როგორ ვითარდება ბავშვი სამიდან ოთხ წლამდე

გააზიარე:

(მეორე ნაწილი)

ემოციური განვითარება       

სამი წლის ბავშვის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ამ ასაკში წარმოსახვა მეტად მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. პატარა ეცნობა ემოციებს: სიყვარულს, მონატრებას, სევდას, ბრაზს, შიშს, პროტესტის გრძნობას... ის მხოლოდ სხვადასხვა (ფერიის, მშობლის, სუპერგმირის) როლს კი არ ირგებს, არამედ უსულო საგნების გაპიროვნებას, გასულიერებასაც იწყებს. მაგალითად, თუ ჰკითხავთ, რატომ ამოდის ღამით მთვარე, შესაძლოა გიპასუხოთ: "იმისთვის, რომ ძილი ნებისა მისურვოს".

დროდადრო შესაძლოა თავისი წარმოსახვითი მეგობრებიც გაგაცნოთ. ზოგი ბავშვი ერთი მეგობრის ერთგული რჩება, ზოგს კი ყოველდღე ახალ-ახალი მეგობარი ჰყავს. არიან პატარები, რომლებიც წარმოსახვით ცხოველებთან მეგობრობენ... ნუ იფიქრებთ, რომ წარმოსახვითი მეგობრების გაჩენა ბავშვის მარტოსულობის ან მოწყენილობის ბრალია. პირიქით, შეხედეთ ამას როგორც მისი კრეატიული განვითარების გზას – პატარა გამუდმებით ესაუბრება, ეთამაშება "მეგობარს“, გეგმავს მასთან ერთად ათასგვარ აქტივობას...

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ბავშვს იმდენად ცხოველი ფანტაზია აქვს, შესაძლოა, ზღვარი წაეშალოს წარმოსახვასა და რეალობას შორის – ერთ დღესაც გამოგიცხადოთ, რომ რომელიმე ქვეყნის პრინცესაა ან გითხრათ, რომ მისი საწოლის ქვეშ ურჩხულმა დაიდო ბინა.

როცა პატარა შეშინებული და დაბნეულია, თბილად უნდა აუხსნათ, რომ არაფერი ემუქრება. არ დასცინოთ ("ამხელა ბიჭი ურჩხულმა როგორ შეგაშინა?!"), არ დააკნინოთ მისი გრძნობები ("ნუ აზვიადებ!"). ემოციური განვითარების ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ წაახალისეთ მისი ფანტაზია. არც ბოროტად ეხუმროთ: "თუ საჭმელს არ შეჭამ, შინიდან ვერ გახვალ!", "თუ ფეხს არ გამოადგამ, არ დაგელოდები და ქუჩაში დარჩები!" პატარა დაიჯერებს თქვენს ნათქვამს და დიდხანს ინერვიულებს.

დროდადრო თავადაც მიაწოდეთ ახალი იდეები თმააშისთვის, დაუსახეთ ახალი მიზნები, საშუალება მიეცით, უფრო მეტად განივითაროს წარმოსახვა. მაგალითად, შესთავაზეთ: "მოდი, შენი თოჯინა სკოლაში (ბაღში) გავუშვათ!" ოღონდ თქვენ თვითონ ნუ ჩაერთვებით თამაშში, თუ ბავშვმა თვითონვე არ გთხოვათ. დააკვირდით, რას მოიგონებს, როგორი სცენარით განავითარებს თამაშს, როგორი რეაქცია ექნება სკოლის (ბაღის) ხსენებაზე, ენთუზიაზმით მოეკიდება თუ არა ამ იდეას.

რეალურ ცხოვრებაში კი აგრძნობინეთ პატარას, რომ ამაყობთ მისი დამოუკიდებლობით და განსაკუთრებულობით. ხშირად ესაუბრეთ, ყურადღებით უსმინეთ და აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. მიეცით არჩევანი – რა ჭამოს, რა ჩაიცვას. ამით ბავშვს საკუთარი აზრის მნიშვნელოვნების განცდას, მის დაფასებას და, საზოგადოდ, გადაწყვეტილების მიღებას ასწავლით. ოღონდ არჩევანი მარტივი უნდა იყოს. თუ სანაყინეში წახვალთ, შესთავაზეთ მხოლოდ ორი ან სამი ვარიანტი. უფრო ფართო არჩევანი დააბნევს.

მაინც, როგორ ჯობია მივუდგეთ სამი-ოთხი წლის ბავშვს? რამხელა თავისუფლებასაც არ უნდა აძლვდეს მშობელი ბავშვს, ის მაინც აკონტროლებს მის დღის წესრიგს, მის გადაწყვეტილებებს და ქმედებებს. ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სკოლამდელი ასაკის ბავშვი ჯერ იმდენად არ არის განვითარებული, რომ ყოველგვარ სიტუაციაში თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თუ მიიღებს, თვალი გაუსწოროს მის შედეგებს. თუ ხანდახან მის მაგივრად მიიღებთ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, კმაყოფილიც კი დარჩეს. მაგალითად, თუ ამხანაგი ხეზე აძვრომას სთავაზობს, თქვენ კი ყოყმანს ატყობთ, შეგიძლიათ, საუბარში ჩაერთოთ და თქვათ, რომ ასეთი პატარა ბავშვებისთვის ასეთ მაღალ ხეზე აძვრომა საშიშია. ბავშვი მადლობელიც კი დაგრჩებათ, რადგან ამხანაგთან შიშის გამომჟღავნება აღარ მოუწევს.

კვება

სკოლამდელი ასაკის ბავშვს ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საკვების მიმართ. კვების რიტუალს ის დაუმორჩილებლობის გამოხატვისთვის აღარ უნდა იყენებდეს. საკვების მიღება მისთვის მიჯაჭვულობასთან აღარ ასოცირდება (როგორც ეს ჩვილ ასაკში – ძუძუთი ან ბოთლით კვების პერიოდში იყო). ამ ასაკში პატარა აცნობიერებს, რომ ჭამა შიმშილზე ბუნებრივი რეაქციაა.

მაგრამ მაინც მზად იყავით სიურპრიზებისთვის. ზოგჯერ ბავშვი უარს გეტყვით საყვარელ საკვებზე, ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე დღე ერთსა და იმავეს მოგთხოვთ. ერთ დღეს შეიძლება თეფში მოასუფთაოს და დამატებაც გთხოვოთ, მეორე დღეს კი იმავე კერძს პირი არ დააკაროს. რა გამაღიზიანებელიც უნდა მოგეჩვენოთ მისი ქცევა, აჯობებს, ამაზე ყურადღება არ გაამახვილოთ. მიეცით ნება, ჭამოს ის, რაც უნდა. თუ ბავშვი იღებს ჯანსაღ საკვებს (ხილს, ბოსტნეულს, პურს), თუნდაც ცოტ-ცოტას, და არ ეტანება მავნე პროდუქტებს (კანფეტებს, ფასტფუდს), სანერვიულო არაფერი გაქვთ.

ეცადეთ, ბავშვს საკვების ფართო არჩევანი ჰქონდეს. მიეცით უფლება, თვითონვე აირჩიოს, რა მიირთვას ან რა ფორმით. მაგალითად, ზოგმა ბავშვმა საკვების (განსაკუთრებით – ბოსტნეულის) გაუსინჯავად ათვალწუნება იცის. მიუხედავად პროტესტისა, მაინც დაუდეთ თეფშზე. გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება გემო გაუსინჯოს და ბოლოს სიამოვნებითაც კი დაიწყოს ჭამა. სამიდან ოთხ წლამდე პერიოდი მნიშვნელოვანია ბავშვის გემოვნებისა და კვებითი ქცევების ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ არასასურველი პროდუქტების დაძალებაც და მენიუდან ამოღებაც ერთნაირად უარყოფით შედეგს გამოიღებს.

ისიც გახსოვდეთ, რომ პატარას სულ რამდენიმე წუთში შეიძლება მოუმზადოთ ჯანსაღი საკვები – კვერცხი მოუხარშოთ, ბოსტნეულითა და სალათის ფურცლებით სენდვიჩი გაუკეთოთ, დაუჭრათ ვაშლი, ბანანი, დაუსხათ ნაკლებცხიმიანი რძე, გამოუწუროთ ხილის წვენი, მოუხარშოთ კომპოტი. 3-4 წლის ბავშვი ფაქტობრივად უკვე ყველაფერს ჭამს. შესაბამისად, რასაც ოჯახის სხვა წევრებისთვის მოამზადებთ, იგივე შეგიძლიათ აჭამოთ მასაც (ოღონდ შეამოწმეთ კერძი, რომ მეტისმეტად მარილიანი ან ცხარე არ იყოს).

ამ ყველაფერთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ გარემო. ბავშვს, გარდა ოჯახისა, აქვს სხვა სოციალური წრეც – მეგობრები, რომლებსაც ეთამაშება და რომლებთანაც სტუმრად დადის. ამ დროს ის სხვა გარემოში მიღებულ წესებს ეცნობა – რაც შინ აკრძალული აქვს, შესაძლოა მიართვან მეგობართან სტუმრობისას. დიდია რეკლამის გავლენაც, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება (ტელევიზორში, ქუჩაში, ბილბორდებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჟურნალ-გაზეთებში) და სხვადასხვა სასუსნავს გვთავაზობს. უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ნუ აქცევთ არაჯანსაღ პროდუქტებს აკრძალულ ხილად – ამით უფრო გაუღვივებთ პატარას ინტერესს. უმჯობესია, ალტერნატიული და ჯანსაღი საკვები შესთავაზოთ ან დათქვათ, რომ კვირაში ერთ დღეს კვების წესების დარღვევის უფლებას მისცემთ.

ძილი

ძილისთვის მზადება ყველა მშობლისთვის გამოწვევაა. პატარებს არ უყვართ დაძინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავენ, რომ მხოლოდ მათ აძინებენ. ამ დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ რაღაც საინტერესოს აკლდება. ეს განცდა, რა თქმა უნდა, გასაგებია, ამიტომ შეეცადეთ, პატარას ღამის რუტინა დაჟინებით არ მოახვიოთ თავს. პირიქით, ცოტა თავისუფლებაც მიეცით.

3-4 წლის პატარებს ღამით 10-12 საათი უნდა ეძინოთ. რაც შეეხება შუადღის ძილს, ეს ბავშვზეა დამოკიდებული. 3 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა 1-2 საათით დღისითაც იძინებს.

აუცილებლად შეიმუშავეთ ძილისპირული რიტუალი, მაგალითად, ზღაპრის კითხვა, ბანაობა, იავნანას სიმღერა. ეცადეთ, ბავშვმა ძილის წინ ბევრი არ ირბინოს, დიდხანს არ ითამაშოს. რიტუალი ბავშვს ფსიქოლოგიურად განაწყობს ძილისთვის. თუ ზღაპარს წაუკითხავთ, მისი დასრულების შემდეგ ტკბილი ძილი უსურვეთ და ოთახში მარტო დატოვეთ. დროა, დამოუკიდებლად ჩაძინება ისწავლოს. ეცადეთ, არ დაგიყოლიოთ მასთან მანამდე დარჩენაზე, სანამ ჩაეძინება.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ღამით შესაძლოა რამდენჯერმე გაეღვიძოთ – მათ აშფოთებთ მშობლებისგან მოშორებით ძილი და მხოლოდ მაშინ მშვიდდებიან, როცა დარწმუნდებიან, რომ დედ-მამა ახლოსაა. გამოღვიძების კიდევ ერთი გავრცეოლებული მიზეზი ცუდი სიზმრებია. თუ თქვენმა პატარამ ღამით ტირილით გაიღვიძა, მოეფერეთ, სიზმარი მოაყოლეთ, მერე დაამშვიდეთ და დააძინეთ.

ცუდი სიზმრები ამ ასაკში ხშირია. მათი წყაროა დღის განმავლობაში განცდილი შიში, აგრესია, მძიმე შთაბეჭდილებები, რომლებიც ძილის დროს ამოტივტივდება არაცნობიერიდან.

აუხსენით პატარას, რომ ცუდ სიზმრებს ყველა ხედავს, რომ ისინი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია, რომ სიზმარში ნანახი ბუა ვერაფერს დაუშავებს. იმის ცოდნა, რომ მხოლოდ თვითონ არ არის ამ სიტუაციაში, პატარას ძალიან დაამშვიდებს.

დისციპლინა

მშობლის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა, ასწავლოს ბავშვს ცუდი და კარგი ქცევის გარჩევა, ეს კი ერთ დღეში არ ხდება. ამის სწავლება ადრეული ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ და, რაც მთავარია, მტკიცედ მისდიოთ თქვენსავე შემოღებულ წესებს – არ შეიძლება, ერთ დღეს დართოთ პატარას ფეხშიშველა სიარულის ნება, მეორე დღეს კი არა. ამით უფრო მეტად დააბნევთ. 3-4 წლის ბავშვს უკვე შეუძლია მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ამიტომ მშრალი მითითებების ნაცვლად აუხსენით, რატომ უნდა აალაგოს თავისი სათამაშოები – იმიტომ, რომ თუ თავის ადგილს არ მიუჩენს, შესაძლოა დაეკარგოს ან გაუფუჭდეს.

3-4 წლის ბავში უკვე აცნობიერებს, რომ ცუდად იქცევა, როცა არ გიჯერებთ, წესს არღვევს ან რამეს აფუჭებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ გაცნობიერებულ პროტესტს თავისი მიზეზი აქვს (უპირატესად  – მშობლის ყურადღების ნაკლებობა, თუ, მაგალითად, დედა ორსულადაა ან ორივე მშობელი გვიანობამდე მუშაობს). ბავშვი შესაძლოა ვერ ხვდებოდეს, რა უბიძგებს მას ცუდად მოქცევისკენ, მაგრამ იმას ნამდვილად ხვდება, რომ უფროსების მოთხოვნას არ ასრულებს.

ამის თავიდან ასაცილებლად ასწავლეთ პატარას ემოციების გამოხატვა. ხშირად ჰკითხეთ, რას გრძნობს, რა მოსწონს, რა – არა. თუ ცუდად იქცევა (მაგალითად. მშობელს ურტყამს), უთხარით, რომ ის ახლა გაბრაზებულია და სთხოვეთ აგიხსნათ, რამ გააბრაზა. გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ბავშვი სწრაფად ვითარდება, საკუთარ ემოციებსა და გრძნობებში ჯერ კიდევ ვერ ერკვევა ან არ იცის, ისინი სიტყვებით როგორ გადმოსცეს. ელაპარაკეთ, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. აუხსენით ბავშვს, რომ ხშირად უფროსებიც არიან უგუნებოდ, მოწყენილები, გაბრაზებულები, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ ცუდი ემოცია სხვებს კი არ უნდა გადასდონ, არამედ რამე სასიამოვნო მოიფიქრონ და განწყობა გამოიკეთონ.

თუ იმ მომენტში პატარა არ შეწყვეტს ცუდად მოქცევას, გამოიყენეთ წუთშესვენების (ტიმე-ოუტ) პრინციპი – სხვა ოთახში გაიყვანეთ და რამდენიმე წუთით დატოვეთ, ოჯახის წევრებისგან, ტელევიზორისგან, სათამაშოებისგან მოშორებით. როცა წუთშესვენება დამთავრდება, აუხსენით, რით იყო მისი საქციელი მიუღებელი.

ახალ წესებს ბავში აუცილებლად დაარღვევს. ამით ის თქვენს მოთმინებას და ნებისყოფას ამოწმებს (ნამდვილად გაუბრაზდებიან თუ არა, თუ დედმამიშვილს ჩაარტყამს ან უკბენს), ამიტომ არ დაიზაროთ და ხშირად შეახსენეთ, რატომ უნდა მოიქცეს კარგად. ასეთი თანმიმდევრულობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, იმაზე გაცილებით მალეც კი, ვიდრე გგონიათ.

მგზავრობის წესები

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო მოუსვენარი და ცნობისმოყვარე ხდება, ამიტომ მგზავრობის დროს ტრანსპორტში მისი უსაფრთხოდ გაჩერება პრობლემად იქცევა. შესაძლოა იტიროს, იყვიროს, ჩაარტყას კიდეც უფროსს, თუ ბავშვებისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩასმა დაუპირეს. ამ დროს თქვენი და ბავშვის უსაფრთხოებაა მთავარი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაჰყვეთ მის ჭირვეულობას და არ დაარღვიოთ უსაფრთხოების წესები. ნებისმიერ ფასად გადაატანინეთ ბავშვს ყურადღება – მიეცით სასუსნავი, სათამაშო, თუ შესაძლებელია, თვითონაც მიუჯექით გვერდით.

გახსოვდეთ, რაც უნდა მოკლე მარშრუტზე მოძრაობდეთ, პატარას საბავშვო სავარძელში ჩასმა აუცილებელია!

სტატისტიკურად, მშობლებს ავტოსაგზაო შემთხვევები საცხოვრებლიდან 10 კმ-ის რადიუსში მოსდით, თანაც საკმაოდ დაბალი, 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს. თუ ბავშვი აპროტესტებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მანამდე არ დაძრათ მანქანა, სანამ არ დამშვიდდება და არ დაგემორჩილებათ. თუ მოძრაობის დროს როგორღაც გაითავისუფლა თავი, მაშინვე გააჩერეთ მანქანა, თავის ადგილას დაბრუნეთ და ღვედები გულდასმით შეუკარით.

შორ მანძილზე მგზავრობისას ეცადეთ, რაც შეიძლება მოკლე და მარტივი მარშურუტი აირჩიოთ.

ფრენისას მოიძიეთ პირდაპირი რეისი, რადგან გადაჯდომა დამატებითი სტრესია ბავშვისთვის.

შეეცადეთ, მგზავრობა ბავშვის ძილის დროს დაამთხვიოთ – ისიც ნაკლებად შეწუხდება და თქვენც.

არ დაგავიწყდეთ 1-2 ხელი სუფთა გამოსაცვლელი ტანსაცმლის, სეზონის შესაბამისი გადასაფარებლის, ჯანსაღი სასუსნავის და წყლის თან წაღება (თუნდაც ავიაკომპანიის მომსახურებაში კვებაც შედიოდეს).

მგზავრობისას ჩააცვით პატარას მოხერხებული და ფერადი სამოსი, რომ კომფორტულადაც იგრძნოს თავი და ადვილადაც იპოვოთ თვალით, თუ ხალხში გაერევა.

კარგი იქნება, თუ პატარას ჯიბეში ჩაუდებთ წერილს, რომელშიც მშობლების სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი იქნება მითითებული. ასწავლეთ, რომ თუ დაიკარგა, ვინმე უფროსს აჩვენოს ეს წერილი, რათა მალე იპოვოთ ერთმანეთი.

გამოცხადდით აეროპორტში ან სადგურში იმაზე ადრე, ვიდრე ბილეთზეა მითითებული.

თან იქონიეთ ბავშვის საყვარელი სათამაშო ან წიგნი, რომ გზაში გაართოთ.

 სესილი ცირეკიძე

გააზიარე: