უსაფრთხო სახლი
გააზიარე:
სანამ თქვენი პატარა გაიზრდება, მასთან ერთად ბევრ საინტერესო, მოულოდნელობებით აღსავსე პერიოდს გაივლით. ერთი მათგანია ხოხვისა და ბაჯბაჯის პერიოდი. ბავშვის განვითარების ეს სტადია მშობლებისგან უდიდეს ყურადღებას მოითხოვს, რადგან ეს ის დროა, როდესაც ბავშვი იწყებს გარე სამყაროს შესწავლას, ნივთებთან მოპყრობა კი ჯერ არ იცის, ამიტომ მისთვის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი ხიფათის შემცველია.
როგორ შევქმნათ სახლში უსაფრთხო გარემო?
დაიწყეთ ყველაზე რთულით
უპირველეს ყოვლისა, შეაკეთეთ ყველაფერი, რის შეკეთებასაც დიდი ხანია აპირებდით, მაგრამ გამუდმებით დებდით. გამოცვალეთ ოთახების გამყოფი კარის ჩატეხილი შუშა, ონკანი, რომელიც წვეთავს, კარ-ფანჯარა, საიდანაც სუსხი შემოდის. შეამოწმეთ, ხომ არ გასდის გაზის გამათბობელს და გაზქურას, ხომ არ შეიცავს ტყვიას კედლების საღებავი.
შეაკეთეთ რბილი ავეჯიც, ხოლო თუ ახლის შეძენას გეგმავთ, შეარჩიეთ ისეთი, რომლის დასამზადებლადაც რაც შეიძლება ნაკლები ქიმიკატი დაიხარჯა.
ბავშვების ყოლა იმას არ ნიშნავს, რომ ლამაზ ნივთებზე უარი თქვათ. უბრალოდ, ბავშვს მათთან სწორი მოპყრობა უნდა ასწავლოთ. თქვენც ისიამოვნებთ კომფორტული ნივთებით და ბავშვიც მიეჩვევა დისციპლინას, რომელიც მომავალშიც გამოადგება.
ბავშვის ოთახი
თუ პატარას საკუთარი საძინებელი აქვს, დაგჭირდებათ რადიოძიძა (ან ვიდეოძიძა) – მოწყობილობა, რომელიც ბავშვის ოთახში მონტაჟდება და ხმას (გამოსახულებას) გადმოსცემს. თქვენ გესმით და ხედავთ, რას აკეთებს პატარა თავის ოთახში, სანამ იქ არ ხართ. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით მოხერხებულია ღამით – შეგიძლიათ, საწოლიდან აუდგომლად აკონტროლოთ, სძინავს თუ არა პატარას, ხომ არ იხდის საბანს, ხომ არ ბრუნავს ისე, რომ საწოლიდან გადმოვარდეს, ხომ თანაბრად სუნთქავს და ასე შემდეგ.
ბავშვს ასაკის შესაფერის საწოლში უნდა ეძინოს. განსაზღვრულ ასაკამდე მას უჭირს საკუთარი სხეულის კონტროლი და შესაძლოა, საწოლიდან გადმოვარდეს, ამიტომ ჯობია, საწოლს სპეციალური ასაწევ-დასაწევი ბარიერი`მოაჯირი მიამაგროთ.
თუ ბავშვის ოთახს აივანი აქვს, რა მცირეწლოვანიც უნდა იყოს ბავშვი, აივნის კარს აუცილებლად გაუკეთეთ საკეტი და აკონტროლეთ, რომ როდესაც პატარა ოთახში მარტოა, აივნის კარი ჩაკეტილი იყოს.
არ მიადგათ ფანჯარას არაფერი, რაზეც ბავშვი შეიძლება აცოცდეს: სკამი, ტაბურეტი, ტუმბა... თუ ოთახში მისი მარტო დატოვება მოგიხდათ, ფანჯარაც ჩაკეტეთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნახევრად გადმოღებული დატოვეთ (ახლა თითქმის ყველა ფანჯარას აქვს ეს ფუნქცია).
შეგიძლიათ, კარ-ფანჯრის ჩარჩოებზე დაამაგროთ დამცავი ბადეც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დაცვის მხოლოდ დამატებითი საშუალებაა და უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიას არ წარმოადგენს.
კარის ღრიჭოში პატარამ ხელი რომ არ მოიყოლოს, დაამაგრეთ კარზე სპეციალური დამჭერი, რომელიც კარს სწრაფად მიჯახუნების საშუალებას არ მისცემს და ძალდატანების შემთხვევაშიც კი შეანელებს მოძრაობას.
თუ ბავშვის ოთახში კომოდი ან კარადა დგას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კარისა თუ უჯრის სახელურის მოქაჩვით არ გადმოყირავდება და ბავშვს არ დაეცემა.
ეს ყველაფერი იმიტომაა საჭირო, რომ, რაც უნდა ყურადღებიანი მშობელი იყოთ, შესაძლოა, ბავშვმა თქვენზე ადრე გაიღვიძოს ან ისეთ დროს გაეღვიძოს, როდესაც თქვენ დაკავებული იქნებით და თუ საწოლიდან გადმოძვრომა მოახერხა, ოთახში, საფრთხის პირისპირ, მარტო აღმოჩნდება.
მშობლების საძინებელი
თუ ბავშვს უფროსების საწოლ ოთახში სძინავს, მის ხელმისაწვდომ არეს მოაშორეთ თავის მოვლის საშუალებები, სუნამოები, დეოდორანტები, წვეტიანი ნივთები. ეს ყველაფერი კომოდში შეინახეთ, ხოლო კომოდი სპეციალური ჩამკეტებით ჩაკეტეთ (რომლებსაც ადვილად იპოვით ბაზარზე).
ყველა სხვა რჩევა, რაც ბავშვის საწოლ ოთახთან დაკავშირებით ამოიკითხეთ, მშობლების საძინებელსაც მიესადაგება.
სააბაზანო
სააბაზანო ის ადგილია, სადაც ბავშვს ყველაზე ნაკლებად უწევს მშობლის გარეშე ყოფნა, ყოველ შემთხვევაში – ხოხვისა და ბაჯბაჯის ასაკში, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ თუ მოხდა ისე, რომ ბავშვი სააბაზანოში შევიდა, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. შეგიძლიათ, სპეციალური ჩამკეტები დაამაგროთ უნიტაზს, რომ პატარა შიგნით არ ჩაძვრეს ან ხელი არ ჩაყოს და მერე პირში არ ჩაიდოს, ან სულაც რამე ისეთი არ ჩააგდოს, რაც წყალგაყვანილობას გაჭედავს.
კარგი იქნება, თუ სააბაზანოს კარადასაც ჩაკეტავთ, რადგან სარეცხ და საწმენდ საშუალებებს სწორედ იქ ვინახავთ. არასოდეს დატოვოთ აბაზანა სავსე! შესაძლოა, აბაზანის მისაღებად ემზადებოდეთ და ამ დროს მეზობელ ოთახში ტელეფონმა დარეკოს, ბავშვი კი თავისთვის თამაშობდეს ან მულტფილმს უყურებდეს... სანამ თქვენ მეორე ოთახში გახვალთ და ტელეფონს უპასუხებთ, პატარა თავისუფლად მოასწრებს სააბაზანოში შესვლას.
სასტუმრო ოთახი
პირველი საფრთხე, რომელიც ბავშვს სასტუმრო ოთახში ელოდება, კუთხეებიანი ავეჯია. კარგი იქნება, თუ მრგვალ ჟურნალების მაგიდას შეიძენთ, მანამდე მაინც, სანამ ბავშვი იმ ასაკს არ მიაღწევს, რომ კუთხოვანი ავეჯი მისთვის საშიში აღარ იყოს. სხვა ავეჯს კუთხეების დამცავები მიამაგრეთ, რომლებსაც ბაზარზე ასევე ადვილად იპოვით.
კარგი იქნება, თუ რბილ ავეჯს ისეთ შალითებს გადააკრავთ, რომელთა მოხსნა და გარეცხვაც შესაძლებელია, რადგან ბავშვი ხშირად დაასხამს საჭმელს, წაუსვამს უსუფთაო ხელებს...
ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, სხვა მძიმე და მტვრევადი ნივთები ისეთ სიმაღლეზე მოათავსეთ, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს.
ბავშვებს უყვართ უფროსების მიბაძვა. როდესაც ლეპტოპით ან ტელეფონით ხელში გხედავთ, მასაც უჩნდება სურვილი, იგივე გააკეთოს, თქვენი მიბაძვით უნდება გაზქურასთან ტრიალი... ამიტომ კარგი იქნება, თუ უყიდით იმავე ნივთებს, ოღონდ სათამაშოს, რათა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.
სამზარეულო
სარეცხი და საბანი საშუალებები ხშირად ლამაზ ფლაკონებში ასხია და სასიამოვნო სუნი აქვს, ამიტომ დიდი შანსია, პატარამ მათი გასინჯვა მოინდომოს. მოათავსეთ ისინი ჩაკეტილ უჯრაში, მაღალ თაროზე ან ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი ვერ მიაგნებს.
* დანები, ჩანგლები და სხვა ბასრი ნივთებიც ჩაკეტილ უჯრებში გეწყოთ. გაზქურასთან შეგიძლიათ დადგათ სპეციალური ჯებირი, რომელიც ბავშვს მასთან მიახლოების საშუალებას არ მისცემს.
ზოგადი რჩევები
* დაამაგრეთ შტეფსელებზე სპეციალური საცობები. სადენები, შეძლებისდაგვარად, დამალეთ. უმჯობესია, სპეციალურ დამცავ მოწყობილობაში მოათავსოთ.
* სპეციალური ჯებირი დადგით აივნის კართან, თუ მისი ღიად დატოვება გსურთ. ასევე – კიბის სათავესთანაც (თუ ორსართულიან სახლში ცხოვრობთ).
* კარ-ფანჯრებისა და სარკეებისთვის არსებობს სპეციალური დამცავი აპკი. ეს არის გამჭვირვალე მწებავი ნივთიერების ფენა, რომელიც მინას ეკრობა და გატეხვისგან იცავს, გატეხვის შემთხვევაში კი ნატეხებს აკავებს, რომ არ ჩამოცვივდეს და მთელ ოთახში არ მიმოიფანტოს.
* ალკოჰოლიანი სასმელები ჩაკეტილ სათავსში შეინახეთ.
* ხშირად დაასუფთავეთ სახლი მტვერსასრუტით – ხოხვისას ბავშვმა შესაძლოა მიაგნოს იატაკზე დაცვენილ პატარა ნივთებს, რომლებიც დალაგებისას ვერ შეამჩნიეთ და გადაყლაპოს.
საზოგადოდ, ბავშვის მეტისმეტად შეზღუდვა არ არის რეკომენდებული. მას თქვენივე ზედამხედველობით აუცილებლად უნდა გააცნოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, ასწავლოთ, რომელი რისთვისაა საჭირო და რითაა საშიში. ნელ-ნელა, როდესაც შეატყობთ, რომ დროა, შეგიძლიათ, წინაღობები მოხსნათ და ბავშვს სახლში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეთ, რათა უფრო ახლოს გაიცნოს ნივთები, რომლებიც ასე აინტერესებს.
ლიკა ქათამაძე