ღვიძლის ჰემანგიომა

გააზიარე:

ჰემანგიომა კანის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება. ის თურმე სრულიად უვნებელია და ადამიანი ამ ლაქით მთელ სიცოცხლეს ისე გაატარებს, არაფერი შეაწუხებს. ამგვარი წარმონაქმნი ადამიანს შესაძლოა სხვა ორგანოშიც, მაგალითად, ღვიძლშიც ჰქონდეს. არც ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა რიცხვს, თუმცა კანის ჰემანგიომაზე მეტი საფრთხის შექმნა ნამდვილად შეუძლია. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა ულტრაბგერითი აპარატი ფუფუნებად აღარ მიიჩნევა და მოსახლეობის კულტურაც პროფილაქტიკური კვლევების მხრივ საგრძნობლად ამაღლდა, სულ უფრო ხშირად წააწყდებით ამ პათოლოგიას. ჰოდა, სხვა მიზნით ჩატარებული ექოსკოპიის დროს შემთხვევით აღმოჩენილმა ღვიძლის ჰემანგიომამ ზომაზე მეტად რომ არ შეგაშინოთ, მასზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის № 1 დეპარტამენტის ქირუგიულ სნეულებათა მიმართულების ასისტენტ პროფესორთან, ილია წერეთელთან მისვლა გადავწყვიტე: 

  • – ბატონო ილია, რა არის ღვიძლის ჰემანგიომა და რამდენადაა გავრცელებული?

– ღვიძლის ჰემაგიომა თანდაყოლილი დაავადებაა. ის კეთილთვისებიანი სიმსივნეა და სიხშირით პირველ ადგილს იკავებს ღვიძლის სიმსივნეებს შორის. უკეთ რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ვენური სისხლძარღვებისგან შექმნილი კონგლომერატი, ქსელი, რომელიც ღვიძლში მდებარეობს. ექიმები მას სისხლძარღვოვან მალფორმაციასაც ვეძახით. ალბათ ყველას უნახავს წითელი ხალი კანზე. ასეთივე წარმონაქმნია ღვიძლის ჰემანგიომაც, ოღონდ ღვიძლის ქსოვილში. შეძენილი ჰემანგიომა არ არსებობს, ის ყოველთვის თანდაყოლილია, მაგრამ მისი უშუალო მიზეზი არავინ იცის. არსებობს მოსაზრება, რომ ჰემანგიომა ემბრიოგენეზის დროს (როცა ნაყოფის ორგანოების ფორმირება ხდება), ღვიძლის პარენქიმის ჩამოყალიბების პროცესში წარმოქმნილი მალფორმაციაა, განვითარების პათოლოგია, და ის ჩანასახშივე არსებობს.
რაც შეეხება სტატისტიკას, შემიძლია გითხრათ, რომ მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. საქართველოში მისი ზუსტი აღრიცხვა, სამწუხაროდ, არ ხდება, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგების მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს თუ მოვიშველიებთ, ღვიძლის ჰემანგიომა აქვს მთელი მოსახლეობის საშუალოდ 6-7%-ს. 

  • – როგორც ვიცი, ჰემანგიომა ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს და ამის სავარაუდო მიზეზად ქალურ ჰორმონ ესტროგენს მიიჩნევენ...

– დიახ, საინტერესო ფაქტია, რომ ჰემანგიომას ქალებთან უფრო ხშირად ვაწყდებით, ვიდრე მამაკაცებთან, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. თქვენ მიერ ნახსენები მოსაზრება მეც გამიგონია. ესტროგენი შესაძლოა მართლაც იქცეს მაპროვოცირებელ ფაქტორად, თუმცა, როგორც ვიცი, ეს მოსაზრება დამტკიცებული არ არის, ჰიპოთეზად რჩება. არსებობს მეორე ჰიპოთეზაც, რომ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალებს, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას მიმართავენ, ჰემანგიომა უფრო ხშირად უვლინდებათ. ამაშიც არის ლოგიკა. მოგეხსენებათ, ჰორმონოთერაპია ქალის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, რის შედეგადაც შესაძლოა უკვე არსებული ჰემაგიომის სისხლმომარაგებაც გაუმჯობესდეს და ის გაიზარდოს, თუმცა მოსაზრება, რომ ქალს ჰემანგიომა არ ჰქონდა და ჰორმონოთერაპიის შემდეგ დაემართა, აბსურდულია.

  • – როგორია ამ პათოლოგიის კლინიკა? როგორ შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ მას ღვიძლის ჰემანგიომა აქვს?

– ეს დაავადება, წესისამებრ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არავითარ ჩარევას არ მოითხოვს და არც კლინიკურად ვლინდება. პაციენტები უმეტესად შემთხვევით, რაიმე სხვა მიზეზით ან პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებული ულტრაბგერი კვლევის დროს აღმოაჩენენ ხოლმე მას. ღვიძლის მცირე ზომის ჰემაგიომა, როგორც უკვე გითხარით, ასიმპტომურია, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ჰქონდეს ადამიანს და არაფერი დაუშავოს. არც ავთვისებიან სიმსივნედ მისი გადაგვარების საშიშროება არსებობს (ცხადია, თუ დანამდვილებით ვიცით, რომ ჰემაგიომასთან გვაქვს საქმე), მაგრამ თუ გაიზარდა, შესაძლოა უმნიშვნელოდ გამოხატული კლინიკა მოგვცეს, რაც უმეტესად მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნებით, დისკომფორტით გამოიხატება. ამ დროს ექოლოგიური კვლევის ჩატარება და ტკივილის მიზეზის დადგენა აუცილებელია. თეორიულად, ცხადია, არსებობს შანსი, დიდი ზომის ჰემაგიომამ ღვიძლის სანაღვლე გზებზე ზეწოლა მოახდინოს და ამ მხრივ სირთულეები შეგვიქმნას, თუმცა ჩემს პრაქტიკაში ღვიძლის ჰემაგიომის ამგვარი გართულება არ შემხვედრია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჰემანგიომა უმეტესად ნელა იზრდება და კაფსულაც შედარებით რბილი აქვს, ამიტომ სადინარებზე ზეწოლას არ ახდენს. ჰემანგიომამ შესაძლოა ღვიძლის რამდენიმე წილი დაიკავოს და ექსტრაჰეპატურადაც (ღვიძლის გარეთ) კი გაიზარდოს, მაგრამ სადინარების კომპრესიას მაინც არ იწვევს, რადგან ღვიძლი თანდათანობით ეგუება ამ წარმონაქმს, ადაპტირდება მასთან.
პრაქტიკაში ჰემანგიომის სხვა გართულება უფრო ხშირია. ეს არის გახეთქვა. ჰემანგიომა ერთგვარი სისხლძარღვოვანი ბურთია კარგად განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელითა და კავერნებით ანუ ღრუებით, რომლებშიც ასევე საკმაოდ მაღალი წნევით მოძრაობს სისხლი. თუ ჰემანგიომა გასკდა, ცხადია, სისხლდენა დაიწყება, თანაც საკმაოდ სერიოზული სისხლდენა. ამ დროს სასწრაფო ოპერაციული ჩარევაა საჭირო, სხვაგვარად პაციენტი შეიძლება დაიღუპოს. ასეთ დროს ჩვენ ღვიძლის რეზექციის ჩატარება, ანუ იმ წილს მთლიანად ამოღება გვიწევს, რომელშიც ჰემანგიომაა ლოკალიზებული. 

  • – მისი მკურნალობა რას გულისხობს?

– ჰემანგიომისგან განკურნების ერთადერთი გზა ოპერაციაა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, პაციენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი მკურნალობა არ სჭირდება. ოპერაციული მკურნალობის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როცა განსაკუთრებით დიდი ზომის ჰემანგიომასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ დროს მისი გახეთქვის საშიშროებაც დიდია. ოპერაციის კიდევ ერთი ჩვენება ჰემანგიომის ზედაპირულად მდებარეობაა. თუ წარმონაქმნი ზედაპირულად მდებარეობს, ტრავმის დროს მისი გახეთქვის საფრთხეც, ბუნებრივია, მეტია. რა ზომის ჰემანგიომაა საოპერაციო, ძნელი სათქმელია. როგორც უკვე გითხარით, ზომასთან ერთად მდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ და ისე ვწყვეტთ ოპერაციის მიზანშეწონილობას. ამ დროს პაციენტის პროფესიაც გასათვალისწინებელია. თუ ის სპორტსმენია, განსაკუთრებით – ტრავმული სპორტის მიმდევარი, ჩვენ მას ჰემაგიომის მოშორებას ვურჩევთ, რადგან მისი გაქრობის სხვა საშუალება არ არსებობს, ხოლო ტრავმამ შესაძლოა ჰემანგიომის გახეთქვა და სერიოზული სისხლდენა გამოიწვიოს. კლასიკურ შემთხვევაში 4-5-სანტიმეტირან არაზედაპირულ ჰემანგიომას ოპერაცია არ სჭირდება, ზოგეჯრ 6-სანტიმეტრიანსაც – საკმარისია, მხოლოდ დინამიკას დააკვირდე. პაციენტმა გეგმური ექოსკოპიური კვლევებით უნდა აკონტროლოს მისი ზრდა. ჰემანგიომის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად ენდოვასკულური ემბოლიზაციით მისი დაპატარავებაა მოწოდებული. ამ დროს სპეციალური კათეტერის მეშვეობით ჰემანგიომის მკვებავ მთავარ სისხლძარღვში ხელოვნური ემბოლი შეჰყავთ. სისხლძარღვი იცობა, ჰემანგიომის კვება წყდება და იგი პატარავდება. ასე ოპერაციისთვისაც უკეთესი პირობები იქმნება, რადგან ღვიძლის შედარებით მცირე ნაწილის რეზექცია მოგვიწევს. თუმცა ამან, როგორც იზოლირებულმა სამკურნალო მეთოდმა, არ გაამართლა და დღეს ოპერაციის წინ დიდი ჰემანგიომების დასაპატარავებლად იყენებენ. ოღონდ ოპერაციული ჩარევა ემბოლიზაციის შემდეგ მალევე უნდა განხორციელდეს – ჰემანგიომას იმდენად მდიდარი სისხლძარღვოვანი ქსელი აქვს, რომ ერთი სისხლძარღვის დათრომბვის შემთხვევაშიც კი ის გარკვეული ხნის შემდეგ სხვა განტოტებებიდან იწყებს კვებას. 

  • – რამდენად სარწმუნო მეთოდია ექოსკოპია ჰემანგიომის დიაგნოსტიკისთვის? საზოგადოდ, რომელია მისი კვლევის ოქროს სტანდარტი?

– ექოსკოპიაზე ჰემანგიომა, ცხადია, ძალიან კარგად ჩანს. მას კლასიკური, დამახასიათებელი სურათი აქვს და, როგორც გითხარით, მას უმეტესად სწორედ ულტრაბგერით აღმოაჩენენ, თუმცა ზოგჯერ მისი გამოსახულება ძალიან გავს ღვიძლის კარცინომის ექოლოგიურ სურათს. არის შემთხვევები, როცა ექოსკოპიურად და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც (თუ ანგიოგრაფია არ ჩარტარებულა) გგონია, რომ კარცინომასთან გაქვს საქმე, ჩაატარებ ანგიოგრაფიას და აღმოჩნდება, რომ ჩვეულებრივი ჰემანგიომა ყოფილა. ამიტომ მისი კვლევის ოქროს სტანდარტად კონტრასული კომპიუტერული ან კონტრასტული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მიიჩნევა. ანგიოგრაფიაზე მას იმდენად დამახასიათებელი სურათი აქვს, რომ შეუძლებელია, რამეში აგერიოს.
სისხლდენის საშიშროების გამო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰემანგიომის ბიოფსია. ყოფილა შემთხვევა, როცა კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია კარგად არ იყო ჩატარებული, ჩვენ კარცინომას ვეჭვობდით, ბიოფსიის გაკეთებას ვაპირებდით და პროცედურის წინ კიდევ ერთხელ როცმ გადავამოწმეთ, მაშინღა გამოჩნდა, რომ ღვიძლის კარცინომათან კი არა, ჰემანგიომასთან გვქონია საქმე. 
ანგიოგრაფია იმითაც არის კარგი, რომ მხოლოდ ჰემანგიომისა და სიმსივნური წარმონაქმნის დიფერენცირების საშუალებას კი არ იძლევა, არამედ ჰემანგიომის გავრცელების საზღვრებსაც ადგენს და იმის განსაზღვრაში გევხმარება, როგორი მასშტაბის ოპერაციაა მიზანშეწონილი – ერთი ან ორი სეგმენტის ამოღება თუ ჰემიჰეპატექტომია (ღვიძლის მთელი ანატომიური წილის ამოკვეთა). 

  • – როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ჰემანგიომა აღმოაჩნდა? რაიმე განსაკუთრებული მითითები ხომ არ გექნებათ მათთვის?

– მცირე ზომის ჰემანგიომის შემთხვევაში დაკვირვება და გეგმური ულტრაბგერითი კვლევები სავსებით საკმარისია. გამოკვლევების სიხშირე ძალზე ინდივიდუალურია და ექიმმა თითოეულ პაციენტს ცალ-ცალკე უნდა შეურჩიოს. დიაგნოსტირებული ჰემანგიომის ექოლოგიური გამოკვლევა, საშუალოდ, ექვს თვეში ერთხელ საკმარისია, მაგრამ თუ დიდი ზომისაა, შესაძლოა უფრო ხშირადაც დაგვჭირდეს. თუ ჰემანგიომა ზომაში იზრდება, მის მოცილებაზე ვიწყებთ ფიქრს. 
თუ ღვიძლის ჰემანგიომა აღმოგაჩნდათ, უპირველესად, ეერიდეთ ტრავმას. თუ პაციენტი, მეტადრე – ტრავმული სპორტის მიმდევარი, ჩვენ მას ოპერაციამდე სპორტისთვის თავის დანებებას ვურჩევთ, რათა წარმონაქმნის გახეთქვა თავიდან ავიცილოთ. გახსოვდეთ, ჰემანგიომის გახეთქვა სახუმარო არ არის. ამ დროს უმეტესად სისხლდენის გამო ჰემორაგიული შოკი ვითარდება და პაციენტმა ექიმამდე მისვლა შესაძლოა ვერც კი მოასწროს. თუ ტრავმა მაინც მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს და გამოკვლევები ჩაიტარეთ, რადგან არსებობს შანსი, ჰემანგიომის გახეთქვის შემდეგ განვითარდეს ჰემატომა, რომელსაც კლინიკაში უნდა დააკვირდნენ.

თამარ არქანია 

გააზიარე: