უსაფრთხო ზაფხული ორსულებისთვის

გააზიარე:

 

მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ეს დრო ყველაზე მეტად აღძრავს თავისუფლებისა და დასვენების სურვილს, ზაფხულში ორსულობა სერიოზული გამოწვევაა. როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავს ორსული ყველაზე ცხელ დღეებში? ამ და სხვა კითხვებით არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გინეკოლოგსა და რეპროდუქტოლოგს ლალი ფხალაძეს მივმართეთ.

პირადი ჰიგიენა

– ზაფხულში კანის სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წელიწადის ამ დროს ადვილად ირღვევა კანის თერმორეგულაციური, დამცველობითი, გამომყოფი და სხვა ფუნქციები, იცობა საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები, ჩნდება უსიამოვნო სუნი, ღიზიანდება კანი, რაც ხელს უწყობს ჩირქოვანი გამონაყარის გაჩენას.

ორსულისთვის რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე შხაპის მიღება. ამასთან, მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. წყლის გადავლება განსაკუთრებით დილაობით არის სასურველი – ეს  ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, აკაჟებს სხეულს, უზრუნველყოფს კარგ განწყობას...

ორსულობის დროს იმატებს ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი, ამიტომ სხეულის მოვლისა და დასაბანი საშუალებები გულდასმით უნდა შეირჩეს.

არასასურველი თმის მოცილების მიზნით ლაზერის გამოყენების თაობაზე არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები. პროცედურის დროს სხივი იშლება და იმატებს სითბური ზემოქმედება იმ ზონაზე, სადაც მოსაშორებელი თმაა, ამიტომ მუცლის ქვედა არესა და ბოქვენის მიდამოში ლაზერული ეპილაციის ჩატარება არ შეიძლება, სახისა და სხეულის სხვა ნაწილების ეპილაცია კი საშიში არ არის.

ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც გაცილებით უსაფრთხოა სპეციალისტის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვით ჩატარებული ეპილაცია შაქრით  (შუგარინგი).

თმის შეჭრის თვალსაზრისით არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თმის შეღებვაზე – საღებავის შემადგენლობაში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები დედის კანიდან შესაძლოა სისხლში გადავიდეს, ამიტომ რეკომენდებულია, ორსულობის პირველ ნახევარში თმის შეღებვისგან თავი შევიკავოთ ან ნატურალურკომპონენტიანი (უამიაკო) საღებავები გამოვიყენოთ.

– როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ ოფლიანობას?

– ორსულობისას ოფლიანობის მომატების მთავარი მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია, რომელთა გამოც  საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო ინტენსიურად მუშაობს. ჭარბი ოფლიანობა მეტად  დამახასიათებელია ორსულობის პირველი ნახევრისთვის. ბოლო თვეებში შემაწუხებელი ოფლიანობა შესაძლოა დამატებითი დატვირთვით ან მრავალნაყოფიანი ორსულობით იყოს განპირობებული.

მომავალი დედებისთვის რეკომენდებული არ არის ისეთი ანტიპერსპირანტების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ბაქტერიოციდულ და სადეზინფექციო დანამატებს (ეთილის სპირტს, ტრიკლოზანს). ასეთმა საშუალებებმა შესაძლოა ალერგია  და გამონაყარი გამოიწვიოს. 

კვება

– ზაფხულში ხშირ-ხშირად და პატარ-პატარა ულუფებით კვება ჯობია. ზომიერად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. ბევრი ხილი ნაწლავებში დუღილის პროცესს იწვევს და ზრდის მუცელშიგა წნევას, რაც დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც არასასურველია. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ხილი, წყალსა და უჯრედისთან ერთად, შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზასა და გლუკოზას, რომელთა სიჭარბემ შესაძლოა ასწიოს სისხლში შაქრის დონე.

სიფრთხილე გამოიჩინეთ საზამთროსა და ნესვის მიმართ. ხშირია ნიტრატებით მოწამვლა, რომლებიც უხვად შეჰყავთ ხილში დამწიფების დასაჩქარებლად. ბავშვებისა და ორსულებისთვის ნიტრატებით მოწამვლა განსაკუთრებით რთული გადასატანია.

სანაპიროზე ჩამოტარებული სიმინდს, თხილს, ბატიბუტს, ბურბუშელას ორსული უნდა ერიდოს, რადგან ეს პროდუქტები შეიცავს ნაჯერ ცხიმებს და ტრანსცხიმებს (გადამუშავებულ, ხელოვნურად გამოყვანილ ცხიმებს), ქოლესტეროლს, შაქარსა და მარილს.

უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან საკვებს. მიირთვით უცხიმო ხაჭო და რძემჟავა ნაწარმი (კეფირი, მაწონი). რაციონში გარკვეული რაოდენობით  უნდა შედიოდეს ცილოვანი საკვებიც (უცხიმო ხორცი, მათ შორის –ხბოსი), რადგან ცილა ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია.

– როგორ მოვიქცეთ ენტეროვირუსული ინფექციისა და საკვებისმიერი მოწამვლის დროს?

– ენტეროვირუსული ინფექციისა და საკვებისმიერი მოწამვლის დროს ვითარდება ფაღარათი, ორგანიზმი კარგავს წყალსა და მინერალურ მარილებს, დიდი რაოდენობით  წყლისა და მინერალური მარილების დაკარგვა კი იწვევს დეჰიდრატაციას – ორგანიზმის გაუწყლოებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ფაღარათის დროს  ვსვათ ბევრი წყალი, მათ შორის  – მინერალური მარილების შემცველი (ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი). შეიძლება სპეციალური ელექტროლიტური ხსნარის სმაც. ეს უკანასკნელი მზადდება ფხვნილისგან, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ. ერიდეთ რძის ნაწარმს,  მიირთვით ადვილად მოსანელებელი საკვები: ბანანი, ბრინჯი, სუპი, ტოსტი. ერიდეთ ცხიმიან პროდუქტებსაც, სანამ ნაწლავთა ნორმალური მოქმედება არ აღდგება. ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ ანტიდიარეულ საშუალებებს. თუ ფაღარათი ერთ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა და თან ახლავს მუცლის ტკივილი, ცხელება (სხეულის ტემპერატურის მატება), სისხლი ან ლორწო განავალში, პირის სიმშრალე, თავბრუხვევა, გონების კარგვა (დეჰიდრატაციის ნიშნები), აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სითხე

– სითხის საუკეთესო წყარო სუფთა წყალია. ის ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს, ნაკლებად კავდება ორგანიზმში და არ აქვს გვერდითი ეფექტები. თუ ორსულს გულისრევის გამო წყლის მიღება არ შეუძლია, ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება ნატურალური რძე, ხილისა და კენკრის ახალგამოწურული წვენი, ახალმოხარშული კომპოტი, მორსი, ბალახის ნახარშები და ნაყენები.  ორსულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველგვარი სასმელი არ არის სასარგებლო. ყავა შარდმდენია და ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს. გარდა ამისა, აძლიერებს გულისცემას და მაღლა სწევს არტერიულ წნევას, რაც ორსულობისას სასურველი არ არის.

ორსულისთვის დღეში 300 მილიგრამზე მეტი კოფეინი არ არის რეკომენდებული. დადასტურებულია, რომ დიდი რაოდენობით ამ ნივთიერების მიღება ასოცირებულია ნაყოფის მცირე წონასთან. სიფრთხილეს მოითხოვს ჩაიც. ერთ ფინჯან მაგარ ჩაიში უფრო მეტი კოფეინია, ვიდრე იმავე რაოდენობის ყავაში.

ორსულობისას არაფრით არ შეიძლება ლუდის,  ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების მიღება, რადგან ალკოჰოლს  ახასიათებს ტერატოგენული ეფექტი – შეუძლია, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯე.

ორსულობის პირველ ნახევარში რეკომენდებულია უფრო მეტი სითხის მიღება. დღეში ორ ლიტრამდე სითხე დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ შეკრულობას და აღიდგინოთ სითხის დეფიციტი. მეოცე კვირიდან აუცილებელია სუფრის მარილის შეზღუდვა, რადგან ის იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და აძლიერებს წყურვილის შეგრძნებას, რის გამოც ქალი მეტ წყალს სვამს და შესაძლოა შეშუპებაც განუვითარდეს. მარილის შეზღუდვის გარეშე   სითხის შეზღუდვას ორგანიზმის გაუწყლოებამდე მივყავართ და  შეშუპების შემთხვევაში არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. ამ შემთხვევში   წყურვილის დროს ეფექტიანია ცივი პასტერიზებული რძის მიღება. საჭიროა მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობის კონტროლი.

სითხის შეზღუდვა არ შეიძლება პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. პირიქით, ბევრი სითხის მიღებაა აუცილებელი, რათა შარდი მეტისმეტად კონცენტრირებული არ იყოს და თირკმელებში არ შეგუბდეს.

შეშუპების თავიდან ასაცილებლად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ან სრულად ამოვიღოთ რაციონიდან მარილი. კარგია ე.წ. “თირკმლის სასმელების” – შტოშის, წითელი მოცვის მორსის, წითელი მოცვისა და შავი მოცხარის ფოთლების ნახარშის – მიღება. ამ სასმელებს სუსტი ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტი აქვს.

მზე და გაგრილება

– შეიძლება თუ არა გარუჯვა ორსულობისას?

– მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება არათუ ორსულისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის მავნეა. ზაფხულის მზესთან სიფრთხილე აუცილებელია, ორსულობის პერიოდში კი – განსაკუთრებით, რადგან ისედაც გადატვირთულ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს უფრო მეტი ძალისხმევით უწევს მუშაობა.

ორსულობის დროს კანი უფრო მგრძნობიარე და ნაზი ხდება, პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედები, მელანოციტები, აქტიურად ფუნქციონირებს და მეტად რეაგირებს მზის ულტრაიისფერ სხივებზე. შესაბამისად, ადვილად იწვება კანი, ვითარდება გაუწყლოება, იმატებს სითბური დაკვრის რისკი. ჭარბმა ინსოლაციამ შესაძლოა მოყავისფრო, საკმაოდ დიდი პიგმენტური ლაქები, ე.წ. ქლოაზმები, გააჩინოს.

მზის აბაზანები აუცილებელია კანში  D ვიტამინის წარმოსაქმნელად, მაგრამ თავს საფრთხე რომ არ შეუქმნათ, გახსოვდეთ შემდეგი რჩევები: მზის აბაზანები მიიღეთ მხოლოდ დილის 8-დან 10 საათამდე და საღამოს 6-ის შემდეგ. გამოიყენეთ სახისა და სხეულის მზისგან დამცავი სპეციალური მძლავრფილტრიანი საცხი. ატარეთ ქუდი, სათვალე, ნატურალური ქსოვილის მაისური, მზისგან დამცავი ქოლგა. ნაშუადღევს მზე ყველაზე აქტიურია, ამიტომ დარჩით შინ.

ორსულობის ყველა ეტაპზე  კატეგორიულად იკრძალება სოლარიუმი, რადგან შეუძლია, ნაყოფის ანომალიები გამოიწვიოს.

– რას გვირჩევთ კონდიციონერის შესახებ?

– კონდიციონერი ჰაერის დეიონიზაციას იწვევს, ამიტომ სასურველია, ოთახში გქონდეთ ჰაერის იონიზატორიც. გარდა ამისა, ექსპლუატაციის დროს კონდიციონერის ფილტრები ბინძურდება და პერიოდულად საჭიროა მათი გასუფთავება ან გამოცვლა. თუმცა მაშინაც კი, როცა ფილტრები სუფთაა, კონდიციონერი ოთახის ჰაერს ჟანგბადით აღარიბებს, რაც ცუდად აისახება ორსულზე, ამიტომ საათში ერთხელ კონდიციონერი უნდა გამოირთოს და ოთახი განიავდეს.

კონდიციონერიდან მომდინარე ცივი ჰაერის ნაკადის ქვეშ ჯდომამ, ისევე როგორც ორპირმა ქარმა, შეიძლება გაგაცივოთ, ზოგიერთი კონდიციონერის წყლის რეზერვუარში კი მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა, რომელიც გაცივებულ ჰაერთან ერთად ხვდება გარემოში და მძიმე დაავადებას – ლეგიონელოზს იწვევს. ეს უკანასკნელი სეზონური დაავადებაა – უმთავრესად ზაფხულობით იფეთქებს ხოლმე და სწორედ კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას უკავშირდება. გაცივების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე 30-35 გრადუსამდე ახურებს მას და ლეგიონელების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. სპეციალისტები გვირჩევენ, ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ აღემატებოდეს 4-5 გრადუსს, ანუ როდესაც გარეთ 30 გრადუსია, ოთახში 26-25 გრადუსი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში  გადახურების ან გადაცივების რისკი არ იარსებებს.

ცურვა: სად, როდის, როგორ

– ცურვა შეიძლება მხოლოდ სუფთა წყალში, როგორც მუცელზე, ისე ზურგზე. წყლის ტემპერატურა უმჯობესია არ აღემატებოდეს 29-30 გრადუსს, რადგან ძალიან ცხელმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის აჩქარება, შეანელოს პლაცენტაში სისხლის მიდენა და ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის მიზეზადაც კი იქცეს.

ცურვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოშინს, დაბოლოს, სხეულს მშობიარობისთვის მომზადებაში ეხმარება. ზღვის მარილიანი წყალი ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს. ცურვის დროს არ არსებობს წაქცევის, გადახურების, გაუწყლოების რისკი, დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს.  ორსულთა ჰიპოდინამიას (მოძრაობის ნაკლებობას) შეუძლია გამოიწვიოს გაცხიმოვნება, ყაბზობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ტონუსის დაქვეითება, ამიტომ ორსულთა უმეტესობისთვის ცურვა ოპტიმალური არჩევანია, თუმცა პირველ ტრიმესტრში და მე-8 თვის დასასრულიდან აქტიური ცურვისგან თავის შეკავება ჯობია. ამ პერიოდში ყველაზე მაღალია ორსულობის შეწყვეტის რისკი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა  სხეული ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ორსულები ინფექციისგან თავის დასაცავად ცურვის დროს  ხშირად იყენებენ ტამპონებს, რაც დაუშვებელია, სახიფათოა. საშოში წყლის მოხვედრის ალბათობა, აქტიური ცურვის შემთხვევაშიც კი, მინიმალურია, ხოლო ტამპონი თვითონვე შეიძლება იქცეს ინფექციის მიზეზად, რადგან სწრაფად იწოვს წყალს.

წყლიდან ამოსვლის შემდეგ საცურაო კოსტიუმი სწრაფად გამოიცვალეთ, რომ დიდხანს არ გქონდეთ შეხება სველ ქსოვილთან.

– როგორი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობაა ნებადართული ორსულებისთვის?

– ორსულობის დროს ჟანგბადის მოთხოვნილება 25-30%-ით იზრდება, ამიტომ ორსულებს დაბეჯითებით ვურჩევთ სუფთა ჰაერზე სეირნობას: შეძლებისდაგვარად – დილაობით და აუცილებლად – ძილის წინ. ოზონით მდიდარი ზღვის ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა. სეირნობა ორ საათს მაინც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ მომავალი დედა არ უნდა დაიღალოს. მან უნდა იაროს ნელა, ღრმად და თანაბრად ისუნთქოს ცხვირით. გასეირნების შემდეგ სასურველია მცირე ხნით წამოწოლა.

მიზანშეწონილია წყლის ვარჯიშები. ეს აუმჯობესებს კოორდინაციას, აძლიერებს კუნთოვან კორსეტს, კარგია წელის ტკივილის პრევენციისთვის, ხელს უწყობს  ქვედა კიდურების შეშუპების მოხსნას. ცურვა ცხელ დღეებში ჰიპოდინამიასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა.

ინსტრუქტორის ზედამხედველობით შეიძლება ორსულთა პილატესისა და იოგას კურსებზე დასწრებაც.

ვარიკოზული დაავადება

– ზაფხულში განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები (ვენური სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნახევარში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების შეშუპება,  ბუასილი). მათ თავიდან ასაცილებლად ორსულს მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი უნდა ეცვას. არ არის სასურველი ფეხზე დიდხანს დგომა. ჯდომისას კარგია ფეხების პატარა სკამზე შემოწყობა. განსაკუთრებით მავნეა მეორე და მესამე ტრიმესტრში გულმკერდსა და მუცელზე მოჭერილი სამოსის ტარება.

ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით – მეორე ორსულობისას, მუცლის კედლის გადაჭიმვის თავიდან ასაცილებლად შეიძლება სპეციალური ბანდაჟის ტარება. მას იცვამენ დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, ხოლო ღამით იხდიან. თუ ორსულს უკვე აქვს ქვედა კიდურების  ვენების ვარიკოზული გაგანიერება, დილით, ადგომამდე, ფეხებზე აუცილებლად უნდა შემოიხვიოს ელასტიკური ბინტი ან ჩაიცვას სპეციალური კომპრესიული გეტრები. ფეხსაცმელი ფეხზე კარგად მომდგარი, ფართო- და დაბალქუსლიანი უნდა იყოს. ღამის პერანგი ბუნებრივი ქსოვილისგან – სელისგან ან ბამბისგან უნდა იყოს შეკერილი. საწოლის თეთრეული სასურველია გამოიცვალოს კვირაში ერთხელ, საცვლები – ყოველდღე.

მგზავრობა

– დასასვენებლად წასვლა ისეთი ტრანსპორტით ჯობია, რომელშიც მოდუნებას შეძლებთ. ნებისმიერ კურორტზე შვიდი-ათი დღე მაინც უნდა დარჩეთ, რადგან შორ მანძილზე მცირე ხნით გამგზავრება  დამღლელი და არაკომფორტულია. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, მგზავრობისთვის ოპტიმალური ვადაა მეორე ტრიმესტრი, პირველ და ბოლო თვეებში კი ხანგრძლივ, დამღლელ მგზავრობაზე უმჯობესია უარი თქვათ.

ორსულობის მე-20 კვირამდე ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით შეიძლება მგზავრობა, თუმცა პირველ ტრიმესტრში გასათვალისწინებელია ორსულობის თანმხლები დისკომფორტი (ადვილად დაღლა, პირღებინება, ხშირი შარდვა).  36-ე კვირის შემდეგ კი ყოველგვარი ტრანსპორტით მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

26-28-ე კვირიდან თვითმფრინავით მგზავრობა სასურველი აღარ არის, რადგან მაღალია თრომბოემბოლიის განვითარების რისკი. ფრენის დროს ეცადეთ მიიღოთ ბევრი სითხე – 1-1,5 ლიტრი მაინც. უმჯობესია, ეს იყოს ჩვეულებრივი წყალი. გარდა ამისა, რეკომენდებულია, 1-2  საათში ერთხელ ადგეთ და სალონში გაიარ-გამოიაროთ. ხანგრძლივი ფრენის დროს აუცილებელია ელასტიკური კომპრესიული წინდების ჩაცმა.

მარი მარღანია

გააზიარე: