თეთრხალათიანი დეტექტივები - ვინ და როგორ შექმნა სასამართლო მედიცინა

გააზიარე:

(წერილი მესამე)

თავის ქალას მიხედვით სახის აღდგენა გვამის იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. საბედნიეროდ, არა ერთადერთი. ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა საშუალებას გვაძლევს, ჩონჩხის ძვლების მიხედვით ამოვიცნოთ ადამიანის ასაკი, რასა, სქესი, ვიმსჯელოთ ცხოვრების პირობებსა და გადატანილ დაავადებებზე... უდიდესი საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა აქვს თითებისა და ხელისგულების ანაბეჭდებს, თმას, კბილებს, ტრავმებისა და ქირურგიული ოპერაციების ნაკვალევს, პროთეზებსა და სვირინგებს... დაბოლოს, რაღა თქმა უნდა, გენეტიკურ კოდს. ზოგჯერ ერთი-ორი მონაცემიც საკმარისია (მაგალითად, თითის ანაბეჭდი ან დნმ, თუ სხეულის მდგომარეობა იძლევა მათი მოპოვების საშუალებას), ზოგჯერ კი რამდენიმე მათგანის კომპლექსური შეფასებაა საჭირო, რათა გამოძიებამ, თუ გარეგნობის მიხედვით ვინაობის დადგენა შეუძლებელია, მიიღოს პასუხი ორ უმთავრეს კითხვაზე: “ვისი გვამი ვიპოვეთ” და “ნამდვილად იმ ადამიანისაა თუ არა გვამი, ვისიც გვგონია”.

როგორ მუშაობდა პრაქტიკაში ეს ყველაფერი კრიმინალისტიკის გარიჟრაჟზე?

ლიონელი პათანატომის რვადღიანი ეპოპეა

სასამართლო აღმასრულებელი ტუსენ-ოგიუსტენ გუფე ოჯახის წევრებმა უკანასკნელად 1889 წლის 26 ივნისს ნახეს.

მეორე დღეს პარიზის პოლიციას მიმართა მისმა ცოლისძმამ, რომელმაც განაცხადა, რომ გუფეს ღამე შინ არ გაუთევია.

თავდაპირველად პოლიციაში ამ ამბისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ – იცოდნენ, რომ გუფე ქალების მოყვარული იყო და ჩათვალეს, რომ 49 წლის ქვრივს ახალი გატაცება ჰქონდა, რომელმაც თავიც დაავიწყა და ოჯახიც, მაგრამ გავიდა სამი დღე, ხუთი, შვიდი... სასამართლო აღმასრულებელი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

დაკარგულის სიტყვიერი პორტრეტი მთელ საფრანგეთში დააგზავნეს, სიურტეს – საფრანგეთის სამძებრო პოლიციის – შეფმა მარი-ფრანსუა გორონმა კი ხელქვეითებს 27 ივლისის შემდეგ ნაპოვნი ყველა ამოუცნობი გვამის აღრიცხვა დაავალა.

ორი კვირა საინტერესო არაფერი მომხდარა, 13 აგვისტოს კი ლიონის მახლობლად, სოფელ მიიერიში, მდინარე ორნას ნაპირზე, იპოვეს ტომარა, რომელშიც მამაკაცის გვამი იდო.

ტომრის მახლობლად ეგდო სკივრის გასაღები, რომლის წარმოშობა გაურკვეველი დარჩა, სანამ რამდენიმე დღის შემდეგ არ იპოვეს თვითონ სკივრიც რკინიგზის იარლიყით. იარლიყის თანახმად, სკივრი პარიზიდან იყო გაგზავნილი ლიონში 188... წლის 27 ივლისს. უკანასკნელი ციფრი, რომელიც თითქმის არ ჩანდა, ლიონის პოლიციაში რვიანს მიამსგავსეს.

ექიმმა პოლ ბერნარმა, რომელმაც გაკვეთა ჩაატარა, ხორხის ძვლების მოტეხილობის საფუძველზე დაასკვნა, რომ უცნობი დაახრჩვეს.

გორონმა, რომელსაც ალღო კარნახობდა, რომ დაკარგული უსახელო მიცვალებულებს შორის უნდა ეძებნა, ლიონის პოლიციას მიმართა და გვამის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. პასუხად აცნობეს, რომ გარდაცვლილს გუფესთან საერთო არაფერი ჰქონდა: ეს იყო 35-40 წლის, 1 მ და 70 სმ სიმაღლის შავთმიანი მამაკაცი, დაკარგული სასამართლო აღმასრულებელი კი, აღწერილობის თანახმად, იყო 49 წლის, 1 მ და 75 სმ სიმაღლის, თმა კი წაბლისფერი ჰქონდა. გარდა ამისა, – ეწერა წერილში, – ლიონის პოლიციამ ფაქტობრივად უკვე გახსნა საქმე: მას მიმართა მეფორნემ, რომელიც ივლისის დასაწყისში ლიონიდან მიიერიმდე დიდი სკივრის წასაღებად დაიქირავეს და ის ადამიანებიც დაასახელა, რომლებიც ტვირთს ახლდნენო.

გორონმა ძებნა განაგრძო, მაგრამ სექტემბერი და ოქტომბერი ისე მიიწურა, პოლიციამ ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ. სიურტეს შეფი, ასე თუ ისე, იცნობდა ყველა იმდროინდელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტს და მაინცდამაინც არ ენდობოდა ბერნარის დასკვნას, ამიტომ ნოემბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მიმართა ლიონის პოლიციას და იკითხა, როგორ მიდიოდა მიიერიში ნაპოვნი გვამის საქმე.

აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილები, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე მათზე მიუთითებდა, არა და არ აღიარებდნენ დანაშაულს.

ლიონიდან მიღებულმა ცნობებმა გორონს კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვი. მან არ დაიზარა, პირადად წავიდა რკინიგზის სადგურში სკივრის ასავალ-დასავლის გასარკვევად და გაარკვია კიდეც, რომ 1888 წლის ტვირთბრუნვის ჩანაწერებში მსგავსი ნივთი არ ფიგურირებდა, 1889 წლის 27 ივლისს კი ასეთი სკივრი ნამდვილად გაიგზავნა პარიზიდან ლიონში.

როგორ აღმოჩნდა ივლისის დასაწყისში სკივრი ლიონში, თუ ის მხოლოდ ივლისის ბოლოს გაგზავნეს პარიზიდან?!

მეფორნე ერთხანს თავის მართლებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ აღიარა, რომ პოლიციის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იცრუა.

კოლეგების დაუდევრობით აღშფოთებულმა გორონმა გვამის ექსჰუმაცია მოითხოვა და ის ექსპერტიზისთვის ალექსანდრ ლაკასანს გადასცა.

უხეშად ჩატარებული გაკვეთისა და ხრწნის ბუნებრივი პროცესის შედეგად თავის ქალა და რბილი ქსოვილები ისე იყო შელახული, რომ იდენტიფიკაციისთვის აღარ გამოდგებოდა. მეტ-ნაკლებად ვარგისი აღმოჩნდა მხოლოდ ძვლები და თმა.

სრული ექსპერტიზისთვის ლიონელ პროფესორს რვა დღე დასჭირდა.

თავდაპირველად მან გარდაცვლილის ზუსტი სიმაღლის დადგენა სცადა. ბერნარი თუ თვალის ზომით აფასებდა სხეულის სიგრძეს, ლაკასანმა ცალკეული ძვლების მიხედვით ჩონჩხის სიგრძის დადგენის ახლად შემუშავებული ფორმულა გამოიყენა. გამოცდისას ეს ფორმულა საკმაოდ ზუსტ შედეგებს იძლეოდა, ამიტომ ლაკასანს არ ჰქონდა საფუძველი, მას ნდობით არ მოჰკიდებოდა.

ექსპერტმა გულდასმით გაზომა ხელ-ფეხის ძვლები და გამოთვალა, რომ მთელი სხეულის სიგრძე არა 170 ან 175, არამედ 178,5 სმ უნდა ყოფილიყო.

იმედგაცრუებულმა გორონმა ერთხანს ხელის ჩაქნევა დააპირა, მაგრამ, ლაკასანის რჩევით, მაინც მიმართა საფრანგეთის სამხედრო უწყებას, საიდანაც უპასუხეს, რომ როდესაც გუფე სამხედრო სამსახურს გადიოდა, მისი სიმაღლე მართლაც 178 სმ იყო.

გარდაცვლილის მარჯვენა ფეხზე პროფესორმა აღმოაჩინა წვივის ძვლებისა და მუხლის სახსრის დეფორმაცია, რომელიც ბავშვობაში გადატანილი ძვლის ტუბერკულოზის ნაკვალევს ჰგავდა. ლაკასანმა ივარაუდა, რომ ასეთი დეფორმაციის მქონე ადამიანი ოდნავ იკოჭლებდა.

გორონი მაშინვე დაუკავშირდა გუფეს ქალიშვილს, პირად ექიმს და მეწაღეს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აღმასრულებელი მართლაც კოჭლობდა, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავდა.

სტომატოლოგია იმ დროისთვის ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო (რენტგენის სხივები კი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ აღმოაჩინეს), ასე რომ, კბილების სურათით ვინაობის დადგენის შესაძლებლობა მხოლოდ იმდროინდელი ფანტასტების თამამამ წარმოსახვაში თუ იარსებებდა... ლაკასანი სხვა გზას დაადგა – მან შეაფასა მინანქრის ცვეთა და დაასკვნა, რომ ამ კბილების პატრონი 50 წელს უნდა ყოფილიყო მიახლოებული.

უკანასკნელი შტრიხი თმის ექსპერტიზა იყო. ლაკასანმა თავდაპირველად კარგად გარეცხა გარდაცვლილის თმის ღერი, რომელიც – ჰოი, საოცრებავ – წაბლისფერი აღმოჩნდა, მერე კი მისი ქიმიური ანალიზი ჩაატარა, რომ მასში საღებავი ნივთიერებების არსებობა გამოერიცხა. ასეთივე ანალიზი ჩაუტარა გუფეს სავარცხლიდან აღებულ თმის ღერს, ხოლო როცა დარწმუნდა, რომ ორივე ნიმუში ბუნებრივი ფერისა იყო, ისინი მიკროსკოპის ქვეშ შეადარა ერთმანეთს და მათი ფერისა და სისქის იდენტურობა დაადასტურა.

გუფეს იდენტიფიკაცია დღის სენსაციად იქცა. პრესა ჯადოქრობას ადარებდა იმ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც ლიონელმა პათანატომმა სამი თვის გარდაცვლილ ადამიანს მისი ვინაობის საიდუმლო დასტყუა.

გორონმა, რომელსაც, უდიდესი მადლიერების მიუხედავად, დაფნის გვირგვინი ლაკასანისთვის არ ემეტებოდა, მიზნად დაისახა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეპოვა მკვლელი. იპოვა კიდეც, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...

ნაწიბურის საქმე

1910 წლის იანვრის მიწურულს ლონდონიდან გაუჩინარდა მომღერალი კორა ტერნერი. მუსიკალური თეატრის დასმა, რომლის წევრიც იყო კორა, თებერვლის პირველ რიცხვებში მის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო – ქალი იწერებოდა, რომ ამერიკაში მიემგზავრებოდა ავადმყოფი ნათესავის სანახავად.

ამ ამბიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ კორას ქმარი, ექიმი ჰარვი კრიპენი, საზოგადოებაში გამოჩნდა თავის მდივანთან ერთად, რომელსაც კორას სამკაულები ეკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალი კრიპენთან გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო როცა კორას მეგობრებმა ჰარვის ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ  მისი ცოლი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში.

აქ კი დაეჭვდნენ კორა ტერნერის კოლეგები და პოლიციას მიმართეს.

გამოძიება უფროს ინსპექტორ უოლტერ დიუის დაევალა.

კრიპენმა თავაზიანად მიიღო ინსპექტორი და აღიარა, რომ იცრუა, რადგან არ უნდოდა, მიტოვებული ქმრის იარლიყით ევლო; სინამდვილეში მისი ცოლი საყვარელთან ერთად გაიქცა, ჰარვი კი ცდილობდა, ცხოვრება თავიდან დაეწყო იმ ქალთან ერთად, რომელიც სათანადოდ დააფასებდა მის ღირსებებს.

დიუიმ დაუჯერა ექიმს და ამბავიც ალბათ აქ დასრულდებოდა, კრიპენს და მის მდივანს ინსპექტორის ვიზიტის მეორე დღესვე ბარგი რომ არ ჩაელაგებინათ და უკანმოუხედავად არ გაქცეულიყვნენ ლონდონიდან.

ამჯერად უკვე სკოტლენდ-იარდშიც დაეჭვდნენ, კრიპენზე ძებნა გამოაცხადეს და მისი სახლის გაჩხრეკის განკარგულება გასცეს.

ჩხრეკის დროს კი მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა – სარდაფის იატაკის ქვეშ იპოვეს აკუწული გვამი თავის, კიდურებისა და ძვლების გარეშე.

ეს, ერთი მხრივ, ადასტურებდა შემზარავი დანაშაულის ფაქტს, მეორე მხრივ კი ნიშნავდა, რომ მოკლულის იდენტიფიკაციისთვის ექსპერტები თმასა და კანის ნაკუწებს უნდა დასჯერებოდნენ.

დნმ-ს სტრუქტურის გაშიფვრამდე თითქმის ნახევარი საუკუნე იყო დარჩენილი.

კრიპენი დააკავეს, მაგრამ ბრალის წარსადგენად აუცილებელი იყო იმის დამტკიცება, რომ სარდაფში ნაპოვნი სხეული (უკეთ, მისი ნაშთი) კორა ტერნერს ეკუთვნოდა.

ამოცანა სრულიად უპერსპექტივო ჩანდა, ვიდრე პათანატომებმა ოგასტეს ჯოზეფ პეპერმა და ბერნარდ სპილსბერიმ არ იპოვეს კანის ხელისგულისოდენა ნაფლეთი, რომელზეც მკაფიოდ ჩანდა ნაწიბურის მსგავსი ზოლი. ექსპერტებმა გულდასმით შეისწავლეს ნიმუში და დაასკვნეს, რომ ეს მუცლის კანი იყო, ხოლო ნაწიბური – ოპერაციის შემდგომ დარჩენილი ნაიარევი, რომელსაც აქეთ-იქიდან მიუყვებოდა ნემსის მიკროსკოპული კვალი.

კორა ტერნერის მეგობრებმა დაადასტურეს, რომ ქალს საშვილოსნოს ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, მაგრამ შესაძლოა, სასამართლოს ეს საკმარის მტკიცებულებად არ მიეჩნია, კიდევ ერთ ექსპერტს, უილიამ უილკოქსს, ამავე ნიმუშებში ალკალოიდ სკოპოლამინის კვალი რომ არ აღმოეჩინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰარვი კრიპენმა ცოლის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე იყიდა ხუთი გრამი სკოპოლამინი, რომელიც საკუთარი სამედიცინო პრაქტიკისთვის არ სჭირდებოდა.

ამგვარად, დანაშაულის სურათს მეტ-ნაკლები ნათელი მოეფინა.

ადვოკატის მიერ მოწვეული ექსპერტები ირწმუნებოდნენ, რომ მთავარ მტკიცებულებად მიჩნეული ნიმუში სინამდვილეში თეძოს კანი იყო, ხოლო ის, რასაც ბრალდება ოპერაციის შემდგომ დარჩენილ ნაწიბურად აცხადებდა – უბრალო ნაკეცი. პასუხად სპილსბერიმ პირდაპირ სასამართლო დარბაზში შეატანინა მიკროსკოპი და ნაფიც მსაჯულებს შესთავაზა, საკუთარი თვალით ენახათ ნემსის ნაკვალევი ნაწიბურის გასწვრივ.

სწორედ ეს აღმოჩნდა ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც თემიდას სასწორი ბრალდების მხარეს გადაწონა.

ლონდონელი ლურჯწვერა

“ყოველგვარი კონტაქტი ტოვებს კვალს”, – ასე ჩამოაყალიბა სასამართლო მედიცინის მთავარი პრინციპი ედმონ ლოკარმა, ლაკასანის ყოფილმა თანაშემწემ და პირველი კრიმინალისტური ლაბორატორიის დამაარსებელმა.

მაგრამ თეორია თეორიაა, პრაქტიკაში კი კვალის პოვნა ყოველთვის ვერ ხერხდება. ის შესაძლოა კარგად იყოს შენიღბული, ან იყოს სულ სხვაგან და არა იქ, სადაც ეძებენ.

სწორედ ასეთ შემთხვევას შეეჯახა 1915 წელს ბერნარდ სპილსბერი.

1915 წლის იანვრის ერთ დღეს ლონდონელმა ინსპექტორმა ართურ ფაულერ ნილმა სკოტლენდ-იარდიდან მიიღო კონვერტი წარწერით “საეჭვო გარდაცვალების შემთხვევები”. კონვერტში ეწყო ამონაჭრები ორი გაზეთიდან. პირველი მათგანი იუწყებოდა, რომ ლონდონში მოულოდნელად გარდაიცვალა 38 წლის მარგარეტ ელიზაბეთ ლოიდი. წინა დღეს ქალი თავის ტკივილს უჩიოდა, მეორე დღეს კი სეირნობიდან დაბრუნებულმა ქმარმა ის საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი ნახა.

გამოძიებამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ექიმის დასკვნის თანახმად, ქალს გრიპი ჰქონდა და მისმა დასუსტებულმა ორგანიზმმა ცხელი წყალი ვერ აიტანა. ქალს ეპილეფსიურ შეტევა დაემართა, გონება დაკარგა და დაიხრჩო.

მეორე ამონაჭერი ეხებოდა ასეთივე, ოღონდ ორი წლით ადრე ბლეკპულში მომხდარ შემთხვევას. ამჯერად გარდაცვლილი იყო ვინმე მისის სმიტი, რომელმაც თვე-ნახევრის წინ იქორწინა. სიკვდილის წინა დღეს ქალბატონი სმიტიც თავის ტკივილს უჩიოდა. გამოძიებამ ვერც მის გარდაცვალებაში აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები. ექიმის დასკვნაც ანალოგიური იყო.

მსგავსება იმდენად განსაცვიფრებელი ჩანდა, რომ ნილმა გადაწყვიტა, პირადად გასცნობოდა ორივე საქმის გარემოებებს. ის გაესაუბრა ადამიანებს, რომლებთანაც ლოიდებს კონტაქტი ჰქონდათ და გაიგო, რომ ცოლ-ქმარი ლონდონში რამდენიმე დღის ჩამოვიდა; ბინის დაქირავებისას ბატონი ლოიდი გულდასმით ათვალიერებდა სააბაზანოს, სხვა ოთახებს კი დიდ ყურადღებას არ აქცევდა; მეუღლის გარდაცვალების გამო განსაკუთრებული მწუხარება არ ეტყობოდა; შეუკვეთა ყველაზე იაფი კუბო და დაკრძალვისთანავე დატოვა ნაქირავები ბინა.

ნილი კიდევ უფრო ჩაუღრმავდა ცოლ-ქმრის ცხოვრების დეტალებს და გაარკვია, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ქალბატონმა ლოიდმა საკმაოდ მოზრდილ თანხად დააზღვია სიცოცხლე, რამდენიმე საათით ადრე კი დაწერა ანდერძი, რომლის თანახმად, მისი გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო თანხას ქმარი მიიღებდა.

რამდენიმე დღეში ასეთივე ინფორმაცია მოვიდა ბლეკპულიდანაც: ქალბატონმა სმიტმა სიცოცხლე დააზღვია, დაწერა ანდერძი ქმრის სასარგებლოდ და იმავე დღეს გარდაიცვალა. ქმარმა დამარხა გარდაცვლილი, მიიღო დაზღვევის თანხა და უკვალოდ გაქრა.

ინსპექტორს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ახლად დაქვრივებული ბატონი ლოიდი უახლოეს მომავალში მიმართავდა სადაზღვევო კომპანიას ფულის მისაღებად. ნილს ალღომ არ უმტყუნა – ქვრივმა მართლაც მიაკითხა კომპანიის ოფისს, სადაც დააკავეს კიდეც.

ბატონი ლოიდი, იგივე ბატონი სმიტი, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მართლაც შეიცვალა გვარი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ “სურდა, დაევიწყებინა მტანჯველი წარსული” და ცხოვრება თავიდან დაეწყო, მკვლელობაში ბრალდებას კი უარყოფდა.

თუმცა ფაქტი ჯიუტი იყო: ერთი და იმავე კაცის ორი ცოლი, ორივე – ახალგაზრდა, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე, ერთსა და იმავე ვითარებაში დაიღუპა.

ნილს, გამოცდილ დეტექტივს და უბრალოდ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს, ასეთი დამთხვევების არ სჯეროდა, მაგრამ ბრალდებას საკუთარ ინტუიციაზე, რა თქმა უნდა, ვერ ააგებდა. ამისთვის გაცილებით მტკიცე საბუთი სჭირდებოდა: მოწმე, დანაშაულის იარაღი... უწინარეს ყოვლისა კი – ძალადობის კვალი სხეულზე, დასტური იმისა, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა.

ყველა ცოცხალ არსებას აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც აიძულებს, წინააღმდეგობა გაუწიოს თავდამსხმელს და იბრძოლოს სიცოცხლისთვის მაშინაც კი, როცა ვითარება, ერთი შეხედვით, გამოუვალია. ხელჩართული ბრძოლის შედეგად სხეულზე აუცილებლად რჩება ბრძოლის კვალი.

შესაძლებელი იყო თუ არა მსხვერპლის ისე დახრჩობა, რომ სხეულზე ძალადობის ნიშანწყალიც არ დარჩენილიყო? ბოლოს და ბოლოს, ადამიანს, სულ ცოტა, რამდენიმე ათეული წამით შეუძლია სუნთქვის შეკავება და ამ ხნის განმავლობაში მისი წყალქვეშ გაჩერებაა საჭირო, ამისთვის კი მსხვერპლს ზემოდან უნდა დააწვე – ყელზე, მკლავებზე, მკერდზე, მხრებზე... ზეწოლის ადგილას აუცილებლად გაჩნდებოდა სპეციფიკური სილურჯეები.

ნილის სავალალოდ, ორივე ექიმი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს, ირწმუნებოდა, რომ ქალებს სხეულზე ასეთი კვალი არ ჰქონიათ.

ჩიხში შესულმა ინსპექტორმა ბერნარდ სპილსპერის მიმართა.

სპილსბერიმ ექსჰუმაცია და დაწვრილებითი ექსპერტიზა ჩაატარა, მაგრამ ვერც ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლებოდა ძალადობრივი სიკვდილის საბუთად გამომდგარიყო, ვერ იპოვა.

საგონებელში ჩავარდნილმა ექსპერტმა პროფესიონალი მოცურავე მოიწვია და აბაზანაში ადამიანის დახრჩობის ყველა შესაძლო გზა მოსინჯა, მაგრამ მეთოდს, რომელიც ზეწოლას და წინააღმდეგობას გამორიცხავდა, ვერ მიაგნო.

დაქანცული სპილსბერი სააბაზანოს კიდეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. უეცრად ერთი იდეა დაებადა: თუ აბაზანაში მწოლიარე ქალს ფეხებში ჩაავლებდა ხელს და მოქაჩავდა, თავი მეყსეულად აღმოჩნდებოდა წყლის ქვეშ, ცხვირ-პირში ერთბაშად შეჭრილი წყლის ნაკადი ცნობიერების დაბინდვას გამოიწვევდა და მსხვერპლის გაკავება აღარ იქნებოდა საჭირო.

სპილსბერიმ დაუყოვნებლივ შეამოწმა თავისი მიგნება. ექსპერიმენტი იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ მის ასისტენტს გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა...

საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა, სპილსბერი კი დარწმუნდა, რომ ადამიანის ამგვარად დახრჩობა შესაძლებელი იყო.

ასე ამოხსნა სპილსბერიმ ლონდონელი ლურჯწვერას საიდუმლო.

ბერნარდ სპილსბერის პიროვნებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მას აკრიტიკებენ დოგმატიზმისა და საკუთარი შეუცდომლობის გადაჭარბებული რწმენის გამო, რომელსაც სასამართლო შეცდომებიც გამოუწვევია. მიუხედავად ამისა, სპილსბერი დარჩა სასამართლო მედიცინის ბრიტანული სკოლის ლეგენდად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არაერთ რთულ პროცესში, კონსულტაციას უწევდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას ოპერაცია “ფარშის” მომზადებისას (1943 წლის საიდუმლო ოპერაცია, რომლის დროსაც გერმანიის სადაზვერვო სამსახურს მიუგდეს “დამხრჩვალი ბრიტანელი ოფიცრის” გვამი ყალბი დოკუმენტებით) და შექმნა ე.წ. “ჩანთა მკვლელობისთვის” – პირველადი ექსპერტიზისთვის განკუთვნილი კომპლექტი, რომელიც მიაქვთ პოლიციის ექსპერტებს სავარაუდო მკვლელობის ადგილზე გასვლისას.

ქეთევან ნიკოლეიშვილი

გააზიარე: