როგორ ვიმგზავროთ ორსულობის დროს

გააზიარე:

სამედიცინო საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ორსულობა  ქალის ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა. თუ ის ნორმალურად მიმდინარეობს, ორსულს შეუძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვეს, მაგრამ თავს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ამიერიდან საკუთართან ერთად შვილის ჯანმრთელობაზეც აგებს პასუხს.

შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ მომავალ დედას, პირადი თუ სამსახურებრივი მიზეზით, სადმე გამგზავრება მოუხდეს. რამდენად სახიფათოა მისთვის ავტომობილით ხანგრძლივი მგზავრობა ან ფრენა? ხომ არ ავნებს კლიმატური და სასაათო სარტყლის შეცვლა? თუ გაინტერესებთ, კითხვა განაგრძეთ.

ექიმთან ვიზიტი

კარგი იქნება, თუ გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე გინეკოლოგთან მიხვალთ და გეგმურ გამოკვლევას ჩაიტარებთ გართულებებისა და უკუჩვენებების გამოსარიცხად. გაითვალისწინეთ: მე-11-დან მე-14 კვირამდე ყველა ორსულმა უნდა გაიაროს პირველი სკრინინგი, რომელიც აუცილებელია ორსულობის მიმდინარეობისა და ნაყოფის განვითარების შესაფასებლად. მეორე სკრინინგი ორსულობის მე-18-დან 21 კვირამდე ტარდება. თუ ექიმი დაადასტურებს, რომ რისკი მინიმალურია და ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, მოითხოვეთ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100), რომელიც საზღვრის გადაკვეთისას დაგჭირდებათ. ქვეყნიდან გამგზავრებისას მიზანშეწონილია შეიძინოთ გაფართოებული ტურისტული დაზღვევაც, რათა საჭიროების შემთხვევაში უცხოეთში სამედიცინო სერვისის მიღება გაგიადვილდეთ.

საუკეთესო პერიოდი  

თუ ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, სამოგზაუროდ წასვლა მეორე ტრიმესტრში ჯობია. უფრო ადრეულ ვადაზე ხანგრძლივი მგზავრობა ყველა ორსულისთვის არ არის რეკომენდებული – ქალს შესაძლოა აწუხებდეს გულისრევისა და ღებინების შეტევები, მომატებული დაღლილობა და თავის ტკივილი. გარდა ამისა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მომავალი დედა თავს უნდა გაუფრთხილდეს.

მე-14-23-ე კვირა ორსულობის ყველაზე მშვიდ და მგზავრობისთვის შედარებით უსაფრთხო პერიოდად მიიჩნევა.

ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას 31-ე კვირიდან ქალაქგარეთ გასვლა არ არის სასურველი, მრავალნაყოფიანი ორსულობის, დამძიმებული ანამნეზის (შეწყვეტილი ორსულობა, ნაადრევი მშობიარობა, სერიოზული გინეკოლოგიური დაავადებები), ავტოიმუნური და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კი მიზანშეწონილია, მგზავრობას უკვე 28-ე კვირიდან ვერიდოთ.

ტრანსპორტი

თუ ორსულობას გართულებები არ ახლავს თან, მე-20 კვირამდე მგზავრობა ნებისმიერი ტრანსპორტით შეიძლება, 26-28-ე კვირიდან უნდა ერიდოთ ფრენას, ხოლო 36-ე კვირიდან ხანგრძლივი მგზავრობა არც ერთი ტრანსპორტით არ არის სასურველი.

შორ მანძილზე გადაადგილება ყველაზე მოხერხებულია თვითმფრინავით, მაგრამ აფრენისა და დაფრენის დროს წნევის მკვეთრმა ცვალებადობამ შესაძლოა ავნოს ორსულს. სისხლდენა, პლაცენტის აცლა და  ნაადრევი მშობიარობაც კი არ არის გამორიცხული. დღეს ბევრი ავიაკომპანია ორსულობის გვიან პერიოდში ფრენაზე ექიმის ოფიციალურ ნებართვას ითხოვს (ამასთან, საბუთი კვირაზე მეტი ხნის არ უნდა იყოს), ხოლო ზოგიერთი ამ ცნობის მქონე ქალებსაც კი არ იღებს ბორტზე. ასე რომ, გამგზავრებამდე აუცილებლად გაარკვიეთ ეს საკითხი.

საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობა საფრთხილოა ტყუპზე ორსულობის, მწვავე ანემიის, დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ნაადრევი მშობიარობის რისკის დროს.

შორ მანძილზე მგზავრობისას სასურველია საათში ერთხელ იმოძრაოთ და დღის პირველ ნახევარში მიიღოთ დაახლოებით 1.5 ლიტრი სითხე. სწორედ ეს არის მატარებლის უპირატესობა – ვაგონში თავისუფლად შეიძლება გადაადგილება და საპირფარეშოთი სარგებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ, პატარა სივრცეში დიდხანს ყოფნა, ხანგრძლივი ხმაური და ვიბრაცია ორსულისთვის დამღლელია.

კერძო ავტომობილით გადაადგილება მიზანშეწონილია შედარებით ნაკლებ მანძილზე – 800-1000 კილომეტრზე. ორსული უმჯობესია უკანა სავარძელზე დაჯდეს, რომელიც უფრო უსაფრთხოდ არის მიჩნეული. ზურგი რომ არ დაგეღალოთ და აგტკივდეთ, ბალიში ამოიდეთ. თუ მგზავრობა რამდენიმესაათიანია, 2 საათში ერთხელ მანქანა 15 წუთით გააჩერებინეთ, გადმოდით  და გაიარ-გამოიარეთ, 4 საათში ერთხელ კი შეჩერდით სრულფასოვანი სადილისა და დასვენებისთვის. თუ საჭესთან თავად ზიხართ, ნუ ატარებთ მანქანას საათზე მეტხანს, ღამით მგზავრობას კი ყველანაირად ერიდეთ. აუცილებლად შეიკარით უსაფრთხოების ღვედი, მაგრამ მუცელზე არ გადაიჭიროთ – მუცლის ქვემოთ, მენჯზე გადაიტარეთ. ძალიან კარგია, თუ მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშებით. თუ საჭის რეგულირება შესაძლებელია, ეცადეთ, რაც შეიძლება მაღლა დააყენოთ, რომ მუცელს არ ეხებოდეს და უსაფრთხოების ბალიშის გახსნის შემთხვევაში დარტყმა გულმკერდმა მიიღოს.

დანიშნულების ადგილი

მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან 1000 მეტრზე მეტით მაღლა ასვლა ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული – წნევის მკვეთრმა ცვლილებამ, ჟანგბადის უკმარისობამ, მაღალმა ტენიანობამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. მთის კურორტზე დასვენების დროს მომავალი დედა უნდა ერიდოს გადახურებას და გაციებას. დიდხანს სიარული და მძიმე ტვირთის ზიდვა, რასაკვირველია, არ არის სასურველი. ლაშქრობისას თუ დასვენებისას წინასწარ მოიძიეთ სამედიცინო პუნქტი და მის ახლოს დაბინავდით.

ერიდეთ ცხენზე ჯდომას,  მით უფრო – ჯირითს.

საქართველოს მთის მდინარეები სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი, მაგრამ წყალში ჩასვლისას გასათვალისწინებელია მისი ტემპერატურა და ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ერიდეთ წყალსატევებსა და ტბორებს.

ორსულებისთვის განსაკუთრებით კარგია ისეთ კურორტებზე დასვენება, სადაც მრავლად არის მინერალური წყაროები და მარილის მღვიმეები.

დანიშნულების ადგილას ჩასვლის დღეს შინიდან გამოსვლამდე ერთი საათი მაინც უნდა დაისვენოთ, რომ ორგანიზმი შეეგუოს ახალ კლიმატურ პირობებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთზე მეტი სასაათო სარტყელი გადაკვეთეთ. ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევისას უპირატესობა მიანიჭეთ ძილს: დაწექით ადრე, ადექით გვიან. აქაც სასურველია, ისეთი ადგილი მოძებნოთ დასაბინავებლად, რომელიც ახლოს არის ქალაქთან ან სამედიცინო დაწესებულებასთან.

თუ აკლიმატიზაცია (ძილის დარღვევა, თავბრუხვევა, ადვილად დაღლა, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა) სამ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ესე იგი კურორტი თქვენს ორგანიზმს არ უხდება და უმჯობესია, დატოვოთ.

დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია სუფთა ჰაერი, მზე, სწორი კვება და წყალი. ზღვის ჰაერი მდიდარია უარყოფითად დამუხტული იონებით. ასეთი ჰაერისა და სინათლის აბაზანები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და მთელ ორგანიზმზე. სხეულზე მზის პირდაპირი სხივების სამკურნალო ზემოქმედება (ჰელიოთერაპია) ააქტიურებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას), აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციობას, ზრდის D ვიტამინის გამომუშავებას. ყველაფერთან ერთად, ჰელიოთერაპია ნაყოფის რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაცაა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნოკონფლიქტური დედებისთვის, აგრეთვე – ისეთ რეგიონებში მცხოვრები ორსულებისთვის, სადაც მზე იშვიათია.

მომავალი დედისთვის  ერთნაირად მავნეა მზის სხივების უკმარისობაც და სიჭარბეც. ზაფხულის მზესთან სიფრთხილე აუცილებელია – შესაძლოა დაიწვათ ან გადახურდეთ (სითბური დაკვრა მიიღოთ). სამხრეთის ქვეყნების კურორტებზე მზე საკმაოდ აგრესიულია, რაც უფრო მეტად ტვირთავს ორსულის ისედაც გადაღლილ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს. მზეზე გადახურებისას მოსალოდნელია გულყრაც. სიცხეში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა და  პიგმენტური ლაქები, რომლებთან ბრძოლაც ძალიან ძნელია, ამიტომ 11-დან 17 საათამდე ორსულს მზის გულზე ყოფნა ეკრძალება.

ცურვა ორსულისთვის ძალიან სასარგებლოა. ის აუმჯობესებს სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვანი სისტემების მუშაობას. წყალში მოძრაობა ადვილია, რადგან იკარგება საკუთარი წონის შეგრძნება. იონებით გაჯერებული ზღვის წყალი აღწევს ორგანიზმში და გამაჯანსაღებელ-მატონიზებელ ზემოქმედებას ახდენს. ზღვის ტალღების ჰიდრომასაჟი ხელს უწყობს კანქვეშა ქსოვილიდან სითხის სისხლძარღვებში გადასვლას და ამგვარად ხელს უშლის სხეულის შეშუპებას.

ერიდეთ ეგზოტიკურ ქვეყნებს

ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული აფრიკასა და აზიაში მოგზაურობა. ჯერ ერთი, მძიმეა აკლიმატიზაციის პერიოდი, უჩვეულოა საჭმელი და სასმელი. გარდა ამისა, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში დიდია საფრთხე, მძიმე ინფექციური დაავადება შეგხვდეთ. რისკის შესამცირებლად წინასწარ იტარებენ შესაბამის ვაქცინაციას, მაგრამ, მაგალითად, პროფილაქტიკისთვის მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება ორსულობის პირველ სამ თვეს დაუშვებელია.  გარდა ამისა, ვაქცინაცია ვერ დაგიცავთ დიარეისგან, რომელიც მოგზაურთა 60%-ს აღენიშნება და ორსულობისას შესაძლოა საკმაოდ საშიშიც იყოს. უმჯობესია, ამ ქვეყნებში მოგზაურობა ლოგინობის ხანის დასრულებამდე გადადოთ.

მარი მარღანია

გააზიარე: