დამატებითი ორგანო – ბედის საჩუქარი თუ ზედმეტი ტვირთი?

გააზიარე:

ექიმებს ეგონათ, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩინეს, როცა ოპერაციის დროს 40 წლის ქალის მუცლის ღრუში, მარჯვენა მხარეს, ოვალურ კვანძს წააწყდნენ. წარმოიდგინეთ მათი გოცება, როცა ეს უჩვეულო “წანაზარდი” ნორმალურად მომუშავე ელენთა აღმოჩნდა.

ელენთა იმუნური სისტემის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სისხლის ფილტრაციასა და ლიმფური სისტემის მუშაობაში. ადამიანების უმეტესობა ერთი ელენთით იბადება და მხოლოდ სპეციალისტებმა უწყიან, რომ მთელ მსოფლიოში ათიდან დაახლოებით ერთ ადამიანს დამატებითი ელენთა აქვს.

დამატებითი ორგანოებით დაჯილდოებულმა ადამიანებმა უმეტესად არც კი იციან, რომ სხვებისგან გამოირჩევიან. ისინი შემთხვევით იგებენ ამას დიაგნოსტიკური სკანირების დროს. ზოგიერთი დამატებითი ორგანო (თირკმელი, მამაკაცის სასქესო ასო, საშო) იშვიათია, ზოგი კი (ძუძუ, კბილი, კიდურები) – საკმაოდ გავრცელებული. ზოგი მათგანი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, სხვებს კი უბრალოდ თავი უნდა დავანებოთ.

ისტორიული ცნობები

ისტორიამ დამატებითი კიდურისა თუ ორგანოს არსებობის უამრავი დადასტურებული შემთხვევა შემოგვინახა. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, მაგალითად, “კუდიანებს” მესამე ძუძუთი “ამოიცნობდნენ”.

XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის დასაწყისში, როდესაც ფრიკ-შოუების პოპულარობამ პიკს მიაღწია და ცირკის განუყოფელ ნაწილად იქცა, საზოგადოება ინტერესით დადიოდა ფრანჩესკო (ფრენკ) ლენტინის – სამფეხა კაცის და მირტლ კორბინის – ოთხფეხა ქალის სანახავად. მათი ანომალიური გარეგნობის მიზეზი ე.წ პარაზიტი ტყუპისცალები იყვნენ. შოუს ვარსკვლავები “ჩვეულებრივ” ადამიანებზე დაქორწინდნენ და სავსებით ჯანმრთელი შთამომავლობა ჰყავდათ.

2005 წელს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ახალშობილი ინდოელი გოგონა ლაქშმი თათმა, რომელსაც ოთხი ხელი და ოთხი ფეხი ჰქონდა. ადგილობრივი მოსახლეობა მას ქალღმერთის რეინკარნაციად მიიჩნევდა, თუმცა 72-საათიანი ოპერაციის შედეგად ექიმებმა წარმატებით მოახერხეს პარაზიტი ტყუპისცალის მოშორება.

2019 წელს კი კოლუმბიაში 35 კვირის ნაყოფს ულტრაბგერითი კვლევის დროს მუცლის ღრუში მისივე განუვითარებელი ტყუპისცალის ჩანასახი აღმოუჩინეს. ექიმები შინაგანი ორგანოების დაზიანებას შიშობდნენ, ამიტომ გოგონა ნაადრევად, საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყნიერებას, დაბადებიდან მეორე დღეს კი მას წარმატებით მოაშორეს პარაზიტი ტუპისცალი.

გოგონა თავს კარგად გრძნობს და ასაკის შესაბამისად ვითარდება.

რა იწვევს

ამ პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზი ემბრიონის განვითარების დარღვევაა. მუცლადყოფნის პერიოდში თავჩენილმა უმცირესმა პრობლემებმაც კი შესაძლოა სერიოზული დეფექტი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ზოგიერთ შემთხვევას ქრომოსომული მუტაციით ხსნიან, უმეტესობა სპონტანურად ვითარდება და კონკრეტული მიზეზი არ აქვს. შესაბამისად, სხეულის ზედმეტი ორგანო ნაყოფს შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს რომელიმე მშობლისგან.

ცნობილია, რომ ემბრიონის განვითარების ანომალიებს იწვევს ისეთი მავნე ფაქტორების ზემოქმედებაც, როგორიცაა მედიკამენტები, ქიმიური ნივთიერებები და რადიაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია თალიდომიდი – პრეპარატი, რომელსაც 1950-1960-იან წლებში ორსულებს დილის გულისრევის შესამსუბუქებლად უნიშნავდნენ. აღნიშნული მედიკამენტის დამსახურებით მთელ მსოფლიოში 10 000 ბავშვი ზედმეტი კიდურებითა და შინაგანი ორგანოებით დაიბადა. პრეპარატი ძირითადად ორსულობის პირველ ტრიმესტრში ინიშნებოდა, როდესაც დილის გულისრევა და სისუსტე უფრო მეტად არის გამოხატული და, იმავდროულად, ემბრიონიც ინტენსიურად ვითარდება.

იდენტურ ტყუპზე ორსულობის ადრეულ პერიოდში, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა, განცალკევებული უჯრედები შეიძლება არათანაბრად განაწილდეს. თავდაპირველად პათოლოგიური პროცესი შეუმჩნეველია და უჯრედების ორივე წყება ნორმალურად აგრძელებს ზრდას. პრობლემა თავს იჩენს მხოლოდ მეოთხე კვირას, როდესაც ყალიბდება ორგანოების წარმომქმნელი სპეციალური უჯრედების გროვები, რომლებიც თანდათან სტრუქტურირდება, ფორმას იღებს და სათავეს უდებს ორგანოებს და მათ სისტემებს. ამ სტადიაზე, თუ ტყუპის ემბრიონი მხოლოდ ნაწილობრივ გაიყო, ერთის უჯრედები შესაძლოა მეორემ შთანთქოს. სხვა ჩანასახში ჩაჭედვის შემდეგ პატარა ტყუპისცალს დედისგან სისხლმომარაგება უწყდება და იძულებულია, ზრდა-განვითარებისთვის თავისი დისა თუ ძმის სისხლი გამოიყენოს. მკვლევრები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ჩანასახში ერთზე მეტი სხვა ჩანასახი ჩაიჭედოს. აღწერილია ერთი ფრიად გამორჩეული შემთხვევაც, როცა ერთ ჩანასახში თერთმეტი პარაზიტი ტყუპი იქნა აღმოჩენილი.

რითაა ყურადსაღები

ზედმეტი კიდურები არავის გამოეპარება, მაგრამ ზედმეტი შინაგანი ორგანოების აღმოჩენა მხოლოდ კვლევის ვიზუალური მეთოდებითაა შესაძლებელი.

ერთ-ერთი დამატებითი სტრუქტურა, რომლის შესახებაც ყველა მომავალმა ექიმმა უნდა იცოდეს, არის დამატებითი ნეკნი – პირველი ნეკნის ზემოთ არსებული წანაზარდი, რომელიც ორასიდან ერთ ადამიანთან გვხვდება. ის კისრისა და მხრის ნერვებისა და სისხლძარღვების მიჭყლეტას, შედეგად კი ხელების დაბუჟებასა და ტკივილს იწვევს.

ორი ათასიდან ერთ ადამიანს აქვს დამატებითი, მესამე შარდსაწვეთი – კუნთოვანი მილი, რომლის გავლითაც შარდი თირკმელებიდან შარდის ბუშტში ჩაედინება. ეს უკანასკნელი საჭიროებისამებრ იკუმშება და შარდს ურეთრაში უშვებს, საიდანაც ის საბოლოოდ გამოიდევნება გარეთ. დამატებითი შარდსაწვეთი უმეტესად არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ის თირკმელს სხვა ორგანოსთან, მაგალითად, საშოსთან ან შარდსადენ მილთან აკავშირებდეს და შარდის ნორმალურ პასაჟსა და შეკავებას არღვევდეს. ანომალია, წესისამებრ, ადრეულ ასაკშივე ხდება შესამჩნევი შარდის წვეთების უწყვეტი გამოყოფით, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

ავთვისებიანი სიმსივნეების სკრინინგის დროს ექიმს არ უნდა დაავიწყდეს დამატებითი ორგანოების გამოკვლევა. მაგალითად, თუ პაციენტს დამატებითი სარძევე ჯირკვალი აქვს, ძუძუს კიბოზე ეჭვის შემთხვევაში არც მისი უყურადღებოდ დატოვება შეიძლება.

სხეულის ზოგიერთი ფუნქცია მცირე დამატებითმა სტრუქტურამაც კი შეიძლება შეცვალოს. მაგალითად, 29 წლის სტუდენტმა გოგონამ ოპტომეტრიის (რეფრაქციის ანომალიის დადგენა) პრაქტიკულ მეცადინეობაზე შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ქუთუთოზე დამატებითი საცრემლე წერტილი ჰქონდა. ეს უკანასკნელი თვალიდან ცრემლის გადინებას უწყობს ხელს და ნორმაში თითო ქუთუთოზე თითო უნდა იყოს. გოგონას კვლევა მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც საანესთეზიო თვალის წვეთებმა, რომლებიც ოპტომეტრიის დროს გამოიყენება, ერთ თვალზე გაცილებით სუსტად იმოქმედა, ვიდრე მეორეზე. მიზეზი დამატებითი საცრემლე წერტილი აღმოჩნდა, რომლის გამოც წვეთები ორჯერ უფრო სწრაფად გადიოდა თვალიდან.

წარმოიდგინეთ მოდელ კასანდრა ბენქსონის გაოცება, როდესაც, წელის ტკივილის გამო ექიმთან მისულს, ორი საშო, ორი საშვილოსნოს ყელი და ორი საშვილოსნო აღმოუჩინეს. ახლაღა გაიგო კასანდრამ, რატომ ჰქონდა თვეში ორჯერ მენსტრუაცია.

როდესაც მანარი დაიბადა, ექიმებსა და დედას უიშვიათესი სურათი გადაეშალათ თვალწინ – გოგონას კეფაზე კეფით შეზრდილი ტყუპისცალი ჰყავდა. მეორე ბავშვს, რომელსაც დედამ ისლამი დაარქვა, ტანი არ ჰქონდა. ის თვალებს ახამხამებდა და ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად სიცოცხლე არ შეეძლო.

ათი თვის ასაკში ექიმებმა ტყუპი გააცალკევეს. მანარმა ოპერაცია კარგად გადაიტანა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ტვინის ინფექციით გარდაიცვალა.

38 წლის ბრაზილიელმა მამაკაცმა ზურგის მწვავე ტკივილით მიმართა ადგილობრივ საავადმყოფოს. კომპიუტერული ტომოგრაფიით ტკივილის მიზეზიც გაარკვიეს და დამატებითი თირკმელიც აღმოაჩინეს. წელის ტკივილი ხერხემლის თიაქრით იყო გამოწვეული, თირკმელი კი ნორმალურად მუშაობდა და პაციენტის ჩივილებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

სამედიცინო ლიტერატურაში დამატებითი თირკმელის მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა აღწერილი.

მარი მარღანია

გააზიარე: