დიდი მეცნიერი, დიდი პედაგოგი და დიდი ადამიანი
გააზიარე:
ადამიანს, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ქართული მედიცინის განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, ისედაც ბევრი რამ გაგიგონიათ ცნობილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ირაკლი ტატიშვილის შესახებ. ირაკლი ტატიშვილის აღზრდილი, შემდეგ – მისი კოლეგა და მეგობარი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი რევაზ კაპანაძე, მოგვითხრობს:
– ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, სტუდენტობიდან მოყოლებული დღემდე, მრავალ ცნობილ და საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მასწავლებელს, ცნობილ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილს. უშუალოდ მისი რჩევით დავიწყე საექიმო მოღვაწეობა, მისივე რეკომენდაციითა და უშუალო წარდგინებით მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა იმხანად ახალდაარსებულ პრესტიჟულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში – კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიურ განყოფილებაში, რომელსაც უშუალოდ ბატონი ირაკლი აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა. გასაოცარი სიწმინდის ადამიანი იყო, რომ იტყვიან, სანთელივით წმინდა. იმ დროისთვის კარდიოლოგიის ინსტიტუტი ამ პროფილის ერთადერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება იყო არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. 1946 წელს აკადემიკოსმა მიხელ წინამძღვრიშვილმა ეს დაწესებულება უშუალოდ იოსებ სტალინის დახმარებით და ხელშეწყობით დააარსა (ი. სტალინი და მ. წინამძღვრიშვილი ერთად სწავლობდნენ გორის სასულიერო სემინარიაში). ორი წლის ერთად მუშაობის შემდეგ ბატონმა ირაკლიმ განყოფილება და მისი საქმიანობა მე ჩამაბარა და სამომავლო გზა დამილოცა. ყოველივე ეს დიდ ნდობასთან ერთად დიდ პასუხიმგებლობასაც მაკისრებდა. სწორედ აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები პრაქტიკულ და მეცნიერულ საქმიანობაში. აქ, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და კონსულტაციებით, დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ჩემმა მეუღლემ, პროფესორმა ლილი ხოფერიამაც ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით დაიცვა ორივე დისერტაცია.
დაუვიწყარია ის დიდი გულის სითბო და მამაშვილური დამოკიდებულება, რომელსაც ბატონი ირაკლი ჩემ მიმართ იჩენდა. ასე ექცეოდა ყველას, თუ საქმის სიყვარულს და შრომის ერთგულებას შეამჩნევდა. ვისაც კი ბატონ ირაკლისთან მუშაობის ბედნიერება გვერგო წილად, მუდამ დიდი მადლიერებით ვიგონებთ მასთან გატარებულ წლებს, მის მზრუნველობას, ამაგს, მომთხოვნელობას და, საჭიროებისამებრ, სიმკაცრესაც.
ის ეწეოდა არა მარტო პედაგოგიურ მოღვაწეობას პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, არამედ დიდ სამეცნიერო მუშაობასაც ინფექციური სნეულებებისა და ონკოლოგიური დაავადებების შესასწავლად. მან პირველმა საბჭოთა კავშირის სინამდვილეში გამოაქვეყნა უნიკალური სქელტანიანი მონოგრაფია იშვიათი დაავადების, აქტინომიკოზის, კლინიკასა და პათოლოგიურ ანატომიაზე. საფუძვლიანი ნაშრომები შექმნა საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებზე.
ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, არაერთი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი და სხვა.
ნათქვამია, სახელოვანი ადამიანის ცხოვრება ყოველთვის შესანიშნავია, იგი ამაღლებს ადამიანის სულს და ბიძგს აძლევს მის შემოქმედებასო. ბატონი ირაკლის ნათელი ხსოვნა, მის მიერ დანერგილი ტრადიციები სიყვარულითა და პატივისცემით შემოინახება, ხოლო მოგონებები მასზე როგორც უმწიკვლო პიროვნებაზე, მკვლევარზე, მეცნიერზე, პედაგოგზე, ექიმსა და საზოგადო მოღვაწეზე თაობიდან თაობას გადაეცემა.
მის დიდ ადამიანობაზე მეტყველებს ისიც, რომ როდესაც კომუნისტური რეჟიმის დროს მისი უფროსი ძმა, გიორგი ტატიშვილი, დააპატიმრეს და დახვრიტეს, მისი ცოლ-შვილი თავის ოჯახში შეიფარა და ბოლომდე პატრონობდა მათ. სამი ძმისშვილი სახელოვან ადამიანებად აღზარდა.
პათოლოგიური ანატომიისადმი ინტერესს ირაკლი ტატიშვილი სტუდენტობიდანვე იჩენდა. 1924 წლის თებერვალში, როცა ის მესამე კურსის სტუდენტი იყო, პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგემ, საქართველოში პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელმა ვლადიმერ ჟღენტმა, კათედრაზე პრეპარატორად ჩარიცხა, ხოლო 1929 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ იმავე კათედრის ასისტენტად აირჩია.
1937 წელს ირაკლი ტატიშვილმა დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე დოცენტის ადგილი მიიღო.
1942 წელს იცავს დისერტაციას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხისთვის და იმავე წელს იღებს პროფესორის წოდებას.
მან ფასდაუდებელი სამუშაო გასწია მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილთა კვლევისა და მკურნალობის მდგომარეობის კონტროლის დარგში; გახლდათ ჯანდაცვის სამინისტროს ევაკოჰოსპიტლების ცენტრის მთავარი პათოლოგანატომი.
1955 წელს ირაკლი ტატიშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1960 წელს კი აკადემიკოსად. მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
ირაკლი ტატიშვილს ეკუთვნის ორასამდე ნაშრომი, რომელთა შორის ათზე მეტი მონოგრაფიაა. მათი უმრავლესობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის საკითხებს ეძღვნება. ექსპერიმენტულ და სექციურ მასალაზე შესწავლილია ათეროსკლეროზი, გულისა და სისხლძარღვების ანევრიზმები, გულის ცვლილებები მწვავე დაღლის დროს, ენდოკარდიტები და ჰიპერტონიული დაავადებები, გულისა და მსხვილი სისხლძარღვების სიმახინჯეები, სისხლძარღვების ნერვულ-რეცეპტორული მოწყობილობანი ათეროსკლეროზის დროს და სხვა.
ირაკლი ტატიშვილის ხელმძღვანელობით დაწერილია ათზე მეტი სადოქტორო და ხუთ ათეულზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია. იგი იყო პათოლოგანატომთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს პათოლოგანატომთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, მრავალი სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრი, მრავალი მონოგრაფის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოს რედაქტორი. მისი ლექციები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი აკადემიურობით და სავსებით ასახავდა მეცნიერების განვითარებაში არსებულ მიღწევებს.
აი, როგორ იხსენებს ირაკლი ტატიშვილს მისი მოწაფე, პროფესორი ზაზა თოფურია:
– თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ მყავდა მასწავლებელი აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილის სახით. თუ მკითხავთ, რითი იყო ეს ადამიანი განსაკუთრებული, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე გიპასუხებთ – უპირველეს ყოვლისა, ის გახლდათ ნამდვილი პედაგოგი, მასწავლებელი, ამ ხელოვნების თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ასევე იღბლიანად მიმაჩნია უმაღლესი სამედიცინო სკოლის ის 55 თაობა, რომლებიც ირაკლი ტატიშვილის პედაგოგიურ მოღვაწეობას მოესწრნენ. გარდა ამისა, ბატონ ირაკლის შესაიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მან შეკრიბა და წიგნად გამოსცა სახუმარო ისტორიები, რომლებიც ექიმებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადახდენიათ თავს. წიგნს “ექიმი იღიმება” ჰქვია. ის ენერგიით იყო აღსავსე და არასოდეს იღლებოდა. მას ნახავდით ყველგან და ყოველთვის, სადაც კი საჭიროება მოითხოვდა.
ტატიშვილების საგვარეულოს ფენომენის განსაკუთრებული დამსახურება ქართველი ერის წინაშე წარსულიდან იღებს სათავეს. ვგულისხმობ ირაკლი ტატიშვილის მამას, იაკობს, რომელიც ეკლესიის მსახური იყო. სწორედ მისი დამსახურებით გადმოასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი განჯიდან თბილისში.
ირაკლი ტატიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებიდან მინდა ხაზი გავუსვა მის საქმიანობას ერის უპირველს და უმთავრეს საგანძურში – საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში. იგი სხვადასხვა დროს ასრულებდა აკადემიის მდივნის მოვალობას, გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსის მდივანი, აკადემიის პეზიდიუმის წევრი და სარგებლობდა მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლოზ მუსხელიშვილის, განსაკუთრებული ნდობით.
ქალბატონი ნუციკო ტატიშვილი უცრემლოდ დღემდე ვერ იხსენებს მამას. გვიამბობს, რომ ის შვილებს, ოჯახსა და ნათესავებს გადაყოლილი ადამიანი იყო, რომ მთელი ნათესაობა მან გაზარდა და ფეხზე დააყენა, რომ ყველას დარდი ედარდებოდა და გამუდმებით კითხულობდა, ვინმეს რამე ხომ არ უჭირდა:
– ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა იყო. არ უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, ვეცოდებოდი ამ პროფესიის ტვირთვისთვის. მეც მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩაბარება, ვიდრე ერთ ზაფხულს ჩემი მომავალი მეუღლე გედი გელბახიანი არ გავიცანი. ის მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. მე მამაჩემისგან მალულად, ჩემი ბიძაშვილის, გურამ ტატიშვილის დახმარებით, საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შევიტანე, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და მამას მერეღა ვუთხარი ეს ამბავი...
როცა ჩემი მამამთილი პეტრე გელბახიანი დააპატიმრეს, მთელი ათი წელი ჩვენ ბაზარში არ წავსულვართ. მამამ ნუგზარს გამოუცხადა, ახლა ნუცას უჭირს და გვერდით უნდა დავუდგეთო. ყოველ დილით დაიტვირთებოდა პროდუქტით და ან მძღოლს გამოატანდა ჩვენთან, ან თავად მოჰქონდა.
ბაბუის სახელს ატარებს უმცროსი ირაკლი ტატიშვილიც. ცხადია, არც მან უღალატა საგვარეულო ტრადიციას და დღეს ერთ-ერთი წამყვანი რადიოლოგია. ამბობს, რომ თავის დროზე მის პროფესიულ არჩევანში ბაბუა არ ჩარეულა, მაგრამ როცა გაუგია, რომ ირაკლი ექიმობას აპირებდა, ძალიან გახარებია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მარავლმა წელმა გაიარა, ბაბუის შესახებ მოგონებები კვლავაც მკაფიოდ არის აღბეჭდილი მის მეხსიერებაში:
– ჩვენ თავდაპირველად ერთად ვცხოვრობდით ამ სახლში და მახსოვს, დღე არ გავიდოდა, ჩემთვის რაიმე ტკბილეული არ მოეტანა. როგორც ყველა ბაბუა, ისიც მანებივრებდა. როცა 8-9 წლის ვიყავი, ის და ბებია სხვაგან გადასახლდნენ. მას შემდეგაც ხშირად ვსტუმრობდი მათ და მათთან გატარებული საღამოები ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებია.
ბაბუაჩემი მაღალი, ახოვანი კაცი იყო, ქუჩაში რომ მოდიოდა, გამვლელთა ყურადღებას იპყრობდა, ქუდი ეხურა და მისალმების დროს აუცილებლად იხდიდა. სალამს ვერ დაასწრებდიო, იხსენებენ მისი თანამედროვენი.
ძალიან უყვარდა ქართული სპორტი, განსაკუთრებით – ჭიდაობა. ხშირად დავყავდი სპორტის სასახლეში გამართულ შეჯიბრებებზე. მახსოვს, როგორ ღელავდა და ქომაგობდა ქართველ სპორტსმენებს. ღრეობის მოყვარული არ ყოფილა, თუმცა უყვარდა ქართული ღვინო და ყოველდღე, სადილად, თითო ჭიქას სვამდა.
ირაკლი ტატიშვილის რძალს, ქალბატონ ქეთი ანჯაფარიძეს, დღესაც ახსოვს მომავალ მამამთილთან პირველი შეხვედრა:
– სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურზე ვიყავი და პათანატომიას კამოს ქუჩაზე, მიხეილის საავადმყოფოში გავდიოდი. პირველ ლექციაზე შემოვიდა ირაკლი ტატიშვილი, მაღალი, ახოვანი. კოჭებამდე ხალათი ეცვა. თბილად მოგვესალმა. როცა ჩემი გვარი ამოიკითხეს, წამომაყენა, მკითხა, ბატონი ლევანის ქალიშვილი ხომ არ ვიყავი, როცა დადებითი პასუხი მოისმინა, ძალიან გაუხარდა და პირობა ჩამომართვა, რომ საუკეთეოდ ვისწავლიდი და თითით საჩვენებლი სტუდენტი ვიქნებოდი. შენ ისეთი მამის შვილი ხარ, სხვანაირად არ გეკადრებაო. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი რძალი გავხდებოდი... ბედნიერი ვარ, რომ ასეთ თბილ ოჯახში მოვხვდი, სადაც ყველა კეთილსინდისიერებისა და სიკეთის ეტალონი იყო.
მახსოვს, დედა უფრო მხიარული ქალი იყო, მამა კი დინჯი, ფიქრიანი. სულ ჩვენი დარდი ჰქონდა. როცა მისი სეხნია შვილიშვილი, ირაკლი, ორი თვის გახდა, დედა და ჩემი მეუღლე, ნუგზარი, სამედიცინო კონფერენციაზე წავიდნენ. მამა ყოველდღე ადრე მოდიოდა სამსახურიდან, პირდაპირ სააბაზანოში შევიდოდა, ხელებს დაიბანდა და ისე, რომ არც კი ისადილებდა, ბავშვს გამომართმევდა. ყველაფერში მეხმარებოდა. როცა ჩვენები დაბრუნდნენ, მეუღლეს ხუმრობით უთხრა, ბავშვი მე და ქეთიმ უკვე წამოვზარდეთ და ახლა უკვე შეგიძლია, შენ მიხედოო.
პროფესორი გურამ ტატიშვილი მოგვითხრობს:
– ჩემი გამზრდელი ბიძა, ირაკლი ტატიშვილი, მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. ამ უაღრესად დიდბუნებოვანი და კეთილშობილი პიროვნისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება საწერ მაგიდასთან ჯდომა და მუშაობა იყო. უმცროს თაობასაც გვასწავლა შრომის სიყვარული. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, როცა ჩემი თანატოლები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, მე საათობით ვეჯექი გვერდით და ვეხმარებოდი წიგნებისა თუ სამეცნიერო ნაშრომების კორექტურაში. ამ წლებში მიღებული გამოცდილება მტკიცე საფუძვლად დაედო ჩემს მომავალ საქმიანობას და მომცა საშუალება, მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე.
ირაკლი ტატიშვილის მოქალაქეობრივი მრწამსი და პრინციპულობა ცხადად წარმოჩნდა გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მას ოფიციალურად შესთავაზეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის თანამდებობა. რესპუბლიკის პირველმა პირმა, ვასილ მჟავანაძემ, იცოდა, რომ ის არ იყო პარტიის წევრი, ამიტომ დაჰპირდა, რომ მას დაჩქარებული წესით მიიღებდნენ პარტიაში. ბატონმა ირაკლიმ მადლობა გადაუხადა მაღალი ნდობისთვის და დასძინა, ჩემს ასაკში კომუნისტური პარტიის წევრად გახდომას საზოგადოება თანამდებობრივ დაწინაურებას დაუკავშირებს, ეს კი ჩემთვის მიუღებელიაო. როგორც შემდეგ მითხრეს, ვასილ მჟავანაძეს თავის წრეში უთქვამს, ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანები ამშვენებენ ჩვენს საზოგადოებასო.
იმ დროს ფეხბურთი ძალიან პოპულარული იყო და ახალგაზრდები საინტერესო შეხვედრებს არ ვაცდენდით. თუ სტადიონზე წასვლას ვერ მოვახერხებდით, ტელერადიორეპორტაჟებს ვუყურებდით. ბიძაჩემს ეს ძვირფასი დროს ფუჭად ფლანგვად მიაჩნდა, მაგრამ როდესაც თბილისის “დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ამ მხურვალე პატრიოტს ისე გაუხარდა, გუნდის თავგამოდებული ქომაგი გახდა.
შინ თუ გარეთ, ოჯახში, სამსახურში, სანათესაოსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მუდამ ვცდილობ მივდიო დიდი ირაკლი ტატიშვილის ცხოვრების წესს. მძიმე წუთებში უპირველესად იმაზე ვფიქრობ, როგორ მოიქცეოდა ასეთ დროს ბიძაჩემი. ვცდილობ, მასავით მოვიქცე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამომდის – ირაკლი ტატიშვილი განუმეორებელი იყო.
მახსოვს, როგორი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა თავის მასწავლებელს, აკადემიკოს ვლადიმერ ჟღენტს. ეამაყებოდა, რომ დიდი მასწავლებლის სიცოცხლეშივე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. რა ბედნიერი იქნებოდა, რომ მოსწრებოდა საყვარელი ვაჟიშვილის, ცნობილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის იმავე აკადემიაში არჩევას...
დიდია აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილის ღვაწლი სამშობლოს წინაშე, მან მართლაც ნათელი კვალი დატოვა არა მხოლოდ ქართულ მედიცინაში, არამედ მთელი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თამარ არქანია
ნინია მაჭარაშვილი