ბავშვი და არჩევანი

გააზიარე:

ადამიანს ყველა ასაკში უწევს გადაწყვეტილების მიღება. პატარა არჩევს სათამაშოს, მოზარდი – მომავალ პროფესიას... ის, რაც ზრდასრულისთვის მარტივი არჩევანია, ბავშვს შესაძლოა დილემად ექცეს, რადგან უნარები, რომლებიც გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო, ადამიანს  დაბადებიდანვე არ დაჰყვება თან – თანდათან იძენს, ამაში კი ბავშვებს შესაძლოა მშობლების დახმარება დასჭირდეთ.

დაიწყეთ ადრე

დროდადრო სულ პატარებიც კი დგებიან არჩევანის წინაშე. საუკეთესო გზა, ბავშვი გადაწყვეტილების მიღებაში გავავარჯიშოთ, ისაა, ორიდან ერთის ამორჩევის საშუალება მივცეთ (იმ პირობით, რომ თქვენთვის ორივე ვარიანტი მისაღებია). მაგალითად, ავარჩევინოთ, რომელი ფეხსაცმელი ჩაიცვას დღეს – წითელი თუ ლურჯი, ან კაფეს მენიუდან ორი კერძი შევთავაზოთ და ერთის ამორჩევა ვთხოვოთ.

თავისუფალი არჩევანი იმას არ ნიშნავს, ყოველგვარი ჩარჩო უგულებელყოთ და ბავშვს სრული თავისუფლება მისცეთ. უბრალოდ, ის უნდა მოამზადოთ იმ ასაკისთვის, როდესაც მას თქვენგან დამოუკიდებლად მოუხდება გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, დაე, თავად აირჩიოს ტკბილეული, როდესაც მისი ჭამის ნებას დართავთ, მაგრამ მთელი დღე მხოლოდ ტკბილეულის ჭამის უფლებას, რა თქმა უნდა, ვერ მისცემთ.

მონიშნეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც, თქვენი აზრით, ბავშვმა თვითონ უნდა მიიღოს. ჩამოწერეთ სია და ერთად განიხილეთ, რაზე აიღებს პასუხისმგებლობას. თუ მიაჩნია, რომ რომელიმე მათგანს თავს ვერ გაართმევს, არ დააძალოთ. ცოტა ხნის შემდეგ ხელახლა სცადეთ.

მიეცით მაგალითი

ზრდასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესი ავტომატიზებული გვაქვს. სცადეთ, ხმამაღლა იფიქროთ, იმსჯელოთ და გააანალიზოთ, როგორ მიდიხართ ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, მაგალითად, რა გააკეთოთ სადილად (გუშინ ხორციანი წვნიანი გქონდათ, ამიტომ დღეს უფრო მსუბუქი კერძი ჯობია), სად წახვიდეთ დასასვენებლად – რა ვარიანტები გაქვთ, რა ღირსება და ნაკლი აქვს თითოეულ მათგანს... ამ პროცესზე დაკვირვება ბავშვს ასწავლის, რა გზით არის შესაძლებელი სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მომდევნო ნაბიჯია ბავშვის ჩართვა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც მასაც ეხება. მაგალითად, ორმა მეგობარმა ერთდროულად დაპატიჟა დაბადების დღეზე. რომელთან სურს წასვლა? მხოლოდ ერთთან, თუ ორივესთან ცოტ-ცოტა ხნით? რომელიმეს ხომ არ ეწყინება, მასთან თუ არ მივა? რაც უფრო ადრე გაუმახვილებთ ყურადღებას იმაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მისმა საქციელმა სხვა ადამიანებზე და ასწავლით თანაგრძნობას, მით უკეთესი.

ეთათბირეთ

როცა ისეთი საკითხი გაქვთ გადასაწყვეტი, რომელიც მთელ ოჯახს ეხება, ბავშვსაც მოეთათბირეთ. თუ მას მცირე ასაკიდანვე ეცოდინება, რომ ოჯახის წევრები პატივს სცემენ მის აზრს, ყოველთვის უსმენენ და არგუმენტირებულად უსაბუთებენ, რატომ არის მისი აზრი სწორი ან მცდარი, თავიდან აიცილებთ ამბოხებას, რომელიც მაშინ იწყება, როდესაც მოზარდებს ჰგონიათ, რომ მათი არავის ესმის და მათი აზრი არავის ადარდებს.

დაშალეთ პუნქტებად

გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარმატებით რომ წარიმართოს, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე:

* რა გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო;

* როგორია ალტერნატივა;

* რა ღირსება ან ნაკლი აქვს თითოეულ ვარიანტს;

* რა პლუსები და მინუსებია გასათვალისწინებელი გადაწყვეტილების მიღებისას;

* რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება სხვა ადამიანებზე;

* როგორ ეკიდება ამ გადაწყვეტილებას თავად გადაწყვეტილების მიმღები;

* საჭიროა თუ არა გეგმა B და რას გულისხმობს ის.

დაეხმარეთ

როდესაც ბავშვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას ასწავლით, საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც შესთავაზეთ.

თუ ატყობთ, რომ ბავშვი ყოველ დილით ყოყმანობს იმის არჩევისას, რა ჩაიცვას, ეს შესაძლოა შფოთვის ბრალი იყოს. ბავშვს სკოლაში ელოდებიან მეგობრები, ყოველ დღეს რაღაც ახალი მოაქვს, ამიტომ უჭირს ამ გადაწყვეტილებაზე კონცენტრირება. თუ ხვდებით, რომ პრობლემის სათავე აქაა, უმჯობესია, არ ჩაერიოთ და არჩევანის გაკეთება დააცადოთ. შეგიძლიათ, საქმე გაუადვილოთ – ორი ვარიანტი შესთავაზოთ და ამ ორიდან ერთის არჩევის საშუალება მისცეთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აუცილებლად შეაქეთ, მით უმეტეს, თუ ეს სწრაფად მოახერხა. იმაზეც გაუმახვილეთ ყურადღება, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა საჭირო. მაგალითად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საუზმეზე რძიან ბურბუშელას შეჭამს თუ რძიან ფაფას; უფრო მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რათა სკოლაში არ დააგვიანდეს.

როდის არ უნდა ჩავერიოთ

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მარტივი გადაწყვეტილებების მიღებისას (მაგალითად, რომელი ნაყინი უნდა ან რომელ მეგობარს მოიპატიჟებს სახლში) ბავშვს თქვენი დახმარება აღარ სჭირდება, შეგიძლიათ, განზე გადგეთ. ნურც უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას დაუშლით, თუ დაამტკიცებს, რომ ეს შეუძლია. მაგალითად, ნება მიეცით, თავად აირჩიოს:

* რა ჩაიცვას, თუ ტანსაცმელი ამინდს შეესაბამება;

* რა წაიკითხოს, თუ წიგნი შეესაბამება მის ასაკს;

* როგორ გაატაროს დაბადების დღე, თუ მისი სურვილები შეესაბამება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას და არც სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.

შესაძლოა გეგონოთ, რომ თქვენ უკეთ იცით, მაგრამ ეცადეთ, თავი მოთოკოთ – როცა ბავშვი დამოუკიდებელ, თუნდაც მცდარ არჩევანს აკეთებს, ის საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ამასთან ერთად, უვითარდება:

* საკუთარი თავის რწმენა;

* მაღალი თვითშეფასება;

* ხასიათის სიმტკიცე;

* ანალიტიკური ფიქრის უნარი;

* ემპათია.

თუ ბავშვს საშუალებას მივცემთ, თავად მიიღოს მარტივი გადაწყვეტილებები, მას საკმარისი გამოცდილება დაუგროვდება, რათა მომავალში დამოუკიდებლად გაართვას თავი უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევანის გაკეთება თავადაც შეუძლია, ჰკითხეთ, ნამდვილად სჭირდება თუ არა თქვენი დახმარება, წაახალისეთ, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. მაგრამ თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში გთხოვთ დახმარებას, აუცილებლად გაუწოდეთ დახმარების ხელი, მადლობა გადაუხადეთ, რომ რჩევისთვის სწორედ თქვენთან მოვიდა და უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მის მაგიერ მიიღოთ – ამ შემთხვევაში დახმარება მხოლოდ ფიქრისთვის სწორი გეზის მიცემას გულისხმობს.

მიეცით ცუდი გადაწყვეტილების მიღების საშუალება

ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, ამიტომ ყოველთვის ნუ ჩაერევით ბავშვის გადაწყვეტილებაში, თუნდაც ის მცდარი მოგეჩვენოთ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ისეთ სიტუაციებს, როდესაც საქმე მის უსაფრთხოებას ეხება. აწონ-დაწონეთ, რა უფრო კარგი გაკვეთილი იქნება მისთვის – საკუთარი გადაწყვეტილების უსიამოვნო შედეგი თუ თქვენი ჩარევით გაკეთებული სწორი არჩევანი.

მაგალითად, ნუ ჩაერევით, როდესაც:

* სურს სკოლაში სუპერგმირის ფორმით წასვლა, თუ ტანსაცმელი ამინდის შესაფერისია და სკოლის წესებს არ ეწინააღმდეგება. თუ თანაკლასელები დასცინებენ, მისი გადაწყვეტილება, სხვა დროსაც ჩაიცვას თუ არა იგივე ტანსაცმელი, მის ხასიათს გაუსვამს ხაზს;

* ფეხბურთზე (კალათბურთზე, ცურვაზე) წასვლამდე ვიდეოთამაშით გართობას გადაწყვეტს, ყურადღება გაეფანტება და სპორტული ფორმა შინ დარჩება – გამოცდილებას მიიღებს და მომავალში ასეთი რამ აღარ დაემართება;

* გადაწყვეტს, ჯიბის ფულით ისეთი სათამაშო იყიდოს, რომელიც მალე გაუფუჭდება ან მობეზრდება.

მერე კი დაეხმარეთ, ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. მშვიდად, საყვედურების გარეშე აუხსენით, რატომ იყო მისი გადაწყვეტილება მცდარი და რატომ ვერ მიიღო სასურველი შედეგი. მშობლები ვისწრაფვით, შვილები ყოველგვარი საფრთხისგან დავიცვათ, მათ შორის – რთული ემოციური მდგომარეობისგანაც, მაგრამ წყენა, ბრაზი, სინანული ის გრძნობებია, რომლებიც ბავშვმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს, რათა ჩამოუყალიბდეს ხასიათის სიმტკიცე, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: