მაკიაჟის მაგია - როგორ გავიკეთოთ სწორად მაკიაჟი

გააზიარე:



მართალია, სილამაზე შიგნიდან მოდის, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ სახის ამა თუ იმ ნაკვთის გამოკვეთა, თუნდაც უმნიშვნელოდ, ქალს თავდაჯერებას მატებს. კარგი მაკიაჟის წყალობით შეიძლება უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოთ საკუთარი შარმი – კომპლიმენტი ხომ არასოდეს არის ზედმეტი.
როგორც ამბობენ, მაკიაჟი – ეს არის ხელოვნება, შექმნა ხასიათი სახეზე და შესძინო მას სტერეოსკოპიული ეფექტი, რასაც ვიზაჟის ჯადოქრები სხვადასხვა ტექნიკით, ფერით, ხრიკით და, უპირველეს ყოვლისა, შემოქმედებითი მიდგომით აღწევენ.
მაკიაჟი ბევრი ქალისთვის ყოველდღიური რიტუალია, ბევრი კი გადატვირთული გრაფიკის გამო თუ სხვა მიზეზით უგულებელყოფს სტილის ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. დერმატოკოსმეტოლოგს, ვიზაჟისტს, საქართველოს სამგზის ჩემპიონს ვიზაჟში ლიკა ნიორაძეს მიაჩნია, რომ ქალმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო სარკეში ჩასახედად. არ არსებობს ქალი, რომელიც ვერ შეძლებს, ფუნჯის რამდენიმე მოსმით პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანოს საკუთარ გარეგნობაში და ხაზი გაუსვას თავის სილამაზეს. ოღონდ ამისთვის რამდენიმე წესის ცოდნაა საჭირო, რადგან არასწორად გაკეთებულმა მაკიაჟმა შესაძლოა კი არ წარმოაჩინოს ქალის ღირსებები, არამედ დამალოს.
მოდი, გავიგოთ, რას გვასწავლის ქალბატონი ლიკა.

რომელი ინსტრუმენტები და დეკორატიული კოსმეტიკა უნდა მოვიმარაგოთ?
– იმისთვის, რომ მაკიაჟი თვითონ გაიკეთოთ შინ, უპირველეს ყოვლისა, მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა უნდა იცოდეთ, თუმცა რამდენიმე ინსტრუმენტი და კოსმეტიკური საშუალებაც დაგჭირდებათ.
ინსტრუმენტებიდან, უპირველეს ყოვლისა, მოგიწევთ შეიძინოთ სხვადასხვანაირი ფუნჯები თვალის ჩრდილისთვის (ჩრდილის წასასმელად, ჩრდილის გასანაწილებლად), რუჟისა და პუდრის ფუნჯები, ტონალურის წასასმელი ღრუბელი ან ფუნჯი, წარბის ფუნჯი და პინცეტი.
რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, ყოველდღიური მსუბუქი მაკიაჟისთვის საკმარისია ტონალური, თვალის შავი ფანქარი, ტუში, რუჟი და ტუჩსაცხი.
საღამოს მაკიაჟი კი კოსმეტიკასაც და ძალისხმევასაც მეტს მოითხოვს. ასე რომ, თუ საღამოს მაკიაჟის გაკეთებას გადაწყვეტთ, დამატებით მოიმარაგეთ:
* ფუძე – ეს არის საბაზისო საფარი, რომელიც მალავს მსუბუქ დეფექტებს და თანაბარ ელფერს სძენს კანს; კანი ბუნებრივად გამოიყურება.
* კონსილერი (კორექტორი) – ნიღბავს ზედაპირულ კაპილარებს, მუქ რგოლებს, პიგმენტურ ლაქებს, რომლებსაც ვერ ერევა ფუძე. გამოიყენება სახის მოდელირებისთვის. არსებობს სხვადასხვა ტექსტურისა და კონისტენციის: თხელი, შედარებით სქელი, კრემისებური, და მშრალი (სტიკი).
* თვალის ჩრდილები – მათი სწორი გამოყენებით შეგვიძლია საოცარი ეფექტი მოვახდინოთ: თვალები გავზარდოთ ან დავაპატარაოთ, ფორმა შევუცვალოთ, მეტად გამოვკვეთოთ ფერი.
* ჰაილაითერი – კანს ანიჭებს თბილ, ჯანსაღ ბრწყინვალებას. არსებობს მშრალი და თხევადი.

ვამზადებთ კანს
თუ ყველაფერი ეს მოიმარაგეთ, ისღა დაგრჩენიათ, კანი მაკიაჟისთვის მოამზადოთ. იდეალური მაკიაჟის მისაღებად კი კანის მომზადება წინა დღეს უნდა დაიწყოთ. მაკიაჟი ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, წინა დღეს მსუბუქი პილინგი გაიკეთეთ. უამისოდ ვერანაირი ნიღაბი ვერ იქნება ეფექტური. თუ სახლში პილინგისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალება არ აღმოგაჩნდათ, სახე მჭადის ფქვილით გაისუფთავეთ, თუმცა ხშირად ამის გაკეთებას არ გირჩევთ – მჭადის ფქვილი კომედოგენურია და შავ წერტილებს აჩენს. აჯობებს, გამოიყენოთ რძის მჟავას შემცველი პროდუქტები – კეფირი ან მაწონი, რომლებიც კარგად აშორებს მკვდარ უჯრედებს. კანზე წაისვით და შეიშრეთ, მერე კარგად ჩამოიბანეთ, ბოლოს კი სახე დაიტენიანეთ. კარგად რომ უნდა გამოიძინოთ, ამის შეხსენება ზედმეტად მიმაჩნია.
მაკიაჟის დაწყებამდე სახე კარგად გაიწმინდეთ ტონიკით და აუცილებლად დაიტენიანეთ.

შემოქმედებითი ეტაპი

ფუძე და ტონალური
უპირველეს ყოვლისა, სახეზე ისხურეთ მინერალებით გამდიდრებული თერმული წყალი და შეიშრეთ. ეს კანს გამოაცოცხლებს და მაკიაჟს უფრო ეფექტურს გახდის. ამის შემდეგ სახეზე წაისვით ფუძე. ფუძეზე მაკიაჟი დიდხანს ძლებს. ფუძე უნდა შეესაბამებოდეს კანის ფერსა და ტიპს. ასაკობრივად შეცვლილი კანისთვის კი დამატენიანებელი ფუძე შეარჩიეთ.
ტონალურის დანიშნულებაა, სახის ფერი გაათანაბროს. ისიც აუცილებლად კანის ფერსა და ტიპს უნდა შეესაბამებოდეს და, რაც მთავარია, ნიღაბივით არ უნდა იდოს სახეზე – თითქმის შეუმჩნეველი უნდა იყოს. კანმა რომ ისუნთქოს, თხელი და მსუბუქი ტექსტურის ტონალური შეარჩიეთ. არსებობს უნივერსალური, ანუ ნებისმიერი ტიპის კანისთვის განკუთვნილი ტონალურიც, თუმცა ის არც ისე ეფექტურია.
ტონალური სამასაჟე ხაზებზე დაიდეთ და სპეციალური ღრუბლით ან ფუნჯით გაინაწილეთ. სამასაჟე ხაზებია: ნიკაპიდან ყურის ბიბილომდე, ტუჩის კუთხიდან ყურის შუა წერტილამდე, ცხვირის ფრთებიდან საფეთქლებამდე და შუბლის ცენტრიდან საფეთქლებამდე. ტონალური უკეთესად განაწილდება, თუ ღრუბელს თერმული წყლით დანამავთ. კანიც მეტად დატენიანდება.
ასაკობრივად შეცვლილ კანზე ტონალური თხლად გადაისვით. შეარჩიეთ კარგი ხარისხის, თხელი ტექსტურის მქონე საცხი. ანტიასაკობრივი ტონალური უნდა ატენიანებდეს კანს და ბზინვარებასაც ანიჭებდეს.
პუდრი კარგად აფიქსირებს მაკიაჟს, შთანთქავს პრიალს და კანს უფრო ფაქიზს და ჰაეროვანს აჩენს. მსუბუქად გადაისვით სახეზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თ ზონას (შუბლს, ცხვირის ირგვლივ არეს, ნიკაპს). არ გირჩევთ პუდრის წასმას თვალების გარშემო. პუდრი არც ასაკობრივად შეცვლილ კანს უხდება – უფრო მეტად აშრობს და ნაოჭებსაც მეტად გამოკვეთს. ანტიასაკობრივი მაკიაჟის დროს თვალების გარშემო უმჯობესია წაისვათ სპეციალური გელი, რომელიც შეგიძლიათ მსუბუქად დაიტანოთ კორექტორის ან კონსილერის ზემოდან, რაც ლიფტინგის ეფექტსაც მოახდენს.
ანტიასაკობრივი მაკიაჟის დროს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ თვალების გარშემო და ტუჩების გარშემო არსებულ კანს, თორემ შესაძლოა, მაკიაჟმა უფრო მეტად დაგაბეროთ, ვიდრე გაგალამაზოთ.

სახის კონტურინგი
სახე სხვადასხვა ფორმისაა: მრგვალი, ოთხკუთხედი, გულისებრი, რომბისებრი და ოვალური. მოდელირებით შეგვიძლია, მას იდეალური ოვალის ეფექტი შევძინოთ. ყოველდღიური მაკიაჟის დროს ამის გაკეთება რუჟითაც შეიძლება. ოდნავ გავამუქოთ ცხვირის კუთხეები, დავავიწროოთ ცხვირი. თუმცა დღის მაკიაჟისთვის ეს აუცილებელი არ არის, საღამოს მაკიაჟი კი სახის მოდელირების გარეშე ნამდვილად ვერ გამოვა ეფექტური.
მოდელირებისთვის დაგვჭირდება ორი კონსილერი: კანზე ორი ტონით მუქი და ორი ტონით ბაცი. მუქი ფერი არბილებს, მალავს წინ წამოწეულ ნაკვთებს, ბაცს კი, პირიქით, ზემოთ ამოაქვს და თვალში საცემს ხდის – ეს საზეპიროა, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ.
თვალების გარშემო სპეციალური თვალის კონსილერი გამოიყენეთ. აქ კანი ძალიან ნაზია, ამიტომ მისთვის განკუთვნილი კონსილერი თხელია, კარგად რომ განაწილდეს და არც წვრილი ნაოჭები გამოკვეთოს. სახის სხვა ადგილებზე შეგიძლიათ წაისვათ მშრალი კონსილერი. სახის მოდელირება სხვადასხვა ფერის ტონალურითაც შეიძლება.
ჩაიხედეთ სარკეში და დააკვირდით, რა გიშლით ხელს იდეალური ოვალის მიღებაში. მერე წინ წამოწეულ ადგილებზე მუქი კონსილერი დაიდეთ, ხოლო იმ ადგილებზე, რომელთა წამოწევაც გინდათ – ბაცი. ამგვარად შეგიძლიათ გამოკვეთოთ ყვრიმალი, დაიმოკლოთ, დაიგრძელოთ ან დაივიწროვოთ ცხვირი, ფორმა შეუცვალოთ შუბლს.

როგორ?
ღია ფერის კონსილერით შეიძლება თვალების ქვეშ ჩავარდნილი ადგილების ამოწევა. თუ ჩავარდნილი ადგილი დიდია და ლოყამდე ჩამოდის, ბაცი კონსილერით დაიხატეთ სამკუთხედი წვერით ქვემოთ. ბაცი კონსილერის დადებას მოითხოვს ცხვირისა და შუბლის გადაკვეთის ადგილიც (სამკუთხედი წვერით ქვემოთ).
თუ ოთხკუთხა სახე გაქვთ, მუქი ფერის კონსილერი წაისვით ქვედა ყბის ძვლებზე, თუ მრგვალი – ყვრიმალებზე, წარბის ბოლოდან ქვედა ყბამდე, ხოლო ყურის შუა წერტილსა და ტუჩის კუთხეს შორის დაიხატეთ სამკუთხედი ქვედა ყბისკენ მიმართული წვერით. თუ სახე გრძელია, გირჩევთ, მუქი კონსილერით წვრილი ხაზი გაივლოთ შუბლის მთელ სიგრძეზე, თმის ხაზთან ახლოს, ასევე – ქვედა ყბის კუთხეებსა და ნიკაპის წვერზე.
თუ მიგაჩნიათ, რომ გრძელი ცხვირი გაქვთ, ბაცი კონსილერი დაახლოებით ცხვირის შუა ნაწილამდე წაისვით, წვერზე კი მუქი დაიდეთ; თუ, პირიქით, ძალიან მოკლე – წვერამდე ღია ფერით დაიმუშავეთ. კეხიან ცხვირზე არამც და არამც არ წაისვათ ბაცი კონსილერი – ის მეტად გამოკვეთს კეხს. ცხვირი უფრო თხელი რომ გამოჩნდეს, მუქი ფერის კონსილერით წვრილი ხაზი გაივლეთ ცხვირის გვერდებზე. თუ ფართო ნესტოები გაქვთ, კონსილერის დადება ნესტოებთან, ცხვირის ორივე კუთხეში მოგიწევთ.
ამის შემდეგ აჭრელებული სახე უნდა გაათანაბროთ. ამისთვის ღრუბელს ოდნავ გადაუსვით კანისფერი ტონალური და სახეზე დადებული ფერები ერთმანეთში ფაქიზად გადაიყვანეთ. ფერებს შორის მკვეთრი განსხვავება არ უნდა იგრძნობოდეს.

პრობლემური კანი
თუ კანზე გამონაყარი გაქვთ, ეს უბნები ტონალურის წასმამდე სქელი კორექტორით დაიმუშავეთ. თუ გამონაყარი წითელია, ლოკალურად დაიდეთ მწვანე კორექტორი, რომელიც კარგად ანეიტრალებს წითელს, მერე კი ტონალური გადაისვით.
თუ ტონალური კრემი ზედაპირულ კაპილარებს ვერ გიფარავთ, აქაც მომწვანო კორექტორი გამოიყენეთ.

თვალი
მაკიაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია თვალის სწორი დამუშავება, მისი მოხდენილი შტრიხები რომ არ დავკარგოთ – პირიქით, წარმოვაჩინოთ.
უპირველეს ყოვლისა, თვალის გარშემო წაისვით ფუძე. უმჯობესია, ეს იყოს სპეციალური თვალის ფუძე, რადგან ის მეტად ატენიანებს კანს და ხშირად ლიფტინგის ეფექტიც აქვს.
თუ ჩრდილების დადებას აპირებთ, კონსილერი ქუთუთოზეც გადაისვით ფერის გასათანაბრებლად.
ჩრდილები ერთმანეთს კარგად რომ შეერიოს და ფუნჯმაც თავისუფლად ისრიალოს, ქუთუთოზე ცოტაოდენი პუდრი გადაისვით.
მკვეთრი ფერები დღეს ტრენდულია. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ფერი და ისე გაანაწილოთ, რომ თვალის ფორმა არ დაამახინჯოთ.
თუ თვალები ახლო–ახლო გაქვთ, დაშორების ეფექტი რომ შექმნათ, შიგნითა კუთხებთან აუცილებლად ღია ფერის ჩრდილები დაიდეთ, უკეთესია, მბზინავი. თუ, პირიქით, შორიშორს – უმჯობესია, შიდა კუთხეებთან შედარებით მუქი ჩრდილები გამოიყენოთ ან, უბრალოდ, თითით ამოისვათ მუქი კონტური. სხვა შემთხვევაში თვალის კუთხეებთან შეგიძლიათ წაისვათ როგორც მუქი ასევე ღია ფერის ჩრდილი, თუმცა ამ ადგილებს ყველაზე მეტად ღია ფერის და მბზინავი ჩრდილები უხდება.
თვალის შიდა კუთხიდან გარეთამდე ჩრდილი ნელ-ნელა უნდა გამუქდეს, გრადაცია იგრძნობოდეს. გარეთა კუთხესთან თითქმის ყველას შედარებით მუქი ტონი უხდება. ეს აზიდული თვალის ჭრილის ეფექტს ქმნის. მხოლოდ ღრმად ჩამსხდარ თვალებთან გმართებთ სიფრთხილე: ზედმეტმა სიმუქემ ის შესაძლოა უფრო ჩავარდნილი გამოაჩინოს. ოდნავ წინ წამოწეულ მრგვალ თვალებს კი მუქი ფერები ძალიან უხდება.
კონტურის გარეშე თვალი უფრო პატარა და დაუსრულებელი ჩანს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლაინერის ან თვალის ფანქრის სწორად წასმა. ამისთვის საკმარისია იცოდეთ მარტივი ხრიკი: დახუჭავთ თვალებს, ლაინერს გადაისვამთ მთელ ქუთუთოზე წამწამთან რაც შეიძლება ახლოს, მერე თვალს გაახელთ და ბოლო წერტილს სამკუთხედად ქვედა ქუთუთოსთან შეაერთებთ. თუ უძრავი ქუთოთო ანუ წარბქვეშა არე შესამჩნევად წამოწეული გაქვთ, კუთხეს ნუ გაიკეთებთ, უბრალოდ ლაინერი ქუთუთოზე გადაატარეთ. ნურც მეტისმეტად აპრეხთ. წინ წამოწეული თვალის შემთხვევაში უმჯობესია ლაინერი არა მთელ თვალზე, არამედ გარეთა ნახევარზე წაისვათ. მრგვალ თვალს სქელი ლაინერი არ უხდება. ჩავარდნილ თვალზე ლაინერი მაშინ არის ეფექტური, თუ ღია ფერის ჩრდილებს წაისვამთ.
თვალის ქვეშ მუქი კონტური ძალიან უხდება დიდ თვალებს, ვიწრო თვალების პატრონებს კი არ ვურჩევთ – კიდევ უფრო დავიწროვდება. ვიწრო თვალები ფართო გამოჩნდება, თუ ქვედა ქუთუთოს წამწამოვან ხაზზე თეთრ კონტურს წაისვამთ, მის ქვეშ კი – ზედა ქუთუთოს შესაბამის ჩრდილს.
წამწამებიც თვალის ფორმის მიხედვით უნდა აიპრიხოთ. მაგალითად, თუ მრგვალი თვალი გაქვთ, აიპრიხეთ ქუთუთოს მხოლოდ ბოლო ნაწილზე და რაც შეიძლება გვერდზე გადახარეთ, რომ თვალმა ნუშისებური ფორმა მიიღოს.
ჩავარდნილ თვალებს სმოკეყ ეყეს (მუქი, გარდამავალ ფერებში გადაწყვეტილი ჩრდილი) არ უხდება. ცატ ეყე-ს (მუქი ჩრდილებით აწეული თვალის ეფექტი) კი ყოველგვარი თვალი იხდენს.

წარბი
წარბის კონტურები სპეციალური ფანქრით გამოკვეთეთ, ხოლო ზედმეტი თმა მოცილეთ. თუ წარბი მეჩხერია, სისავსის ეფექტისთვის წარბის ფანქარი ან წარბის საცხი გამოიყენეთ. ფერი თქვენს თმასთან მიახლოებული უნდა იყოს, უმჯობესია, ერთი ტონით ბაცი. თუ დასაწყისში ღია, ხოლო ბოლოსკენ შედარებით მუქ ფერს გამოიყენებთ, წარბი უფრო ბუნებრივ იერს მიიღებს. ბოლოს წარბის ფუნჯით ჟელეც გადაისვით დასაფიქსირებლად.

რუჟი
რუჟი სახეს უფრო მეტად გამოკვეთს. არსებობს მშრალი, ცხიმიანი, გელისებური და თხევადი კონსისტენციის რუჟები. რომელს აირჩევთ, თქვენი ნებაა, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. მსუბუქად გადაისვით ყვრიმალის გასწვრივ და ეცადეთ, გაათანაბროთ.

ჰაილაითერი
ბოლო ხანს ტრენდულია ჰაილაითერი და ბევრსაც მოსწონს, მაგრამ მის წასმასაც აქვს თავისი წესი. ეს არის მბზინავი მასა, რომელიც ბზინვარებას ანიჭებს კანს და ატლასისებურ ეფექტს ქმნის. ის წინ წამოსწევს ნაკვთებს, ამიტომ სწორედ იქ უნდა დავიდოთ, სადაც გვჭირდება და არა სტანდარტულად.
როცა ცხვირი ისედაც გრძელია ან ცოტა გაბუშტული, ნუ წაისვამთ ჰაილაითერს ცხვირის წვერზე.
ჰაილაითერს ხშირად ყვრიმალებთან ისვამენ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ საშუალო ყვრიმალი გაქვთ.
ძალიან უხდება შუბლისა და ცხვირის გადაკვეთის ადგილს, ჩავარდნილ საფეთქლებს.
თუ პატარა ტუჩი გაქვთ, ტუჩის ზემოთ, ღარზე წაიცხეთ.
უხდება პატარა ნიკაპს. ლამაზია წარბის ქვეშაც, მაგრამ თუ ბრჭყვიალა ჩრდილების წასმას აპირებთ და მუქი ტონიც ბრჭყვიალაა, ჰაილაითერს ნუღა წაისვამთ, ნაძვის ხესავით რომ არ იბრჭყვიალოთ.
ოქროსფერი ჰაილაითერი ძალიან უხდება გარუჯულ კანს. სხვა შემთხვევებში კანის ფერს მიანიჭეთ უპირატესობა.

რჩევები
მაკიაჟის გაკეთებისას გაითვალისწინეთ კანის, თმის, თვალის ფერი, ასევე – აქსესუარები და კაბა. თუ ფერთა პალიტრა მდიდარია, უმჯობესია, მაკიაჟი თვალისა და თმის ფერს შეუხამოთ. ყავისფერ თვალებს ძალიან უხდება ყავისფერი ტონები, მწვანეს კი იისფერი. მაინცდამაინც თვალისფერ ჩრდილს ნუ აირჩევთ – ისეთი შეარჩიეთ, თვალის ფერი მეტად რომ გამოკვეთოს.
მაკიაჟის გაკეთებისას ძალიან დაგეხმარებათ კოსმეტიკური სველი ხელსახოცი. თუ შეცდომა მოგივიდათ, არ ინერვიულოთ – სველი ხელსახოცით ყველაფერს გამოასწორებთ. მაგალითად, თუ თვალის გარეთა კუთხეში ლაინერი ზედმეტი მოგივიდათ, ხელსახოცი გარეთა კუთხიდან სასურველი მიმართულებით აისვით და ლაინერიც ფორმას მიიღებს.
არ გამოიყენოთ ტუჩსაცხზე მუქი ტუჩის კონტური.
პრიალა ტუჩსაცხი მოცულობას ანიჭებს პატარა ტუჩებს, დიდ ტუჩებს კი გლუვიც უხდება და პრიალაც.
მაკიაჟი ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, ისარგებლეთ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული, ხარისხიანი კოსმეტიკით.
სილამაზეს, რა თქმა უნდა, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, მაგრამ იმაზე ვთანხმდებით, რომ მოვლილი კანი და თუნდაც მსუბუქი მაკიაჟი ქალს უფრო მიმზიდველს, ლაღსა და გამბედავს ხდის, ამიტომ, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ძალიან მინდა, ჩვენი რჩევები გაითვალისწინოთ, არ დაიზაროთ და რამდენიმე შტრიხი შეიტანოთ თქვენს გარეგნობაში, რომ საკუთარი თავის დანახვა უპირველესად თვითონ გსიამოვნებდეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

 

გააზიარე: