საშვილოსნოს ყელის კიბო
გააზიარე:
გამოვრიცხოთ უარესი
სხეულის უჯრედები იზრდება, იყოფა და ახალ უჯრედებს წარმოქმნის, ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა რომელიმე მათგანმა არაკონტროლირებადი დაუწესრიგო გაყოფა დაიწყოს და შესაბამისი ორგანოს კიბო წარმოქმნას. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას მრავალი წელი სჭირდება, თანაც საწყის ეტაპებზე ეს სიმისვნე ავადმყოფისთვის შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, ამიტომ, სამწუხაროდ, ქალები ხშირად დაგვიანებით ხვდებიან ონკოლოგთან, თუმცა ამ დაავადების დროული აღმოჩენისა და მისგან განკურნების შესაძლებლობა დღეს უკვე არსებობს.
ჟურნალის სტუმარია “ავერსის კლინიკის” კონსულტანტი, ონკოგინეკოლოგი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ირინა დვალიშვილი.
– საუბრის დაწყებამდე მსურს, ჩვენს ქალბატონებს მივმართო.
ძვირფასო ქალბატონებო, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი რჩევებით ონკოლოგიისადმი შიშს გაგიქარწყლებთ და იმედისმომცემ მედიცინის დარგად აღგაქმევინებთ. სამწუხაროდ, ჩვენ დაავადების დაგვიანებულ ეტაპებზე მოგვმართავენ, რადგან ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალები არ ფიქრობენ, ონკოლოგს მიმართონ. დღევანდელ სტრესულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში რთულია ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც სწორ გეზს მისცემს თვითოეულ თქვენგანს. შესაბამისად, ხელს შეუწყობს დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენას და, აქედან გამომდინარე, დაავადების შემდგომ განვითარებას გამორიცხავს.
ახლა კი შევეცდები პასუხი გავცე თქვენს კითხვებს.
– მაშინ, ჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს სტატისტიკას გადავხედოთ.
– სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებით მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. მსოფლიოში ყოველწლიურად ავადდება 500 000 ქალი. უკანასკნელ ათწლეულში დანერგილი პრევენციული (პროფილაქტიკური) ღონისძიებების წყალობით განვითარებულ ქვეყნებში ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში დაავადება კვლავ საკმაოდ არის გავრცლებული.
– რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას?
– აღნიშნული დაავადების განვითარების მიზეზები და რისკ-ფაქტორებია: ადრეული სქესობრივი აქტივობა, მრავალი სქესობრივი პარტნიორი, თამბაქოს მოხმარება, მრავალი ხელოვნური აბორტი, გენეტიკური ფაქტორი, ბარიერული კონტრაცეპციის (კონდომი) უგულვებელყოფა, ჰორმონალური
კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მოხმარება (5 წელზე მეტი), საშვილოსნოს ღრუსშიგა კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება, ჰიპოვიტამინოზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (მათ შორის აივ-ინფექცია), HPV ინფექცია. კიბოს განვითარებაში დიდი როლი ენიჭება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს.
– რას წარმოადგენს კიბოსწინარე დაავადებები?
– კიბოსწინარე დაავადებები არის ფონური პროცესების და ჰისტოლოგიურად ან ციტოლოგიურად დადგენილი ზომიერი ან მძიმე დისპლაზიის ერთობლიობა. თავის მხრივ, ფონური დაავადებებია ანთებითი პროცესები (ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები), ჰორმონული დისბალანსი, ნერვული სტრესი. დისპლაზია კი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიაა, რაც ეპითელიუმის დიფერენცირების დარღვევას ანუ შრიანობის დაკარგვას, ატიპიას ნიშნავს.
განასხვავებენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე დისპლაზიებს, შესაბამისად CIN1, CIN2, CIN3 (carcinoma in situ). დისპლაზიამ შესაძლოა განიცადოს რეგრესია ანუ უკუგანვითარდეს, შეიძლება ჰქონდეს სტაბილური ხასიათი, ან შესაძლოა პროგრესირებდეს. უმეტესად დისპლაზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
– როგორ მკურნალობენ დისპლაზიას და რა პროფილაქტიკური კვლევები გამოიყენება მისი არსებობისას?
– დისპლაზიის მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის ასაკისა და დისპლაზიის ხარისხის გათვალისწინება.
მსუბუქი დისპლაზიის შემთხვევაში (CIN1) ჩატარებული ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მკურნალობის შემდგომ (საჭიროების მიხედვით) დაავადება რეგრესირებს. ზომიერი და მძიმე დისპლაზია კი ონკოგინეკოლოგის მეთვალყურეობას და ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს. ეს უკანასკნელი ტარდება ლაზერით, რადიოტალღით ან თხევადი აზოტით (კრიოდესტრუქცია). დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით გამოიყენება ექსციზია, ანუ საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უბნის ელექტროდანით მოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში, კონიზაცია – დაზიანებული უბნის და ნაწილობრივ, ან მთლიანად საშვილოსნოს ყელის არხის კონუსისებური მოკვეთა. ეს პროცედურა არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ სადიაგნოსტიკოდაც გამოიყენება. ჩამოთვლილი პროცედურების შემდგომ პაციენტს ესაჭიროება ფიზიკური და სქესობრივი სიმშვიდე, უნდა გამოირიცხოს თერმული პროცედურები.
უმნიშვნელოვანესია პროფილაქტიკური გასინჯვა რეგულარულად, ყოველ 6-12 თვეში, ჩვენების მიხედვით. გასინჯვა შემდეგ სადიაგნოსტიკო პროცედურებს გულისხმობს:
1. გინეკოლოგის მიერ ბიმანუალური (ორ ხელს შუა) გასინჯვა, საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სარკეებში;
2. ციტოლოგიური კვლევა (PAP-ტესტი);
3. კოლპოსკოპია;
4. ბიოფსია (საჭიროების შემთხვევაში).
ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რომ პროფილაქტიკა საუკეთესო მკურნალობაა!
– რა სიმპტომები აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
– საწყის სტადიებზე საშვილოსნოს ყელის კიბო ისევე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, როგორც კიბოსწინარე დაავადებები, ან მისი სიმპტომები ურთიერთკავშირშია თანმხლებ ანთებით თუ სხვა ფონურ პროცესებთან. დაავადების განვითარების შემდგომ ეტაპებზე კი უკვე ჩნდება შესამჩნევი ვიზუალური ცვლილებები, კონტაქტური სისხლდენები, პათოლოგიური გამონადენი.
ადრეული გამოვლენის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბო განკურნებადია, რისთვისაც აუცილებელია საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, ანუ სპეციალური ტესტებით ჯანმრთელი ქალების საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა.
– რა კვლევები გამოიყენება სკრინინგისათვის?
– დღეს ამ კვლევების ოქროს სტანდარტია ორი ტესტის - PAP და HPV-DNA -კომბინაცია. HPV-DNA, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის დნმ-ს ტესტი გამოირჩევა მეტად მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიკურობით, ვიდრე PAP ტესტი – საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა პაპანიკოლაუს მეთოდით. ეს ღონისძიებები აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბო ან გამოვავლინოთ და შევაჩეროთ დაავადება საწყის ეტაპზე.
– როგორ ვრცელდება პაპილომავირუსი, რა შემთხვევაში ქმნის იგი კიბოს განვითარების რისკს და თუ ხდება თუ არა მისგან სრული განკურნება?
– HPV ინფექცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) სქესობრივი გზით გადაეცემა. განასხვავებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისთვის მაღალი რისკის HPV ტიპებს: 16, 18, 31, 33 და დაბალი რისკის ტიპებს: 6, 11, რომლებიც გენიტალური კონდილომების ჩამოყალიბებას იწვევს. ამ ვირუსთან, და არა მხოლოდ მასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი იმუნურ სისტემას უჭირავს. იგი შეძლებისდაგვარად იცავს ორგანიზმს ვირუსისაგან, მაგრამ 10-20%-ში იგი ორგანიზმში პერსისტირებს – რჩება, რაც შემდგომ აღნიშნული დაავადების განვითარების რისკს ქმნის.
HPV-DNA-ტესტის საშუალებით სწორედ ვირუსის მაღალი რისკის ტიპების არსებობის დადგენაა შესაძლებელი. მაგრამ ტესტის დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ თქვენ საშვილოსნოს ყელის კიბო გაქვთ. ეს მხოლოდ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველმშობიარის ასაკი გაიზარდა. ქალბატონებს, რომელთაც სასურველი შედეგის მისაღწევად ოვულაციის მასტიმულირებელი თერაპიის ჩატარება უწევთ, HPV-DNA-ტესტის ჩატარება ესაჭიროებათ. შესაბამისად, დადებითი პასუხის შემთხვევაში სტიმულაცია უკუჩვენებაა.
– რა შემთხვევაში მიმართავენ HPV ვაქცინაციას?
– HPV ვაქცინაცია რეკომენდებულია 13-26 წლის გოგონებისა და ქალბატონებისთვის, რაც სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდეა სასურველი, თუმცაღა, თუ თქვენ უკვე ცხოვრობთ სქესობრივად, ვაქცინაცია მაინც მიზანშეწონილია, რადგან შეიძლება არ გქონდათ კონტაქტი ვირუსის იმ ტიპებთან, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაშია ჩართული. დღესდღეობით HPV ვაქცინები გარდასილის და ცერვარიქსის სახელწოდებითაა ცნობილი. გარდასილი არის კვადრივალენტური ვაქცინა და იცავს ადამიანის პაპილომავირუსის ოთხი ტიპისგან (6, 11, 16, 18); ცერვარიქსი ბივალენტურია და შესაბამისად ორი ტიპისგან (16, 18) იცავს.
– რა სახის ქირურგიული მკურნალობ ტარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს?
– სამწუხაროდ, ჩვენ ქალბატონები აღნიშნული დაავადების განვითარების ისეთ სტადიებზე მოგვმართავენ, რომლის დროსაც აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა. Carcinoma in situ-ს დროს მიზანშეწონილია საშვილოსნოს ტოტალური ექსტირპაცია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა (ყელი, ტანი, დანამატები (ფალოპიუსის მილები, საკვერცხეები)), ამავდროულად ვითვალისწინებთ პაციენტის ასაკს, რადგან რეპროდუქციულ ასაკში ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია საშვილოსნოს ყელის კონიზაცია (იხ. განმარტება ზემოთ). დაავადების განვითარების შემდგომ სტადიებზე კი – საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (ორგანოს ამოკვეთა რეგიონალურ ლიმფურ კვანძებთან ერთად – ლიმფადენექტომია), კომბინირებული მკურნალობა: ქირურგიული და შერწყმული სხივური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში ქიმიოთერაპია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა აღარ არის მიზანშეწონილი, პაციენტს ენიშნება მხოლოდ შერწყმული სხივური თერაპია, ან ქიმიოთერაპია. ეს დაავადების განვითარების ბოლო სტადიებს ეხება.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია გქონდეთ ინფორმაცია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ შეინარჩუნოთ საკუთარი ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი არ არის განაჩენი. საწყის ეტაპებზე დაავადება განკურნებადია, მაგრამ თქვენგან ეს საკუთარი ჯანმრთელობის გონივრულ მართვას მოითხოვს. ამიტომ მობრძანდით, გამოვრიცხოთ უარესი, რათა თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოთ.