პირველი გატაცება

გააზიარე:

გახსოვთ, ერთ დღესაც თანაკლასელის დანახვისას რა სხვანაირად აგიჩქარდათ გული? გახსოვთ, მასზე ფიქრი მთელი დღე და ღამე რომ ვერ მოიშორეთ თავიდან? ეს ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი გრძნობაა. პირველ გატაცებას ზოგი თინეიჯერობის ასაკში განიცდის, ზოგი კი – გაცილებით ადრე.

იმის სწავლა, როგორ დაამყაროს ურთიერთობა ერთი-ერთზე სხვა ადამიანთან, ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. და ამის სწავლება მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როდესაც მას ვინმე მოეწონება, არამედ მცირე ასაკიდანვე.

ურთიერთობების შესახებ

სიყვარულითა და მზრუნველობით გაჯერებული ურთიერთობას ბავშვები, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახებში სწავლობენ. ამასთანავე, ისინი რეგულარულად ხედავენ ურთიერთობის მაგალითებს ტელევიზორში, სოციალურ მედიაში, თავიანთი სოციუმის წიაღში. ეს მაგალითები ყოველთვის ჯანსაღი არ არის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებთან ამ თემაზე გულახდილ საუბარს. მას არ უნდა ერიდებოდეს თქვენთვის კითხვების დასმის და თქვენც უნდა ეცადოთ, გულწრფელად უპასუხოთ მის თუნდაც ყველაზე უცნაურ კითხვებს. ამ თემაზე საუბრის წამოწყების საბაბად შეგიძლიათ ფილმის სიუჟეტი ან სიმღერის ტექსტი გამოიყენოთ.

ურთიერთობები სკოლამდელ ასაკსა და დაწყებით კლასებში

ამ ასაკის ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ შეყვარებული ჰყავთ. მაგრამ უმეტესად ეს უფროსების სიტყვების გამეორებაა – პატარებს ხშირად ეკითხებიან ხუმრობით: "შეყვარებული გყავს?" – და ისინიც პასუხობენ, რომ ჰყავთ. ზოგჯერ მათ მართლაც სიამოვნებთ რომელიმე ჯგუფელთან ერთად ხელჩაკიდებული სიარული, განსაკუთრებით მოსწონთ რომელიმე კლასელი, მაგრამ ამ ასაკში სასიყვარულო ურთიერთობები ამ ზღვარს არ სცდება.

ამისთვის ბავშვის დაცინვა, გამასხარავება, მისი გრძნობების აბუჩად აგდება დაუშვებელია  – ამან შესაძლოა დაღი დაასვას მის ფსიქიკას და მას მომავალშიც გაუჭირდეს მოწონების ობიექტთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება. რა აბსურდულიც უნდა გეჩვენებოდეთ ბავშვის გრძნობები გარკვეულ ასაკში, მათ გაგებით უნდა მოეკიდოთ. "რა დროს შენი სიყვარულია" და მსგავსი ფრაზები არ გამოიყენოთ – ბავშვის ფაქიზ ფსიქიკაზე ასეთი მომენტები ძლიერ გავლენას ახდენს და შესაძლოა, კომპლექსებსაც დაუდოს სათავე.

აუხსენით ბავშვს, რომ ერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა ნორმალურია; თუ სურს, ერთ განსაკუთრებულ მეგობართან ერთად მეტი დრო გაატაროს, ვიდრე სხვებთან, ამაში არაფერია უჩვეულო. აუცილებელი არ არის, ამ ურთიერთობას შეყვარებულობა დაარქვათ. მით უმეტეს, ამ ასაკში ბავშვი ბოლომდე ვერ გააცნობიერებს ამ სიტყვის მნიშვნელობას. უმჯობესია, ამ ურთიერთობას კარგი მეგობრობა უწოდოთ.

ურთიერთობები თინეიჯერობისას

ამ ასაკში პირველი ძლიერი გატაცება ხელის ჩაკიდებით აღარ შემოიფარგლება – მოზარდებს უჩნდებათ სურვილი, ჩაეხუტონ, აკოცონ ერთმანეთს. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელ ასაკში ჩნდება ასეთი გარდატეხა, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და სხვადასხვა დროსაა მზად მსგავსი ურთიერთობებისთვის.

უფროსები აცნობიერებენ, რამდენად ხანმოკლე შეიძლება იყოს თინეიჯერების შეყვარებულობა და ამის გამო ზერელედ, ხშირად აგდებულადაც ეკიდებიან ამ ასაკში გაჩენილ გრძნობას. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. მოზარდისთვის ეს გატაცება პირველია და, შესაბამისად, უძლიერესიც, ამიტომ ეცადეთ, პატივი სცეთ მის გრძნობებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ასაკში მეგობრისგან ან შეყვარებულისგან გულისტკენას ადამიანი ყველაზე მტკივნეულად განიცდის.

* მზად იყავით დიალოგისთვის. ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გეწყინებათ, თუ ბავშვი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს გიყვებოდათ, უცებ საკუთარ თავში ჩაიკეტა. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ოჯახური ურთიერთობების უკანა პლანზე გადაწევა და მეგობრებსა და თანატოლებთან ურთიერთობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მინიჭება. მშობელი მთავარი გმირიდან დამხმარე პერსონაჟად იქცევა. მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ რჩევის საკითხავად თქვენთან მოსულს მოუსმინოთ, გულითადად ესაუბროთ და რჩევა მისცეთ.

არ დაიშუროთ გამოცდილება

ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობების დამყარების საწინდარი ჯანსაღი მეგობრობის უნარია. ადრეულ ასაკშივე აუხსენით ბავშვს, რომ მეგობარი ის ადამიანია, ვისთან ერთად დროის გატარებაც გსიამოვნებს, ვის აზრსაც პატივს სცემ, ვისაც ენდობი. ასწავლეთ, როგორ იყოს კარგი მეგობარი.

კარგი იქნება, თუ პატარაობიდანვე ასწავლით ურთიერთობებში კომპრომისის მნიშვნელობას (მაგალითად, თუ ორივეს ერთი და იმავე სათამაშოთი სურს თამაში, შეუძლიათ, რიგრიგობით ითამაშონ, რომ გული არც ერთს არ დასწყდეს)

ასწავლეთ, იყოს კეთილი.

პატივი სცეს სხვის აზრს, მაგრამ ჰქონდეს საკუთარი ინტერესები და პრინციპები.

დიალოგით მოაგვაროს კონფლიქტური სიტუაციები

ბოდიში მოიხადოს, როცა დამნაშავეა.

როგორ დავიწყოთ ბავშვთან ურთიერთობებზე საუბარი

ბავშვთან რომანტიკულ ურთიერთობებზე საუბრის დაწყება არც ისე ადვილია, მაგრამ უმჯობესია, მარტივად მიუდგეთ. თუ ხედავთ, რომ იტანჯება, მოწყენილია, ხასიათი შეეცვალა, მაგრამ თქვენთან საუბარი არ სურს, შეგიძლიათ, თავად ჩამოაგდოთ სიტყვა ამ თემაზე, გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, მოუყვეთ, რომ მის ასაკში თქვენც გტკენიათ გული. უმჯობესია, რეალური მაგალითი მოუყვანოთ, რადგან ბავშვებზე ეს ყველაზე უკეთ მოქმედებს. ეცადეთ, სიტუაცია ისე განმუხტოთ, არ აფიქრებინოთ, რომ მისი გრძნობები უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ, მაგრამ აგრძნობინეთ, რომ მის გარშემო ბევრი სხვა ადამიანიცაა, რომლებსაც ის უყვართ და ყოველთვის დაუდგებიან გვერდით.

შეგიძლიათ, პირდაპირ კი არ მიმართოთ, არამედ მეგობრის შესახებ ჩამოუგდოთ სიტყვა, ჰკითხოთ, მას თუ მოსწონს ვინმე – ხშირად ბავშვები ასე უფრო იხსნებიან ხოლმე. თუ ატყობთ, რომ არაფრის მოყოლა არ სურს, მიეცით საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის საშუალება და გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ სცადეთ.

ნუ გადააჭარბებთ. თუ შვილი იმაზე მეტს მოგიყვათ, ვიდრე ელოდით, ეცადეთ, გაკვირვება არ გამოხატოთ. ყურადღებით მოუსმინეთ და კრიტიკის გარეშე, მშვიდად გაუზიარეთ თქვენი აზრი, აუხსენით, რატომ მიგაჩნიათ მისი საქციელი არასწორად და საჭიროების შემთხვევაში რჩევაც მიეცით.

როგორ ამოვიცნოთ არაჯანსაღი ურთიერთობა

ყურადღებით იყავით თუ:

* ატყობთ, რომ ბავშვი უჩვეულოდ დაძაბულია;

* თავს არიდებს მეგობრებს და ოჯახის წევრებს;

* დაკარგა ინტერესი იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც წინათ სიამოვნებას ანიჭებდა;

* მკვეთრად შეეცვალა ხასიათი;

* მკვეთრად გაუუარესდა ნიშნები.

მართალია, ბავშვი ყველაზე უკეთ საკუთარი გამოცდილებით სწავლობს, მაგრამ ეცადეთ, არ გამოგეპაროთ მომენტი, როდესაც უფროსის ჩარევა აუცილებელია. არის სიტუაციები, რომლებსაც ბავშვმა დამოუკიდებლად შესაძლოა ვერ გაართვას თავი. ასეთ დროს მას აუცილებლად უნდა გაუწოდოთ დახმარების ხელი, თუნდაც თავად ამის სურვილი არ გამოხატოს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: