იდეალური კანი მენოპაუზის შემდეგ

გააზიარე:

მენოპაუზა გარდაუვალია ქალისთვის. ის სიბერესთან ასოცირდება, რაც ბუნებრივია, რადგან რეპროდუქციული ფუნქციის ჩაქრობას თან ახლავს გარეგნული ცვლილებებიც. ყველაზე შესამჩნევ ცვილებებს კი კანი განიცდის.

მაინც როგორ რეაგირებს კანი მენოპაუზაზე? 

პირველი ცვლილებები უკვე პერიმენოპაუზის პერიოდში – რეპროდუქციული ასაკიდან მენოპაუზისკენ გარდამავალ ფაზაში – იჩენს თავს. ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის, დონის კლებამ შესაძლოა ჰორმონული აფეთქება გამოიწვიოს, რაც აკნეთი გამოიხატება. გამონაყარი უმთავრესად ნიკაპისა და ყბის ხაზის გასწვრივ ჩნდება.

მომდევნო ეტაპზე სასქესო ჰორმონების სეკრეცია კიდევ უფრო იკლებს.

ესტროგენი სხვა ჰორმონებთან ერთად კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნაში მონაწილეობს. სწორედ ეს ორი ნივთიერება ანიჭებს კანს სიმკვრივეს და ელასტიკურობას. როცა ესტროგენის სინთეზი იკლებს, კოლაგენისა და ესტროგენის ბოჭკოები არასტაბილური ხდება, კანი ეშვება და თხელდება.

კოლაგენს კანში ტენის შენარჩუნებაც ევალება, ამიტომ მის კლებას თან სდევს გაუწყლოებაც – კანი კარგავს წყლის შეკავების უნარს, შრება და სკდება. კანის გამოშრობას ხელს უწყობს ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის წარმოქმნის შემცირებაც.

ყველაფერთან ერთად, ჰორმონული ცვლილებების შედეგად ირღვევა პიგმენტაცია და სახეზე, უმეტესად – ყვრიმალებთან და ნიკაპზე, ჩნდება თმა. თმის ღერები თხელდება, ფრჩხილები მყიფე ხდება.

არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი ერთად დაგატყდეთ თავს, თუმცა კოლაგენის სინთეზის შემცირება მენოპაუზის პერიოდში გარდაუვალია, ამიტომ თუ აქამდე კანს ბევრ დროს არ უთმობდით, ამიერიდან ის მეტ ყურადღებას მოითხოვს.

სწორი მოვლა

როგორ გავხადოთ ნაკლებად შესამჩნევი მენოპაუზით გამოწვეული ცვლილებები კანზე?

1. არასწორი მოვლა კანის მდგომარეობას ხშირად აუარესებს. მაგალითად, უხეში წმენდა, ალკოჰოლის შემცველი გამწმენდი და მატონიზებელი საშუალებები კანს უფრო მეტ ტენსა და ცხიმს ართმევს და გამოშრობისკენ მის მიდრეკილებას აძლიერებს. მოიძიეთ ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს, პირიქით, დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა. უპირატესობა მიანიჭეთ მიცელარულ წყალსა და კოსმეტიკურ რძეს – ისინი კანს ფაქიზად აცლიან ჭუჭყს და მის ლიპიდურ შრეზე სუსტად მოქმედებენ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ დილა-საღამოს კანის საფუძვლიანი წმენდა აუცილებელია.

კანი შესაძლოა ხშირმა პილინგმაც გამოაშროს, ამიტომ კვირაში ერთ–ორ პროცედურას ნუ გადააჭარბებთ და ისინიც მსუბუქი საშუალებებით ჩაიტარეთ, რათა კანს მკვდარი უჯრედები მოაცილოთ და ფორები დახშობას გადაარჩინოთ. პილინგი სისხლის მიმოქცევასაც ააქტიურებს, რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს უჯრედების განახლებას.

2. აქცენტი კანის დატენიანებაზე დასვით, დატენიანება კი შრატით დაიწყეთ. ის გაცილებით სწრაფად შეიწოვება კანში, თანაც უფრო ღრმად, ვიდრე დამატენიანებელი კრემი. საუკეთესოა შრატი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ეთერზეთებს, რეტინოლსა და ფიტოესტროგენებს. კარგი გამამკვრივებელი ეფექტი აქვს C ვიტამინის შემცველ შრატს, რომელიც, ყველაფერთან ერთად, პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებაცაა. შრატი დილა-საღამოს გამოიყენეთ.

3. შრატის წასმიდან 10-15 წუთის შემდეგ გადაისვით დამატენიანებელი კრემი (არ დაგავიწყდეთ: სახის კანისთვის განკუთვნილი კრემის თვალების გარშემო წასმა არ არის რეკომენდებული, ამ მიდამოსთვის სპეციალური საშუალებები არსებობს) – უმჯობესია, ისეთი, რომელშიც მეტი წილი ცხიმი და სხვა აქტიური დამატენიანებელი საშუალებებია. კრემში ცხიმის შემცველობა აუცილებელია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის ტენის შემაკავებელ კომპონენტებს უნდა შეიცავდეს. ამ უკანასკნელთაგან საუკეთესოა გლიცერინი, ჰიალურონი, შარდოვანა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ დღის კრემს აუცილებლად ჰქონდეს მზისგან დამცავი ფაქტორიც, ღამის კრემის შემადგენლობაში კი უნდა შედიოდეს უფრო აქტიური აღმდგენი, მკვებავი და დამატენიანებელი ნივთიერებები.

აქტიური კომპონენტები

კანის მოვლის საშუალებებში შემავალი აქტიური კომპონენტები ნაწილობრივ მაინც ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ნივთიერებათა ცვლას.

. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰილურონის მჟავა. მას კანი ბუნებრივადაც შეიცავს. ჰიალურონის მჟავა ავსებს სივრცეს კოლაგენის ბოჭკოებს შორის და შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის შეკავება, რითაც ხელს უწყობს სავსე, პრიალა, გლუვი კანის შენარჩუნებას. კოლაგენთან ერთად მისი რაოდენობაც იკლებს, ამიტომ გარედან უნდა მივაწოდოთ კანს.

. უპირატესობას ვანიჭებთ დაბალი მოლეკულური მასის მქონე ჰილურონის მჟავას, რადგან ის ადვილად შეიწოვება კანში და ტენით მის ღრმა ფენებს ამარაგებს.

. C და E ვიტამინები, რომლებიც ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება, ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას, დაზიანებისგან იცავს უჯრედებს და კანის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ამიტომ მათი შემცველობაც აუცილებელია.

. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია რეტინოლი, იგივე A ვიტამინი. ის ააქტიურებს შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმს, კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას, ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას, პიგმენტური ლაქების გაბაცებას. შესამჩნევად აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას და უჯრედების განახლების პროცესშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

. ცერამიდები ან კერამიდები კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას მატებს და წვრილ ნაოჭებს ამცირებს.

. პეპტიდები – ხელს უწყობს კანში კოლაგენის სინთეზს და ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას.

ზოგიერთი მწარმოებელი მენოპაუზის პერიოდში კანის მოსავლელად ფიტოესტროგენების შემცველ კრემებს გვთავაზობს. ფიტოესტროგენებს სოიისგან ან იამსის ფესვისგან იღებენ. ისინი კანში არსებულ იმავე რეცეპტორებს უკავშირდებიან, რომლებსაც ბუნებრივი ჰორმონები და, იდეალურ შემთხვევაში, ხელს უწყობენ ახალი კოლაგენის წარმოქმნას. თუმცა ფიტოესტროგენების ეფექტიანობის შესახებ სტანდარტიზებული მონაცემები არ არსებობს.

მოვლის პროცედურები

კანის სიმტკიცისა და ელასტიკურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ესთეტიკური პროცედურებიც, მაგალითად, უკვე კარგად ცნობილი ინექციური მეთოდები – ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი. მათი წყალობით კანი კარგად ნოტივდება, ძლიერდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა, სიმკვრივე და ტურგორი.

ძალზე შედეგიანია ულთერაპია. ის ხელს უწყობს კანის ზედაპირული კუნთოვანი შრის აღდგენას. ულტრაბგერითი ტალღები კანის ღრმა ფენებშიც კოლაგენის ძლიერ სტიმულაციას იწვევს, რაც ლიფტინგის შესანიშნავ ეფექტს იძლევა – ამცირებს ნაოჭებს და სიმტკიცეს სძენს კანს.

კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას ასტიმულირებს ეგრეთ წოდებული მიკრონიდლინგი: სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით კანის ზედაპირულ ფენას წვრილი ნემსებით ჩხვლეტენ.

სილამაზე შიგნიდან

და მაინც, კანის მოვლის საუკეთესო საშუალება თქვენს ხელთაა. ეს თქვენი ცხოვრების სტილია. კვებას ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება, მენოპაუზის პერიოდში კი – განსაკუთრებით. სწორი და დაბალანსებული კვების მნიშვნელოვანი ნაწილია ხილი და ბოსტნეული. ისინი ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებენ, ანაყრებენ და, იმავდროულად, კალორიებით არ ტვირთავენ ორგანიზმს. დღეში რამდენიმე სახეობის 2-3 ულუფა ხილ–ბოსტნეული არა მარტო კანს, არამედ მთელ სხეულს წაადგება. იცოდით, რომ აზიელ (მაგალითად, იაპონელ) ქალებს კლიმაქსური სინდრომი გაცილებით სუსტად აქვთ გამოხატული, ვიდრე ევროპელებს? ეს სოიის დამსახურებაა, რომელიც აზიური სამზარეულოს ძირითადი კომპონენტია. მასში შემავალ იზოფლავონებს ესტროგენების მსგავსი მოქმედება ახასიათებს, ამიტომ სოია, სოიის რძე თუ ტოფუ (სოიის ყველი) საუკეთესო საკვებად მიიჩნევა მენოპაუზის დროს.

ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში რძე და რძის ნაწარმი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კი მჭლე ხორცი და თევზი მიირთვით.

წყალი სასარგებლოა, ეს ყველამ იცის, მაგრამ მენოპაუზის პერიოდში მეტი ყურადღებით მოეკიდეთ სითხის მიღებას: საკმარისი რაოდენობის სითხე ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ამასთან, ერიდეთ ყველაფერს, რაც კანს უფრო მეტად გამოაშრობს და მოადუნებს: ცხელ აბაზანებს, ჭარბ ალკოჰოლს, თამბაქოს, მზის აბაზანებს... ბევრი იმოძრავეთ და შეინარჩუნეთ ცხოვრების ატიური სტილი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: