და თავგადასავლებზე, თუმცა ჩვენ შორის მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ბავშვური ოცნებების რეალიზებას, რისკზე წასვლას, საკუთარი იდეალებით ცხოვრებასა და სიცოცხლის ყოველი წუთით ტკბობას, იმ სასწაულების დანახვას, რომლებსაც სხვები ვერც ამჩნევენ და რომლებსაც სამყარო მაინც უანგაროდ და უსასრულოდ გვჩუქნის. მათი დანახვა, აღმოჩენა და სხვებისთვის წარდგენა ერთეულების ხვედრია.

სწორედ ასეთ განსაკუთრებულ ადამიანზე უნდა გიამბოთ.

გვანჯი მანია გახლავთ ჟურნალისტი, ეკოლოგი, კარტოგრაფი, მოგზაური, მხარეთმცოდნე. მისი სახელი ორიგინალურ, ძალიან თამამ წამოწყებებს, პროექტებსა და იდეებს უკავშირდება. ისეთ წარმოუდგენლად თამამს, როგორიც, მაგალითად, იყო საბჭოთა ეპოქაში არგონავტების მდევარი კოლხების საზღვაოსნო მარშრუტის გამეორება ან მარათონული სარეკორდო გადაცურვების ორგანიზება დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებსა და მარმარილოს ზღვაში, გამოჩენილ თანამემამულეთა კვალდაკვალ ყოფილი საბჭოეთის კიდით-კიდემდე შემოვლა და მათი ნაშრომ-ნაღვაწის მეგობრობის მუზეუმში გამოფენა.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის – სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა დღესასწაული “თბილისობა” და საპატიო წოდება “ბუნების ქომაგი”; გადაღებული და გამოცემულია დოკუმენტური ფილმები და სამეცნიერო-პოპულარული წიგნები; მისი ძალისხმევით გამოვლინდა არაერთი ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი და ექსტრემალური სპორტის მიმდევარი, შეიქმნა ახლებური, მრავალსიმბოლოიანი რუკები.

სკოლის მერხიდან სათავგადასავლო მოგზაურობაში

გვანჯი მანია ენგურისპირა სოფელ ჯვარში დაიბადა. სკოლას რომ ამთავრებდა, მის სოფელში ტოპოგრაფიული რაზმი დაბანაკდა. რაზმის უფროსმა რამდენიმე ახალგაზრდა სამუშაოდ აიყვანა, მათ შორის – გვანჯიც.

იმ დღიდან დაიწყო მისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.

–ტოპოგრაფიული რუკის შედგენას ველზე გასვლა სჭირდება – თვითმფრინავიდან გადაღებული ადგილები უნდა შეგვესწავლა. პირველად სვანეთსა და ლეჩხუმში მოვხვდი – მოვიარეთ სოფლები და ხეობები, დავიპყარით მრავალი მწვერვალი... მერე თურქმენეთში წავედით, უდაბნოებსაც გავეცანი... აჭარაში ბაზა გვქონდა – უჩვეულო სანახაობის მომსწრე გავხდი – ზღვა ცოცხალ თევზებს სანაპიროზე ყრიდა...

ტოპოგრაფიულ რაზმში მიღებული ორწლიანი სტაჟით თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩაირიცხა. ამ პროფესიასთან ერთად ეკოლოგიას, სოციოლოგიას და ხელოვნებას ეუფლებოდა. მრავალმხრივი ინტერესების გამო სხვადასხვა სფეროში ხვდებოდა და არაორდინარული იდეების წყალობით ყველგან გამოირჩეოდა. გატაცებული იყო ალპინიზმით, ცურვით, ველოსპორტით. ოცდაოთხი წლისამ სამ მეგობართან ერთად მორიგი მოგზაურობა დაგეგმა – საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, რვა რესპუბლიკაში, რვაათასკილომეტრიანი დისტანცია ახალგაზრდებმა ველოსიპედებით დაფარეს:

– ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, ჩვენი სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს, სპორტულმა კლუბმა კი დღიური ხარჯით, ორი მანეთით დაგვაფინანსა. 1964 წლის 2 ივნისს თბილისიდან გავედით, მოვიარეთ ვლადიკავკაზი, პიატიგორსკი, როსტოვი, ხარკოვი, მოსკოვი, ლენინგრადი, ტალინი, რიგა, კალინინგრადი, ვილნიუსი, მინსკი, კიევი, კიშინიოვი... შინ პირველ ოქტომბერს დავბრუნდით. გვეხუმრებოდნენ, რუკა კედელზე რომ კიდია, სულ დაღმართი ხომ არ გგონიათო, თუმცა ჩანაფიქრი განვახორციელეთ. მრავალი დაბრკოლება დავძლიეთ და უნდა გითხრათ, რომ ამ მოგზაურობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება მოგვცა, ჩვენთვის მეორე უნივერსიტეტი იყო.

არგონავტების კვალდაკვალ

გვანჯი მანიას თაოსნობით გაიმართა სამდინარო-საზღვაო ექსპედიცია “ოქროს საწმისი”, უფრო გვიან – ამავე სახელწოდების საერთაშორისო მარათონი. ექსპედიცია “ოქროს საწმისი” მაშინდელ საქართველოში უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ:

– გაგანია 70-იანი წლებია, საბჭოთა ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება, ჩვენ კი 3500 წლის წინანდელი ამბის გახსენება, არგონავტების მდევარი კოლხური ფლოტის მარშრუტის გამეორება და კოლხური კულტურის პოპულარიზაცია გვსურს...

– ეროვნული იდეების გამოხატვა საბჭოთა პერიოდში არ გაგიჭირდათ?

– იდეა ლამაზად შევფუთეთ, თითქოს ექსპედიციას საქართველოს გასაბჭოების 50-ე წლისთავს ვუძღვნიდით. თუმცა ევროპაში მაინც არ გაგვიშვეს. საბერძნეთში შავი პოლკოვნიკები იყვნენ, ჩვენთან კი – წითელი ბიუროკრატები... ექსპედიციის ოცდაორკაციანი გუნდი ახალგაზრდა ენთუზიასტებით შეივსო. უნივერსიტეტისა და საზღვაო სანაოსნოს დახმარებით ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, ვუწოდეთ “ოქროს საწმისი” და ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში მარშრუტით: შორაპანი-ვანი-ფოთი-ბათუმი-პალიასტომი-ანაკლია-ოჩამჩირე-სოხუმი-ფოთი. ექსპედიციის მესამე წელს ოლიმპიური თამაშები გერმანიაში იმართებოდა, დუნაის გავლით მოგზაურობა და მიუნხენში გაშლილი ქართული დროშით შესვლა გვსურდა, თუმცა საქმეში სუკი ჩაერია და უარი გვითხრეს.

“ოქროს საწმისის” ნაოსნობას მოჰყვა ტელეხიდები – გადაძახილი თბილისსა და მოსკოვს შორის – და ევროპული არხების გამოხმაურება. საქართველოს ახალგაზრდული ექსპედიციის ამბავი მსოფლიომ გაიგო. 1984 წელს არგონავტების მარშრუტი ბრიტანელმა მოგზაურმა ტიმ სევერინმა გაიმეორა – საბერძნეთიდან ისტორიული მარშრუტით საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენ კი დავახვედრეთ სამენოვანი ბროშურები, სადაც ჩვენი თავგადასავალი ეწერა.

ქვეყნის პოპულარიზაციას ეძღვნება კიდევ ერთი პროექტი: “საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა – 1000 მიღწევა, ფაქტი და ფენომენი”. ეს იქნება ილუსტრირებული წიგნი, რომელშიც შევა უმნიშვნელოვანესი ამბები, რითაც ჩემი ქვეყანა განათლების, მეცნიერების, კულტურისა თუ სპორტის დარგებში გამორჩეულია და შეუძლია მსოფლიო განაცვიფროს. ჩემი ცხოვრების ანი და ჰაეც ის არის, რომ ყველაფერი, რაც საქართველოს საუკეთესო, ეროვნული, ფასეული აქვს, მსოფლიოში უკეთ გახდეს ცნობილი.

დიდგორის რკალი

საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება ბატონი გვანჯის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი: 1121 წელს დავით აღმაშენებლის გამარჯვებებისადმი მიძღვნილი ასპარეზობები – თოვლჯომარდობა სურამსა და წაღვერში და უნივერსიტეტელ მეცნიერთა და ჟურნალისტთა საცხენოსნო ლაშქრობა დიდგორში, რომელიც პირველად 1975 წლს გაიმართა:

– საცხენოსნო ექსპედიცია ასკილომეტრიანი მარშრუტით სწორედ იმ ისტორიულ არეალში მოვაწყვეთ, სადაც დავით აღმაშენებლის ჯარმა ათჯერ მეტი მომხდური დაამარცხა და საქართველო გადაარჩინა. ცხადია, როდესაც ამ გზას უშუალოდ გადიხარ, უკეთ აღიქვამ იმ ეპოქის სიდიადეს.

ექსპედიციაში მეცნიერები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, ჟურნალისტები ვიყავით და შინ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. ვფიქრობ, ქართველმა კაცმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს დიდგორის რკალი ისეთი განწყობით, როგორითაც, მაგალითად, ქრისტიანი მიდის ბეთლემში და მუსულმანი – მექაში.

ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თემებზე სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, წლის ბოლოს კი ჩემი სტუდენტები ექსპედიციაში სწორედ ამ მარშრუტით მიმყავდა. ამ გზის გავლა არასდროს მომწყინდება.

სამომავლო პროექტები

ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ბატონ გვანჯის კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი აქვს. მაგალითად, მისი სურვილია, 1386 წელს თემურ ლენგის მიერ გატაცებული ქართველ მეფეთა ბიბლიოთეკის მთელ მსოფლიოში გაფანტული ფოლიანტების მოძიება. წლების წინ რამდენიმე ასეთი პერგამენტი ტაშკენტსა და პეტერბურგში აღმოჩნდა. ვინ იცის, კიდევ რამდენის პოვნაა შესაძლებელი თუნდაც თანამედროვე ინტერნეტკომუნიკაციების გამოყენებით.

კიდევ ერთი ასეთი საინტერესო ინიციატივაა აბრეშუმის გზის ტურისტული ბრენდი საქართველოში – ხუთასკილომეტრიანი სანაოსნო-საცხენოსნო მარშრუტი თბილისიდან ფოთამდე:

– იუნესკოს ეგიდით განხორციელდა პროექტი “აბრეშუმის დიდი გზა”. ამჯერად მსურს, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შევთავაზოთ ეგზოტიკური მარშრუტი თბილისი-ფოთი, რომელსაც რვა-ათი დღის განმავლობაში ფეხით, ნავებითა და ცხენებით გაივლიან. ზუსტად ისე, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ვფიქრობ, ეს უფრო ნამდვილი იქნება, უფრო ემოციებით დატვირთული და ლამაზი, ვიდრე ავტომობილის ფანჯრიდან დანახული საქართველო. ამ მარშრუტის გავლა შარშან, ოთხმოცდაერთი წლის ასაკში მქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი.

საქართველოს საჩუქარი მსოფლიოს

– თქვენი ინიციატივაა იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ცურვის სამი ქართული სახეობის წარდგენაც. იქნებ ამ წამოწყების მნიშვნელობაზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა.

– იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლებად გამოაცხადა ოთხი ქართული ფენომენი: ანბანის სამი სახეობა, სიმღერის მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი და ქართული ჭიდაობა. ჩვენი მიზანია, ამ ნუსხას შეემატოს ქართული ხალხური საწყლოსნო სპორტის სამი სახეობა: ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა ანუ წყალჭიდი.

ექსკლუზიური პროექტი კულტურის სამინისტროს წარვუდგინეთ როგორც საქართველოს საჩუქარი მსოფლიოს.

ფეხური ანუ ხელებაღმართული ცურვა ძველ კოლხეთში ოდითგანვე იყო ცნობილი. მას ისტორიაშიც აქვს დატოვებული კვალი: 1855 წლის ოქტომბერში ომერ ფაშას ცხენოსანი ჯარი სამეგრელოს აფხაზეთიდან მოადგა. ენგურზე ხიდი არ დახვდათ, ბორნებიც ჩახსნილი იყო. ანაკლიიდან რუხამდე ზევით-ქვევით დადიოდნენ და ბობოქარი მდინარე ვერ გადმოელახათ. ფონი გვიჩვენეო, შეიპყრეს ახალგაზრდა კაცი ქელე ეხვაია. მან თითქმის ზუსტად გაიმეორა თევდორე მღვდლის გმირობა – მდინარეში შეუძღვა თურქებს, დგომელა, ხელებაწეული ცურვა იცოდა, მტერს მოაჩვენა, თითქოს ფონზე გადიოდა და მდინარეში შეიტყუა – მტრის ავანგარდი ადიდებული ენგურის ტალღებში ჩაძირა. ქელეს გმირობას ხალხმა ლექსები უძღვნა. ეს სახელი და გვარი ჩემთვის ბავშვობიდან გახლავთ ცნობილი, რადგან ქელე ეხვაია ბებიაჩემის მამა იყო. ბებია სოფიომ 102 წელიწადი იცოცხლა. სიამაყით ამბობდა ხოლმე, უბრალო ქალი არ გეგონოთ, გმირის შვილი ვარო.

2006 წელს, როდესაც ხალხური ცურვის სახეობებზე წერილი გამოვაქვეყნე, დამიკავშირდნენ და გამაცნეს მტკვრის პირას გაზრდილი ვაჟკაცი, ხაშურის მკვიდრი ბეგლარ ელბაქიძე, რომელიც ფეხური, ქელეური ცურვის ოსტატი აღმოჩნდა. იქიდან მოყოლებული, თანამოაზრეთა ხელშეწყობითა და ჩემი ხელმძღვანელობით ბეგლარმა სამი მსოფლიო სარეკორდო ასპარეზობა გამართა: ჯერ თბილისის ზღვა გადაცურა, შემდეგ თურქეთში, მარმარილოს ზღვაზე გააოცა თურქები, დაბოლოს, ამავე სტილით ბათუმიდან ქობულეთამდე 14 ოლიმპიური დისტანცია, 21 კილომეტრი, 13 საათსა და 35 წუთში გაცურა. უნდა ითქვას, რომ ამ სტილით ცურვის ასეთი შედეგი ისტორიას არ ახსოვს. ამ ფაქტის აღსანიშნავად ქობულეთის მერიამ ქალაქის ცენტრში ორენოვანი სტელა აღმართა.

ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როცა მან 2002 წლის 30 აგვისტოს ხელფეხშეკრულმა გადაცურა დარდანელის სრუტე – თორმეტკილომეტრიანი დისტანცია. ეს ორი მოვლენა მსოფლიო მედიის სენსაციად იქცა, თუმცა, სამწუხაროდ, გინესის რეკორდების წიგნში სიცოცხლისთვის დიდი რისკის გამო არ ასახულა.

მენჩურუა, წყალში ორთაბრძოლის ხალხური სახეობა, იუნესკოს წარედგინება როგორც მსოფლიოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის ღირსი მესამე ფენომენი. უფრო მეტიც: გვჯერა, რომ სათანადო თანადგომის შემთხვევაში მენჩურუა ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც იქნება შეტანილი.

უნიკალური ადამიანების წარმოჩენა

– ჩვენ გარშემო ბევრი უნიკალური ადამიანია, რომლებიც განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან, მაგრამ საზოგადოება ვერც კი ამჩნევს ან ზოგიერთი ბიუროკრატი მათ ფართო ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მე მიყვარს ასეთი არაორდინარული ადამიანების ხელშეწყობა. 1996 წლის 17 მარტს ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ფეხბურთელი და მძლეოსანი გოდერძი მახარაძე. შემომჩივლა, სტადიონიდან კინწისკვრით გამომაგდეს, ბურთს რომ ვკენწლავდიო. 23 აპრილს იგი გეოგრაფიული საზოგადოებისა და ჩვენი კავშირი “გიორგის” ოფისში ფართო აუდიტორიას წარვუდგინე, 26 მაისს კი მან იმავე სტადიონზე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა – თავით ბურთი 8 საათის, 12 წუთისა და 25 წამის განმავლობაში კენწლა. მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო დონის გამოსვლა ჰქონდა. დღეს გოდერძი მსოფლიოში ცნობილი რეკორდსმენია. მასზე წიგნები დაიწერა. ახლა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი იქმნება.

მნიშვნელოვანია ქალბატონი ბელა შალვაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობა. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ფირდოუსის “მეფეთა წიგნს” – “შაჰნამეს”. მსოფლიო ლიტერატურის ამ ვრცელი შედევრის თარგმნას ათასი წლის ისტორია აქვს. მრავალი ქართველი პოეტი ეცადა, მაგრამ ას ხუთი ათასი სტრიქონის პოეტურად თარგმნა ვერავინ შეძლო. ახალგაზრდა ბელა შეეჭიდა ამ დიდ საქმეს და ორმოცდაათი წლის განმავლობაში მარტომ თარგმნა “ვეფხისტყაოსანზე” ჩვიდმეტჯერ დიდი მოცულობის პოეტური ნაწარმოები. ცხრატომეულის პირველი წიგნი უკვე გამოცემულია. მეამაყება, რომ ასეთი მასშტაბური გამოცემის ორგანიზებაში ჩემი წვლილიც არის.

არაერთი ასეთი ადამიანი მყავს საზოგადოების წინაშე წარდგენილი, თუმცა შესანიშნავი ხუთეულის ამბავი მაინც ცალკე უნდა ითქვას.

ესენი არიან ჩვენი დროის გამოჩენილი მოგზაურები, რომელთა ფათერაკიანი ცხოვრების დეტალები ფართო საზოგადოებამ პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გამოტანილი იშვიათი ექსპონატებით გაიცნო:

. ალექსანდრე ჯავახიშვილი, კონტრადმირალი – წარმოდგენილი იყო ატომური წყალქვეშა კრეისერით მისი მეთაურობით გარსაქვეყნო საიდუმლო ნაოსნობის დოკუმენტები და მაკეტი;

. ვახტანგ ბარათაშვილი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი – წარმოდგენილი იყო მისი ნახევარსაუკუნოვანი ნაოსნობის ამსახველი უზარმაზარი რუკა;

. ჯუმბერ ცომაია, აფროსანი და მენეჯერი – ფოთში ნაგები კრეისერული იახტა “ფაზისის” საერთაშორისო საოკეანო რეგატაში ნაოსნობის კადრები და მარშრუტები;

. ჯუმბერ ლეჟავა, ინჟინერი და ველომოგზაური – დედამიწის გარშემო ველომოგზაურობისას კონტინენტებს შორის ჩამდგარ ზღვათა და ოკეანეთა გადალახვის ამსახველი სურათები;

. ნუგზარ კიკნაძე, აფროსანი და ნავმშენებელი – თვითნაგები კრეისერული იახტების მოდელები და დღიურები “პატარა ნავით დიდ ოკეანეში”.

ამ ადამიანებთან თანამშრომლობით ბატონმა გვანჯიმ მოამზადა წერილების სერია და ორი ახლებური რუკა – “ქართველთა ნაოსნობა დედამიწის გარშემო” და “ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიო მოგზაურობა, 1993-2002”.

ცნობილი პროექტები

გვანჯი მანია ერთხანს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო. ამ რანგში “წითელი წიგნის” გამოცემას უწევდა კურირებას. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მისი შვილები წამოიზარდნენ, ბავშვებთან ერთად კიდევ ერთი ახალი პროექტი წამოიწყო – “წაუკითხავი წითელი წიგნი”, რომელიც პატარა მკითხველებისთვის იყო განკუთვნილი. ავტორებმა წიგნში შეტანილი ყველა მცენარე და ცხოველი გაზეთ “ციცინათელას” ერთ გვერდზე განათავსეს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს დაუკავშირეს, რამაც პატარებს სრულიად ახლებურად დაანახა საკუთარი ქვეყნის ფლორა და ფაუნა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მშობლიურ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. მისი თაოსნობით ქალაქ ჯვარში აღდგა მივიწყებული დღესასწაული “გიორგობა”, დაიწყო დანგრეული ჯგეგეს – წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, X საუკუნის უნიკალური ძეგლის – აღდგენა-განახლების სამუშაოები, გაიმართა სამეგრელოს ტურისტული დეკადა. მომზადდა ორიგინალური ტურისტული მეგზური: წალენჯიხა-ტობავარჩხილი-ჯვარი, – და ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანთა კატალოგი. ამავე კატალოგში შეტანილია ახალი სკოლის, ხიდის მშენებლობის, ენგურჰესის კაშხლის, წყალსაცავის, გვირაბისა და მიწისქვეშა სადგურის უნიკალური კადრები. ეს ყველაფერი ენციკლოპედიურ ერთტომეულს დაედო საფუძვლად.

ოჯახი

მშობლებისგან კარგი მაგალითი მქონდაო, გვითხრა ბატონმა გვანჯიმ. მამამისი მეტივე ყოფილა. მეგობრებთან ერთად მორებს შეკრავდა და დააცურებდა ენგურის აბობოქრებულ ტალღებში, სამოცკილომეტრიან მონაკვეთზე, ჯვარიდან ანაკლიამდე. ამ საქმეს არა მხოლოდ კარგი ცურვა, არამედ ორგანიზატორული ნიჭიც სჭირდებოდა. მორების დასაცურებელი ღარების, ხიდების, წისქვილების მშენებელიც იყო. ევგენი აქუბარდიას რომანში “კოჩა” ის “უდიპლომო ინჟინრის” ტიტულითაა წარმოდგენილი.

ბატონი გვანჯის დედა კი მეაბრეშუმე გახლდათ, ამასთან, ხალხური მკურნალი და კულინარი.

– ძმათაგან ერთი მებაღე და ხალხური მკურნალი იყო, მეორე – ეკონომისტი, მონადირე და მეთევზე, მესამე – მეტალურგი და მხარეთმცოდნე. ყველამ დავწერეთ წიგნები, მოგონებები და ამბები – ჩვენი ნაფიქრი, ნააზრევი... ვფიქრობ, სხვებისთვისაც საინტერესო იქნება.

გვანჯი მანიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ის დაჯილდოებულია ჟურნალისტური პრემიებითა და ღირსების ორდენით ხალხური სპორტის სახეობათა აღდგენა-განვითარების, საგინესო-სარეკორდო მოძრაობისა და ახალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

ჯილდოს მაძიებელი არასოდეს ვყოფილვარ, ყველაზე დიდი ჯილდო ის გამოხმაურებაა, რაც ჩემს პროექტებს მოჰყვება ხოლმეო, ამბობს ბატონი გვანჯი.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: