უარყოფითი აზრები
გააზიარე:
ხანდახან უარყოფითი შინაარსის აზრები გვიტევს. ისეც ხდება, რომ ეს აზრები წრეზე ტრიალებს, გვითრევს და მომავლის პერსპექტივას გვაკარგვინებს. შეიძლება, საათობით ვისხდეთ და ვფიქრობდეთ, რომ არაფერი გამოგვივა, რომ ყველაფერი ცუდი ჩვენს თავს ხდება, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უიღბლოები ჩვენ ვართ, არავის მოვწონვართ, არასოდეს ვიქნებით ბედნიერები, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევთ და ა.შ.
დგება ეტაპი, როდესაც ვხვდებით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რამე უნდა ვიღონოთ და ეს აზრები შევაჩეროთ. ამ დროს დიდია ცდუნება, ისინი უბრალოდ განვდევნოთ, თუმცა ასეთი მიდგომა ეფექტური არ არის. უარყოფითი აზრების ჩამარხვა, იგნორირება იმას გამოიწვევს, რომ ერთ დღესაც ისინი მოულოდნელად დაგვატყდება თავს. რაც უფრო მეტად ვცდილობთ, რამეზე არ ვიფიქროთ, მით უფრო მეტად ვფიქრობთ მასზე. გახსოვთ ცნობილი ექსპერიმენტი? – ეცადეთ, არ იფიქროთ ვარდისფერ სპილოზე. რაზე ფიქრობთ ახლა? ვარდისფერ სპილოზე ხომ არა?
ხანდახან უარყოფითი აზრები პატერნებად გადაიქცევა. ამ გზით სიარული ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ადვილია. ეს პატერნები იწვევს უსიამოვნო, დამთრგუნველ განცდებს, შფოთვას, სტრესს, დეპრესიას, შიშს, ეჭვს, რომ საკმარისად კარგები არ ვართ.
პირველი ნაბიჯი ამ აზრებისა და აზრთა პატერნების ამოცნობაა, მეორე კი – შორიდან შეხედვა და აღიარება, რომ აზრები მხოლოდ აზრებია. აზრები არ არის ჭეშმარიტება. არ არის რეალობა. ეს რეალობის ჩვენეული ინტერპრეტაციაა, რომელსაც რეალობაზე მეტად ვენდობით.
ჩვენი ფიქრები ისე მოძრაობენ ჩვენს გონებაში, როგორც ღრუბლები ცაზე. და, როგორც ღრუბლები, ისინიც ცვლილებებს ექვემდებარებიან. ჩვენ გვაქვს არჩევანი, დავუჯეროთ მხოლოდ ჩვენს თავში არსებულ რეალობას ან შევცვალოთ ჩვენი რექცია და აღქმა.
მაგალითად, დღეს გავიღვიძე და შევამჩნიე, რომ ისევ დილიდანვე წვიმს. პირველი აზრი, რომელიც მომივიდა, იყო: "ისევ საშინელი ამინდია, რა ცუდი დღეა!" არადა, რომ დავუფიქრდეთ, წვიმა არც ცუდი ამინდია და არც კარგი. წვიმას ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც მზეს. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ კი თავს ვირწმუნებთ, რომ რადგან წვიმს, ცუდი დღე გვექნება. და ალბათ გვექნება კიდეც. რადგან ამისა გვჯერა.
სპექტრის საპირისპირო მხარესაა რეალობისგან გამქცევთა მეორე არმია. ისინი გვარწმუნებენ, რომ წვიმა მშვენიერია, რომ წვიმის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ, როდესაც წვიმას ვუყურებთ, იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, ნაწვიმარზე ცისარტყელა როგორ გამოჩნდება. ეს ხალხი რატომღაც დარწმუნებულია, რომ წვიმას მუდამ ცისარტყელა მოჰყვება.
რა ხდება, როდესაც ცისარტყელა არ ჩანს? თავს ვიტყუებთ, რომ მაინც არსებობს?
სინამდვილეში კი წვიმა წვიმაა. სრული უფლება გვაქვს, მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, გვიხაროდეს ან არ გვიხაროდეს. რა თქმა უნდა, ყველაზე ჰარმონიული გზაა, წვიმა უბრალოდ მივიღოთ, ყოველგვარი შეფასებისა და მოლოდინის გარეშე, თუმცა ასეთი "განსხივოსნებული" ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს, შეგვიძლია, აზრი: "ისევ საშინელი ამინდია, რა ცუდი დღეა", – შევცვალოთ დამოკიდებულებით: "წვიმიანი ამინდი არ მიყვარს", არ შევრაცხოთ ბუნებრივი მოვლენა საშინელებად და არ მივცეთ ამ აზრს უფლება, მთელი დღე გაგვიფუჭოს.
როგორ ვიმუშაოთ უარყოფით აზრებზე?
1. შეიცვალეთ პოზა
კარგად დააკვირდით, რას ამბობს თქვენი სხეული. მოღუშული ხართ? წელში მოხრილი? გტკივათ რამე? დააკვირდით თქვენს სხეულს, იგრძენით ეს დისკომფორტი და მიიღეთ საპირისპირო პოზა ისე, როგორც თავად გესმით.
დაინახავთ, რომ სხეულისთვის კომფორტის მინიჭებას გონების გათავისუფლებაც მოჰყვება.
2. ისაუბრეთ
ხანდახან უარყოფითი აზრები იმიტომ გროვდება, რომ მათ თანხმლებ ემოციებზე საუბარი არ შეგვიძლია. როდესაც ემოციებს სიტყვებით გადმოვცემთ, ვაღიარებთ, განვიხილავთ, ისინი ძალას კარგავენ, ამიტომ გარკვეულ სიტუაციებში მეგობართან გულახდილი საუბარიც კმარა, რომ საკუთარ პრობლემებს უცხო თვალით შევხედოთ და გამოსავალი ვიპოვოთ.
3. ისუნთქეთ
როდესაც შფოთავთ, როდესაც გონება წინ გაგირბით, გულისცემა და სუნთქვა ხშირდება.
როდესაც ამჩნევთ, რომ თავს კარგავთ, შეჩერდით, ათამდე დაითვალეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ. ყველაფერი პაუზაზე დააყენეთ. უბრალოდ ისუნთქეთ და იყავით. ამას დიდი შვება მოაქვს.
4. მიმართულება შეუცვალეთ თქვენს აზრებს
ხანდახან უარყოფითი აზრები დაკარგული პერსპექტივის შედეგია. ეცადეთ, თქვენს პრობლემებს ისე შეხედოთ, თითქოს ეს თქვენი კი არა, სხვისი პრობლემა იყოს. უცხო თვალით შეაფასეთ, მერე კი მიმართულება შეუცვალეთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ: “რამდენი პრობლემა მაქვს”, – იფიქრეთ: “კი, პრობლემები მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში გამოსავალსაც ვიპოვი”. დაახლოებით იმავეს ამბობთ, მაგრამ მსხვერპლის როლიდან გამოდიხართ.
5. იყავით შემოქმედებითები
ფიქრებთან გამკლავებაში სხვა ფიქრები ვერ დაგეხმარებათ. ნაცვლად ამისა, შექმენით რამე, მიანიჭეთ თქვენს ფიქრებს ფერი, ფორმა, რიტმი.
მაგალითად, იყიდეთ საღებავები და ხატეთ, გადაიღეთ განწყობის შესაბამისი სურათები, დაწერეთ ჩანახატი. გარეთ გამოიტანეთ თქვენი აზრები და ემოციები, ნუ დაიგროვებთ, შიგნით ნუ ჩაკეტავთ.
6. გაისეირნეთ
ხანდახან ერთადერთი, რაც გვშველის, გაცლაა. თუ გარემო გთრგუნავთ, თუ კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებით, თუ თქვენ გარშემო უარყოფითი ატმოსფეროა, ადექით და გაისეირნეთ, ცოტა ხნით მოშორდით ჩვეულ გარემოს, დისტანცირდით იმ გარემოებებისგან, რომლებიც აძლიერებს თქვენს უარყოფით აზრებს. ისეირნეთ და სიმშვიდეში განიხილეთ არსებული სიტუაცია.
დასკვნა
თუ ჩვენი აზრები დიდ დანაკარგს, ქრონიკულ სტრესს, ბავშვობის ტრავმას ან მსგავს სერიოზულ საკითხებს ეხება, რასაკვირველია, ვერც გასეირნება და ვერც პოზის შეცვლა მათ ვერ უშველის. ამ დროს აუცილებელია, მივმართოთ თერაპევტს, ერთად ვიკვლიოთ ისიც, რა გვაწუხებს და ისიც, რა რესურსები მოიპოვება ჩვენს ფსიქიკასა და ჩვენს გარემოში ამის დასაძლევად. თუმცა ასეთ დროსაც კი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები გვაძლევს საშუალებას, ცოტა ხნით მაინც დავისვენოთ, ამოვისუნთქოთ, დავიწყოთ გამოწვევების გადალახვის დაგეგმვა.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერში პოზიტივი უნდა ვეძებოთ. ცხოვრება მრავალფეროვანია, ხანდახან ისეთი რამე დაგვატყდება თავს, ამაში პოზიტივის ძებნა სხვა არაფერია, თუ არა რეალობისგან თავის დაძვრენის და ილუზორულ სამყაროში გადასახლების მცდელობა. მეტიც – პრობლემის არაღიარებას მისი გადალახვის გზების არაღიარება მოჰყვება. თუ, მაგალითად, დიაბეტი მჭირს, მე კი ჯიუტად გავიძახი, რომ ყველაფერი კარგადაა, ექიმთან არ მივდივარ და ვცდილობ წარმოვიდგინო, რომ დილით ჯანმრთელი გავიღვიძებ, გავფლანგავ იმ დროს, როდესაც დიაბეტის მართვა ბევრად უფრო მარტივი მეთოდებით არის შესაძლებელი. თუ ყოველ დილით მტკივა თავი, მე კი არ ვიმჩნევ, ესე იგი უარვყოფ გზავნილს, რომელსაც სხეული მაწვდის. თუ სამსახურში წასვლის წინ თვალებზე მუდამ ცრემლი მადგება, მე კი ვიწმენდ და თავს ვირწმუნებ, რომ მადლობელი უნდა ვიყო, რომ სამსახური საერთოდ მაქვს, თავს პროფესიული გადაწვისთვის ვიმეტებ. ამ დროს პოზიტიური ფიქრები კი არა, პრობლემის აღიარება, მასთან შეჭიდული თავდაპირველი შფოთვისა და შიშის განცდა, მერე კი გამოსავლის ძიებაა საჭირო.
ამავე დროს, განსკუთრებით კი ბოლოდროინდელი არასტაბილურობის ფონზე, ჩვენ უკვე მივეჩიეთ სტრესს, როგორც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრს. რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ნეგატიურად, რაც უფრო ჩვევაში გადაგვდის სამყაროს ნეგატიური კუთხით თვალიერება, მით უფრო მტკიცდება თავის ტვინში ის სინაფსური კავშირები, რომლებიც ასეთ აზროვნებას უკავშირდება და მით უფრო ადვილად ვეშვებით ამ ფიქრებისა და ემოციების მორევში ნებისმიერი, თუნდაც პატარა გამოწვევის დროს. ვეჩვევით მუდამ მსხვერპლის პოზიციიდან მოვლენების შეფასებას. ვეჩვევით უსუსურობას. ვკარგავთ უნარს, ერთმანეთისგან გავარჩიოთ დიდი, ტრავმული მოვლენები და პატარა, მოგვარებადი პრობლემები. გვეშინია ნებისმიერი ცვლილების. სწორედ ამის გადალახვაში გვეხმარება მიზანმიმართული, გაცნობიერებული მცდელობა, გავუმკლავდეთ განმეორებით, ციკლურ უარყოფით აზრებს.
ხანდახან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ჩვენს თავზე კი არ ვიფიქროთ, ფანჯარაში გავიხედოთ და საკუთარ თავს გავახსენოთ: გარეთ ცალკე სამყაროა.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე