ოჯახური სადილი
გააზიარე:
დაფიქრებულხართ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის ოჯახურ სადილს? თუ არა, ახლა დაფიქრდით. წარმოიდგინეთ ოცდამეერთე საუკუნის ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი დღე: დედა და მამა სახლიდან მუშაობენ. ონლაინ ჩართვებს შორის დედა ძლივს ასწრებს მაცივრის გამოღებას და წახემსებას. მამაც კაბინეტშია შეკეტილი, თავისუფალ დროს გამორბის, ორიოდე ლუკმას შეჭამს და მაშინვე კაბინეტში ბრუნდება. მოსწავლე და-ძმა გაკვეთილებს ამზადებს. სასუსნავი მათაც ოთახში შეაქვთ და იქ მიირთმევენ. რას შვრება ამ დროს 4-5 წლის ბავშვი? მას, რა თქმა უნდა, მშიერს არ ტოვებენ, მაგრამ პატარას მაგიდასთან ჯდომა, მშობლებსა და და-ძმასთან საუბარი უნდა, უამრავი რამე აქვს მოსაყოლი, უამრავი რამე აინტერესებს და ერთი სული აქვს, კითხვებზე პასუხი მიიღოს.
დღეს ყველა დაკავებული ვართ, იმდენად დაკავებული, რომ დღეში რამდენიმე წუთსაც კი ძნელად ვპოულობთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. არადა, თუნდაც ნახევარი საათის ერთად გატარება უფროსებისთვისაც სასარგებლოა და ბავშვის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი.
მეტყველებისა და აზროვნების განვითარება
ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან ჯდომა და დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე ან სხვა საინტერესო თემებზე საუბარი ბავშვს ვერბალურ უნარებს უვითარებს. ის ითვისებს სიტყვებს და გამოთქმებს, რომლებსაც საუბრისას ოჯახის წევრები იყენებენ, თვითონაც საუბრობს და ეს სიტყვები და გამოთქმები მის ლექსიკონში მკვიდრდება. ამ პერიოდში ბევრ საუბარს ბავშვის მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან ერთად, ბავშვი სწავლობს სუფრასთან ქცევის წესებს, დანა-ჩანგლისა თუ ხელსახოცის სწორად ხმარებას, რასაც სუფრასთან მარტო ჯდომით და მულტფილმების ყურებით ნამდვილად ვერ ისწავლის.
უკეთესი მენტალური მდგომარეობა
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ოჯახური სადილები დადებითად აისახება ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასეთი ტრადიციის მქონე ოჯახში აღზრდილი ბავშვები ნაკლებად შფოთავენ, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მშობლებსა და და-ძმებთან, უკეთესად ესმით სხვების, თვითონაც ადვილად უზიარებენ სხვებს ტკივილსა თუ სიხარულს, უკეთესად აკონტროლებენ მოზღვავებულ ემოციებს.
ოჯახის წევრებთან სიახლოვე
ცხოვრების თანამედროვე რიტმის გამო ოჯახური სადილი ზოგჯერ ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრებთან ხარისხიანი, მშვიდი და აუჩქარებელი ურთიერთობისთვის. შვილებს ის შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ტკივილი თუ სიხარული მშობლებს გაუზიარონ, რჩევა ჰკითხონ, მშობლებს კი – ფეხი აუწყონ შვილების ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს.
მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ რაკი ბავშვები მაინცდამაინც არ გამოხატავენ საუბრის სურვილს, ესე იგი არც არაფერი აწუხებთ. გაკვირვებული დარჩებით, რამდენი რამის მოყოლისა თუ გაზიარების სურვილი გაუჩნდებათ, როდესაც თქვენთან ერთად გასატარებლად თავისუფალ დროს დაიგულებენ და დაინახავენ, რომ არსად გეჩქარებათ, არ იყურებით ტელეფონში, წამდაუწუმ არ დაჰყურებთ საათს, რადგან მეგობრები თუ კოლეგები ჩართვაზე გელოდებიან, პირიქით, მთელი არსებით მათ მოსასმენად და მათთან სასაუბროდ ხართ განწყობილი.
უკეთესი აკადემიური მოსწრება
კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაასტურა, რომ ბავშვები, რომლებიც კვირაში სამჯერ მაინც სადილობენ ოჯახთან ერთად, სკოლაში სხვა თანაკლასელებზე უკეთეს ნიშნებს იღებენ. სიმშვიდე, კმაყოფილება და თავდაჯერებულა, რომელსაც ბავშვს ოჯახის წევრებთან ერთად გატარებული დრო ანიჭებს, მის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება.
ჯანსაღი კვება
სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახთან ერთად სადილობენ, სკოლაში ჯანსაღ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ თუ შვილისთვის ჯანსაღი კვების კულტურის ჩამოყალიბება გინდათ, პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ოჯახურ სადილს. მოუმზადეთ ჯანსაღი საკვები და თავადაც ასეთი მიირთვით, რომ მაგალითი მისცეთ. დანერგეთ ოჯახში ხილისა და ბოსტნეულის ჭამის კულტურა.
კვლევებითაა დადასტურებული ისიც, რომ ოჯახურ სადილებს მიჩვეულ ბავშვებს გაცილებით იშვიათად აწუხებთ ჭარბი წონა, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად სტუმრობენ.
ნაკლები ხარჯი
ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ სადილის შინ მომზადება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მზა საკვების შინ მოტანით შეძენა ან ყოველდღიურად კაფესა თუ რესტორანში სადილობა. შესაბამისად, ოჯახური სადილები მხოლოდ ჯანსაღი კვების ჩვევის ჩამოყალიბებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ფინანსების დაზოგვის საშუალებაცაა.
რას გვირჩევენ ფსიქოლოგები
სათქმელად ადვილია, მაგრამ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბევრ ოჯახს უჭირს ოჯახური სადილის ტრადიციის დამკვიდრება. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობენ ამისთვის ექსპერტები.
აქციეთ ოჯახური სადილი ერთ-ერთ პრიორიტეტად
რა დაკავებულიც უნდა იყოთ, ეცადეთ, კვირაში სამჯერ მაინც გამონახოთ ნახევარი საათი ოჯახური სადილისთვის. უპირველეს ყოვლისა, დაანახეთ ბავშვებს, თავად რა სერიოზულად ეკიდებით ამ დროს და როგორ გინდათ, ის მათთან ერთად რაც შეიძლება ხარისხიანად და ხალისიანად გაატაროთ.
ბავშვებს უყვართ ოჯახური ტრადიციები. დიდი შანსია, ოჯახური სადილიც მათ საყვარელ ტრადიციად იქცეს. ამასთან ერთად, სუფრასთან ჯდომის კულტურაც ჩამოუყალიბდებათ.
თინეიჯერები დამოუკიდებლობას ესწრაფვიან. გაგიჭირდებათ, ამ ასაკის ბავშვი ერთად სადილობაზე დაიყოლიოთ, თუ მას პატარაობიდანვე არ აქვს ეს ჩვევა. არადა სწორედ ამ პერიოდშია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მშობლებისა და შვილების ჯანსაღი კომუნიკაცია.
ჩართეთ პროცესში მთელი ოჯახი
მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ხართ და ბავშვზე უკეთესად ხვდებით ამ დროის ფასს, არ არის აუცილებელი, მთლიანად საკუთარ თავზე აიღოთ პროცესის წარმართვა. დაიხმარეთ მეუღლე და ბავშვები სუფრის გაწყობაში, თუ დრო გაქვთ – სადილის მომზადებაშიც. აუხსენით, რომ ამით დროს დაზოგავთ და სასაუბროდ მეტი დაგრჩებათ.
ნუ გადააჭარბებთ
ზედმეტი არაფერი ვარგა. არც მონდომება. თუ ბავშვმა შეამჩნია, რომ ზედმეტად ღელავთ, შესაძლოა იფიქროს, რომ რამე ფარული მიზეზი გაქვთ. მაგალითად, როგორც არ უნდა გაინტერესებდეთ თქვენი თინეიჯერი შვილის სასიყვარულო ამბები, სუფრასთან დასხდომისთანავე ამ თემაზე ნუ დაიწყებთ საუბარს, თორემ ბავშვს არა ოჯახურ სადილზე, არამედ დაკითხვაზე ეგონება თავი, უფრო მეტად დისტანცირდება თქვენგან და მის შემოსარიგებლად შეცდომის აღიარება და გამოსწორება დაგჭრდებათ.
ასე რომ არ მოხდეს, საუბარი სხვა თემით დაიწყეთ. მოუყევით, თქვენ თვითონ როგორ გაატარეთ დღე, რა გეგმები გაქვთ უახლოესი მომავლისთვის... თუ შეატყობთ, რომ ისიც გაიხსნა, უკვე შეგიძლიათ, ძალდაუტანებლად ჰკითხოთ, რაც გაინტერესებთ.
გადადეთ ტელეფონი, გამორთეთ ტელევიზორი, არ უყუროთ საათს
მოაშორეთ მაგიდიდან ყოველგვარი გაჯეტი, რომელიც ურთიერთობაში ხელს შეგიშლით. გამორთეთ ტელევიზორი. ოჯახურ სადილზე აუცილებელია, მთელი არსებით იყოთ ჩართული საუბარში. გამუდმებით საათზე ყურებით, ტელეფონის შემოწმებით და თვალის ტელევიზორისკენ გაპარებით თანამოსაუბრეს ყოველგვარ ინტერესს დაუკარგავთ. აქციეთ ჯანსაღი ურთიერთობა თქვენი ოჯახის პრიორიტეტად და ერთად ისიამოვნეთ პროცესით.
ლიკა ქათამაძე