სიცოცხლის მეოთხე წელი
გააზიარე:
(პირველი ნაწილი)
სამი წლისთვის ხასიათი და ქცევა უკვე ჩამოყალიბებულია. იწყება მშვიდობიანი პერიოდი – თუ აქამდე ბავშვს მუდმივად ცვალებადი და არაპროგნოზირებადი განწყობა ჰქონდა, ამიერიდან შეგიძლიათ მოდუნდეთ და დააკვირდეთ, უფრო და უფრო როგორ ემსგავსება მისი ქცევა ზრდასრული ადამიანისას.
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო დამოუკიდებელი ხდება და, ამასთან ერთად, ემპათიურიც სხვა ბავშვების მიმართ. ეს შესანიშნავი ასაკია იმისთვის, რომ პატარა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და წრეებს (ბაღი, ცეკვა, ხატვა, ტანვარჯიში...) აზიაროთ – არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ სოციალურ ურთიერთობებში გარკვევის მიზნითაც.
ამ დროისთვის ბავშვი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ შეუძლია, თვითონვე იზრუნოს საკუთარ ჰიგიენაზე. მოძრაობები უკვე ისე აქვს დახვეწილი, რომ შეუძლია, ორგანიზებულ თამაშებშიც ჩაერთოს.
სამი-ოთხი წლის ბავშვის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ამიტომ ხშირად წააწყდებით თავისივე გამოგონილ თამაშში გართულს.
ოთხი წლისთვის პატარა უკვე გამართულად ლაპარაკობს, ფლობს ბევრ გრამატიკულ ნიუანსს და დღითი დღე იმდიდრებს ლექსიკონს. მეტყველების განვითარება დიდ გავლენას ახდენს მის ქცევაზეც, რადგან ბავშვს ამიერიდან უკვე შეუძლია თავისი სურვილისა თუ უკმაყოფილების სიტყვიერად გამოხატვა, ნაცვლად იმისა, რომ ვინმეს რამე წაართვას, ჩაარტყას ან იტიროს.
ამ დროისთვის მშობლისა და შვილის ურთიერთობაც რადიკალურად იცვლება. ემოციურად ბავშვი თავს უკვე დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვამს. როცა მშობელი მოწყენილია, მის გამხიარულებას, მოწყენილობის მიზეზის გაგებას, დახმარებას ცდილობს; როცა მშობელი ვინმეზე ბრაზობს, შესაძლოა, თავადაც გამოხატოს ბრაზი ამ ადამიანის მიმართ.
სამი-ოთხი წლის პატარები ყველანაირად ცდილობენ, მოიგონ უფროსების გული, თუმცა მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ მათთან – თუ რამეს სთხოვთ, სამაგიეროს მოითხოვენ. შესაძლოა, ეს გამაღიზიანებელი მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში ბავშვის ნორმალური განვითარების მაჩვენებელია – იმაზე მიუთითებს, რომ პატარას სამართლიანობის განცდა აქვს.
ფიზიკური განვითარება
ბავშვის სხეული აგრძელებს ჩვილობის დროინდელი ცხიმოვანი ქსოვილის კარგვას, კუნთოვან ქსოვილს კი იმატებს, რის გამოც მისი აღნაგობა უფრო და უფრო ემსგავსება მოზრდილისას. კიდურები თხელდება და გრძელდება, სხეულის ზედა ნაწილი ვიწროვდება და ტრაპეციის ფორმას იღებს. ზოგი ბავშვი სიმაღლეს უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე წონას, ამიტომ შესაძლოა, გამხდარი მოგეჩვენოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე სჭირს; დროთა განმავლობაში კუნთოვანი მასა განუვითარდება და შესახედაობაც შეეცვლება.
სკოლამდელ ასაკში ზრდის ტემპი რამდენამდე დაბალია; სამიდან ოთხ წლამდე პატარა 2-3 კილოგრამს და 8-9 სმ-ს იმატებს.
საზოგადოდ კი ორი წლიდან ბავშვების წონაც და სიმაღლეც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. მშობელი ამან არ უნდა დააბნიოს. თუ პატარა ორივე პარამეტრს თავისთვის დამახასიათებელი ტემპით იმატებს, სანერვიულო არაფერი გაქვთ.
სკოლამდელ ასაკში სასურველია, ბავშვი წელიწადში ორჯერ აწონოთ და გაზომოთ. თუ, მაგალითად, წონას უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე სიმაღლეს, შესაძლოა ჭარბ წონასა და გაცხიმოვნებასთან გვქონდეს საქმე; თუ 6 თვის განმავლობაში სიმაღლე არ მოუმატია, დარღვევაა სავარაუდო და ექიმს უნდა მიმართოთ.
ამ პერიოდში სახის მოყვანილობაც იცვლება. სახის ოვალი გრძელდება, ქვედა ყბა მეტად იკვეთება, ზედა ყბა კი ფართოვდება, რათა მუდმივი კბილებისთვის ადგილი გათავისუფლდეს.
მოძრაობა
სამი წლიდან ბავშვი აღარ არის კონცენტრირებული სიარულის, დგომისა თუ სირბილის მექანიზმებზე. მოძრაობები უფრო მოქნილი და დახვეწილი უხდება. დადის გამართული, მხრები უკან აქვს გადაწეული, მუცელი კი, პრესის კუნთების განვითარების ხარჯზე, სწორად უკავია. სიარულისას ფეხს სწორად ადგამს (ჯერ – ქუსლს, შემდეგ – თითებს), ნაბიჯები თანაბარი სიგრძისა და სისწრაფისაა. ამ ასაკში უკვე სამბორბლიანი ველოსიპედის ტარებაც კი შეუძლია. თუმცა ჯერ ყველა მოძრაობას ერთნაირად კარგად ვერ ასრულებს; უჭირს ცალ ფეხზე დგომა და თითის წვერებზე აწევა, თუ რამეს არ ეყრდნობა; უჭირს მისკენ ნასროლი ბურთის დაჭერა, თუმცა თუ ხელებს საკმარისად გაშლის, დიდი ბურთის დაჭერა არ უნდა გაუჭირდეს.
სამი წლის ასაკში ბავშვი ისეთივე აქტიურია, როგორიც წინა წლებში, თუმცა ამჯერად სირბილზე მეტად თამაში აინტერესებს, კიბეზე აცოცების ნაცვლად – ველოსიპედით სეირნობა... ამ პერიოდში პატარებს მოსწონთ დაჭერობანა, დამალობანა, ბურთაობა, ქვიშის ფიგურების შექმნა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვი გამუდმებით მოძრაობს. იქ, სადაც სიტყვიერი მარაგი არ ჰყოფნის, ცდილობს, სათქმელი მოძრაობით გადმოსცეს. მაგალითად, თუ თვითმფრინავზე ლაპარაკი სურს, ხელებს გაშლის და ფრენის იმიტაციას მოახდენს. ასეთი აქტიურობა უფროსისთვის ხშირად დამღლელი და გამაღიზიანებელია, მაგრამ პატარები ასე სწავლობენ, ასე შეიმეცნებენ სამყაროს.
ვინაიდან სამი წლის ბავშვს თვითკონტროლის, განსჯისა და კოორდინაციის უნარი ჯერ სათანადოდ არ აქვს განვითარებული, თამაშისა თუ სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დროს უფროსის მეთვალყურეობა მისთვის აუცილებელია, მაგრამ მუდმივი ზედამხედველობა და ყველაფერში ჩარევა ზედმეტია. პატარ-პატარა ნაკაწრები, გადაცქვლეფილი მუხლები გარდაუვალია და საჭიროცაა, რათა ბავშვმა თავისი ფიზიკური საზღვრები შეიცნოს.
პატარას მცირე ხნით უმეთვალყურეოდ დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ის თავის ოთახში (საზოგადოდ, ნებისმიერ უსაფრთხო გარემოში) მარტო თამაშობს.
ხელისა და თითების მოძრაობა
სამი წლისთვის ბავშვს კუნთების კონტროლისა და კონცენტრაციის უნარი უვითარდება. შეამჩნევთ, რომ თითებს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან შეწყობილადაც ამოძრავებს. ეს საშუალებას აძლევს, კალამი თუ ფანქარი მთელი მტევნით კი არ ჩაბღუჯოს, არამედ მოზრდილივით დაიჭიროს ხელში. ამ ასაკში პატარას უკვე შეუძლია მარტივი გეომეტრიული ფორმების – წრის, სამკუთხედის, ოთხკუთხედის – მოხაზვა. ამავე პერიოდში უჩნდება ინტერესი ფურცლების, მაკრატლის, ფერადი ფანქრების, თიხის, პლასტილინის მიმართ. თავდაპირველად შესაძლოა ვერ მიხვდეს, რა უნდა უყოს ამ ნივთებს (მაგალითად, უმიზნოდ დაანაკუწოს ქაღალდი), მაგრამ დროთა განმავლობაში გაარკვევს მათ დანიშნულებას და სიამოვნებით გამოიყენებს დანიშნულებისამებრ.
თავისი “ნამუშევრების” თვალიერებისას შესაძლოა ზოგიერთი ფორმა რაიმე საგანს მიამსგავსოს (მაგალითად, “ეს ძაღლი მე დავხატე!”), მაგრამ ხატვისადმი მისი დამოკიდებულება თანდათან შეიცვლება – წინასწარ დაგეგმავს, რისი დახატვა სურს და ნახატს მაქსიმალურად მიამსგავსებს რეალობას.
სამი-ოთხი წლის ასაკში ბავშვს შეუძლია:
* დახატოს კაცუნა, რომელსაც სხეულის 2-4 ნაწილი აქვს;
* დაწეროს (გადაიხატოს) ასოები;
* გააფერადოს ნახატები;
* გამოიყენოს მაკრატელი;
* ააშენოს ქვიშისგან სახლი;
* 9 და მეტი კუბისგან ააგოს კოშკი;
* ჩაასხას წყალი ჭურჭელში;
* გამოიყენოს ჩანგალი;
* ჩააცვას და გახადოს ტანსაცმელი დიდ თოჯინას;
* გაიხსნას და შეიკრას დიდი ზომის ღილები;
* ააწყოს 4-6-ნაწილიანი პაზლი.
ამავე პერიოდში ბავშვებს შრომის იარაღების (ჩაქუჩის, სახრახნისის) და ელექტრომოწყობილობების (მიქსერის) მიმართ ინტერესიც უჩნდებათ. კარგი იქნება, თუ საშუალებას მისცემთ, თქვენი მეთვალყურეობით გული იჯერონ მათი გამოყენებით.
მეტყველების განვითარება
სამი წლისთვის ბავშვმა სამასზე მეტი სიტყვა იცის და უკვე შეუძლია სამ-ოთხსიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა. ხშირად იმეორებს უფროსების ფრაზებს. ეს ის პერიოდია, როცა პატარა გამუდმებით ტიტინებს. იცოდეთ, რომ ეს მეტყველების და, საზოგადოდ, გონებრივი განვითარების აუცილებელი ეტაპია. ასე სწავლობს ბავშვი ახალ სიტყვებს, ცნებებს, აზრებისა და გრძნობების გამოხატვას.
ბავშვის მეტყველების განვითარებაში მშობლის როლი საკმაოდ დიდია. დააკვირდით, რა სიტყვებს იყენებს თქვენი პატარა, რის გადმოცემას ცდილობს. შესაძლოა ნაცნობი საგნების სახელები იცოდეს, მაგრამ მაინც ხშირად გკითხოთ: “ეს რა არის?”. ნუ დაიზარებთ პასუხს. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა. მაგალითად, თუ ყვავილზე გეკითხებათ, უპასუხეთ: “ – ეს გვირილაა. მას ყვითელი გული და თეთრი ფურცლები აქვს, მინდორში ხარობს და გაზაფხულობით ამოდის”.
თქვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ეხმარება პატარას, გაითავისოს ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა თავისუფლება, სილამაზე, სიმდიდრე, რეალურად აღიქვას ის ნივთები, ცხოველები თუ ფრინველები, რომლებზეც მხოლოდ წიგნში წაუკითხავს (მაგალითად, წყალქვეშა ნავი, რაკეტა, მეფე, ჟირაფი, დინოზავრი).
თუ ღამით ურჩხული დაესიზმრა, სთხოვეთ, გიამბოთ სიზმარი. ჰკითხეთ, რა ფერისაა ურჩხული, სად ცხოვრობს, ჰყავს თუ არა მეგობრები. გარდა იმისა, რომ ფიქრებისთვის თავის მოყრაში დაეხმარებით, უცნობისა და უჩვეულოს შიშსაც გაუქარწყლებთ.
სამი წლის ასაკში ბავშვი ნაცვალსახელების გამოყენებას სწავლობს. "მე", "ჩემი", "შენ", "შენი" – რაც უნდა მარტივი გეჩვენებოდეთ ეს სიტყვები, ბავშვს მათი სწორად გამოყენება უჭირს, ვინაიდან ისინი იმ საზღვრებს გამოხატავს, რომლებთანაც ბავშვის საკუთრება მთავრდება და სხვისი იწყება. სწავლას ისიც ართულებს, რომ ნაცვალსახელები იცვლება იმის მიხედვით, ვინ საუბრობს. მაგალითად, პატარას ურჩევნია, "მეს" (ან "ჩემის") ნაცვლად საკუთარი სახელი თქვას, ხოლო მშობელი შენობით მიმართვის ნაცვლად დედიკოდ ან მამიკოდ მოიხსენიოს. ამ დროს თქვენმა შესწორებებმა შესაძლოა კიდევ უფრო დააბნიოს პატარა. ნაცვლად ამისა, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას, ილაპარაკეთ სწორად, გამოიყენეთ ნაცვალსახელები (მაგალითად, უმჯობესია უთხრათ: “მოდი ჩემთან” და არა "მოდი დედიკოსთან”). ეს ყოველივე ხელს შეუწყობს იმას, რომ ბავშვმა მშობელი მისი როლისგან დამოუკიდებელ ინდივიდად აღიქვას.
სამი-ოთხი წლის ასაკისთვის ბავშვი უკვე ისე გარკვევით მეტყველებს, რომ უცხოებსაც ესმით მისი. არის რამდენიმე თანხმოვანი, რომლებსაც შეიძლება ძალაუნებურად ურევდეს, მაგალითად, ბურთის ნაცვლად ამბობდეს "ბულთს", თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება. ნუ აიძულებთ პატარას, სწორად გაიმეოროს სიტყვები. უმჯობესია, ეს თავად გააკეთოთ. მაგალითად, თუ გთხოვთ, “ბულთი” გაუგოროთ, თქვენ ჰკითხეთ: "ბურთი გინდა?"
გონებრივი განვითარება
სამი წლის ბავშვები განუწყვეტლივ კითხულობენ: “რატომ?.. რატომ?... რატომ?...’’ – და ინტერესით ელიან პასუხებს. კითხვები უმეტესად ყოფით საკითხებს ეხება: “რატომ უნდა დავიბანო ხელები? რატომ უნდა ჩავიცვა თბილად?” ეცადეთ, მოკლე და ამომწურავი, მისთვის გასაგები პასუხები გასცეთ. არ არის სავალდებულო, მიზეზშედეგობრივი კავშირები აუხსნათ. ხანდახან საკმარისია, უთხრათ: “შენთვის ასე ჯობია”, “იმისთვის, რომ არ გაცივდე”.
თუმცა არანაკლებ აინტერესებთ აბსტრაქტული საკითხებიც: “საიდან ამოდის მზე? რატომ არის ცივი თოვლი? რატომ ყეფენ ძაღლები?” თუ პასუხი არ გაქვთ, არ მოგერიდოთ იმის თქმის, რომ არ იცით. შეაქეთ პატარა, ეს რა კარგი კითხვა დაგებადა-თქო და პასუხის ერთად ძებნა შესთავაზეთ. რაც უნდა აბსურდული მოგეჩვენოთ კითხვა (მაგალითად, “სად იძინებს მთვარე?”), დაანახეთ ბავშვს, რომ მის ინტერესს სერიოზულად ეკიდებით.
სამი წლიდან პატარას დროის აღქმა უვითარდება. ამიერიდან უკვე კარგად აღიქვამს თავის დღის რეჟიმს და ცდილობს, სხვების ყოველდღიურ რუტინაშიც გაერკვეს: თუ ძაღლი გყავთ, იცის, რომ მას დღეში რამდენჯერმე გასეირნება სჭირდება; ხვდება, რომ მშობლები განსაზღვრულ დროს გადიან შინიდან და განსაზღვრულ დროს ბრუნდებიან, ამიტომ შეიძლება, საღამოს ფანჯარასთან მომლოდინე დაგხვდეთ; არკვევს, რომ დაბადების დღე და სხვა დღესასწაულები წელიწადში ერთხელაა, იმახსოვრებს თავის დაბადების დღესა და ასაკს. თუმცა იმის შეგრძნება, რამდენ ხანს გრძელდება წელიწადი, ჯერ არ აქვს.
სოციალური განვითარება
სამი წლის ასაკში ბავშვი ნაკლებად ეგოისტია, ვიდრე წინა წლებში იყო. ის მშობლისგან უფრო დამოუკიდებელი ხდება, რაც მისი იდენტურობის გრძნობას აძლიერებს. აქამდე თუ ერთ სივრცეში მოხვედრილი ბავშვები უბრალოდ გვერდიგვერდ ისხდნენ, ამიერიდან უკვე ერთმანეთთან თამაშს იწყებენ. დროთა განმავლობაში პატარა აცნობიერებს, რომ ყველა მასავით არ ფიქრობს, რომ სხვებსაც აქვთ გრძნობები, მისგან განსხვავებული აზრები და სურვილები და ამ განსხვავებათა მიმართ ტოლერანტული ხდება. აღარ ბრაზობს, როცა მის საყვარელ სათამაშოს სხვა იღებს; თავადაც ითხოვს ნებართვას, როცა სხვისი მოწონებული ნივთით თამაში უნდა.
კონფლიქტს ყოველთვის ვერ ასცდებით, მაგრამ, წინა წლებისგან განსხვავებით, უკვე შეგიძლიათ აუხსნათ პატარას, რომ სხვა ბავშვებსაც აქვთ უფლება, იმავე სათამაშოთი ითამაშონ და რომ ყველა თავისი ჯერი ეკუთვნის. შეგიძლიათ, ალტერნატიული გასართობიც შესთავაზოთ (სანამ სხვა სათამაშოთი თამაშობს, თავად ხატოს ან გააფერადოს).
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აგვარებენ პრობლემებს თავად მშობლები. ბავშვი ყოველთვის ადარებს თავს მშობელს, განსაკუთრებით – ერთმანეთის მსგავს სიტუაციებში, ამიტომ საკუთარ თავს კონტროლი გაუწიეთ – ნუ აუწევთ ხმას, ნუ იხმართ უხამს სიტყვებს...
რაც უნდა ეცადოს მშობელი, ხანდახან ფიზიკური დაპირისპირება გარდაუვალია. ამ შემთხვევაში აუცილებლად გაარიდეთ ერთმანეთს პატარა მოჩხუბრები, მშვიდად დაელაპარაკეთ, აუხსენით, რატომ არ უნდა ჩაარტყას სხვას, შესთავაზეთ, თავი მის ადგილას წარმოიდგინოს. როცა მიხვდება, რა დააშავა, სთხოვეთ, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავის დანაშაულს მიხვდება! უბრალოდ “ბოდიში’’ საკმარისი არ არის – პატარამ უნდა იცოდეს, რატომ იხდის ბოდიშს (“ბოდიში, რომ ხელი გკარი და წაგაქციე”).
პატარა ახლა უფრო მეტად აკვირდება გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით – ბავშვებს, რომლებთანაც თამაშობს. ხვდება, რომ ისინი სხვადასხვანაირები არიან. ზოგის გარეგნობა და თვისებები მოსწონს, ზოგთან თამაში კი არ უნდა. იმავდროულად, აცნობიერებს, რომ თავადაც აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც შეიძლება სხვებს მოეწონოთ და ეს კიდევ უფრო უმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას.
თამაში
სამი წლის ბავშვის დღის რეჟიმი თითქმის მთლიანად გამოგონილი თამაშებისგან შედგება. ხან თოჯინის "დედიკოა" და აძინებს ან აჭმევს, ხან მძღოლია და რბოლაში მონაწილეობს. თანატოლებთან ერთადაც სიამოვნებით თამაშობს როლურ თამაშებს (სადაც ერთი მგელია და სხვებს “შესაჭმელად” დასდევს).
ასეთი თამაშები განვითარებისთვის მნიშვნელოვან არაერთ ნიუანსს შეიცავს:
* როლური თამაშებით ხდება სოციალური ურთიერთობის მოდელირება ბავშვებისთვის გასაგებ დონეზე;
* პატარა სწავლობს, რომ ყველამ რიგრიგობით უნდა ითამაშოს ან შეასრულოს რამე ქმედება, რომ აუცილებელია, სხვასაც აცალოს თამაშში მონაწილეობა;
* სწავლობს მოსმენას, ყურადღების მიქცევას;
* უსმენს და უყურებს სხვებს და შედეგად სწავლობს, როგორი უკუქმედება მოახდინოს გარკვეულ ქმედებაზე;
* როლური თამაშების დროს როლების განაწილება (ზოგი კეთილი ფერია იქნება, ზოგი – სუპერგმირი) კიდევ უფრო უვითარებს ბავშვს ფანტაზიას და უბიძგებს, ახალ-ახალი ფრაზები თუ ისტორიები მოიგონოს.
სესილი ცირეკიძე