წონის აუხსნელი კლება

გააზიარე:

დიდი ხანია დადგენილია ჭარბი წონის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია, სპეციალისტთა რჩევა-დარიგებებიც გაგვიცნია თქვენთვის.

ამჯერად მეორე, არანაკლებ საყურადღებო სიმპტომზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

რა უნდა ვიცოდეთ აუხსნელი, ერთი შეხედვით უმიზეზო წონის კლების შესახებ? რამდენად ხშირია ეს მდგომარეობა და ყოველთვის ავის მომასწავებელია თუ არა?

ამ თემაზე სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” ექიმ თერაპევტს, მედიცინის დოქტორ ნინო კიკნაძეს მივმართეთ.

– რამდენი კილოგრამის დაკლება უნდა ჩაითვალოს პათოლოგიად?

– სამწუხაროდ, ზღვარი, რომლის იქითაც წონის უმიზეზო კლება სამედიცინო პრობლემა ხდება, არ არის დადგენილი, მაგრამ თუ ადამიანი, განსაკუთრებით – ხანდაზმული, 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი მიზეზით (კვების რაციონისა თუ ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული შეცვლის გარეშე) დაიკლებს წონის 5%-ზე მეტს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან წონის ასეთი ხანგრძლივი და თვალში საცემი უმიზეზო კლება შესაძლოა ფარულად მიმდინარე დაავადების ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზები

– ადამიანის წონა დამოკიდებულია მიღებული კალორიების რაოდენობაზე, ფიზიკური აქტივობის დონეზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, მიღებული საკვების ტიპსა და მისი ათვისების უნარზე, ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებზე.

წონის “უმიზეზო” კლებას ბევრი სამედიცინო და არასამედიცინო, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მიზეზი აქვს. ხშირად რამდენიმე ფაქტორი იყრის თავს. ხდება ისეც, რომ კონკრეტული მიზეზის მიგნება ვერ ხერხდება.

კვების გამოტოვება, ჩქარი კვება, ნაკლები ცხიმის მიღება, ხანმოკლე ავადმყოფობა ის ფაქტორებია, რომლებიც შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ წონის კლება გამოწვიოს. სხეულის მასა მცირდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, როდესაც ენერგიის დანაკარგი არ კომპენსირდება კალორიული საკვების მიღებით ან დატვირთვა იმატებს, მადა კი – არა. ეს წონის დაქვეითების ფიზიოლოგიური მიზეზებია.

რაც შეეხება პათოლოგიურ ფაქტორებს, წონას უმიზეზოდ ხშირად იკლებენ ასაკოვანი ადამიანები, რაც დაკავშირებულია ყნოსვის ან გემოვნების დარღვევასთან, გულისრევასთან, დეპრესიასთან, ზოგიერთი მედიკამენტის (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკატორები, კალიუმდამზოგველი შარდმდენი საშუალებები, ანტიკონვულსანტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური მედიკამენტები) მიღებასთან.

წონის კლებას ასევე იწვევს დეპრესია, მღელვარება და სტრესი. დეპრესია გავლენას ახდენს ტვინის იმავე ნაწილებზე, რომლებიც მადას აკონტროლებს. მეცნიერთა აზრით, დეპრესია არღვევს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციას. თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს რამდენიმე ჰორმონს, რომელთაგან ერთ-ერთი, კორტიზოლი, არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში გლუკოზის დონესა და მეტაბოლიზმს. მიუხედავად იმისა, რომ, 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მონაწილეთა 7%-ის წონის აუხსნელი კლება დეპრესიით იყო განპირობებული (კვლევაში სულ 2 677 ადამიანი იყო ჩართული), ზოგჯერ დეპრესიის საწყის ფაზაში მადა ძლიერდება და წონა არათუ არ იკლებს, იმატებს კიდეც.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

– ენდოკრინული სისტემის დაავადებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სიმსუქნის მიზეზად გვევლინება, ზოგ შემთხვევაში წონის კლებას იწვევს. ამის მაგალითია წონის კლება შაქრიანი დიაბეტის ფონზე. დიაბეტი ტიპი 1-ის დროს იმუნური სისტემა ებრძვის ინსულინის წარმომქმნელ პანკრეასის უჯრედებს. ინსულინის გარეშე ორგანიზმი გლუკოზას ენერგიის წყაროდ ვეღარ იყენებს. იწყება ცხიმისა და კუნთების “წვა” საჭირო ენერგიის მისაღებად, რასაც წონის კლებამდე მივყავართ.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

– ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს აწარმოებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ორგანიზმის მრავალ ფუნქციას აკონტროლებს, მათ შორის – მეტაბოლიზმსაც. მისი სიჭარბე ხშირად იწვევს ზედმეტი ენერგიის “დაწვას”, ამიტომ ზეაქტიურად მომუშავე ფარისებრი ჯირკვლის მქონე ადამიანები, მიუხედავად კარგი მადისა, “აუხსნელად” იკლებენ წონას.

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

– თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა, წესისამებრ, ავტოიმუნური წარმოშობისაა, რაც ნიშნავს, რომ უცნობი მიზეზის გამო იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს თირკმელზედა ჯირკვალს და თავს ესხმის მას. ამ დროს საკმარისი რაოდენობით ვეღარ გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები: გლუკოკორტიკოიდები, მინერალკორტიკოიდები და ანდროგენები (მიუხედავად სახელწოდებისა – “ანდროს” ბერძნულად მამაკაცს ნიშნავს – ისინი მცირე რაოდენობით ქალის ორგანიზმშიც წარმოიქმნება). აღნიშნული ნივთიერებები გავლენას ახდენს საკვებიდან მიღებული ენერგიის გარდაქმნაზე, აკონტროლებს სხეულის მინერალურ ბალანსს – ნატრიუმის, კალიუმის კონცენტრაციას – და კუნთოვანი მასის მომატებას. ბუნებრივია, მათ დეფიციტს წონის კლებამდე მივყავართ.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს წონის კლება უმეტესად ღებინებისა და ანორექსიის შედეგია. 

კიბო

– ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს და მის მკურნალობას ხშირად სდევს თან წონის კლება. ამერიკის კიბოს საზოგადოების თანახმად, წონის აუხსნელი კლება ამ დაავადების ერთ-ერთი ადრეული ნიშანია და განსაკუთრებით პანკრეასის, ფილტვის, კუჭისა და საყლაპავის სიმსივნეებთან ასოცირდება.

ჩვეულებრივ, კიბოს სხვა აშკარა კლინიკური თუ ლაბორატორიულ ნიშნებიც აქვს, ასე რომ, წონის კლებისას ფარული სიმსივნის პოვნის მიზნით მთელი სხეულის სკანირება არ არის საჭირო, თუ არ არსებობს სხვა სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებაზე მიუთითებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

– გასტროინტესტინური ტრაქტის დაავადებების დროს, როცა საკვები ნივთიერებების შეწოვა დარღვეულია, წონა კარგი კვების შემთხვევაშიც კი იკლებს.

საკვების შეწოვის დაქვეითება, სიგამხდრე და ანემია ტიპობრივია ნაწლავის ანთებითი დაავადებისთვის.

ნაწლავის ანთებითი დაავადების ცნება აერთიანებს იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ ორ მდგომარეობას: კრონის დაავადებას და წყლულოვან კოლიტს. კრონის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ილიოცეკალური არე ანუ თეძოს ნაწლავის ტერმინალური მონაკვეთი და ბრმა ნაწლავი (ტიფლიტი) ზიანდება, წყლულოვანი კოლიტის დროს კი პათოლოგიურ პროცესში მხოლოდ მსხვილი ნაწლავია ჩართული.

ნაწლავის ანთებითი დაავადებისთვის დამახასიათებელია ხშირი ფაღარათი, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი, საერთო სისუსტე, უმიზეზო სიცხე.

გულისა და ფილტვების ქრონიკული უკმარისობა

– წონის კლება გულისა და ფილტვის დაავადებათა შორს წასული ფორმების ერთ-ერთი გართულებაა. ამის მაგალითია წონის პროგრესული დაქვეითება გულის ქრონიკული უკმარისობისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.

გულის უკმარისობას, ისევე როგორც ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას (რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს ემფიზემას და ქრონიკულ ბრონქიტს), თან ახლავს ქოშინი. ამ დროს სუნთქვა ჩვეულებრივზე მეტ ენერგიას მოითხოვს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ფქოდ-ის მქონე ადამიანს სუნთქვისთვის შესაძლოა ჯანმრთელზე 10-ჯერ მეტი კალორია დასჭირდეს. ასეთ ავადმყოფებს ზოგჯერ ჭამაც კი უჭირთ სუნთქვასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო. ჰაერით გადაბერილი ფილტვი აწვება დიაფრაგმას, რომლის ქვეშაც მდებარეობს კუჭი. ამის გამო ბევრი პაციენტი უჩივის ადრეული დანაყრების შეგრძნებასა და უმადობას.

ინფექციური დაავადებები

– წონის აუხსნელი კლება თან ახლავს ტუბერკულოზს, სოკოვან დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას. ტუბერკულოზი დღემდე გლობალური პრობლემაა –ყოველწლიურად 8-9 მილიონი ადამიანი ხდება ავად. ამასთან, ის სოციალური დაავადებაა – რაც უფრო დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ადამიანი, მით უფრო მაღალია მისი ავად გახდომის ალბათობა. ტუბერკულოზური პროცესი უმეტესად ფილტვებში ვითარდება, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოშიც (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ.). წონის კლება და უმადობა მისი ძირითადი სიმპტომებია.

სხვა მიზეზები

– წონის კლება ნევროლოგიური დაავადებების – ინსულტის, გაფანტული სკლეროზის, დემენციის, პარკინსონის დაავადების – მეორეული სიმპტომია.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს ავადმყოფი წონას იკლებს გულისრევის, ღებინების ან შარდით ცილის კარგვის გამო.

დიაგნოსტიკა

– წონის უმიზეზო კლება სიმპტომია და ექიმმა მის სათავეს უნდა მიაგნოს. ოჯახის ექიმის`თერაპევტის პრეროგატივაა, მოახდინოს სავარაუდო მიზეზების დიფერენცირება და კვლევას მიმართულება მისცეს. დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის გამოკითხვით, გასინჯვით. ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, ანალიზი სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრისთვის, ბიოქიმიური გამოკვლევა ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობის გასარკვევად, ჰორმონული კვლევები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, რენტგენოლოგიური, ჩვენებისამებრ – ენდოსკოპიური გამოკვლევა.

ყურადღება ექცევა კბილების მდგომარეობას, რადგან ბევრი ვერც კი აცნობიერებს, რომ პირის ღრუს პრობლემების გამო სათანადოდ ვეღარ იკვებება.

მას შემდეგ, რაც წონის კლების გამომწვევი სერიოზული პათოლოგია გამოირიცხება, ხდება ენერგიის დანახარჯის შეფასება და კვების რეჟიმის კორექცია, რათა პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო რაოდენობის კალორიით.

თუ ამ გზით მიზეზს ვერ მივაგენით, მიზანშეწონილია რამდენიმეთვიანი დაკვირვება. შესაძლოა, საჭირო გახდეს სპეციალური დიეტა წონის კლების შესაჩერებლად ან დაკარგული წონის აღსადგენად.

მარი მარღანია

გააზიარე: