თენგიზ ახმეტელი - ფუტკარივით მოფუსფუსე ვირტუოზი ქირურგი

გააზიარე:

თენგიზ ახმეტელი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, დროის ფასი რომ იციან და არცერთი წუთის უქმად დაკარგვა არ სურთ. იყო უაღრესად მოკრძალებული, თავმდაბალი, მშვიდი, თავდაჭერილი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა, თავის საქმეში კი შეუდარებელი.

გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას დახმარებით თენგიზ ახმეტელის შესახებ საინტერესო ინფორმაციას მოვუყარე თავი. დახმარებისთვის მადლობას ვუხდი თენგიზ ახმეტელის კოლეგას ლევან ძნელაძეს, რომელიც ნოდარ ლომიძესთან ერთად მის შესახებ გამოცემული წიგნის თანაავტორია, აგრეთვე – თენგიზ ახმეტელის ქალიშვილებს ქეთევანს და ლალის.

თენგიზ ახმეტელი ექიმობას არ აპირებდა, თუმცა ქართველ ქიურურგთა პირველი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის შვილი იყო. მამამისი, ილია ახმეტელი, ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1910 წ.), ფართო დიაპაზონის ქირურგი გახლდათ. ატარებდა ოპერაციებს თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეებისა და ტრავმების დროს, მუცლის ღრუს ოპერაციებს, ოპერაციებს ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში. საქართველოში პირველმა ჩაატარა ოლბის ოსტეოპლასტიკური ოპერაცია – ტუბერკულოზური სპონდილიტის დროს ხერხემლის უკანა ნაწილის უძრაობის მისაღებად მალების მორჩებში ძვლოვანი ავტოტრანსპლანტატის ჩანერგვა, ამოკვეთა ტვინის ექინოკოკი, ტრავმული ანევრიზმით დაზიანებული ბარძაყის არტერია ბარძაყის ვენით შეცვალა. იყო მრავალი სხვა ოპერაციის პიონერიც.

მიუხედავად ამისა, ვაჟის ექიმობა არც მას ნდომებია. მამა-შვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თენგიზი მოსკოვში, ბაუმანის სახელობის მანქანათსამშენებლო ინსტიტუტში გააგრძელებდა სწავლას. მაგრამ ვითარება ისე შეიცვალა, თენგიზ ახმეტელი ამაზე ვეღარც იოცნებებდა.

ოჯახი

ილია მართლაც რომ გამორჩეული ოჯახის შვილი იყო. ის სოფელ ანაგაში, დიაკვან (შემდგომში – მღვდელ) ვასილ ახმეტელისა და მარიამ ოდიშელიძის ოჯახში დაიბადა. ვასილმა ხუთივე შვილს უმაღლესი განათლება მისცა: დავითსა და ილიას – იურიევში (ახლანდელ ტარტუში), სანდროს – პეტერბურგში, ეკატერინეს – მოსკოვში, გიორგის – თბილისში. დავითი მოგვიანებით ამიერკავკასიის ვეტერინარიული სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა, სანდრო – ცნობილი  რეჟისორი, ეკატერინე, რომელიც უმაღლესი განათლების მქონე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო საქართველოში, ცოლად გაჰყვა საქართველოს მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებელს გრიგოლ მუხაძეს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილიამ სიძესთან, სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. მისივე რეკომენდაციით აირჩიეს ჰოსპიტალური ქირურგიის ასისტენტად. მისი დავალებით ორი წელი იმუშავა ოტორინოლარინგოლოგიაში და მოგვიანებით ქიზიყშიც გახსნა ქირურგიული განყოფილება.

1935 წელს ილია ახმეტელი პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ აირჩიეს. ერთ წელიწადში პროფესორის წოდებაც მიანიჭეს, მაგრამ...

რეპრესიის ტალღა

ახმეტელების ოჯახს მძიმე დღეები დაუდგა. 1936 წელს დააპატიმრეს თენგიზის ბიძა – სანდრო ახმეტელი, მცირე ხნის შემდეგ – მეორე ბიძა, დავითი. ისინი ხალხის მტრებად გამოაცხადეს და 1937 წელს დახვრიტეს. ილიაც ყოველ წუთს ელოდა დაპატიმრებას, პატარა ჩემოდანი აუცილებელი ნივთებით მზად ჰქონდა. ბევრი წიგნი (მათ შორის – მიხეილ ჯავახიშვილისა და გრიგოლ რობაქიძისა) ღუმელში დაწვა... დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ ამხელა მწუხარებას ვეღარ გაუძლო და 1939 წლის 26 აგვისტოს ინსულტით გარდაიცვალა.

თენგიზი ჯერ 15 წლისაც არ იყო, (1924 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა), ლალი – კიდევ უფრო პატარა. დედა, თამარ ფიცხელაური, არ მუშაობდა, ოჯახსა და ბავშვებს უვლიდა. უმამოდ დარჩენილი ოჯახი იზოლაციაში მოექცა. გაუჭირდათ. თამარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. სამსახურის პოვნაში რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა დაეხმარა – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რუსული ენის კათედრაზე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. თამარმა შვილებსაც ასწავლა რუსული, ფრანგულისთვის კი საგანგებოდ დაუქირავა მასწავლებელი, რომელიც მათთან სახლში დადიოდა.

გზის გასაყარზე

თენგიზი მე-18 საშუალო სკოლაში სწავლობდა. ყველა საგანში გამორჩეული იყო, მაგრამ განსაკუთრებით აინტერესებდა მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია. უკრავდა ფორტეპიანოზე, გატაცებული იყო ფარიკაობით. მეგობრებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ მასწავლებელს შეეკამათა, რისთვისაც ორ სხვა მოწაფესთან ერთად სკოლიდან გარიცხეს. ამის გამო მთელი კლასი გაიფიცა და სანამ გარიცხულები უკან არ დააბრუნეს, სწავლის გაგრძელებაზე ვერ დაიყოლიეს.

ამასობაში დადგა 1941 წელი. ომს გაჭირვება მოჰყვა და თენგიზმაც თავი დაანება ბაუმანის ინსტიტუტზე ოცნებას.

ლევან ძნელაძე:

– სასწავლო წელი დაიწყო, თენგიზს კი ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად გაეგრძელებინა სწავლა. ფრიადოსნის ატესტატით ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ მიიღებდნენ, მაგრამ საბუთების შეტანის ყოველგვარი ვადა ამოწურული იყო. დედა სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებას ურჩევდა. მედიცინის სამყარო თენგიზისთვის უცხო არ ყოფილა. მამისგანაც მდიდარი პროფესიული ლიტერატურა დარჩა... დიდი ყოყმანის შემდეგ დედის რჩევას დაჰყვა და სამედიცინო ინსტიტუტს მიაშურა. მიუხედავად იმისა, რომ მიღება დამთავრებული იყო და სწავლაც დაწყებული, თენგიზი, როგორც გამონაკლისი, სამკურნალო ფაკულტეტზე ჩარიცხეს.

შეუდგა სწავლას, მაგრამ კიდევ დიდხანს ყოყმანობდა, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადასვლაზე ფიქრობდა... მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა ნორმალური ანატომიის კათედრის დოცენტმა დავით ციბაძემ. მანვე წარუდგინა თენგიზი კათედრის გამგეს, აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილს, და რეკომენდაცია გაუწია ასისტენტის თანამდებობაზე დასანიშნავად.

მეორეკურსელი, პირველი კურსის სტუდენტებს ასწავლიდა ოსტეოლოგიას. პედაგოგიური საათები ისე ჰქონდა შერჩეული, რომ პრაქტიკულ მეცადინეობებზე დასწრებაში ხელი არ შეშლოდა, მაგრამ ლექციების მოსმენას ვეღარ ახერხებდა. სწავლისა და მუშაობის შეთავსება თანდათან უჭირდა, რის გამოც მეხუთე კურსზე მუშაობისთვის თავის დანებება მოუხდა, მაგრამ კათედრაზე გატარებული წლები თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდად მიაჩნდა.

განუყრელი სკალპელი

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თენგიზ ახმეტელი, გრიგოლ მუხაძის შუამდგომლობით, ჰემატოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად მიიღეს. მალე ჰემატოლოგიისა და ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაშიც ჩაირიცხა. იმ პერიოდში თენგიზი პროფესორ მიხეილ ჩაჩავას ხელმძღვანელობით მუშაობდა ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკურ ბაზაზე. მიხეილსაც და სხვა შედარებით ასაკოვან თანამშრომლებსაც კარგად ახსოვდათ მამამისი, ამიტომ თენგიზს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შეხვდნენ.

იმ წლებში გრიგოლ მუხაძე მწვავე მუცლის მქონე პაციენტთა სტაციონარში დაგვიანებით მოთავსების მიზეზებით დაინტერესდა და საკითხის შესწავლა მიხეილ ჩაჩავას დაავალა. ჩაჩავამ საქმეში თენგიზიც ჩართო. ასე გამოქვეყნდა მისი პირველი ნაშრომი. მუხაძისავე დავალებით დაიწყო საკანდიდატო დისერტაციისთვის კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე ვაგოტომიის გავლენის შესწავლა პროფესორ ეგნატე ფიფიას ხელმძღვანელობით. თენგიზ ახმეტელი იმ დროის საუკეთესო ქირურგების გარემოცვაში ტრიალებდა.

23 წლისამ პირველი ოპერაცია ჩაატარა. იმ დღიდან სკალპელი მის განუყრელ იარაღად იქცა. დღესა და ღამეს კლინიკაში ატარებდა, თავდაუზოგავად შრომობდა, თავადაც ატარებდა ოპერაციებს და მასზე გამოცდილ ქირურგებსაც ეხმარებოდა, თანდათან ხვეწდა ოპერაციის ხელოვნებას.

მიხეილ ჩაჩავა თენგიზს ასპირანტურის დამთავრების შემდეგაც პატრონობდა. უადგილოდ დარჩენილი მოწაფე თავისთან, თბილისის პირველი ტუბსაავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მიიწვია. მისი დახმარებით დაეუფლა თენგიზი მრავალმხრივ, უზადო ქირურგიულ ტექნიკას, მასთან გაიარა ავადმყოფებთან  ურთიერთობის სკოლა. მიხეილ ჩაჩავა იყო ის ადამიანი, ვინც მედიცინაში შემთხვევით მოხვედრილ ახალგაზრდა კაცს ქირურგია შეაყვარა. მის გვერდით გატარებულ წლებს თენგიზ ახმეტელი სიცოცხლის ბოლომდე უბედნიერესად მიიჩნევდა.

რამდენიმე წლის შემდეგ თენგიზმა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორად დაიწყო მუშაობა. გამოცდილება გამოცდილებას ემატებოდა: 1952 წელს მოსკოვში, აკადემიკოს ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში გაიარა დახელოვნების ციკლი ნეიროქირურგიაში, 1951-1953 წლებში ზაფხულობით წამყვან ქირურგად მუშაობდა ყვარლისა და თიანეთის რაიონების საავადმყოფოებში, 1953 წელს მოსკოვში, ნ. სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტში, გამოჩენილ ქირურგთან, პროფესორ სერგეი იუდინთან მიავლინეს. იქვე შეისწავლა სისხლძარღვთა მექანიკური საკერი აპარატის გამოყენება.

1957 წელს თენგიზ ახმეტელი რცკს-ს ახალგახსნილი გულმკერდის ქირურგიის განყოფილების გამგედ დანიშნეს. მასვე დაევალა განყოფილების ორგანიზება.

თენგიზს უფრო და უფრო საპასუხისმგებლო საქმეებს ანდობდნენ. 1959-1961 წლებში აკადემიკოს ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის სწავლულ მდვინად დანიშნეს, მოგვიანებით – იმავე თანამდებობაზე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტში. ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორი კონსტანტინე ერისთავი ერთდროულად რამდენიმე დიდ დაწესებულებას ხელმძღვანელობდა, კლინიკაში ყოველდღე ვერ დადიოდა და ოპერაციებსაც იშვიათად ატარებდა. კლინიკის მართვა მთლიანად პროფესორ მემედ კომახიძეს ჰქონდა მინდობილი. მემედმა შეამჩნია მუყაითი, ნიჭიერი ახალგაზრდა ქირურგი და სულ მალე თენგიზი მისი საიმედო დასაყრდენი გახდა. მანვე წარადგინა კათედრის ასისტენტის თანამდებობაზე. თითქმის ყველა ოპერაციაზე გვერდით ედგა, რთულ ოპერაციებსაც ანდობდა, კონსულტაციებს უწევდა სადოქტორო დისერტაციასთან დაკავშირებით, ეხმარებოდა დისერტაციის მოსკოვში დაცვის ორგანიზებაში, ერთობლივად წარადგენდნენ მოხსენებებს ყრილობებსა თუ კონფერენციებზე, თანაავტორობით გამოაქვეყნეს ექვსი მონოგრაფია და რამდენიმე ათეული ნაშრომი. სადაც კი მემედ კომახიძეს ხელმძღვანელად დანიშნავდნენ, მოადგილედ თენგიზი მიჰყავდა: საქართველოს ქირურგთა საზოგადოებაში, საკავშირო სამედიცინო აკადემიასთან არსებულ საპრობლემო კომისიაში...

ასისტენტობიდან გახდა დოცენტი, პროფესორი და ბოლოს – კათედრის გამგეც.

სიმაღლეების დასაპყრობად

სტუდენტობის დროს და ექიმობის პირველ წლებში თენგიზი სერიოზულად იყო გატაცებული ალპინიზმით. ზაფხულობით ხშირად მონაწილეობდა მთამსვლელთა ექსპედიციებში, სტუდენტობისას – რიგით წევრად, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი – როგორც მაშველი ჯგუფის ექიმი.

ლევან ძნელაძე:

– 1945 წელს ალიოშა ჯაფარიძეს ქლუხორის ექსპედიციაში გაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა იყო, კლდეზე მარჯვედ ცოცავდა. მოსკოველი სპორტის ოსტატების აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო დასავლეთ კავკასიონის ექსპედიციაშიც.

1948 წელს, უკვე ექიმის სტატუსით, იყო სვანეთის ექსპედიციის მონაწილე, მომდევნო წლებში – მყინვარწვერის ექსპედიციის, იალბუზის ალპინიადის, ჯავა-შოვის ექსპედიციის... 1953 წელს, საქართველოს ალპური კლუბის პამირის ექსპედიციის მაშველი ჯგუფის ექიმმა, 6000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე პირველად ნახა სიმაღლის (მთის) ავადმყოფობის ტიპური სურათი ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენით და ჰალუცინაციებით.

თენგიზმა თექვსმეტი მწვერვალი დალაშქრა და მთებში გატარებულ ყოველ დღეს სიამოვნებით იხსენებდა.

ლმობიერი მასწავლებელი

– რა თანამდებობაზეც უნდა ყოფილიყო, თენგიზი ყოველთვის სტუდენტების საყვარელ პედაგოგად რჩებოდა. გარდა იმისა, რომ აძლევდა ბრწყინვალე ფუნდამენტურ ცოდნას, მედიცინაში მომხდარ სიახლეებსაც აცნობდა. ლექციებზე ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ სტუდენტები სულგანაბულები უსმენდნენ. გაბრაზებული არ მინახავს. შენიშვნას თუ მისცემდა ვინმეს, ამასაც – მშვიდად. არც გამოცდებზე ყოფილა მკაცრი, მაგრამ იყო ობიექტური და პრინციპული. დაუმსახურებლად მაღალი ნიშნის დაწერა დათვურ სამსახურად მიაჩნდა, ამბობდა, საქმის ჩაწყობით მოგვარება ერისთვის დამღუპველიაო.

ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში იყო. იცოდა თანამშრომლების პროფესიული ინტერესები, ყოველდღიური საქმიანობა, ოჯახური მდგომარეობა, მისი კაბინეტის კარი ყველასთვის ღია გახლდათ. ზოგი საკონსულტაციოდ აკითხავდა, ზოგი – რჩევა-დარიგებისთვის, ზოგიც – უბრალოდ სასაუბროდ. ყველას ღიმილიანი სალმით ხვდებოდა და გულუხვად უზიარებდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას.

უზადო ქირურგი იყო. მისი ოპერაციები უბრალო, დახვეწილი სტილით გამოირჩეოდა. შეეძლო ტექნიკურად რთულ სიტუაციებში საოცრად მარტივი გამოსავლის პოვნა. ოპერაციის შაბლონი მისთვის არ არსებობდა და თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, რომ მის მიერ ჩატარებულ ოპერაციას დადებითი შედეგი არ მოჰყოლოდეს.

ხუტა პაჭკორია:

– თენგიზ ახმეტელის შესახებ პირველად მისი და მემედ კომახიძის წიგნიდან შევიტყვე, რომელიც წყლულოვანი დაავადების დროს განვითარებულ სისხლდენებს ეხებოდა. წიგნი ძალიან მომეწონა. მეოთხე კურსზე, ქირურგიას რომ გავდიოდი, პირადად შევხვდი. სამოცდათიოდე წლის კაფანდარა კაცი იყო, გამჭრიახი მზერით. ძალიან კარგად, მარტივად გვიხსნიდა ყველაფერს. ოპერაციებზეც ვესწრებოდი – სტუდენტობის დროსაც და მერეც, როცა მასთან ჩემი პაციენტები ხვდებოდნენ. ხშირად ოპერაციას კათედრის გამგესთან, მემედ კომახიძესთან ერთად ატარებდა. ბევრი ქირურგი მინახავს ოპერაციის დროს. სულ რამდენიმეს ჰქონდა გამორჩეულად ნატიფი მოძრაობები და ერთი მათგანი თენგიზ ახმეტელი გახლდათ. ვყოფილვარ იმის შემსწრეც, რა შეუპოვრად უბრძოლია პაციენტის გადასარჩენად და წარმოუდგენელი სირთულის ოპერაციები ჩაუტარებია. და, ამ ყველაფრის ფონზე, იყო საოცრად თავმდაბალი...

უქმად მყოფი არ მინახავს, მუდამ ფუტკარივით ფუსფუსებდა. რამდენჯერაც მის კაბინეტში შევსულვარ, ან წერდა, ან კითხულობდა, ან სადისერტაციო ნაშრომს ასწორებდა. კათედრას 1983-1995 წლებში ხელმძღვანელობდა. მერეც, პენსიაზე რომ გავიდა, ხშირად იძახებდნენ ოპერაციის ჩასატარებლად. ბოლომდე მტკიცე ხელი ჰქონდა.

ბოლო წლებში ძალიან დავახლოვდით. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე – შემომიარე, რაღაც გვაქვს გასასწორებელიო. მეორე დღეს გავიგე, რომ ანევრიზმა გასკდომოდა. რამდენიმე დღეში, 2012 წლის 29 თებერვალს, 87 წლისა გარდაიცვალა.

დიდი სიყვარული

თენგიზ ახმეტელი 38 წლის ასაკში დაოჯახდა. მანანა ყიფიანის მამაც რეპრესირებული იყო. თვითონ მანანა იმ დროს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, რომლის დირექტორიც მემედ კომახიძის მეუღლე ნინო ჯავახიშვილი გახლდათ.

ქეთევან ახმეტელი:

– მამა ბატონი მემედის დავალებით მივიდა მორფოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დედა გაიცნო და აქედან დაიწყო მათი სიყვარული. პირველ ხანებში ბებია მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა, შვილი თორმეტი წლით უფროსი კაცისთვის გაეყოლებინა, მაგრამ ახლოს რომ გაიცნო მამა,  შვილივით შეიყვარა და სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ.

მამა, მიუხედავად იმისა, რომ ორი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, ბევრს მუშაობდა. დღეში რამდენიმე ოპერაციას ატარებდა. მძიმე შემთხვევების დროს ღამღამობითაც იძახებდნენ კლინიკაში. დედაც ყველანაირად ცდილობდა, საოჯახო საზრუნავი მაინც აერიდებინა მისთვის.

საოცარი სიყვარული ჰქონდათ. ერთმანეთს სულ თვალებში შესციცინებდნენ. არ მახსოვს, ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვა ეთქვათ.

ძალიან თბილი და რბილი იყო მამა, სახლშიც და კლინიკაშიც ხმის აუწევლად აგვარებდა ყველაფერს. რაც უნდა დაღლილი ყოფილიყო, მაინც პოულობდა დროს, რომ ჩემთვის და ლალისთვის ძილის წინ თავისი შეთხზული ზღაპარი მოეყოლა. ეს იყო ორი მეგობრის ამბავი, რომელიც უსასრულოდ გრძელდებოდა და რომლის გაგრძელებასაც ყოველ ღამით მოუთმენლად ველოდით.

ზაფხულობით წაღვერში, აგარაკზე მივდიოდით. ამისთვის მამა მთელი წელი ემზადებოდა: ადგენდა კითხვებს ვიქტორინებისთვის, იგონებდა ნაირ-ნაირ თამაშს... მთელი უბნის ბავშვები ჩვენს ეზოში იყრიდნენ თავს და მამაც გვართობდა, გვაჯიბრებდა, პრიზებსაც აწესებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ ამ შემეცნებითი თამაშებით ჩვენი თვალსაწიერის გაფართოებას ცდილობდა. პატარებთან ისიც პატარა ხდებოდა, რის გამოც ბავშვებს უზომოდ უყვარდათ. დავყავდით სალაშქროდ ბორჯომის ხეობაში, თბილისის შემოგარენში...

წაღვერში რომ ჩავიდოდით, მთელი უბანი ამოისუნთქავდა ხოლმე. ვისაც რამე უჭირდა, ყველა ჩვენთან მორბოდა. დედა ნევროპათოლოგი იყო, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. მთელი ცხოვრება სხვებზე ზრუნავდა და უბნელები დედა ტერეზას ეძახდნენ. ყველაზე მეტად კი ბორჯომის მთავარ ქირურგს უხაროდა ჩვენი ჩასვლა – რთული შემთხვევების დროს მამა ეიმედებოდა.

ერთხელ მეზობლის ოჯახს თავს დაესხნენ, დიასახლისი მოკლეს, პატარა გოგონა კი სასიკვდილოდ დაჭრეს. მამამ ოპერაცია გაუკეთა და გადაარჩინა. მერეც აქტიურად მონაწილეობდა მის ცხოვრებაში, საექთანო სასწავლებელშიც ჩააბარებინა...

ერთხელ ჩემს უმცროს გოგონას მუცელი ასტკივდა. მამამ გასინჯა, ჩემს მეუღლესაც გაასინჯა. დაასკვნეს, რომ აპენდიციტი იყო და დაიწყეს მსჯელობა, ვისთან მივიყვანოთო (ქირურგები ახლობლებისთვის ოპერაციის გაკეთებას ერიდებიან, ემოციებს რომ არ აჰყვნენ). ბოლოს ერთი კარგი ბორჯომელი ექიმი, იურა გაახსენდათ.

წაღვერში სახლები ახლო-ახლოს დგას, ჰოდა, აღმოჩნდა, რომ მათი საუბარი მეზობელს გაუგონია. ითმინა, ითმინა და ვეღარ მოითმინა: თენგიზ ბიძია, არ გრცხვენიათ? ამდენი ქირურგი ხართ აქ და ბავშვი ვიღაც იურასთან მიგყავთო!

მართლაც სულ ქირურგები იყვნენ ჩვენს ოჯახში: მამა, ლალი, ჩემი მეუღლე ნიკოლოზ ფრუიძე, ლალის მეუღლე გია თომაძე. სხვათა შორის, გია ახლა  ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია,  რომელიც იმ კათედრების გაერთიანებით შეიქმნა, რომლებსაც სხვადასხვა დროს მამაჩემი და ბაბუაჩემი ხელმძღვანელობდნენ.

განუყრელები იყვნენ დედა და მამა. უყვარდათ დროის ერთად გატარება. ხშირად ხელიხელჩაკიდებულები სეირნობდნენ. მამას მუცლის აორტის ანევრიზმა ჰქონდა, მაგრამ ოპერაციის გაკეთებას არ აპირებდა – როდემდეც იქნება, იყოსო. ანევრიზმა რომ გაუსკდა, სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში. მთელი ოჯახი თან გავყევით. დაეხვივნენ ყოფილი თანამშრომლებიც... სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ, მოასწრო ჩემს უკვე სტუდენტ ქალიშვილებთან, თამუნასთან და ნინოსთან დამშვიდობება – ხომ იცით, როგორ უნდა იცხოვროთო, დაუბარა. ჩემი დისშვილი, გიორგი, მაშინ მხოლოდ რვა წლის იყო, თუმცა ბაბუამ მის ცხოვრებაშიც მოასწრო დიდი სიყვარულის დატოვება.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნახვის უფლება მოგვცეს. ხომ არ გეშინიაო? – ჰკითხა დედამ. არაო, – მამამ. როცა დაგვტოვა, მერეღა მივხვდი – სიკვდილთან შეხვედრას გულისხმობდნენ.

მამას გარდაცვალების შემდეგ დედას ცხოვრებამ თითქოს აზრი დაკარგა. მოტყდა, ჯანმრთელობამაც უღალატა... რამდენიმე წელიწადში ისიც გარდაიცვალა.

თენგიზ ახმეტელი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების გენერალური მდივანი, საკავშირო საპრობლემო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის ქირურგიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკის ქირურგთა საზოგადოების, გასტროენტეროლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, გრიგოლ მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარე, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, ქირურგთა სალიცენზიო კომისიის წევრი, ჟურნალ "ქართული მედიცინის სიახლეთა" სარედაქციო კოლეგიის წევრი, ჟურნალების "ქირურგიისა" და "ონკოლოგიის" სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვა. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია ოცდაოთხი დისერტაცია, მათ შორის რვა – სადოქტორო.

თენგიზ ახმეტელმა რომან პაპავასთან ერთად შეიმუშავა კომბინირებული ვაგოტომიის ორიგინალური მეთოდი (1998 წ.). ამ გამოგონებისთვის მათ პატენტი მიიღეს.

1986 წელს თენგიზ ახმეტელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა, 1994 წელს აირჩიეს სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიის წევრად, 1997 წელს – სამხედრო სამედიცინო აკადემიის წევრად, 1995 წელს კი ექიმთაგან ერთ-ერთი პირველი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

სხვადასხვა წლებში ორჯერ იყო დაჯილდოებული ოქროს სკალპელით.

მისი ხსოვნის პატივსაცემად თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ჰქვია.

ყველაზე ძვირფას ჯილდოდ კი თენგიზ ახმეტელი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას მიიჩნევდა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: