ვადაგადაცილებული ორსულობა
გააზიარე:
ორსულობის ნორმალური ხანგრძლივობა 37-დან 42 კვირამდეა. ამ ვადაზე მშობიარობას დროული ეწოდება.
ორსულობის ვადის ათვლა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება. მშობიარობის სავარაუდო დრო 40 კვირის ორსულობას შეესაბამება, თუმცა ყველა ქალი ზუსტად ამ დღეს არ მშობიარობს.
ტრადიცისამებრ, ვამბობთ, რომ ორსულობა 9 თვეს გრძელდება, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ორსულობა გრძელდება 10 სამეანო თვეს. სამეანო და კალენდარული თვეები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი ზუსტად 4 კვირისგან შედგება, ხოლო მეორე – 4 სრული და 1 არასრული კვირისგან. შესაბამისად, 10 სამეანო თვე უდრის 9 კალენდარულ თვეს ან 280 დღეს.
ორსულობას, რომელიც სრული 42 კვირა და მეტი (294 დღეზე მეტი) გრძელდება, ვადაგადაცილებული ეწოდება.
პრობლემის გადაჭრა
ვადაგადაცილებულ ორსულობათა წილი მსოფლიოს მასშტაბით ორსულობათა საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულობის ვადას ზოგჯერ არაზუსტად გამოითვლიან. გესტაციური ასაკის დადგენის ისეთმა სტანდარტულმა კლინიკურმა კრიტერიუმებმა, როგორიცაა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე, საშვილოსნოს ზომის შეფასება პირველ ტრიმესტრში გინეკოლოგიური გასინჯვით, დედის მიერ ნაყოფის მოძრაობის აღქმა, ნაყოფის გულისცემის მოსმენა და საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის გაზომვა, – შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. აქ მხსნელად გვევლინება ექოსკოპიური კვლევა.
რაც უფრო იზრდება ორსულობის ვადა, მით უფრო მცირდება გესტაციური ასაკის ზუსტად გამოთვლის შანსი. საქმე ის არის, რომ პირველ ტრიმესტრში ყველა ემბრიონი თითქმის ერთნაირად იზრდება, ხოლო მომდევნო პერიოდში – იმ ტემპით, რომელიც მისი გენეტიკური ნიშან-თვისებებით არის განპირობებული. მაგალითად, ტანმაღალი მშობლების შვილი მუცლად ყოფნის პერიოდში შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე ტანმორჩილი მშობლებისა.
I ტრიმესტრში გესტაციური ასაკის დასადგენად ექოსკოპიური კვლევისას ემბრიონის თხემ-კუდუსუნის ზომით ხელმძღვანელობენ, ხოლო II და III ტრიმესტრებში ოთხ სტანდარტულ პარამეტრს ეყრდნობიან: საფეთქლებს შორის მანძილს, ნაყოფის თავის გარშემოწერილობას, ნაყოფის მუცლის გარშემოწერილობას და ბარძაყის ძვლის სიგრძეს. ამ პარამეტრების სიზუსტე, მაგალითად, 16 კვირის ორსულობისას +/-7 დღეს შეადგენს, უფრო შორეულ ვადებზე კი – +/– 3-4 კვირას.
ამრიგად, რაც უფრო ადრეულ ვადაზე ნახავენ ემბრიონს, მით უფრო მეტი შანსია, მისი ზომები ზუსტად იქნეს ინტერპრეტირებული. ამიტომ ექიმთან პირველი ვიზიტი ორსულობის მე–12 კვირამდეა რეკომენდებული.
რისკფაქტორები
ვადაგადაცილებული ორსულობა უფრო მეტად მოსალოდნელია იმ ქალებთან, რომლებსაც წინა (ერთი ან მეტი) ორსულობისას ერთხელ მაინც დუსვეს მსგავსი დიაგნოზი.
რისკის ფაქტორებად ასევე მიიჩნევა:
* პირველი ორსულობა;
* მამრობითი სქესის ნაყოფი – უცნობია, რატომ, მაგრამ შვედეთში 9 წლის განმავლობაში მიმდინარე კვლევამ აჩვენა, რომ მამრობითი სქესის ნაყოფის შემთხვევაში ორსულობა უფრო მეტხანს გრძელდება;
* სიმსუქნე – ჯერჯერობით უცნობია, ახდენს თუ არა გავლენას სხეულის მასის ინდექსი (BMI) ორსულობის ხანგრძლივობასა და მშობიარობის ვადაზე, თუმცა არსებობს საინტერესო დაკვირვება: ჭარბწონიან ქალებში ხშირია ვაგადაგადაცილებული მშობიარობა, ხოლო გამხდარ (ნორმაზე დაბალი BMI-ს მქონე) ქალებში – ნაადრევი. სავარაუდოდ, ეს იმის ბრალია, რომ ცხიმოვანი ქსოვილი, როგორც ჰორმონულად აქტიური ორგანო, ჭარბწონიან ქალებში მეტაბოლურ დარღვევებს იწვევს და ცვლის ენდოკრინულ ფაქტორებს, რომლებიც მშობიარობის დაწყებაში (ინდუქციაში) მონაწილეობს;
* დედის ასაკი – 2010 წელს ჩატარებული შვედური კვლევის თანახმად, ვადაგადაცილებული ორსულობის რისკი იმატებს დედის ასაკთან ერთად, განსაკუთრებით – ასაკოვან პირველორსულებთან.
* ჰორმონული ცვლილებები – მშობიარობის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედის ჰორმონები და მათი ცვლილება. ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის განუვითარებლობა და უკმარისობა, ნაყოფის ანენცეფალია (თავის ტვინის განუვითარებლობა) ხშირად ვადაგადაცილებულ ორსულობასთანაა დაკავშირებული;
* გენეტიკური განწყობა – ქალებს, რომლებიც თვითონვე დაიბადნენ ვადაგადაცილებული ორსულობის შედეგად, რისკი უფრო დიდი აქვთ. გენეტიკური გავლენის მნიშვნელოვნებას წარმოაჩენს ტყუპებზე ჩატარებული კვლევები. ვადაგადაცილებული ორსულობის მაჩვენებლები გაცილებით მეტია იმ ქალებში, რომელთა ტყუპისცალ დასაც ვადაგადაცილება ჰქონდა. ამასთან, ეს კავშირი იდენტურ ტყუპებში უფრო მჭიდროა, ვიდრე არაიდენტურებში. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მამის გენეტიკურ განწყობასაც შეუძლია გარკვეული როლის შესრულება. როდესაც მეორე ქორწინებაში ქალები სხვა პარტნიორისგან დაორსულდნენ, ვადაგადაცილებული ორსულობის განმეორების მაჩვენებელი 20%-დან 15%-მდე შემცირდა.
* დედის რასა`ეთნიკური წარმოშობა (თეთრკანიანი ქალებს უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ).
გართულებები ნაყოფის მხრივ
* სხეულის დიდი ზომა (მაკროსომია) – როდესაც ნაყოფს კარგი სისხლმომარაგება აქვს, ის ზრდა-განვითარებას განაგრძობს, თუნდაც ნორმალურ ვადას გადაცილებული იყოს, ამიტომ ვადაგადაცილებული ორსულობის დროს უფრო დიდი შანსია, ნაყოფმა უჩვეულოდ დიდ ზომებს მიაღწიოს. მაკროსომიაზე საუბრობენ მაშინ, როცა ახალშობილი 4500 გრამზე მეტს იწონის. ამის შედეგია გახანგრძლივებული მშობიარობა, სამშობიარო გზების გავლის სირთულე და სამშობიარო ტრავმა (მაგალითად, ნაყოფის ძვლების მოტეხილობა ან ნერვის დაზიანება), რომელიც მხრების დაბადების სირთულეს (მხრების ჩაჭედვას, იმავე მხრების დისტოციას) უკავშირდება.
* ნაყოფის უმწიფრობა – ზოგიერთი ვადაგადაცილებული ნაყოფი წონას აღარ იმატებს, რასაც ნაყოფის უმწიფრობასთან მივყავართ. წესისამებრ, ამის მიზეზია პლაცენტის საშუალებით ნაყოფის სისხლმომარაგების დარღვევა და შედეგად ნაყოფის არასაკმარისი კვება. ასეთ ახალშობილებს დაბადებისას:
. კიდურები აქვთ უფრო გრძელი და თხელი;
. კანი – გამომშრალი, აქერცლილი, ჩამოკიდებული, განსაკუთრებით – ბარძაყებსა და დუნდულებზე;
. თმა – გრძელი ან სქელი;
. ფრჩხილები ხელებსა თუ ფეხებზე – უჩვეულოდ გრძელი;
. თვალები – თითქოს გაფართოებული, რაც ვადაგადაცილებულ ბავშვებს დროულ ვადაზე დაბადებულებთან შედარებით უფრო “ფხიზელ” გამომეტყველებას აძლევს.
დროული და ვადაგადაცილებული ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება, კვლევების თანახმად, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
* მეკონიუმის ასპირაცია – მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ნაწლავებში პირველადი განავალი – მეკონიუმი წარმოიქმნება. ეს ბუნებრივი პროცესია და ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მუცლად ყოფნისას მეკონიუმი არ ერევა ნაყოფის გარემოს – ამნიონურ სითხეს, რადგან კუჭის მოქმედება მას მხოლოდ დაბადების შემდეგ ეწყება, მაგრამ როცა ნაყოფი განიცდის სტრესს (დედის მღელვარება, არასაკმარისი სისხლმომარაგება, ინფექციური პროცესი...), შესაძლოა, კუჭის მოქმედება ნაადრევად დაიწყოს და მეკონიუმი სანაყოფე წყლებს შეერიოს. ამ დროს დიდია ალბათობა, მეკონიუმიანი ამნიონური სითხე ნაყოფის სასუნთქ გზებში მოხვდეს, რაც დაბადების შემდეგ სუნთქვის პრობლემებს გამოიწვევს.
* მკვდრადშობადობა ან ჩვილთა სიკვდილიანობა – ვადაგადაცილებული ორსულობის შემთხვევაში იმატებს ნაყოფის მკვდრად შობის და ჩვილის სიკვდილის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ გართულებების მაჩვენებელი 4-7 შემთხვევაა 1000 მშობიარობაზე, ის მაინც ორჯერ აღემატება მკვდრადშობადობას და ჩვილთა სიკვდილიანობას დროულად დაბადებულებს შორის.
ვადაგადაცილებული ორსულობის დროს ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
• პლაცენტის უკმარისობა პლაცენტის დაბერების გამო;
• ჭიპლარის მიჭყლეტა ნაყოფის ზრდის გამო. რასაც შეიძლება ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), ასფიქსია (სუნთქვის დარღვევა) და მეკონიუმის ასპირაცია მოჰყვეს;
• საშვილოსნოსშიდა ინფექცია.
დედის რისკები
დედისთვის რისკის წყაროა ვადაგადაცილებული ნაყოფის დიდი ზომა, რაც ბუნებრივ მშობიარობას ართულებს და წარმოშობს შორისის, საშოს, სწორი ნაწლავის დაზიანების ალბათობას.
საკეისრო კვეთის დროს უფრო დიდია სისხლდენის, ინფექციისა და მეზობელი ორგანოების დაზიანების რისკი.
მიდგომა
საქართველოში ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა ორსულს ეკუთვნის რვა უფასო ვიზიტი. მერვე სწორედ ორსულობის 40 კვირის ვადაზე ინიშნება. თუ ამ დროისთვის ქალი უკვე ნამშობიარები არ არის, სამშობიარო მოქმედებას მექანიკური ან მედიკამენტური ჩარევით აღძრავენ, თუმცა ამ ტაქტიკას მხოლოდ ორსულობის 41-ე კვირიდან მიმართავენ და პროცედურა აუცილებლად სტაციონარში ტარდება.
სესილი ცირეკიძე