სიცოცხლის მეორე წელი (მეორე ნაწილი)

გააზიარე:

სოციალური განვითარება

ერთი წლის ბავშვს სოციალური წრის, მეგობრებისა და ნაცნობების სპეციფიკური აღქმა უყალიბდება. თავს სოციუმის ცენტრად მიიჩნევს და უფრო მეტად იმის გარკვევითაა დაკავებული, საგნები და მოვლენები მასთან როგორ კავშირშია. მან იცის, რომ სხვა ადამიანები არსებობენ, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რას ფიქრობენ და გრძნობენ ისინი. მას მიაჩნია, რომ ყველა მისი მოლოდინისამებრ იქცევა.

ზოგიერთი ექსპერტი ამ ასაკს ეგოცენტრულსაც კი უწოდებს. პატარა საკუთარ თავზეა ორიენტირებული და თამაშს სულაც არ აღიქვამს სოციალიზაციის გზად. შესაძლოა, სხვა ბავშვების შორიახლოს ითამაშოს და სათამაშოს მოსაპოვებლად სხვებთან ერთად ჩაებას აქტივობებში, მაგრამ თავს სოციუმის ნაწილად არ აღიქვამს. უფრო მეტიც – უჭირს კიდეც გუნდურ თამაშებში მონაწილეობა. სხვა ბავშვებს პატარა თოჯინებად უფრო აღიქვამს. მოსწონს მათთან თამაში, მაგრამ იმ პირობით, რომ თვითონ იდომინირებს. მაგალითად, შეიძლება სიამოვნებით დავარცხნოს სხვა ბავშვს თმა, შესთავაზოს თავისი სათამაშო ან ნუგბარი, მაგრამ განაწყენდეს, თუ მასაც დაუპირებენ თმის დავარცხნას ან მიწოდებულ ნივთს გამოართმევენ.

ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის რამის გაზიარება არარსებული ცნებაა. ამ ასაკში ყველას სჯერა, რომ მხოლოდ თვითონ იმსახურებს საყოველთაო სიყვარულსა და ყურადღებას.

ამ ასაკში ყველაზე მწვავედ გამოხატავენ მესაკუთრეობის განცდას. თუ სხვა ბავშვმა მისი სათამაშო აიღო, რომც არ სჭირდებოდეს, მაინც წაართმევს. შესაძლოა, ვერც დაარწმუნოთ, რომ სათამაშოების დროებით გაზიარება კარგი საქციელია. ამ დროს შეიძლება, მისთვის განსაკუთრებით საყვარელი ნივთები ერთგვარ პრიზად გამოცხადდეს: “ეს დათუნია მხოლოდ შენია! თოჯინა კი შეგიძლია სხვას ათხოვო”. განსაკუთრებულობის ასეთი განცდა რამდენადმე ამშვიდებს გაღიზიანებულ პატარას და დროთა განმავლობაში მესაკუთრეობის მწვავე შეგრძნებაც უქრება.

ვინაიდან ამ ასაკში ბავშვები ვერ აცნობიერებენ გარშემო მყოფების გრძნობებს, პატარა შესაძლოა საკმაოდ უხეშადაც მოექცეს სხვას – გაბრაზებულმა ჩაარტყას, უკბინოს ან თმა მოწიწკნოს. ამ დროს აუცილებელია, უფროსი კონფლიქტში ჩაერიოს, მიუთითოს მოჩხუბარ პატარებს, რომ ასე არ შეიძლება და სხვა რამეზე გადაატანინოს ყურადღება.

18 თვისთვის ბავშვმა უკვე იცის თავისი სახელი, ცნობს სარკეში საკუთარ გამოსახულებას და ცდილობს თავის მოვლას (თმის დავარცხნას, კბილების გახეხვას, ხელების დაბანას). ორი წლისთვის ის ისწავლის ტანსაცმლის ჩაცმას და გახდას. ეს ახალი ცოდნა იმდენად მოეწონება, რომ შესაძლოა, სრულიად შეუფერებელ დროსაც კი წაასწროთ ამ საქმით გართულს.

ორი წლის პატარები მიბაძვის დიდოსტატები არიან. ამ დროს ისინი ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ყველაფერში, რასაც უფროსები აკეთებენ: საოჯახო საქმეებში, წიგნის კითხვაში, სადილის მომზადებაში. მართალია, ასე უფრო მეტი დრო დაგეხარჯებათ, მაგრამ თუ აქტივობა ბავშვისთვის საფრთხის შემცველი არ არის, ნუ ეტყვით დახმარებაზე უარს. ყველაფერი თამაშად აქციეთ და აგრძნობინეთ პატარას, რომ ის საჭიროა.

ემოციური განვითარება

სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ბავშვი გამუდმებით განიცდის ხასიათის ცვლილებებს: ხანდახან წარმოუდგენლად დამოუკიდებელია, ხანდახან – მშობელზე უკიდურესად მიჯაჭვული. ამ ასაკში, როცა უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება და მოქმედება შეუძლია, პატარას აქვს შესაძლებლობა, მშობელს ჩამოშორდეს და თვითონვე შეისწავლოს თავისი შესაძლებლობების საზღვრები. თუმცა, იმავდროულად, ბავშვს არ სიამოვნებს იმის გაცნობიერება, რომ ის თქვენგან განცალკევებული არსება და დამოუკიდებელი ინდივიდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაღლილი ან შეშინებულია, ან ავადაა. ამ დროს მას ყველაზე ნაკლებად სჭირდება მარტოობის განცდა.

ძნელია პროგნოზირება, როდის დაუბრუნდება პატარა მშობელს თავშესაფრის ძიების მცდელობისას. რამდენიმე დღე შესაძლოა დამოუკიდებელი იყოს, არც თქვენი დახმარება მიიღოს და არ ყურადღება მოგთხოვოთ, რამდენიმე დღეში კი ისევ თქვენზე დამოკიდებულ არსებად მოგევლინოთ. ასეთ დღეებში შეიძლება თქვენც შერეული გრძნობები გაგიჩნდეთ – გაგიხარდეთ, რომ თქვენი შვილისთვის ისევ სამყაროს ცენტრი ხართ, მოგვიანებით კი დაიღალოთ ასეთი ყურადღებით. ამ პერიოდს ზოგიერთი ზრდასრულობის პირველ ეტაპს უწოდებს. ის ასახავს ბავშვის დამოკიდებულებას საკუთარი დამოუკიდებლობის მიმართ, რაც სავსებით ნორმალურია. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარას აგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ხართ. ფრაზამ “დიდ გოგოსავით (დიდი ბიჭივით) მოიქეცი” შესაძლოა ის უფრო მეტად დათრგუნოს.

ამ ასაკში პატარები ისევ განიცდიან მშობლებისგან შორს ყოფნას, თუნდაც რამდენიმე წუთით დატოვოთ. თუმცა პროტესტი ამ ასაკში უფრო ხანმოკლეა. შესაძლოა, მშობელმა უფრო მეტად განიცადოს განშორება, ვიდრე ბავშვმა. არავითარ შემთხვევაში არ დაანახოთ ეს! თუ პატარას ეცოდინება, რომ მისი ტირილი თქვენზე მოქმედებს, მუდამ ამ გზით ეცდება სასურველის მიღებას. ნურც იმას ეცდებით, თვალთახედვის არიდან გაეპაროთ. ასე ბავშვი უფრო მეტად დაისტრესება, მუდმივად იმის შიში ექნება, მშობელი არ გაიპაროს. პირიქით, როცა თქვენი წასვლის დრო მოვა (სამსახურში, შეხვედრაზე, მაღაზიაში), აკოცეთ, დაემშვიდობეთ და დაარწმუნეთ, რომ მალე დაბრუნდებით. დაბრუნებისას ჩაეხუტეთ და შეაქეთ. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ პატარა მიხვდება, რომ თქვენ ყოველთვის ბრუნდებით და დროებითი განშორება მისდამი თქვენს სიყვარულს არ აკნინებს. ასე თავს უფრო დაცულად იგრძნობს.

ბავშვის მოვლა

კვება

როცა ბავშვს ერთი წელი შეუსრულდება, შეატყობთ, რომ მადა დაკარგა – რამდენიმე კოვზის შემდეგ მიზეზობს და საჭმელზე უარს ამბობს, როცა სადილად ეძახით, ენთუზიაზმით აღარ მორბის. მოსაზრება, რომ რაკი პატარა უფრო აქტიური და მოძრავია, უფრო მეტი უნდა ჭამოს, მცდარია. პირიქით! ბავშვის ზრდის ტემპი წინა თვეებთან შედარებით ნელდება, ამიტომ მას იმდენი საკვები აღარ სჭირდება, რამდენსაც ადრე იღებდა.

ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვმა დღეში 1000 კალორია უნდა მიიღოს. ზრდასრული ადამიანისთვის ეს მძიმე დიეტის ტოლფასია, მაგრამ არა ბავშვისთვის. მთავარია, დღიური კალორაჟი სამ კვებასა და ორ წახემსებაზე გადანაწილდეს.

ამ ასაკში პატარებს მადა შესაძლოა ყოველდღიურადაც კი შეეცვალოთ. დილით ისე კარგად ისაუზმონ, ლუკმაც კი არ დატოვონ, სადილზე კი არაფერს დააკარონ პირი. შესაძლოა, საყვარელ საჭმელზე ერთ დღესაც უარი გამოგიცხადოთ. ერთ დღეს კუთვნილ კალორიებს დასჯერდნენ, მეორე დღეს კი გაცილებით მეტი ან ნაკლები მოგთხოვონ. ბავშვის მოთხოვნილებები მისი აქტიურობის ხარისხზე, ზრდის ტემპსა და მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული.

კვებას ბრძოლის ველად ნუ გადააქცევთ. ნურც იმას იფიქრებთ, რომ კერძის დაწუნებით პატარა თქვენ გიდგებათ ჯიბრში. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად დააძალებთ საკვებს, მით უფრო მეტად გააპროტესტებს. ნაცვლად ამისა, შესთავაზეთ, თავად აირჩიოს, რას შეჭამს. შეეცადეთ, ერთი და იგივე საკვები სხვადასხვანაირად მოამზადოთ, მაგალითად, კარტოფილი ხან შეუწვათ, ხან პიურე გაუკეთოთ.

თუ პატარა პროტესტს განაგრძობს, რუტინას გადაუხვიეთ და მოგვიანებით აჭამეთ, მანამდე კი ნუ მისცემთ საშუალებას, ორცხობილათი ან ტკბილეულით წაიხემსოს. შესაძლოა, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ რამდენიმე დღეში ბავშვის კვების რუტინა კალაპოტს დაუბრუნდება. თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, მისცეთ ჯანმრთელი საკვები შესაბამის დროს და შესაბამისი რაოდენობით. რამდენს და როგორ შეჭამს, მისი საქმეა.

როცა უფროსები ბავშვს თეფშის მოსუფთავებას აიძულებენ, ის მადის კონტროლს ვერ სწავლობს და სიმაძღრის შეგრძნების უგულებელყოფის გამო შესაძლოა ჭარბი წონაც აკრიფოს.

ერთი წლიდან პატარას რაციონში უკვე შედის ყველა ის პროდუქტი, რომლებსაც უფროსები მიირთმევენ:

* საქონლის ხორცი, თევზი, შინაური ფრინველის ხორცი, კვერცხი;

* რძის ნაწარმი;

* ხილ-ბოსტნეული;

* პური, კარტოფილი, ბურღული, ბრინჯი, მაკარონი.

ვიდრე ბავშვის მენიუს დაგეგმვას დაიწყებდეთ, გაიხსენეთ, რომ ამ ასაკში ქოლესტერინი და ცხიმები აუცილებელია მისი ზრდისა და განვითარებისთვის, ვინაიდან საჭირო კალორიების 50%-ს სწორედ ცხიმებისგან იღებენ. ორი წლიდან უკვე შეიძლება, ცხიმების ოდენობა ნელ-ნელა შეამციროთ.

ერთი წლისთვის პატარას უკვე შეუძლია, იგივე მიირთვას, რასაც ოჯახის დანარჩენი წევრები მიირთმევენ, ოღონდ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებით:

* შეამოწმეთ, საკმარისად გრილია თუ არა კერძი, რომ პატარას პირი არ დაეწვას.

* ნუ მოუმზადებთ ზედმეტად მარილიან, ტკბილ და ცხარე საკვებს – მონელებაც გაუჭირდება და ვერც პროდუქტების ნამდვილ გემოს გაიგებს.

* ამ ასაკის პატარები საკვებს ჯერ კიდევ ვერ ღეჭავენ ჯეროვნად (პიურეს კონსისტენციამდე), ამიტომ მათი დახრჩობის რისკი ისევ არსებობს (4 წლამდე). ეცადეთ, ყველაფერი, რასაც მისცემთ, კარგად იყოს დაჭრილი ან დაჭყლეტილი. ყურძნის მარცვლებიც კი შუაზე გაუჭერით.

* ყურადღება მიაქციეთ, რომ დამჯდარმა ჭამოს და არა სირბილის ან თამაშის დროს.

* ასწავლეთ, ჭამის დროს არ ილაპარაკოს, არ იმღეროს.

* ერთი წლიდან ბავშვი ჭიქიდან უნდა სვამდეს სითხეებს (წყალს, წვენს). ამ ასაკიდან ნაკლები რძე სჭირდება, ვინაიდან კალორიების უმეტესობას უკვე მყარი საკვების საშუალებით იღებს.

* მოარიდეთ ტკბილეულს. შეინახეთ ის ისეთ ადგილას, სადაც ბავში ადვილად ვერ მიაგნებს. ყოველ საღამოს ნუ მისცემთ დესერტს. ნუ დაუტკბობთ კერძებს.

* თუ გინდათ, ხემსი მისცეთ, უმჯობესია, ეს ხილი, ყველი ან საბავშვო მშრალი ნამცხვარი იყოს.

საკუთარი თავის გამოკვება

12 თვიდან ბავშვი ეჩვევა წყლის ჭიქიდან დამოუკიდებლად სმას, საკუთარი ხელით ჭამას, კოვზით დამოუკიდებლად ჭამას. 15 თვისთვის ის ამ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო დახვეწს, მაგრამ მანამდე მშობელს დიდი მოთმინება მართებს. გირჩევთ, შეიძინოთ ჭურჭელი, რომელიც არ ტყდება – პატარა კვების პროცესს, ასე თუ ისე, მაინც თამაშად აღიქვამს და აუცილებლად მოუნდება, მაგიდიდან რამე გადააგდოს. ეს, რასაკვირველია, არ უნდა მოუწონოთ, მაგრამ არც უნდა დანებდეთ.

18 თვისთვის ბავშვსვ უკვე ეცოდინება ჭიქის, კოვზისა და ჩანგლის დამოუკიდებლად გამოყენება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოიყენებს – შესაძლოა, ფაფის ან სუპში მოცურავე კარტოფილის ნაჭრების ხელით ჭამა უფრო სახალისო მოეჩვენოს. ორი წლისთვის ასე ჭამას გადაეჩვევა. პირიქით, შესაძლოა, ის უფრო ეწყინოს, თუ ლუკმა დაუვარდა, ჭამის დროს დაისვარა ან რამე დაეღვარა.

ძილი

ხანდახან აჟიტირებული ბავშვის დამშვიდება და დაძინება იმდენად დამღლელი და რთულია, რომ მშობლებს ურჩევნიათ, ადროვონ, ვიდრე არ გადაიღლება და თავისით არ ჩაეძინება. ამ ასაკის პატარებთან ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოდგება. მშობელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვს როგორც დღის, ასევე ღამის ძილის რუტინა ჩამოუყალიბდეს. რასაკვირველია, ძალდაუტანებლად, რადგან დაძინებას ვერც ბავშვს დააძალებ და ვერც მოზრდილს.

დაუკვირდით, უმეტესად როდის იღლება თქვენი პატარა და მის ბიოლოგიურ საათზე აეწყვეთ. საღამოს, როცა შეატყობთ, რომ გადაიღალა, თვალები ეხუჭება ან უმიზეზოდ წუწუნებს, დაიწყეთ ძილისთვის მზადება. შესაძლოა, პირველ ხანებში ეს ნანატრი წუთი გვიან ღამით დადგეს, მაგრამ თუ რუტინას შეიმუშავებთ, ნელ-ნელა იმასაც მოახერხებთ, ღამის ძილის საათი მისაღებ დრომდე გადმოსწიოთ.

თუ აქამდე არ გქონიათ დაძინების რიტუალი, დროა შეიმუშაოთ. ეს შეიძლება იყოს ბანაობა, ზღაპრების კითხვა, იავნანას სიმღერა... რაღაც ისეთი, რასაც პატარა ძილს დაუკავშირებს. პარალელურად სასურველია, ბავშვი თავის საწოლს მიაჩვიოთ.

გაითვალისწინეთ: რუტინის ჩამოყალიბება არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება. არც ღამის უწყვეტი ძილის ჩამოყალიბებაა ასე გაგრძელების გარანტია. ბავშვის ყოველდღიურობაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ადვილად აისახება მის ძილსა და ქცევაზე: სხვა ოთახში ან საწოლში დაძინება, საყვარელი სათამაშოს ან გადასაფარებლის დაკარგვა (რომლებსაც ძილისპირულ ატრიბუტებად აღიქვამს), მოგზაურობა, ავადმყოფობა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი, ბავშვი ხელში აიყვანოთ და თქვენს საწოლში გადმოაწვინოთ. მიეცით შესაძლებლობა, საკუთარი თავის დამშვიდება ისწავლოს და დამოუკიდებლად დაიძინოს.

თუ ბავშვს ადრეულ ასაკში ყურადღებით ანებივრებდით, მიდგომა თანდათან უნდა შეცვალოთ. მაგალითად, თუ ღამით გაღვიძებისას რძეს ასმევდით, ამჯერად წყალი დაალევინეთ, მერე კი სულაც შეწყვიტეთ სითხის მიცემა. თავდაპირველად პატარა ამ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, გააპროტესტებს. ნუ აიყვანთ ხელში. დაამშვიდეთ თქვენი ახლოს ყოფნით, სიმღერით და მოფერებით.

დისციპლინა

სხვისი შვილების შემხედვარეს, ალბათ, არაერთ მშობელს უფიქრია: "ჩემი შვილი ასე არასოდეს მოიქცევა!" არასოდეს თქვათ "არასოდეს"! ერთიდან ორ წლამდე ასაკის პატარა იმდენად ბევრ ცვლილებას განიცდის, რომ, ფაქტობრივად, გამუდმებით სტრესის ქვეშაა, ამიტომ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ყოველთვის იმას გაკეთებს, რასაც ეუბნებით, მეტადრე – იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს ამ ასაკში ჯერ კიდევ არ შეუძლია, თქვენი ყველა დარიგება დაიმახსოვროს.

თუ პატარა "ცუდად" იქცევა, ეს არ ნიშნავს, რომ ამას განგებ აკეთებს. მაგალითად, თუ, თქვენი გაფრთხილების მიუხედავად, შინაურ ცხოველს კუდზე ქაჩავს, ამ დროს ის უბრალოდ თავის ინსტინქტებს ემორჩილება და იმას აკეთებს, რაც ამ სიტუაციაში ჰგონია სწორი. მშობელსა და შვილს შორის სრული ურთიერთგაგების მიღწევას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. სამწუხაროდ, მოვლენებს ვერ დააჩქარებთ.

ცემა აღზრდა არ არის!

ბევრ უფროსს ჰგონია, რომ ფიზიკური თუ ემოციური ზეწოლა აღზრდის საშუალებაა. სინამდვილეში აღზრდა სწავლებას და მაგალითის მიცემას ნიშნავს, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კი სიყვარულია.

როცა მშობელი შვილს სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობა, ბავშვიც ასევე ეპყრობა გარშემო მყოფებს. რაც უფრო თავშეკავებული და გაწონასწორებული იქნებით სწავლებისას, მით უფრო ადვილად გამოიმუშავებს ბავშვი თვითდისციპლინას.

ბავშვი, რომელსაც ხშირად სცემდნენ, სწავლობს, რომ ბრაზის სხვისი ჩაგვრით გამოხატვა ნორმალურია და თვითონაც ასე ექცევა თანატოლებს.

ეცადეთ, რეალისტური მოლოდინი გქონდეთ. ის ბავშვის ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს უნდა ემთხვეოდეს და არა მშობლის ფანტაზიებს. შესაძლოა, პატარა იმაზე უფრო ცელქი და აქტიური იყოს, ვიდრე მშობელს უნდა, მაგრამ ერთ ადგილას ჯდომის იძულებამ შესაძლოა უფრო მეტად გააღიზიანოს.

ამ ასაკში ბავშვს ჯერ კიდევ არ ესმის ყველაფერი, რასაც უფროსი ეუბნება, ამიტომ გამუდმებით "არას" ძახილი რომ არ მოგიწიოთ ("ეს არ ქნა!" "ამას ხელი არ ახლო!"), გირჩევთ, ყურადღების გადატანის ტექნიკას მიმართოთ. თუ მუდმივად ტელეფონით თამაშს ითხოვს, გადაატანინეთ ყურადღება წიგნზე, საყვარელ სათამაშოზე ან გარემო გამოუცვალეთ (სხვა ოთახში გაიყვანეთ, სასეირნოდ წაიყვანეთ).

ბავშვის არასასურველი ქცევა თავიდან რომ აიცილოთ, ყურადღებით დააკვირდით მის განწყობას – ხომ არ ეძინება, ხომ არ შია, იქნებ ავადაა ან მისთვის უჩვეულო, სტრესულ გარემოში მოხვდა. ეცადეთ, რუტინაც არ დაურღვიოთ. მაგალითად, ნუ წაიყვანთ სასეირნოდ ან მაღაზიაში იმ დროს, როცა ძილი უწევს.

გახსოვდეთ, დისციპლინა მოთმინებასა და მუდმივობას გულისხმობს. რაც უნდა რთული მოგეჩვენოთ, არ დაკარგოთ წონასწორობა და თუ საჭიროა, რამდენჯერმე მიუთითეთ პატარას ცუდ საქციელზე.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: