ცერის ართრიტი

გააზიარე:

ისეთი მარტივი მოძრაობების შესრულებისას, როგორიც, მაგალითად, გასაღების გადატრიალებაა, თუ ტკივილსა და უძალობას გრძნობთ, შესაძლოა, ცერის ართრიტი გქონდეთ.

სახსარს, სადაც ცერის ძვალი მაჯის ტრაპეციულ ძვალს ხვდება, კარპომეტაკარპულ სახსარს უწოდებენ. მისი მოძრაობის დიაპაზონი ფართოა, თუმცა დიდია ართრიტის განვითარების რისკიც.

ცერის ართრიტი ოსტეოართრიტის მეორე ყველაზე გავრცელებული ტიპია თითის ბოლო ფალანგების ართრიტის შემდეგ.

როგორ ვლინდება

ცერის ართრიტის პირველი და ყველაზე ხშირი სიმპტომია ტკივილი, რომელიც საგნის ხელში დაჭერისას ცერის სახსრის ფუძეზე აღმოცენდება ან ცერა თითისთვის ძალის დატანების დროს იჩენს თავს. სხვა სიმპტომებია შეშუპება, შებოჭილობა, ცერა თითის სახსრის ფუძეზე მგრძნობელობის მომატება, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, ძალის დაკლება. ართრიტის პროგრესირებასთან ერთად ტკივილი და სისუსტე იმატებს, ვითარდება ძვლოვანი გამონაზარდები, რაც სახსარს ვიზუალურად ადიდებს და ძვლოვან შესახედაობას აძლევს.

სიმპტომები სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიმძიმისაა. თავდაპირველად შესაძლოა ზომიერად იყოს გამოხატული, მერე და მერე კი დამძიმდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამედიცინო დახმარება იგვიანებს.

რა იწვევს

სახსრის შემადგენელი ძვლების ბოლოები დაფარულია ხრტილოვანი ქსოვილით, რომელიც ერთგვარი ამორტიზატორის როლს ასრულებს და ერთმანეთის მიმართ ძვლების გლუვ მოძრაობას უზრუნველყოფს. ართრიტის დროს ძვლის ბოლოების მფარავი ხრტილი ცვდება და მისი გლუვი ზედაპირი უხეშდება, რის გამოც ძვლები ერთმანეთს ეხახუნება და სახსარი ზიანდება. ძვლების გვერდებზე შესაძლოა გაჩნდეს წანაზარდები (ძვლოვანი დეზები), რომლებიც შესამჩნევ გამობერილობას იწვევს.

ცერის ართრიტი ყველაზე ხშირად ოსტეოართრიტით არის გამოწვეული, რომელიც ხრტილის ცვეთით და დაზიანებით მიმდინარეობს, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და ამიტომ უმეტესად 40-ს გადაცილებულებთან გვხვდება. ცერის ართრიტის განვითარების ალბათობა მეტია, როდესაც ადამიანს მოტეხილობა ან ტრავმა აქვს გადატანილი. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ართრიტის განვითარების მაღალ რისკთან ასოცირდება: სიმსუქნე; ისეთი ჰობი ან საქმიანობა, რომელიც ძლიერ ტვირთავს ცერის სახსარს; კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა; ზოგიერთი გენეტიკური მდგომარეობა, მათ შორის – სახსრის იოგის სისუსტე და არასწორად განვითარებული (მალფორმაციული) სახსრები; დაავადებები, რომლებიც არღვევს ხრტილის ნორმალურ სტრუქტურას და ფუნქციას, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმისას ყურადღება ექცევა სიმპტომებს, წარსულში გადატანილ ტრავმას, ტკივილის ხასიათს და იმ მოძრაობებს, რომლებიც მდგომარეობის გაუარესებასთან ასოცირდება, სახსრის შესახედაობას, მოძრაობის დიაპაზონს. მარტივი ტესტით მოწმდება ტკივილის არსებობა: ამოძრავებულ ცერს ექიმი აწვება საპირისპირო ძალით. თუ ამ დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი ან ისმის ხახუნის მსგავსი ხმიანობა, სავარაუდოა, რომ ხრტილი გაცვდა და სახსრის მოძრაობისას ძვლები ერთმანეთს ეხახუნება.

გამოსახვითი კვლევებიდან უპირატესობა ენიჭება რენტგენოგრაფიას, რომელიც აჩვენებს სახსრის დაზიანებას, ძვლოვან წანაზარდებს და კალციუმის გროვებს, ხრტილის ცვეთას, სასახსრე ნაპრალის დავიწროებას.

ცერის ფუძეზე ტკივილის არსებობისას საჭიროა მაჯის გვირაბის სინდრომის გამორიცხვაც.

მკურნალობა

ადრეულ სტადიაზე ცერის ართრიტი კარგად ექვემდებარება არაქირურგიულ მკურნალობას, რაც გულისხმობს:

* დღეში რამდენჯერმე 5-15 წუთით სახსარზე ყინულის დადებას შეშუპებისა და ტკივილის ჩასაცხრობად, თუმცა ზოგჯერ ყინულზე ეფექტურად ტკივილს სითბო ამსუბუქებს;

* გამახურებელი მალამოს (მაგალითად, კაპსაიცინის) ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამოს (დიკლოფენაკის) წასმა სახსრის გარშემო;

* ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას, რომლებიც ტკივილს და შეშუპებას ამცირებს (ასეთებია პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ნატრიუმის ნაპროქსენი);

. არტაშნის გამოყენებას, რომელიც ზღუდავს მოძრაობას და სახსარს დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.

ვინაიდან ართრიტი პროგრესირებადი, დეგენერაციული დაავადებაა, დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და სახსარში სტეროიდის შეყვანა გახდეს საჭირო. ამის შემდეგ რამდენიმე თვით მდგომარეობა, წესისამებრ, უმჯობესდება.

როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა და ცერის სახსარში მოძრაობა მეტისმეტად გართულებულია, ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ჩარევის ტიპი დაავადების სტადიასა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

* ოპერაციის ტრადიციული მეთოდია იოგის რეკონსტრუქცია – ცერის ართრიტის ადრეულ სტადიაზე კარპომეტაკარპული სახსრის სტაბილიზაციის მიზნით ამოკვეთენ დაზიანებული იოგის ნაწილს და ცვლიან პაციენტის მაჯის მომხრელი მყესიდან აღებული ნაწილით. ამ ოპერაციის შედეგად სახსრის მექანიკური ფუნქცია აღდგება. კვლევების თანახმად, პაციენტთა უმრავლესობასთან დაავადების პროგრესირებაც წყდება.

. ხშირად მიმართავენ იოგის რეკონსტრუქციას და მყესის ჩასმას: დაზიანებულ სასახსრე ზედაპირებს აცილებენ და ცვლიან ერთგვარი ქსოვილოვანი ბალიშით, რომელიც ძვლებს ერთმანეთისგან ყოფს. ამისთვის ქირურგი იღებს მთელ ტრაპეციულ ძვალს ან მის ნაწილს, მეზობლად მდებარე მყესს კი ცერის მეტაკარპულ ძვალში გაკეთებულ ხვრელში ატარებს და ამაგრებს.

ეს მეთოდი გამოიყენება ზომიერი ან მძიმე ართრიტის დროს, როდესაც ტკივილთან ერთად საგნის ხელში აღება და დაჭერაც ჭირს. ოპერაციის შედეგი 15-დან 20 წლამდე ნარჩუნდება.

. დაჭიმვითი ართროპლასტიკის დროს იღებენ ცერის სახსრის ერთ-ერთ ძვალს, ტრაპეციუმს, და დროებით ახდენენ ცერის იმობილიზაციას სპეციალური მავთულით, რომელსაც 6 კვირის შემდეგ ხსნიან. ჩარევის მიზანია, ხელი შეუშალოს ტრაპეციული ძვლის ხახუნს და მას აღდგენის საშუალება მისცეს. ამ ოპერაციას მიმართავენ ზომიერი და მძიმე ართრიტის დროს ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც ნაკლები სირთულის ქირურგიული ჩარევა ურჩევნიათ. მაგალითად, მოხუცებთან, ნაკლებად აქტიურ პირებთან, ასევე მათთან, ვისთვისაც რეკონსტრუქციული პროცედურა უშედეგო აღმოჩნდა.

. შესაძლებელია მთელი სახსრის გამოცვლაც, რასაც ართროპლასტიკა ეწოდება. ამ დროს იღებენ დაზიანებულ სახსარს ან მის ნაწილს და ხელოვნურით ცვლიან. თუ წინათ სილიკონის იმპლანტებს იყენებდნენ, ამჟამად მეტალის ან პიროკარბონის პროთეზებს ანიჭებენ უპირატესობას. ამორტიზაციისთვის ძვლებს შორის თავსდება სინთეზური ფენა. ამ მეთოდს ირჩევენ შედარებით ასაკოვანი პაციენტებისთვის, რომლებიც ფიზიკურად უწინდებურად აქტიურ ცხოვრებას აღარ ეწევიან, რადგან იმპლანტები ძლიერ დატვირთვას ვერ უძლებს. ართროპლასტიკას სწრაფი აღდგენა ახასიათებს და რეაბილიტაციის ხანმოკლე პერიოდი აქვს.

. ართროდეზი: ამ დროს მეტალის დამჭერით აერთებენ სახსარში შემავალ ძვლებს, რაც ტკივილს ამსუბუქებს. ამ მეთოდს ამჯობინებენ შედარებით ახალგაზრდა პაციენტებთან, რომლებსაც ართრიტი ტრავმის შემდეგ განუვითარდათ ან აქვთ სამუშაო, რომელიც ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს, აგრეთვე – რევმატოიდული ართრიტის დროს და მაშინ, როდესაც სხვა სახის ქირურგიულ ჩარევას შედეგი არ მოაქვს.

ოპერაცია შეიძლება ამბულატორიულად ჩატარდეს. ოპერაციის შემდეგ ცერსა და მაჯას აფიქსირებენ სახვევით ან არტაშნით, რომელიც 4-8 კვირა რჩება. მისი მოხსნის შემდეგ ინიშნება ფიზიოთერაპია მტევნის ძალისა და სრულფასოვანი მოძრაობის აღსადგენად. რეაბილიტაციის ადრეულ ეტაპზე ერთგვარი დისკომფორტი შეინიშნება, თუმცა დროთა განმავლობაში გაივლის. სრული აღდგენა რამდენიმე თვეს მოითხოვს, რის შემდეგაც პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.

მოვლა

პაციენტებს, რომლებიც ტკივილს და უძალობას უჩივიან, ურჩევენ, ყოველდღიური საქმიანობისთვის შეიძინონ ადაპტირებული ხელსაწყოები (არსებობს სპეციალური კბილის ჯაგრისები, კალმები, სამზარეულოს დანები, გასაღების დამჭერები მათთვის, ვისაც მტევნის სრულფასოვნად ხმარება არ შეუძლია; თუ საქართველოში ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ, უცხოეთიდან გამოიწეროთ), კარის გადასატრიალებელი სახელურები კი ჩამოსაწევით შეცვალონ.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: