სერგო ხუნდაძე - უვერცხლო მკურნალი და ახალგაზრდა ქირურგების მჭედელი
გააზიარე:
ჩვენს ჟურნალში მრავალ შესანიშნავ ექიმსა და სამაგალითო მასწავლებელზე დაგვიწერია, რომლებსაც სიყვარულით და მოწიწებით იხსენებდნენ მოწაფეები, მაგრამ სერგო ხუნდაძის გაზრდილ ექიმებთან საუბარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გარდაცვალებიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კი ეს ადამიანები სათუთად ინახავენ საყვარელ მასწავლებელზე მოგონებებს და ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილების მატებასთან ერთად მის შესახებ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. მათთვის სერგო ხუნდაძე იყო მზრუნველი მამა, უფროსი მეგობარი, საიმედო მფარველი, მრავალმხრივი ცოდნის ადამიანი, რომელიც ძალდაუტანებლად, პირადი მაგალითით ასწავლიდა მათ ექიმობასაც და ადამიანობასაც.
ხუტა პაჭკორია, გასტროენტეროლოგი, მედიცინის ისტორიის მკვლევარი:
– სერგოს მამამ, შალვა ხუნდაძემ, შვილს თავისი ძმის, ცნობილი ქირურგის სახელი დაარქვა. უფროსი სერგო ხუნდაძე პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის 1909 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების N2 კლინიკურ საავადმყოფოში (ახლანდელი ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკა) ქირურგიული განყოფილების გამგედ, საოცარ, იშვიათ ოპერაციებს ატარებდა თავისი ორიგინალური მოდიფიკაციებით.
ცნობილი ქირურგი იყო შალვას მეორე ძმა გიორგიც – საქართველოში ანესთეზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის ორიგინალური მეთოდის ავტორი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადის წლებში, გიორგი ქალაქის წამყვანი ქირურგი იყო, მერე წლების განმავლობაში მოსკოვში მუშაობდა, 1954-1979 წლებში კი თბილისში ეკავა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორის თანამდებობა.
თვითონ შალვა ეკონომისტი იყო, ერთ-ერთი სამინისტროს საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელი. ექიმი გახლდათ მისი მეუღლე, მათიკო (მარიამ) მანველიძე, რომელიც ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა თერაპიის, კარდიოლოგიისა და ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილებებს. რა გასაკვირია, რომ სერგომაც და მისმა ძმამაც მედიცინა აირჩიეს. სერგო ქირურგი გახდა, რომა – მეან-გინეკოლოგი.
პროფესიული გზა
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სერგო ხუნდაძემ ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურა. იქ ჰისტოქიმიურად შეისწავლა გადანერგილი კანის სტრუქტურა, მისი ეპითელიზაციის თავისებურებები და დისერტაციაც დაიცვა. მისმა ნაშრომმა დიდი წვლილი შეიტანა დამწვრობის შედეგად დაზიანებული კანის აღდგენის მეთოდების დახვეწაში და პლასტიკური ქირურგიის განხრით შესრულებულ ბევრ სხვა ნაშრომსაც დაედო საფუძვლად. მოგვიანებით პროფესორ იოსიფ იარმოლინსკისთან ერთად შექმნა ორგანოს გადანერგვის შემდგომი მონიტორინგის სქემა, რაც ტრანსპლანტატის მოცილების საშიშროების დროულად ამოცნობას ემსახურებოდა.
სერგო ხუნდაძე საქართველოში არაერთი სიახლის სათავესთან იდგა. პირველმა ჩამოიტანა სერიოგრაფი აორტოგრაფიების ჩასატარებლად, დანერგა კლინიკაში ფლებოგრაფიის მეთოდი, პლაზმაფერეზისა და პლაზმაციტოფერეზის გამოყენება ინფექციების სამკურნალოდ და სხვა.
1989 წელს სპეციალური მიწვევით ესტუმრა დასავლეთი ბერლინის კარდიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრს, საიდანაც ახალი იდეებით აღსავსე დაბრუნდა, მაგრამ შემდგომ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა მათი განხორციელების საშუალება არ მისცა.
ხუტა პაჭკორია:
– სერგო ზედმიწევნით იყო დახელოვნებული ანგიოქირურგიაში. გამოცდილება მოსკოვში მიიღო, სადაც მის სადოქტორო დისერტაციას ხელმძღვანელობდა უდიდესი ქირურგი, საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოსი ბორის პეტროვსკი. სეჩენოვის სახელობის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სერგო სრული დატვირთვით მუშაობდა. დაუმეგობრდა ცნობილ ანგიოქირურგებს: მიხაილ კნიაზევს, ვლადიმირ პოკროვსკის, – და ბევრი რამ ისწავლა მათგან. სწორედ იქ, მათთან ერთად ჩაატარა პირველად ნაკაიამას ოპერაცია, რომელსაც ბრონქული ასთმის რთული ფორმების დროს მიმართავდნენ, როდესაც სხვა მეთოდები უშედეგო იყო. ეს ოპერაცია გულისხმობდა კაროტიდული სხეულის – საძილე არტერიის გაორკაპებასთან არსებული პატარა სინუსური კვანძის – ამოკვეთას კისრის ერთ ან ორივე მხარეს. რა გზით მოქმედებდა კაროტიდული სხეულის ამოკვეთა დაავადებაზე, არავინ იცოდა, თუმცა ასთმით შეწუხებულ პაციენტებს ეს ოპერაცია დიდ შვებას ჰგვრიდა.
ერთხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩემს განყოფილებაში შემოიარა პაციენტის სანახავად. იმ დროს ჩემთან იწვა მუკოვისციდოზით დაავადებული ქალი, რომელსაც ასთმის უმძიმესი შეტევები ჰქონდა. სერგომ ნაკაიამას მეთოდით მკურნალობა შემოგვთავაზა. ოპერაციას მეც დავესწარი, საკუთარი თვალით ვნახე, რა ფაქიზად ამოჭრა კაროტიდული სინუსის კვანძი, მზესუმზირას მარცვლისოდენა წარმონაქმნი. ყველას გასაოცრად, გაღვიძების შემდეგ ქალს დახველებითაც კი აღარ დაუხველებია.
ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პულმონოლოგმა იური სიდოროვმა, თბილისში ყოფნისას აღნიშნა, რომ მათთან ასეთი რამ არ ჩატარებულა და დიდი ინტერესით გაეცნო ოპერაციის შედეგებს.
ჩვენი პაციენტი სულ სხვა მიზეზით, ქალა-ფუძის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 2013 წელს, 75 წლისა. იმ დროისთვის ის მუკოვისციდოზით დაავადებული ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იყო მსოფლიოში.
მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თბილისს ესტუმრა ცნობილი გენეტიკოსი, მუკოვისციდოზის საუკეთესო სპეციალისტი, ევროპის მუკოვისციდოზის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ვასილი კაპრანოვი და ფოტოც კი გადაიღო იმ ქალბატონთან ერთად. რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ინტერვიუშიც თქვა, მუკოვისციდოზის მქონე ჩემი ყველაზე ხნიერი პაციენტი 27 წლის იყო და თეთრი შურით მშურს ქართველი ექიმების, რომლებმაც პაციენტს ამდენი ხნით გაუხანგრძლივეს სიცოცხლეო.
იმავე ხანებში საქართველოში სტუმრად იყო ერიხ როსი, ციურიხის უნივერსიტეტის პულმონოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რომელმაც ფქოდ-ის შესახებ წაიკითხა ლექცია და თქვა, რომ ციურიხში ლექციების კითხვისას დაბრუნებისას აუცილებლად აღნიშნავდა, რომ შორეულ საქართველოში ასეთი საინტერესო შემთხვევა ნახა.
მას შემდეგ სერგომ მუკოვისციდოზით დაავადებულ კიდევ ორ ადამიანს გაუკეთა ეს ოპერაცია და ორივე შემთხვევა საუკეთესო შედეგით დასრულდა.
ძალიან შედეგიან ოპერაციებს ატარებდა თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ჰქონდა ნატიფი ხელი, დიდი გამოცდილება და ცოდნა. მე, სერგომ და ლევან ძნელაძემ მოვამზადეთ მონოგრაფია “მალაბსორბციის სინდრომები ქირურგიაში”, მაგრამ სერგოს გარდაცვალებამ გამოცემაში ხელი შეგვიშალა.
მეტად მრავალმხრივი და საინტერესო ადამიანი იყო. მოსკოვში, იშვიათი გარეგნობის გამო, თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ მიღება შესთავაზეს, მაგრამ ქირურგია ვერ დათმო. მოწაფეობის პერიოდში კრივით იყო გატაცებული. თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ეროვნულ მოძრაობას. 1956 წლის მარტის ტრაგედიის დღეებში, ჯერ კიდევ სტუდენტი, დარბევის დროს დაშავებულებს ფარულად მკურნალობდა. იმ დროისთვის უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა. საავადმყოფოში აღამებდა და ათენებდა. ბიძამისი, სერგო, და მისი რეკომენდაციით – სხვა ქირურგებიც ხშირად აძლევდნენ ოპერაციებზე დასწრების და შეძლებისდაგვარად მონაწილეობის საშუალებას.
1978 წლის აპრილში ქართული ენის საკონსტიტუციო სტატუსის დასაცავად გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაზე სტუენტებთან ერთად იდგა. იცოდა, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა პროტესტს და ახალგაზრდები საფრთხის პირისპირ ვერ მიატოვა.
მისი გარდაცვალების წინა დღეს მორიგე ვიყავი. ისიც გვიანობამდე შემორჩა საავადმყოფოში. ბევრი ვისაუბრეთ და დილამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დილით კი მისი უეცარი გარდაცვალების ცნობა მოვიდა...
მეორე დღეს მუკოვისციდოზით დაავადებული ერთი ახალგაზრდისთვის ოპერაცია უნდა გაკეთებინა. სერგოს გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, პაციენტი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მაშინ სერგოს მოწაფემ, გელა არაბიძემ, მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად საკუთარ თავზე აიღო ოპერაციის ჩატარება და ბრწყინვალედაც გაართვა თავი.
მოწაფეები იხსენებენ
გივი ჩიქობავა, თსსუ N1 ქირურგიის საერთაშორისო დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედის” დირექტორი:
– თსსი ზოგადი ქირურგიის კათედრას დაფუძნებიდან მალევე ჩუდგა სათავეში სრულიად ახალგაზრდა სერგო ხუნდაძე და დაიწყო ახალგაზრდა სპეციალისტების შერჩევა. მეც მისი რეკომენდაციით გავიარე ჯერ კლინიკური ორდინატურა, შემდეგ – ასპირანტურა. მისი შერჩეულები იყვნენ სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც დღეს სახელოვანი ქირურგები არიან: ლევან გოფოძე, გიორგი ასათიანი, ლევან თოხაძე, ზაზა დემეტრაშვილი, ნიკოლოზ ლექვთაძე, მალხაზ გოგუა, კახა ხუციშვილი, გელა არაბიძე...
ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო – სანდოობით, ოპერაციული აქტივობით თუ სამეცნიერო თემატიკით. ბატონი სერგო თავადაც უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდათ და ყველაფერს აკეთებდა ჩვენი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებლად. ცდილობდა, ახალგაზრდა ქირურგებისთვის დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ამისთვის უნდა გაგევლო გარკვეული საფეხურები (ამაში დისერტაციის დაცვაც შედიოდა) და გამხდარიყავი ღამის საათებში კლინიკის ქირურგიული ბრიგადის უფროსი ანუ შემოვლის ასისტენტი. სამი ქირურგი გებარა და მდგომარეობის ბატონ-პატრონი ხდებოდი. სწორედ ღამის საათებში ქირურგიული ბრიგადის უფროსობით იწყებოდა ჩვენი დაოსტატება.
პირველი დამოუკიდებელი მორიგეობა 1992 წელს მომიწია. ღამის ორ საათზე ჩემს ბრიგადასთან ერთად მწვავე გაუვალობის გამო ოპერაციის გაკეთება მომიხდა. პაციენტს შეხორცებითი დაავადება და უკვე პერიტონიტიც ჰქონდა. უცბად ზურგს უკანიდან მომესმა: – გივი, აქედან მიუდექიო. მივიხედე და ბატონი სერგო დავინახე. სტატიას ვწერდი და შემაგვიანდა, ხომ იცი, ახლა გვიან სიარული საშიშია და გადავწყვიტე, ღამე ჩემს კაბინეტში გამეთიაო. დავმშვიდდი და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა.
გავიდა ხანი, ბატონი სერგოს გარდაცვალების დღეს, ტრადიციულად, შევიკრიბეთ მისი მოწაფეები და ეს ამბავი გავიხსენე. ლევან გოფოძე, ზაზა დემეტრაშვილი და კიდევ რამდენიმე ჩემი კოლეგა განცვიფრებულები მისმენდნენ. აღმოჩნდა, რომ მათაც ასეთივე ამბავი გადახდენოდათ თავს. ყველას გვეგონა, ბატონი სერგო მართლა შემთხვევით აღმოჩნდა კლინიკაში ჩვენი პირველი მორიგეობის დროს...
ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, იშვიათად იბადებიან. ჩვენ წილად გვხვდა მის გვერდით ყოფნის ბედნიერება, რომელიც დღესაც გვათბობს და გვამხნევებს.
ლევან გოფოძე, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, თსსუ ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი:
– ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ბატონი სერგოს კათედრაზე გავატარე და თუ რამეს მივაღწიე, მისი დამსახურებაა. მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა. ყველასთან პოულობდა საერთო ენას. განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდა ექიმებზე, ამბობდა კათედრის მომავალი ესენი არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი ქირურგები დადგნენო. მისი მაგალითით ჩვენც ვცდილობთ, ასეთივე დამოკიდებულება გვქონდეს ახალგაზრდების მიმართ.
ინტერნატურის დამთავრების შემდეგ ბატონი სერგოს ინიციატივით დავრჩი და გავაგრძელე სწავლა ზოგადი ქირურგიის კათედრაზე კლინიკურ ორდინატურაში, მერე კი მისი წყალობით მთელი ცხოვრება გავატარე სამედიცინო უნივერსიტეტსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
თუ სადმე რამე სიახლეს წააწყდებოდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენთანაც დაენერგა. ამის მატერიალური შეაძლებლობა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ იყო, განსაკუთრებით – 90-იანებში. რაც იყო, ისიც განადგურდა. ძალიან განიცდიდა ამ ამბებს... ვფიქრობ, ის და მისი თაობის სხვა ადამიანები ამაზე ნერვიულობამაც შეიწირა.
გულჩვილი იყო, მაგრამ ხანდახან განრისხებაც იცოდა. ერთხელ ავადმყოფობის ისტორიის გაფორმების დროს მექანიკური შეცდომა მომივიდა, რამაც ოპერაციის დაწყება შეაფერხა. კლინიკაში რომ მივედი, გაცეცხლებული დამხვდა – ექვსი თვე საოპერაციოსთან ჩაივლილი არ დაგინახოო. რაღას ვიზამდი, დავეთანხმე. ორი დღის შემდეგ კი დამიძახა – ვენებზე ოპერაციას ვაკეთებ, ხელები დაიბანეო. მე ხომ ექვსი თვე აკრძალული მაქვს საოპერაციოსთან მიახლოება-მეთქი, შევახსენე. კამათს თავი დაანებე და ხელები დაიბანეო, მიბრძანა. დიდხანს გაბრაზება არ შეეძლო.
უზომოდ განათლებული იყო, ერკვეოდა ყველაფერში, ისტორიით დაწყებული, ლიტერატურით დამთავრებული. იყო უნიკალური მოსაუბრე, საოცრად შთამბეჭდავი მთხრობელი. მის ლექციებზე აუდიტორია მსმენელებს ვერ იტევდა.
დისერტაციას და სამეცნიერო სტატიებს არა მარტო მეცნიერულ ექსპერტიზას უწევდა, არამედ სტილისტიკურადაც ასწორებდა. გულგრილობას, საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას არ გაპატიებდა... მისი გარდაცვალება თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო. უცრემლოდ ახლაც მიჭირს ბატონი სერგოს გახსენება. თავი ბედნიერად მიმაჩნია და ღმერთის მადლობელი ვარ მის გვერდით გატარებული წლების გამო.
ლევან თოხაძე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი:
– ბატონი სერგო ძალიან აფასებდა შრომისმოყვარეობას, თუ სტუდენტს ან ახალბედა ექიმს ამ თვისებას შეატყობდა, ყველაფერში ეხმარებოდა: თეორიული ცოდნის ათვისებაში, სამეცნიერო სტატიების მომზადებაში... ამასთანავე, ძალიან ენდობოდა თავის აღზრდილებს. თავისუფლად მუშაობის საშუალებას გვაძლევდა, თვითონ კი იქვე, წინასაოპერაციო ოთახში გველოდებოდა და ყოველ წუთს მზად იყო ჩვენს დასახმარებლად.
არა მარტო საქმიანობაში, ცხოვრებაშიც ძალიან პროგრესული იყო. ახალი მეთოდების დანერგვასაც ახალგაზრდა ექიმებს ანდობდა და მათი წარმატებებით ხარობდა.
გელა არაბიძე, თსსუ პროფესორი, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი:
– ბატონი სერგო იყო დიდი პიროვნება და დიდი პატრიოტი. საოცრად გულისხმიერი ყველასთან, განსაკუთრებით კი პაციენტებთან. შინ წასვლამდე აუცილებლად გაივლიდა მიმღებ განყოფილებაში. ყველა მორიგე ექიმს უხაროდა მისი დანახვა. გასინჯავდა პაციენტებს, კონსულტაციას გაუწევდა ექიმებს და ყველაფერს თავისი ხელით ჩაწერდა ავადმყოფობის ისტორიაში. თუ მოსალოდნელ სირთულეს შეამჩნევდა, სახლში აღარ წავიდოდა და მდგომარეობის დასტაბილურებამდე მორიგე ექიმის გვერდით იდგა, თან ისე, რომ ამას ვერავინ ხედავდა, განსაკუთრებით – პაციენტის ახლობლები.
მუდამ სიახლის ძებნაში იყო. თუ რამე ინოვაციის შესახებ წაიკითხავდა, აუცილებლად გაგვიზიარებდა და კლინიკაში მისი დანერგვის გზების ძებნას დაიწყებდა. თანამშრომლებს სახელგანთქმულ კლინიკებში გვგზავნიდა სიახლეების ასათვისებლად, დასაოსტატებლად. პირადად მე მისი დავალებით ვმუშაობდი პერმში, აკადემიკოს ევგენი ვაგნერთან, რომელიც ვაგოტომიის წინააღმდეგი იყო მაშინ, როდესაც ის მთელ საბჭოთა კავშირში არჩევის მეთოდად მიაჩნდათ; კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტში, პროფესორებთან ალექსი ამინევთან, ბორის ჟუკოვთან და გიორგი რატნერთან, რომლებმაც ლიმფოვენური ანასტომოზების ტექნიკა შეიმუშავეს; ბარნაულში, პროფესორ ზინოვი ბარკაგანთან, რომელიც სისხლის შედედების საკითხებს სწავლობდა. ბატონი სერგო მიიჩნევდა, რომ ყველა ქირურგს ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ჰემოსტაზი. უამრავ დროს უთმობდა კოაგულოლოგიას და ატარებდა კვლევებს ქალბატონებთან – დეზი ჩაგანავასა და ფაინა ივანოვასთან ერთად. მეგობრობდა ქალბატონ მარა მაჩაბელთან. ვისთანაც გაგვგზავნიდა, წინასწარ აუცილებლად დაურეკავდა და შეუთანხმდებოდა, რისი წყალობითაც დიდი პატივისცემით გვხვდებოდნენ. მთელი საბჭოთა კავშირის ქირურგთა საზოგადოება ბატონ სერგოს უდიდეს პატივს სცემდა.
დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქირურგიის და, საზოგადოდ, მედიცინის განვითარებაში. პროფესორებთან გიორგი ხუნდაძესთან, შოთა მაჭავარიანთან, გიორგი ცანავასთან ერთად უდიდესი შრომა გასწია საქართველოში დამოუკიდებელი რეანიმაციული განყოფილებების დასაარსებლად. მუშაობდა ექიმების მიერ ხელის დამუშავების მეთოდების დახვეწაზე, როდესაც ამ საკითხს ჯერ კიდევ მცირე ყურადღება ექცეოდა. შექმნა გადაუდებელი ქირურგიული დახმარების კონცეფცია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი ეკავა დახმარების ორგანიზებას მწვავე გასტროინტესტინური სისხლდენის დროს (ეს მიმართულება ბატონ ვაჟა ჩხაიძესთან ერთად დაამუშავა). იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც დანერგა ლიმფოვენური ანასტომოზი, განსაკუთრებით – ლიმფოდისექციის შემდეგ. შეისწავლა სელექციური პროქსიმული ვაგოტომია და გამოიტანა დასკვნა მისი უარყოფის თაობაზე. პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას სამედიცინო ჩვენებასთან ერთად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რესოციალიზაციის საკითხს, მიაჩნდა, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა სოციალური სტატუსის ცვლილებას იწვევს.
ცხოვრებაში კაპიკი არ აუღია პაციენტისგან, თუმცა იმ დროს კერძო ჰონორარის მიღება საყოველთაო პრაქტიკა იყო. ერთხელ ნაცნობმა პაციენტი მიუყვანა. ოპერაციის შემდეგ ამოიღო რაღაც, ცხვირსახოცებიაო და თვითონვე შედო სერგოს კარადაში. გავიდა ხანი. ერთ დღესაც ბატონი სერგო აღელვებული მეძახის: ხომ არ გახსოვს, ეს ცხვირსახოცები ვინ მომიტანაო? – გაუხსნია და 300 მანეთი დახვედრია. ვერც მე და ვერც სხვებმა ვერ გავიხსენეთ, ვისი მოტანილი იყო. ბატონმა სერგომ ეს თანხა ბავშვთა სახლს გადასცა.
გიორგი ასათიანი, ქირურგი, თსსუ ასოცირებული პროფესორი:
– კოლეგებთან, სტუდენტებთან, პაციენტებთან, მათ ახლობლებთან – ყველასთან იყო უაღრესად ზრდილობიანი და სათნო. ვისაც არ უნდა შეხვედროდა, კარისკაცს თუ სანიტარს, პირველი თვითონ მიესალმებოდა. თუ სალამს დაასწრებდნენ, დაირცხვენდა და გაწითლდებოდა. ეს რომ შევატყვეთ, ვცდილობდით, მისალმება არ დაგვესწრო მისთვის.
ცდილობდა, ახალგაზრდებთან მუდამ ჰქონოდა კონტაქტი. სასწრაფო საქმე მაქვსო, დაგვიძახებდა და საქმის გარდა კიდევ უამრავ რამეზე ვსაუბრობდით. სიახლეებს გვაცნობდა, გამოცდილებას გვიზიარებდა...
საჩუქრის მიღებაც კი არ შეეძლო. აღშფოთებისგან წამოწითლდებოდა ხოლმე. აფხაზეთში ექსპედიციის დროს ერთ გეოლოგს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაუსკდა. სამი-ოთხი დღე გავიდა, სანამ თბილისში ჩამოიყვანდნენ. ბატონმა სერგომ ოპერაცია გაუკეთა და გადაარჩინა. კახელი იყო ეს გეოლოგი; ხან ღვინო შესთავაზა, ხან – რა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ნაღვლის ბუშტის მწავე ანთება დაემართა და საოპერაციო გახდა. ბატონი სერგოს მეტს ოპერაციას არავის გავაკეთებინებო. სერგომ ეს ოპერაციაც გაუკეთა. პაციენტმა აღარ იცოდა, რით ეცა პატივი. ბოლოს შევთავაზე, კარგი სიგარეტი უყიდე-მეთქი. მართლაც, მოუტანა დიდი შეკვრა. ბატონმა სერგომ ვეღარაფერი გააწყო... პაციენტი რომ გაისტუმრა, გახსნა შეკვრა და მთელ განყოფილებას ჩამოგვირიგა.
ოჯახი
პირველი ქორწინებიდან სერგო ხუნდაძეს ორი ქალიშვილი ჰყავდა. მშობლების დაშორების შემდეგ გოგონები დედასთან იზრდებოდნენ, რასაც სერგო ძალიან განიცდიდა. მოგვიანებით მის ცხოვრებაში ახალი იმედი და სიყვარული გაჩნდა...
მანანა ჟვანია, პედიატრი, პროფესორი:
– წლების განმავლობაში ორივე მოსკოვში, სეჩენოვის სახელობის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში ვმუშაობდით, სერგო – ქირურგიის კათედრაზე, წამყვან ქირურგ ბორის პეტროვსკისთან, მე – ქუჩის მეორე მხარეს, ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შევხვედრივართ ერთმანეთს.
ერთხელ, საახალწლოდ, რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვედი. სერგო უკვე სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე იყო. ახალი წლის მეორე თუ მესამე დღეს სრულიად შემთხვევით მის მეგობართან გავიცანით ერთმანეთი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ რამდენიმე წუთში წავიდა, ორი დღის შემდეგ კი დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მერე მოსკოვში ჩამოვიდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ისევ შევხვდით... ივნისში ხელი მოვაწერეთ.
საოცარი მამა იყო. თან ჰყვებოდა მარიამს, ჩვენს შვილს. ასეირნებდა, ეთამაშებოდა, ამეცადინებდა. მის თითქმის ყველა პედაგოგს იცნობდა. თუ ეცალა, თვითონვე დაჰყავდა მასწავლებლებთან. უფროსი ქალიშვილები ძალიან ენატრებოდა... მისი გარდაცვალების შემდეგ მარიამმა მოახერხა დებთან ურთიერთობის დამყარება. ისინი მოსკოვში ცხოვრობენ, მაგრამ როდესაც თბილისში ჩამოდიან, შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად გვესტუმრებიან ხოლმე.
ჩვენი შეუღლებიდან წელიწად-ნახევარში სერგოს მშობლები გარდაეცვალა. მე სადოქტორო დისერტაციის დასაცავად რამდენიმე ხნით მოსკოვში მომიწია დარჩენა. ამ პერიოდში სერგო ჩემს მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად და მერეც რამდენიმე წელი ერთად ვცხოვრობდით. ერთმანეთთის დიდი პატივისცემა ჰქონდათ.
თვრამეტი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მისი გარდაცვალებისას მარიამი თოთხმეტი წლის იყო. სერგოს მშობლები მის დაბადებას ვერ მოესწრნენ, მაგრამ მინდოდა, ბავშვს ისინიც ჰყვარებოდა, ამიტომ ხშირად ვუყვებოდი, როგორ უყვარდათ ბებიას და ბაბუას, როგორ ანებივრებდნენ... მერე, რა თქმა უნდა, გაიგო სიმართლე, მაგრამ მათი სიყვარული არ განელებია.
სერგო ხუნდაძის მოწაფეებმა მისდამი სიყვარული თავიანთ მოწაფეებსაც გადასცეს, რომელთა უმეტესობა მას არც კი იცნობდა. ყოველი წლის 7 ოქტომბერს მოწაფეებიც და მოწაფეთა მოწაფეებიც ერთად მიდიან სერგო ხუნდაძის საფლავზე და საყვარელი მასწავლებლის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
***
სერგო ხუნდაძე
დაიბადა ქ. თბილისში, 1934 წლის 20 აგვისტოს
1952 – დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეექვსე საშუალო სკოლა
1958 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) სამკურნალო ფაკულტეტი
1958-1961 – ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1961-1965 წლებში – ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
1963 – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაციის თემა – “კანის თავისუფალი ტრანსპლანტანტების სტრუქტურული და ჰისტოქიმიური შესწავლის საკითხები”
1965 – თსსი სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი
1967-1971 – სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის დოქტორანტი
1971 – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დისერტაციის თემა – “რენოვასკულური ჰიპერტონიის ქირურგიული მკურნალობის უახლოესი და შორეული შედეგები”
1975-1978 – თსსი სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და მიმღები საგამოცდო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
1978 – პროფესორი, თსსი სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე
1978-1997 – პედიატრიული, სტომატოლოგიური და სან-ჰიგიენური ფაკულტეტების ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე
1987-1989 – საქართველს ჯანდაცვის სანისტროს მთავარი ქირურგი
1991-1992 – თსსუ პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში
დაწერილი აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან ორი – მონოგრაფია
მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა და დაამუშავა ვაზორენული ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები
პირველმა შეასრულა კაროტიდული გლომექტომიის ოპერაცია მუკოვისციდოზის დროს
დანერგა შუა ლაპაროტომია სანაღვლე გზების ქირურგიაში
მონაწილეობდა ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნაში
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით
გარდაიცვალა 1997 წლის 7 ოქტომბერს
დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
***
მარი აშუღაშვილი