ნიკოლოზ ასპისოვი - ოტორინოლარინგოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

ბედმა ინება, ქართული ოტორინოლარინგოლოგიის სათავესთან აღმოჩენილიყო კაცი, რომელიც მოსკოვის ახლოს დაიბადა, სანქტ-პეტერბურგში მიიღო სამედიცინო განათლება, იქვე ემზადებოდა სამხედრო ექიმის პრაქტიკის დასაწყებად და ალბათ სულ სხვანაირად წარმოედგინა თავისი მომავალი, მაგრამ კავკასიაში მოგზაურობის დროს თავს დატეხილმა გრძნობამ მისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა საქართველოს.

ნიკოლოზ ასპისოვის შესახებ ცნობები მოგვაწოდა მედიცინის ისტორიის მკვლევარმა, ექიმმა გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ. სწორედ ბატონი ხუტასგან შევიტყვეთ, რომ ნიკოლოზ ასპისოვის შვილიშვილი ყოფილა ცნობილი პედიატრი, პროფესორი ყარამან (გია) ფაღავა, რომელმაც პაპის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები გაგვიზიარა.

– ბაბუაჩემი ნიკოლოზი 1877 წელს რიაზანის გუბერნიაში, ქალაქ კასიმოვში დაიბადა. ოდესღაც ეს ქალაქი ოქროს ურდოს ეკუთვნოდა. როდესაც რუსებმა კასიმოვი დაიბრუნეს, იქ ქრისტიანული კულტურა და მწიგნობრობა ააღორძინეს. დედაჩემისგან გამიგონია, რომ ჩვენი გვარი სწორედ კასიმოველი გადამწერებისგან (ადამიანებისგან, რომლებიც, როგორც იმ დროს ამბობდნენ, "азы писали") წარმოიშვა. არ ვიცი, რამდენად შესაბამება ეს გადმოცემა სიმართლეს, მაგრამ ბაბუაჩემის მამა, პაპა, ნათესავები სასულიერო პირები იყვნენ და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდნენ. დიდი რუსი პოეტი, წარმოშობით რიაზანელი სერგეი ესენინი, სამრევლო სასწავლებელში ერთ-ერთი ასპისოვის მოსწავლე ყოფილა.

ნიკოლოზს შვიდი და-ძმა ჰყავდა. ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ტყუპისცალთან, ივანესთან. ივანემ მასთან ერთად დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია და ერობის ექიმად (земский врач, რაც დაახლოებით დღევანდელი ოჯახის ექიმის ანალოგია) მსახურობდა აზერბაიჯანში. იქვე გარდაიცვალა მუცლის ტიფით. შვილები არ დარჩენია. ბაბუის სხვა დედმამიშვილების კვალი, სამწუხაროდ, დავკარგეთ.

ძმები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, აკადემიაში სწავლის დროს ხშირად გამოცდებსაც კი აბარებდნენ ერთმანეთის ნაცვლად.

სტუდენტობისას ნიკოლოზი აქტიურად მონაწილეობდა  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ექსპერიმენტებს ატარებდა აკადემიკოს ვლადიმირ ბეხტერევის ლაბორატორიაში, იკვლევდა სახის ნერვის ზედა ტოტის ქერქულ ცენტრებსა და გამტარებს და 1901 წელს კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა, აკადემიის დამთავრების შემდეგ კი ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიის კურსი გაირა.

აკადემია ძმებმა 1900 წელს დაამთავრეს. ისინი სამხედრო მოსამსახურეებად ირიცხებოდნენ და ვალდებულები იყვნენ, განაწილებით ემუშავათ. ივანე კავკასიაში გაანაწილეს, ნიკოლოზი კი – კრონშტადტში.

ვიდრე სამსახურს შეუდგებოდა, ნიკოლოზმა გადაწყვიტა, თავისუფლების უკანასკნელი დღეებით ესარგებლა და კავკასიაში ემოგზაურა.

საბედისწერო შეხვედრა

– ამ მოგზაურობის დროს, ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურის ბაქანზე, ნიკოლოზმა დაინახა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც დედასთან ერთად სეირნობდა. ბაბუაჩემი საკმაოდ თავშეკავებული კაცი იყო, მაგრამ იმ გოგონას დანახვისთანავე დაუჯერებელი რამ დაემართა. ფრანგები ამას ლე ცოუპ დე ფოუდრე-ს – "მეხის დაცემას" ეძახიან... მივიდა დედამისთან, სავიზიტო ბარათი გაუწოდა და ქალიშვილის გაცნობა სთხოვა.

ორიოდე თვეში ნიკოლოზმა ბებიაჩემზე, ელისაბედ კვეზერელი-კოპაძეზე იქორწინა. ელისაბედის მამა, დავითი, სამხედრო პირი იყო, უბრალო წარმოშობის კაცი, რომელიც თავის დროზე მოხალისედ წავიდა ჯარში და პოლკოვნიკობას მიაღწია. მოგვიანებით გურიაში რუსულ პოლკს მეთაურობდა. სწორედ იქ დაიბადა ბებიაჩემი, რომელიც პოეტმა მამია გურიელმა მონათლა.

ცნობილი პედიატრი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე ჩვენი ნათესავი იყო ბებიის მხრიდან.

ახალშეუღლებულები კრონშტადტში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ ელისაბედის დედამ სამხედრო მინისტრს წერილი მისწერა, მოკრძალებით შეახსენა გარდაცვლილი მეუღლის დამსახურება და სთხოვა, მისი სიძისთვის სადმე, მასთან ახლოს გამოეძებნათ სამსახური. თხოვნამ გაჭრა, ნიკოლოზი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში განაწესეს.

ომამდე

– ორდინატორად მიღებული ნიკოლოზ ასპისოვი ერთ წელიწადში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა აქტიური საქმიანობა გააჩაღა. კლინიკაში მუშაობის პარალელურად სიმსივნეების ჰისტოპათოლოგიას სწავლობდა და სამხედრო საფერშლო სკოლაში ლექციებს კითხულობდა. იმ პერიოდში საქართველოში ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს ძირითადად კონსერვატიულად მკურნალობდნენ. სწორედ ნიკოლოზის ძალისხმევით დაინერგა ოტოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობა. ამასთან ერთად, მოიპოვა ნებართვა, სამხედრო ჰოსპიტალში სამოქალაქო პირებისთვისაც ემკურნალათ.

1908-1910 წლებში ნიკოლოზი პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაშიც მუშაობდა. იქ აკადემიკოს ნიკოლაი სიმანოვსკის ხელმძღვანელობით დაასრულა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც სმენასა და ვესტიბულურ აპარატზე შუა ყურის რადიკალური ოპერაციის გავლენას ეხებოდა. სიმანოვსკი ოტორინოლარინგოლოგიის კორიფე და რუსეთში ამ დარგის ფუძემდებელი იყო. მისმა მოწაფეებმაც: ვლადიმირ ვოიაჩეკმა, ბორის პრეობრაჟენსკიმ და სხვებმა – ასევე გაითქვეს სახელი. ნიკოლოზიც რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის წამყვან ოტორინოლარინგოლოგთა რიცხვში შედიოდა.

ნიკოლოზს კარგად ესმოდა სამედიცინო ხელსაწყოების მნიშვნელობა და თვითონაც ამზადებდა. 1909 წელს შეიმუშავა ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის მეთოდი, რომლისთვისაც თვითონვე დაამზადა სპეციალური პორტატიული აპარატი. ამ მეთოდმა საყოველთაო აღიარება პოვა ევროპაში და დღესაც იყენებენ.

ამავე პერიოდში ნიკოლოზმა, საქართველოში პირველმა, ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ბრონქოეზოფაგოსკოპიას. ყელ-ყურ-ცხვირის კათედრაზე დაფაზე კარგა ხანს იყო გამოკრული მისი და მისი მოწაფების მიერ საყლაპავიდან და სასულედან ამოღებული ნივთები.

1910 წელს ნიკოლოზ ასპისოვმა სამეცნიერო ნაშრომების კონკურსში გაიმარჯვა. ჯილდოდ ერგო ევროპაში გამგზავრება პროფესიული დონის ასამაღლებლად. მუშაობდა იმ დროის გამოჩენილ ოტოლარინგოლოგებთან, მათ შორის – ადამ პოლიცერთან, ცნობილ ავსტრიელ ექიმთან, ოტიატრიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, მის მოწაფესთან ვიქტორ ურბანჩიჩთან და სხვებთან.

1914 წელს, საქართველოში დაბრუნებულმა, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძო მუშაობა. პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქ ალექსანდროპოლის (შემდგომში – ლენინაკანი, ახლანდელი გიუმრი) სათადარიგო ჰოსპიტალსაც ხელმძღვანელობდა. იმავე წლებში მიენიჭა სტატსკი სოვეტნიკის ჩინი და პირადი აზნაურობა. იყო წმინდა სტანისლავის და წმინდა ანას ორდენების კავალერი. 

კათედრა

– 1917 წელს ნიკოლოზმა სამხედრო სამსახური მიატოვა და კავკასიის კერძო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დაიწყო ლექციების კითხვა ოტორინოლარინგოლოგიაში.

1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. ნიკოლოზი ჯერ პრივატ-დოცენტად მიიწვიეს, 1921 წელს კი შესთავაზეს, გასძღოლოდა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კურსის, რომელიც მალე ოტორინოლარინგოლოგიის კათედრად გადაკეთდა. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დამოუკიდებელ სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტად გარდაიქმნა, ნიკოლოზი კათედრის გამგედ დარჩა და სიკვდილამდე ეკავა ეს თანამდებობა.

კათედრის კლინიკურ ბაზაზე ნიკოლოზ ასპისოვის ძალისხმევით გაიხსნა ლაბორატორია კლინიკური, ბიოქიმიური და მორფოლოგიური გამოკვლევებისთვის (სხვათა შორის ბაბუაჩემის კუთვნილ საველე მიკროსკოპი დღემდე ინახება ჩემს ოჯახში), ფიზიოთერაპიის კაბინეტი, დაინერგა ფუნქციური კვლევები. დაიწყო სტუდენტების, ორდინატორების, ასპირანტების სწავლება.

ევროპული განათლება და გამოცდილება ბაბუაჩემისთვის, როგორც ჩანს, ბევრს ნიშნავდა. ჩვენს საოჯახო არქივში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს ოქმები, რომლებშიც მისი რამდენიმე თხოვნაა დაფიქსირებული: გთხოვთ, დახელოვნების მიზნით, ჩემივე ხარჯით, უცხოეთში მიმავლინოთო (საკვირველია, რომ იმ დროის პროფესორს ჰქონდა ამის ფინანსური საშუალება). იყო შვეიცარიაში, დანიაში, გერმანიაში, ინგლისში, მონაწილეობდა კონფერენციებში, სიმპოზიუმებში...

ერთხელ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტიდან მოსთხოვეს, უცხოეთში მათი დავალებები შეესრულებინა. მას შემდეგ საზღვარგარეთ აღარ წასულა, რადგან სხვანაირად კა-გე-ბესთან კონტაქტს თავს ვერ აარიდებდა. ხელისუფლებასთან კი მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა, ბერიას მთელ ოჯახს მკურნალობდა და ძალიან ენდობოდნენ. მიუხედავად ამისა, როდესაც მისი სიძე, ქიმიკოსი დიმიტრი სიდამონ-ერისთავი დააპატიმრეს, ლავრენტი პავლოვიჩს ვერ გაუბედა დახმარების თხოვნა და შუამდგომლობისთვის სხვას მიმართა.

ქართული პრაქტიკულად არ იცოდა. ლექციებს რუსულად კითხულობდა, გამოცდებზე კი სტუდენტების პასუხს თანაშემწეები უთარგმნიდნენ ხოლმე, რომლებიც, ბუნებრივია, უმეტესად სტუდენტების მხარეს იჭერდნენ. ბაბუაჩემიც ყველას ფრიადებს უწერდა, სანამ რექტორატიდან არ დაურეკეს, რა ხდებაო. მაშინ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ლათინური ტერმინოლოგია გამოეკითხა. გამოსაცდელთა პირველ ნაკადში მოხვდა მამაჩემი, მისი მომავალი სიძე. ოთხიანი მიიღო და სინანულნარევი ღიმილით იხსენებდა ხოლმე  ამ ამბავს.

ვინც კი საქართველოში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია, ყველა ნიკოლოზ ასპისოვის მოწაფე ან მოწაფის მოწაფეა. მის კათედრაზე მუშაობდნენ სიმონ ხეჩინაშვილი, არჩილ ჩარგეიშვილი, არმენაკ ონანოვი, გრიგოლ ხუციშვილი, რეზო ხოფერია, თამაზ თოხაძე...

მეცნიერება

– ნიკოლოზი ზედმიწევნით ფლობდა სასმენ და ვესტიბულურ აპარატზე ოპერაციის ტექნიკას და მისი ნაშრომების უმეტესობაც ამ სფეროს ეხებოდა. ავტორია 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფალოგრამაზე, ელექტროენცეფალოგრაფიის ცვლილებები სმენის ცენტრალური დაზიანების, ტვინის აბსცესებისა და სიმსივნეების დროს. დაადასტურა ვესტიბულური აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. ამ საკითხების კვლევისას მჭიდროდ თანამშრომლობდა დიდ ფიზიოლოგთან – აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ნიკოლოზ ასპისოვი იყო რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი დაჭრილთა და დაშავებულთა მკურნალობის ორგანიზების საკითხებში, კონსულტაციებს უწევდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალს. მისი ყურადღება მიიპყრო კონტუზიურმა ტრავმამ, რომელმაც სმენის დაქვეითება გამოიწვია. საკითხის შესწავლაში აქტიურად ჩაერთნენ მისი კათედრის თანაშრომლები და შედეგად რამდენიმე სერიოზული სამეცნიერო ნაშრომიც შეიქმნა.

ნიკოლოზი მონაწილეობდა ოტოლარინგოლოგთა საკავშირო ყრილობებში, ლონდონის (1913 წ.), კოპენჰაგენის (1928 წ.), მადრიდის (1931 წ.) საერთაშორისო კონფერენციებში, იყო საკავშირო ჟურნალ “ოტორინოლარინგოლოგიის მაცნის” ("Вестник оториноларингологии") და “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო საბჭოს წევრი. 1932 წელს დააარსა საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება და გარდაცვალებამდე მისი უცვლელი თავმჯდომარე გახლდათ.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით. 1941 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

აღიარება

– ახალდაქორწინებული ვიყავი. ყელი მაწუხებდა და მეუღლემ სამხედრო ჰოსპიტალში წამიყვანა, სადაც მამამისიც მუშაობდა. იქ გამსინჯეს და თქვეს, ასეთ ატროფიულ ფარინგიტს ასპისოვიც ვერაფერს უზამდაო. ოცი წელი იყო გასული მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ახსოვდათ... თავის დროზეც ძალიან აფასებდნენ. ბიძაშვილისგან გამიგონია, რომ ბაბუა მოსკოვში, მეტროპოლიტენის გახსნაზე, საგანგებოდ მიიწვიეს.

კერძო პრაქტიკაც ჰქონდა ბინაზე, პლეხანოვის (ახლანდელი აღმაშენებლის გამზირის), მარჯანიშვილისა და ლენინგრადის (ამჟამად – სანკტ-პეტერბურგის) ქუჩების გადაკვეთაზე. სულ რიგი ედგა. ოპერისა და ბალეტის თეატრის ფონიატრიის კაბინეტშიც მუშაობდა, მომღერლებს ხმასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა.

არსებობს ასეთი დაავადება – მასტოიდიტი, საფეთქლის ძვლის დვრილისებური მორჩის ანთება, რომელიც შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებაა და რომელიც, ნებაზე თუ მივუშვით, შესაძლოა სიკვდილის მიზეზადაც იქცეს. ანტიბიოტიკები იმ დროს არ არსებობდა. ბაბუაჩემმა ბევრი განკურნა ამ დაავადებისგან ოპერაციით – ძვალს გამოტეხავდა და დაგროვილ ჩირქს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევდა.

არაერთ დაავადებას მკურნალობდა. დედაჩემი იხსენებდა, მისი ბოლო პაციენტი სიფილისით დაავადებული ქალი იყო, რომელსაც ავადმყოფობის გამო ცხვირი ჰქონდა ჩავარდნილიო.

ოჯახი

– ნიკოლოზს და ელისაბედს ოთხი შვილი ჰყავდათ: ზინაიდა, შემდგომში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი; სერგო, რომელმაც სტომატოლოგიური და საინჟინრო განათლება მიიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოდნის გამოყენება აღარ დასცალდა – ახალგაზრდა გარდაიცვალა კუჭის წყლულის პერფორაციით; პეტრე, ქალაქის პირველ საავადმყოფოში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე, და დედაჩემი ელენე (ლიალია) – ფთიზიატრი და პედიატრი. ზინაიდას ქალიშვილიც ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო და ცნობილ წოპესთან – ვახტანგ ხურციძესთან ერთად მუშაობდა პლასტიკურ ქირურგიაში. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გახლდათ ჩემი უფროსი ძმა დიმიტრი ერისთავიც (დედაჩემის ვაჟი პირველი ქორწინებიდან). ჩემმა უმცროსმა ძმამ გაიოზ ფაღავამაც ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და დერმატოვენეროლოგი გახდა.

ბაბუაჩემს რბილი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ, სამხედრო სკოლაგამოვლილი, შვილებსა და შვილიშვილებს სიმკაცრეში ზრდიდა. ვაჟები თუ გააბრაზებდნენ, დენშჩიკს, დამხმარე ჯარისკაცს, სველი ვაფლის პირსახოცით “აროზგვინებდა”.

უყვარდა სტუმრიანობა, წვეულებები,  მაგრამ სუფრასთან დიდხანს ჯდომა არ შეეძლო, ერთ საათს თუ გაჩერდებოდა. შესაძლოა, ეს ავადმყოფობის ბრალიც იყო – კუჭის წყლული ჰქონდა, რომელსაც შემდეგ ტუბერკულოზიც დაერთო და ამ უკანასკნელმა შეიწირა კიდეც.

ომის დროს, ყველას რომ უჭირდა, ნიკოლოზის ოჯახში თვრამეტი-ოცი კაცი იკრიბებოდა სადილად: შვილები, შვილიშვილები, ნათესავები, ახლობლები... წვნიანს რომ გააკეთებდნენ, ნიკოლოზი თურმე წყალს ამატებდა, ვაითუ არ გვეყოსო.

ტყუპისცალთან, როგორც გითხარით, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ივანე ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. უხმოდ ისხდნენ, სვამდნენ ჩაის და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. ბაბუაჩემი ავად რომ გახდა და ოჯახს გაუჭირდა, მისი სახელით ავადმყოფებს ივანე იღებდა. ერთმანეთს ისე ჰგავდნენ, ეჭვი არავის შეპარვია.

ხალათის გარეშე

– თხელი კაცი იყო. ვიოლინოზე უკრავდა. დედაჩემი კი ამბობდა, სმენა მაინცდამაინც არ ჰქონდაო, მაგრამ თავის ჭიას ახარებდა. დახმარება, მხარში დგომა იცოდა, თუმცა დიდად ხელგაშლილი არ ეთქმოდა. რაშიც ფული არასოდეს ენანებოდა, ეს იყო შვილებისა თუ ნათესავების განათლება, წიგნები და მოგზაურობა. ერთხელ დედაჩემიც ახლდა გერმანიაში. იქიდან ველოსიპედი ჩამოიტანეს, რომელსაც მერე დედაჩემი ქობულეთში დააქროლებდდა.

ბებიას ძალიან უყვარდა ქობულეთი, იქ პატარა აგარაკი ჰქონდათ. ეს გახლდათ ერთადერთი ადგილი, სადაც ირაკლი ფაღავას იცნობდნენ როგორც ლიალია ასპისოვას ქმარს. დანარჩენ საქართველოში, ცხადია, პირიქით იყო.

აგარაკი რომ იყიდეს, ქობულეთი თურქებს ეკუთვნოდა, ამიტომ რუსულად შედგენილ საბუთს სულთნის ბეჭედი აზის.

სხვათა შორის, ნიკოლოზი იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილის მფლობელი. ხანდახან სანადიროდაც დადიოდა, მაგრამ ნადირობაზე მეტად სეირნობდა, მერე კურდღელს იყიდიდა და შინ მიიტანდა. საყიდლებზეც თვითონ დადიოდა, თუმცა ვაჭრობა არ უყვარდა. ბაზარშიც კი არ შევიდოდა – შესასვლელთანვე შეუკვეთავდა, რაც სჭირდებოდა, აიყვანდა მებარგულს და სახლში წააღებინებდა.

ნიკოლოზის ოჯახი შენობის მეორე სართულზე ცხოვრობდა, პირველზე კი თამბაქოს მაღაზია იყო. ერთხელ ასპისოვებისგან მაღაზიაში წყალი ჩავიდა და თამბაქო დასველდა. მოაკითხეს მაღაზიის მფლობელებმა. მეტი რა გზა ჰქონდა ბაბუაჩემს, იყიდა გაფუჭებული საქონელი. გააშრეს და კარგა ხანს მთელი ქუჩა "ასპისოვის თამბაქოს" ეწეოდა.

ერთი ორდინატორი, რომელიც რევოლუციამდე ჰყავდა, ნაწყენი დარჩენილა, ორდინატურის დამთავრების ცნობაში სიტყვა "თავადი" გამომიტოვაო. გავიდა ხანი და ერთ დღესაც ის ადამიანი მადლობის სათქმელად მივიდა ბაბუაჩემთან – ამ საბუთმა, ერთადერთმა, სადაც ჩემი თავადური წარმომავლობა არ იყო ნახსენები, დახვრეტას გადამარჩინაო.

მე ბაბუა ბუნდოვნად მახსოვს. ოთხი წლის ვიყავი, ამ ქვეყანას რომ გამოეთხოვა. ვინაიდან ტუბერკულოზის ღია ფორმა ჰქონდა, მის ოთახში არ შემიშვეს. შორიდან დამიძახა: “გამარჯობა, გამარჯობაო” (ერთი-ორი სიტყვა კი იცოდა ქართულად). 1952 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

თითქმის სამოცდაათი წელი გავიდა ნიკოლოზ ასპისოვის გარდაცვალებიდან – ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ქართულ მედიცინას მოახმარა, მტკიცე საძირკველი ჩაუყარა ოტორინოლარინგოლოგიას ჩვენს ქვეყანაში, დაგვიტოვა კარგად გამართული კლინიკა, კათედრა და სკოლა, რითაც საქართველოში ამ მიმართულების წარმატებული განვითარება უზრუნველყო.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: