რა იწვევს ხველას

გააზიარე:

დამცავი რეფლექსი თუ ავადმყოფობის ნიშანი

მწვავე ხველის გავრცელებული მიზეზები

ქრონიკული ხველის მიზეზები

 

დამცავი რეფლექსი თუ ავადმყოფობის ნიშანი

ხველა რეფლექსური მოქმედებაა, რომელიც ჩვენი სასუნთქი გზების დასაცავადაა მიმართული. მართალია, ის საკმაოდ შემაწუხებელია, მაგრამ მიზანი ამართლებს მის არსებობას – ხველა გვიცავს ავადმყოფობისგან და განკურნებაში გვეხმარება. ეს შემდეგნაირად ხდება: ყელსა და სასუნთქ გზებში შეჭრილი ინფექციური თუ სხვა აგენტები აღიზიანებს ნერვების დაბოლოებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ინფორმაციას ტვინს უგზავნიან. პასუხად ტვინი გულმკერდისა და მუცლის კუნთებს შეკუმშვას აიძულებს. შედეგად წარმოიქმნება ჰაერის ძლიერი ნაკადი, რომელიც გამაღიზიანებელ აგენტებს დიდი წნევით გამოისვრის სასუნთქი გზებიდან. ამის გამო დროდადრო ყველა ვახველებთ და ეს ნორმადაც კი მიიჩნევა. ხველა საყურადღებოა, როცა ის რამდენიმე კვირა გრძელდება ან სისხლიანი ნახველი მოსდევს.

ხშირმა ხველამ, გარდა იმისა, რომ დამქანცველი და შემაწუხებელია, შესაძლოა გამოიწვიოს ძილის დარღვევა, თავბრუხვევა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილი, შარდის შეუკავებლობა, ჭარბი ოფლიანობა, ღებინება და ნეკნების მოტეხილობაც კი. ასე რომ, ხველასთან ხუმრობა არ ღირს.

ხველის ნაირსახეობები

ხველა მრავალნაირია, განსაკუთრებით – ბავშვებში.

მყეფავი ხველა ვითარდება ზედა სასუნთქი გზების შევიწროების – კრუპის შედეგად, რომელსაც სასუნთქი გზების ინფექცია იწვევს. ის უმეტესად სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, უმეტესად ღამით და ზოგჯერ ხმაურიანი სუნთქვაც ახლავს თან.

მყივანი სპაზმური ხველის შეტევა ყივანახველას ახასიათებს. ადამიანი შეუსვენებლად ახველებს, შეტევის დასასრულს კი ღრმად, ყივილით ჩაისუნთქავს.

მსტვენი, ხიხინიანი ხველის დროს ხიხინი ამოსუნთქვისას ისმის, რაც ქვედა სასუნთქი გზების შეშუპებაზე მიუთითებს. ის ახასიათებს ასთმას, ბრონქიოლიტით მიმდინარე ვირუსულ ინფექციას, ქვედა სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობას.

გამოყოფენ ასევე ღამის ხველას, დღისით ხველას, სველ, ხველას, მშრალ ხველას, ხველას ცხელებით, ხველას ღებინებით და სხვ.

ხველა მწვავეა, როცა სამ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ბავშვებთან – ოთხ კვირაზე, მოზრდილებთან კი რვა კვირაზე მეტხანს მიმდინარე ხველა ქრონიკულად ითვლება. მათ შორის არსებულ პერიოდს ქვემწვავეს უწოდებენ.

მწვავე ხველა ხშირად ერთვის გაციებას, გრიპს, მწვავე ბრონქიტს.

ქრონიკული ხველა

ქრონიკული ხველის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია მწეველობა (ამჟამად ან წარსულში). ხველა და ფილტვების დაზიანება შესაძლოა მეორეულმა, პასიურმა მოწევამ ანუ სხვისი მოწევისას კვამლის შესუნთქვამაც გამოიწვიოს.

ქრონიკული ხველის განვითარებაში ხშირად ერთზე მეტ მიზეზს მიუძღვის ბრალი. უმეტესად ესენია:

* პოსტნაზალური წვეთვა -ცხვირში ან სინუსებში (ცხვირის დანამატ წიაღებში) წარმოქმნილი ლორწო ხახის გავლით ყელში ჩაედინება და ხველას იწვევს. ამ მდგომარეობას ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომსაც (UACS) უწოდებენ.

* ასთმა – ასთმის დროს ხველას ამწვავებს კლიმატის სეზონური ცვლილება, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცივი ჰაერი, ჰაერში მოხვედრილი ქიმიკატები, არომატიზატორები.

* გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ) – ამ დროს კუჭის მჟავე წვენი ამოდის საყლაპავში, რომლის მუდმივი გაღიზიანება ქრონიკულ ხველას იწვევს. თავის მხრივ, ხველა ამძიმებს გერდ-ს.

* ინფექცია – გახანგრძლივებული ხველა მოსალოდნელია პნევმონიის, გრიპის, გაციების და ზედა სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ინფექციების შემდეგ. ზრდასრულებს გახანგრძლივებული ხველის მიზეზად ასევე შეიძლება ექცეთ ყივანახველა, ფილტვების სოკოვანი, ტუბერკულოზური ან სხვა მიკრობებით გამოწვეული ინფექცია.

* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) – ეს არის ფილტვების ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც გაძნელებულია ფილტვებიდან ჰაერის გამოდევნა. ის მოიცავს ქრონიკულ ბრონქიტსა და ემფიზემას. ქრონიკული ბრონქიტის დროს ზოგჯერ ჩნდება შეფერილი ნახველი. ემფიზემა იწვევს ქოშინს და აზიანებს ალვეოლებს. ფქოდ-ით დაავადებულთა უმეტესობა მწეველი ან ყოფილი მწეველია.

* არტერიული წნევის მარეგულირებელი საშუალებები – ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად და გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ზოგიერთ პაციენტში ქრონიკულ ხველას იწვევს.

ხველა შესაძლოა თვითონ ხველამაც დაამძიმოს, რადგან ძლიერი, ხანგრძლივი ხველა სასაუნთქ გზებს აღიზიანებს.

ქრონიკული ხველის შედარებით იშვიათი მიზეზებია:

* ასპირაცია – საკვების, უცხო სხეულის გადაცდენა;

* ბრონქოექტაზია – სასუნთქი გზების პათოლოგიური გაფართოება;

* ბრონქიოლიტი – ბრონქიოლების (მცირე ზომის ბრონქების) ანთება;

* კისტური ფიბროზი  (მუკოვისციდოზი);

* ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი (კუჭის მჟავე წვენის ყელში ამოსვლა);

* ფილტვის კიბო;

* არაასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი (სასუნთქი გზების ანთება, რომელიც ასთმით არ არის გამოწვეული);

* სარკოიდოზი (ანთებითი უჯრედების დაგროვება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ყველაზე ხშირად – ფილტვებში);

* ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი – ფილტვების ქრონიკული დანაწიბურება უცნობი მიზეზით.

სიმპტომები

ქრონიკულ ხველას შესაძლოა თან ახლდეს:

* ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა;

* ყელის უკანა კედელზე ჩამონადენის შეგრძნება;

* ხშირი ჩახველება ყელის ჩასაწმენდად, ყელის ტკივილი;

* ხმის ჩახლეჩა;

* მსტვენი სუნთქვა და ქოშინი;

* გულძმარვა, პირში მჟავე გემო;

* იშვიათად – სისხლით ამოხველება.

ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ ხველა კვირების განმავლობაში გრძელდება (მით უმეტეს – თუ პაციენტი ნახველს ან სისხლს ამოახველებს), არღვევს ძილს ან ხელს უშლის ადამიანს სწავლასა და მუშაობაში, თან ახლავს სქელი, მომწვანო-მოყვითალო ნახველი, ხიხინი, მაღალი ტემპერატურა, ქოშინი, გონების დაკარგვა, ფეხების შეშუპება, წონის კლება. თუ ავადმყოფი უჩივის მოხრჩობის შეგრძნებას, გულმკერდის არეში ტკივილს, აღებინებს, უჭირს სუნთქვა ან ყლაპვა, ამოაქვს სისხლიანი ან ვარდისფერი ნახველი, გადაუდებელი დახმარებაა საჭირო.

ქრონიკული ხველა, როგორც წესი, გაივლის ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ.

ხველის წამლები

ხველის დროს წამლების მიღება ყოველთვის არ არის საჭირო. ხველის სამკურნალო საშუალებები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხველა გამწვავებულია, იწვევს დისკომფორტს, არღვევს ძილს და თან არ ახლავს ზემოთ აღწერილი რომელიმე საშიში სიმპტომი.

ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას აუცილებელია დოზირების ზედმიწევნით დაცვა. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წამლები სიმპტომურად მოქმედებს და ძირითად დაავადებას არ კურნავს. გამოკვლევებს არ დაუდასტურებია მათი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (პლაცებო ცრუ წამალია, რომელიც მოქმედ ნივთიერებას არ შეიცავს. მას კვლევაში მონაწილე ზოგიერთ პირს აძლევენ, რათა ნამდვილი წამლის ეფექტს შეადარონ). გარდა ამისა, ხველის წამლებს აქვთ პოტენციურად მძიმე გვერდითი მოვლენები. აღწერილია ორ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების სიკვდილის შემთხვევები დოზის გადაჭარბების გამო, ამიტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევა ექვს წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის ხველისა და გაციების სამკურნალო ურეცეპტოდ გასაცემი წამლების თვითნებურად, ექიმის ნებართვის გარეშე მიცემა. გამონაკლისია სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. სასურველია, ხველის წამლები ბავშვებს 12 წლამდეც კი არ მივცეთ.

როგორ მოვიქცეთ

ხველის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ჩაწუწნოთ ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტები ან უბრალო საწუწნი კანფეტები – ისინი ამსუბუქებენ მშრალ ხველას და ამშვიდებენ გაღიზიანებულ ყელს. ოღონდ ნუ მისცემთ მათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს – შესაძლოა, სასუნთქ გზებში გადასცდეთ.

ხველა შესაძლოა შეასუსტოს თაფლმაც (თუ ავადმყოფს მასზე ალერგია არ აქვს). თუ ბავშვს ძილის წინ ორ ჩაის კოვზ თაფლს მისცემთ, ღამით ნაკლებად დაახველებს და უკეთესად იძინებს. მაგრამ თაფლის მიცემა არ არის რეკომენდებული წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – მასში შესაძლოა იყოს ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიები, რომლებიც ჩვილებისთვის განსაკუთრებით საშიშია.

დაატენიანეთ ჰაერი. არსებობს ჰაერის დამატენიანებელი სპეციალური მოწყობილობები. თუ არ გაქვთ, გააცხელეთ წყალი თავდაუხურავი ჭურჭლით, რომ ჰაერი ორთქლით გაჯერდეს. მიიღეთ ცხელი, ორთქლიანი შხაპი.

სვით ბევრი სითხე – ის ათხელებს ლორწოს, თბილი კი ყელსაც ამშვიდებს.

ერიდეთ თამბაქოს კვამლს. მოწევამ და სხვისი კვამლის შესუნთქვამ შესაძლოა ხველა გააძლიეროს.

გახსოვდეთ: ხველა საშიში არ არის. ის ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოტანას, ამიტომ თუ ადამიანი სხვა მხრივ ჯანმრთელია, ხველის დათრგუნვა საჭირო არ არის.

***

მწვავე ხველის გავრცელებული მიზეზები

გაციება

ცემინება, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ხველა – ამ ნიშნებს ყველა კარგად იცნობს. გაციება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას ორასამდე ვირუსი იწვევს, რომლებიც ჩვენს სხეულში ხვდებიან, როცა ვირუსით დაბინძურებული ზედაპირის შეხების შემდეგ ცხვირს ან თვალებს ვეხებით. ისინი შეიძლება ჰაერთან ერთადაც ჩავისუნთქოთ. გაციება გამომწვევთან კონტაქტიდან 1-3 დღის შემდეგ იწყება და 2-დან 14 დღემდე გრძელდება.

ათიდან მინიმუმ ერთ, მაქსიმუმ ოთხ შემთხვევაში გაციებას რინოვირუსი იწვევს. მისი გავრცელებული გამომწვევები არიან კორონავირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც (ღშV). ზრდასრული ადამიანი წელიწადში ორ-ოთხჯერ მაინც ცივდება, მცირეწლოვანი ბავშვი – ექვს-რვაჯერ.

გაციების სიმპტომებია:

* Სურდო;

* ცხვირის გაჭედვა;

* ცემინება;

* გემოსა და სუნის აღქმის შესუსტება;

* ყელის ფხაჭნა;

* ხველა.

სხეულის ტემპერატურა კი ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს უფრო ხშირად უწევთ, ვიდრე მოზრდილებსა და მოზარდებს.

გაციების სიმპტომები მწეველებთან  უფრო მწვავედ ვლინდება, ვიდრე არამწეველებთან.

როგორ ვიქცევით

მას შემდეგ, რაც მივხვდებით, რომ გაციებული ვართ, სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგვიძლია ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები მივიღოთ. თუმცა, განურჩევლად იმისა, მივიღებთ თუ არა მათ, რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში მაინც გამოვკეთდებით. ეს წამლები ვირუსებს არ ანადგურებს, მხოლოდ სიმპტომებს ამსუბუქებს და თავს უკეთ გვაგრძნობინებს.

ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ პარაცეტამოლის, ასპირინის, იბუპროფენის და ანთების საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა არასტეროიდული საშუალების გამოყენებამ შესაძლოა დაამძიმოს ასთმა და პეპტიკური წყლული, ამიტომ ამ დაავადებების მქონე ადამიანებმა ჩამოთვლილი მედიკამენტები ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა მიიღონ. წამლის მიღებამდე ექიმი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ ორსულებმაც. 18 წლამდე ასაკის ბავშვებს კი ასპირინის მიღება საერთოდ ეკრძალებათ, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი, მაგრამ მძიმე დაზიანება – რეიეს სინდრომი.

ცხვირის გაჭედვის, ხველის, ცხვირიდან გამონადენის დროს იყენებენ დეკონგესტანტებს (ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებს), ანტიჰისტამინურ (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებებს ან მათ კომბინაციას. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა დეკონგესტანტები არ უნდა მიიღონ. გასათვალისწინებელია, რომ გაციების სამკურნალო ბევრი ურეცეპტოდ გასაცემი საშუალება ორივე ამ კომპონენტს შეიცავს.

დოზირება მნიშვნელოვანია, ამიტომ რა წამალსაც არ უნდა იღებდეთ, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ბევრი კომბინირებული მედიკამენტი – როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემი – პარაცეტამოლს,  იბუპროფენს ან ასპირინს შეიცავს. როდესაც ერთდროულად რამდენიმე წამალს იღებთ, აუცილებლად შეამოწმეთ მათი  შემადგენლობა, რომ უნებლიეთ არ გადააჭარბოთ დოზას.

გაციების საწინააღმდეგო ანტივირუსული წამლები არ არსებობს. ანტიბიოტიკები კი მათ სამკურნალოდ არ გამოდგება. მათ მხოლოდ ბაქტერიული გართულებების დროს შეუძლიათ დახმარება.

სხვა საშუალებები

გაციების დროს ბევრი იყენებს ბალახებს, მინერალებს, ევკალიპტს, ნიორს, თაფლს, ლიმონს, მენთოლს, თუთიას, C ვიტამინს, თუმცა არცერთი ამ საშუალების გაციების საწინააღმდეგო ეფექტი კვლევებით არ არის დადასტურებული.

რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება. ის გამოშრობისგან იცავს ცხვირისა და ყელის ლორწოვანს, ათხელებს ლორწოს და აადვილებს სხეულიდან მის გამოძევებას. კოფეინი და ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს, ამიტომ ერიდეთ ყავას, ჩაის და სხვა კოფეინიან სასმელებს, სპირტიან სასმელებს.

ნუ მოწევთ. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ არ გამოკეთდებით. სხვა მწეველებისგანაც შორს დაიჭირეთ თავი. კვამლის ჩასუნთქვა უფრო მეტად გააღიზიანებს სასუნთქ გზებს და ხველას გაახშირებს.

სასწავლებელსა თუ სამსახურში სიარული გამოჯანმრთელებას ხელს არ შეუშლის, მაგრამ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ინფექცია სხვებს არ გადასდოთ. ხველებისა და ცემინებისას გამოიყენეთ ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცი, რომელსაც მაშინვე გადააგდებთ და ხშირად იბანეთ ხელები.

თავიდან ასაცილებლად

გაციების თავიდან აცილება ძნელია, მით უმეტეს – როდესაც ოჯახის წევრია ავად, მაგრამ შესაძლოა, შედეგი მიიღოთ, თუ:

* მოერიდებით გაციებულთან ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით – ავადმყოფობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც ის ინფექციას ავრცელებს;

* დაიბანთ ხელებს ინფიცირებულის შეხების, მისი ხელშენახები ნივთების შეხების, ცხვირის მოხოცვის შემდეგ, თუ ბავშვია გაციებული – რეგულარულად გარეცხავთ მის სათამაშოებს;

* არ შეეხებით საკუთარ ცხვირსა და თვალებს;

* ავადმყოფს გამოუყოფთ ცალკე პირსახოცს;

* სახლში შეინარჩუნებთ ნორმალურ ტენიანობას;

* ავადმყოფი ხველებისას და ცემინებისას ცხვირ-პირზე ქაღლდის ცხვირსახოცს აიფარებს, მერე კი ცხვირსახოცს გადააგდებს და ხელებს დაიბანს.

ინფიცირებული უნდა მოერიდოს მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით – მათ, ვისაც ასთმა ან სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადება აქვს.

გაციების გართულებები

გაციების ვირუსმა შესაძლოა სხვა ინფექციებს გაუხსნას გზა, გამოიწვიოს სინუსების, ყურის ან ბრონქების ბაქტერიული ანთება. საკმაოდ გავრცელებულია სინუსების ინფექცია, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივებული  ხველის მიზეზად იქცეს, ხოლო მათ, ვისაც ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი ან ემფიზემა აქვთ, დაავადების სიმპტომები გაციებიდან რამდენიმე თვეც კი მიჰყვებათ.

მშრალი, უნახველო ხველა შესაძლოა კვირების და თვეების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს და ადამიანს ნორმალურად გამოძინების საშუალება არ მისცეს. ასეთი ხველის დასაცხრობად ექიმმა შესაძლოა ასთმის სამკურნალო საშუალებები დანიშნოს.

ექიმს უნდა გაესაუბროთ, თუ გაციების ნიშნებს ერთვის მაღალი სიცხე, ყურის ტკივილი, ტკივილი სინუსების არეში (ზეწოლის შეგრძნება თვალების, ლოყებისა და შუბლის მიდამოებში), ხველა მაშინაც კი ძლიერდება, როცა გაციების სხვა სიმპტომები ცხრება, გაგიმწვავდათ სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება, მაგალითად, ასთმა.

გრიპი

გრიპი უმეტესად მსუბუქად ჩაივლის, მაგრამ შესაძლოა, ისეთ მძიმე ფორმაშიც გადაიზარდოს, განსაკუთრებით – ხანდაზმულებთან, ახალშობილებთან ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან, რომ მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს, ამიტომ მის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

გრიპს  გრიპის ვირუსები იწვევს, რომლებიც ადამიანისგან ადამიანს ხველების, ცემინების ან საუბრის დროს გადაედება. ამ დროს ინფიცირებულის სხეულიდან გამოსროლილი წვრილი წვეთები სხვა ადამიანის ცხვირში ან პირში ხვდება. ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია ვირუსით დაბინძურებული ზედაპირის შემდეგ ხელის ცხვირზე, პირზე ან თვალებზე შეხებით.

ცნობილია გრიპის ვირუსის სამი ოჯახი: A, B და C. A ტიპის ვირუსებით შეიძლება დაინფიცირდნენ ადამიანები, ფრინველები, ღორები, ცხენები და სხვა ცხოველები. არსებობს A ვირუსების რამდენიმე ქვეტიპი (შტამი), რომელთაგან ორი, H1N1 და H3N2, ადამიანებში ცირკულირებს.  ეს ორი ქვეტიპი ყოველწლიურად შედის სეზონური გრიპის ვაქცინაში.

B ტიპის ვირუსები მხოლოდ ადამიანებთან გვხვდება. ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადება A ტიპის ვირუსებით გამოწვეულზე მსუბუქია, თუმცა მაინც საყურადღებო.

C  ტიპის ვირუსები ადამიანებში საკმაოდ მსუბუქ დაავადებას იწვევს. ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადება გაცილებით იშვიათია, ვიდრე  A და B ტიპის ვირუსებით გამოწვეული, ამიტომ სეზონური გრიპის ვაქცინები მათ არ შეიცავს.

A და B ტიპის გრიპი იწვევს ეპიდემიებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

არსებობს გრიპის ვირუსის კიდევ ერთი ტიპი – ფრინველის გრიპი (H5N1). ეს A ვირუსის ქვეტიპია. ფრინველებისთვის ძალიან გადამდებია, მაგრამ, წესისამებრ, არ აავადებს ადამიანს, თუ მას პირდაპირი კონტაქტი არ აქვს ცოცხალ ან მკვდარ ინფიცირებულ ფრინველთან (თუმცა ვარაუდობენ, რომ იყო ადამიანისგან ადამიანზე მისი გადაცემის რამდენიმე შემთხვევა).

სიმპტომები

გრიპის სიმპტომები გაციებისას ჰგავს, მაგრამ გაციების სიმპტომები, როგორც წესი, უფრო ნელა ვითარდება და ნაკლებად მძიმეა. გაციება, გრიპისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს მაღალ სიცხეს ან თავის ტკივილს. გრიპი უფრო მეტხანსაც გრძელდება და მდგომარეობის დამძიმების ტენდენციაც ახასიათებს.

გრიპის სიმპტომები სწრაფად ვითარდება და მოიცავს:

* მაღალ სიცხეს;

* შემცივნებას;

* თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს;

* ყელის ტკივილს;

* ცხვირის გაჭედვას და სურდოს;

* ხველას – წესისამებრ, მშრალს;

* დაღლილობას;

* ზოგჯერ – გულისრევას, ღებინებას ან დიარეას, ბავშვებში – უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებში.

უმეტესობა გრიპისგან ერთი ან ორი კვირის განმავლობაში იკურნება, მაგრამ ზოგ პაციენტს, განსაკუთრებით – მოხუცებს, სისუსტე შესაძლოა დიდხანს გაჰყვეს.

გართულებები

ზოგიერთს გრიპი ბრონქიტით, ყურის ანთებით, სინუსური ინფექციით, ფილტვების ანთებით, გულის კუნთის ანთებით (მიოკარდიტი), ტვინის ანთებით  (ენცეფალიტი) ან კუნთების ანთებით (მიოზიტი, რაბდომიოლიზი) ურთულდება. ზოგი მათგანი სიცოცხლისთვის საშიშია.

გრიპმა შესაძლოა დაამძიმოს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები. მაგალითად, ასთმით დაავადებულებს გრიპის დროს შესაძლოა ასთმის შეტევები გაუხშირდეთ.

გართულებები უფრო მეტად ემუქრებათ 65 წელს გადაცილებულებს, ორსულებს, 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების (ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები) მქონე ადამიანებს.

მკურნალობა

გრიპის დიაგნოზის დასასმელად არსებობს ტესტები. ზოგი მათგანი სწრაფია და 15-20 წუთში იძლევა შედეგს, თუმცა ეს ტესტები სხვებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია.

გრიპი უმეტესად თავისთავად გაივლის. თუ გრიპის მსუბუქი ფორმა გაქვთ, დარჩით შინ და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს.

თუ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით: გაქვთ ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება, სხვა ქრონიკული დაავადება – და გრიპი შეგხვდათ, ან გრიპის სიმპტომები ძალიან მკვეთრად გაქვთ გამოხატული, ოჯახის ექიმს დაუკავშირდით. შესაძლოა, გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული საშუალებების მიღება დაგჭირდეთ. ისინი ამსუბუქებენ დაავადებას, ამცირებენ ავადმყოფობის ხანგრძლივობას და თავიდან გვაცილებენ მძიმე გართულებებს. თუმცა საუკეთესო ეფექტისთვის ამ საშუალებების მიღება ავადმყოფობის პირველი ორი დღის განმავლობაში უნდა დაიწყოთ.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო გზა ყოველწლიური აცრაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა: ხველების დროს ცხვირ-პირის დაფარვა და ხელების ხშირი ბანა. ეს ხელს შეუშლის მიკრობების გავრცელებას.

COVID-19

პანდემიის პირობებში ხველის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, კორონავირუსული ინფექცია მოიაზრება.

COVID-19 ყველაზე მეტად ფილტვებს ვნებს. ის აზიანებს სასუნთქი გზების ამომფენ ეპითელურ უჯრედებს, რომლებიც უზურუნველყოფს სასუნთქი გზების გასუფთავებას მათში მოხვედრილი მტვრის, ვირუსებისა და სხვა ნაწილაკებისგან.

COVID-19 ზოგს მძიმედ გადააქვს, ზოგს – მსუბუქად, ზოგს კი  სულაც უსიმპტომოდ. COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა და ქოშინი, შესაძლოა მოულოდნელად დაიწყოს. ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, რომლებიც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, მათ შორის:

* ფილტვების ანთება;

* მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი;

* გულის დაავადება;

* სისხლის შედედების გაძლიერება, თრომბების წარმოქმნა;

* თირკმლის დაავადება;

* სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა.

COVID-19 შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა ყველაზე მეტად 85 წელს გადაცილებულ ან ქრონიკული დაავადების მქონე პირებს უქმნის საფრთხეს.

ზოგიერთს, მსუბუქი ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი, სიმპტომები უხანგრძლივდება ან დროთა განმავლობაში უჩნდება სხვებიც: ხველა, დაღლილობა, Ჰაერის უკმარისობა, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი და სხვ.

მსუბუქ კორონივირუსულ ინფექციას სიმპტომურად ბინაზე მკურნალობენ, მაგრამ აუცილებელია ექიმთან მუდმივი კონტაქტი,  რათა მან განსაზღვროს, ხომ არ სჭირდება პაციენტს დამატებითი გამოკვლევები და მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია.

მწვავე ბრონქიტი

ბრონქიტი ბრონქების, ჰაერგამტარი მილების ანთებაა. მისი ორი ძირითადი ტიპი არსებობს: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ბრონქიტს იწვევს გაციებისა და გრიპის ვირუსები, ბაქტერიები, გამაღიზიანებელი ნივთიერებები, მაგალითად, თამბაქოს კვამლი, მტვერი, დაბინძურებული ჰაერი. ვირუსული ბრონქიტის დროს ინფექცია ცხვირსა და ხახაში იჭრება და ბრონქებისკენ გადაინაცვლებს. როდესაც სხეული ინფექციას ებრძვის, ბრონქები შუპდება. ეს იწვევს ხველას, ზოგჯერ – მშრალს, მაგრამ უფრო ხშირად – სველს, ნახველიანს. შეშუპებულ, შევიწროებულ სასუნთქ გზებში ჰაერს გავლა უჭირს, რაც ხიხინს, გულმკერდის დაჭიმულობასა და ქოშინს იწვევს. როცა ორგანიზმი ინფექციას ამარცხებს, სასუნთქი გზებიც ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ბრონქიტის სიმპტომები გაციებისას ჰგავს:

* სურდო, ცხვირის გაჭედვა;

* დაბალი სიცხე;

* გულმკერდის შებოჭილობა;

* მსტვენი სუნთქვა;

* ხველა ყვითელი ან მწვანე ნახველით;

* დაღლილობა.

ექიმი დიაგნოზს პაციენტის გამოკითხვით და ფილტვების მოსმენით სვამს. პნევმონიის გამორიცხვის მიზნით შესაძლოა გულმკერდის რენტგენიც დანიშნოს.

როგორ მკურნალობენ

მწვავე ბრონქიტი უმეტესად ერთი კვირიდან ათ დღემდე გრძელდება და თავისთავად გაივლის, მაგრამ ხველა შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა დარჩეს.

ბრონქიტის დროს სასურველია დასვენება, ბევრი სითხის (განსაკუთრებით – წყლის) მიღება – ეს ხელს შეუწყობს გულმკერდის შებოჭილობის მოხსნას. რეკომენდებულია ჰაერის დატენიანება სპეციალური დამატენიანებლით ან ორთქლის ჩასუნთქვა (შხაპი, ნებულაიზერი). შესაძლოა, ექიმმა გამოგიწეროთ ხველის დამთრგუნველი ან სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, თუ ბაქტერიულ ინფექციას ვარაუდობს – ანტიბიოტიკი.

თუ მწვავე ბრონქიტის სიმპტომები რამდენიმე კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ეს შესაძლოა სხვა, უფრო მძიმე დაავადების ნიშანი იყოს, ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ.

ბრონქიტის პრევენციისთვის თავი არიდეთ ისეთ ნივთიერებებთან კონტაქტს, რომლებიც ბრონქებს აღიზიანებს, მათ შორის – თამბაქოს. საღებავის, ლაქის და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებების გამოყენებისას გაიკეთეთ პირბადე. ხშირად იბანეთ ხელები და ყოველწლიურად ჩაიტარეთ გრიპის აცრა.

ყივანახველა

ყივანახველა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც უკონტროლო, ძლიერ ხველას იწვევს. შეტევით, სპაზმურ ხველას მოსდევს ხმაურიანი ჩასუნთქვა, რომელიც ყივილს წააგავს. დაავადების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.

ყივანახველა შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს  დაემართოს, მაგრამ  უმეტესად ბავშვებთან გვხვდება. განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის. ხველა შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ჩვილს ჭამა, სმა და სუნთქვაც კი გაუჭირდეს.

ვაქცინის გამოგონებამდე ყივანახველა ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია და მათი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იყო. ვაქცინაციის წყალობით დღეს ის საკმაოდ იშვიათია, თუმცა ვაქცინა 100%-ით ეფექტური არ არის – არსებობს შანსი, ყივანახველა ვაქცინირებულ ადამიანსაც დაეიმართოს, თუმცა შედარებით მსუბუქი ფორმით.

ყივანახველის გამომწვევია Bordetella pertussis, რომელიც ზედა სასუნთქი გზების ეპითელიუმში სახლდება, გამოყოფს ტოქსინს, აზიანებს ეპითელიუმის წამწამებს და სასუნთქი გზების შეშუპებას იწვევს. ჩვილები ხშირად ინფიცირდებიან უფროსი და-ძმისგან, მშობლებისგან ან სხვა ადამიანებისგან, რომლებმაც შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ ყივანახველა აქვთ. ინფიცირებული ადამიანი ყველაზე მეტად გადამდებია ხველის დაწყებიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.

ყივანახველის ნიშნები უმეტესად ინფიცირებიდან  5-10 დღის განმავლობაში ვლინდება, თუმცა ზოგჯერ ეს პერიოდი სამ კვირასაც აღწევს. ავადმყოფობა იწყება გაციების მსგავსი სიმპტომებით: სურდოთი, დაბალი სიცხით და მსუბუქი ხველით. ჩვილებს ზოგჯერ საერთოდ არ ახველებთ. ნაცვლად ამისა, მათ შესაძლოა სუნთქვა შეეკრათ და გალურჯდნენ. ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარს ყივანახველის გამო საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება.

ყივანახველის ადრეული ნიშნები შესაძლოა 1-2 კვირა გაგრძელდეს. ამის შემდეგ, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, შესაძლოა თავი იჩინოს ტრადიციულმა სიმპტომებმა:

* ხველის ძლიერმა შეტევებმა, რომლებსაც ხმაურიანი ჩასუნთქვა, ყივილი მოჰყვება;

* ღებინებამ ხველის შეტევის დროს ან მის შემდეგ;

* გამოფიტულობის შეგრძნებამ ხველის შეტევის შემდეგ.

ყივანახველის დროს ხველა შესაძლოა 10 კვირამდე და უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს, რის გამოც ჩინეთში ამ დაავადებას "ასდღიან ხველას" უწოდებენ.

ყივანახველის დიაგნოზს სიმპტომების და სისხლის ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე სვამენ. შესაძლოა, ექიმმა ცხვირის ან ყელის ნაცხის გამოკვლევაც მოითხოვოს. მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ოღონდ – მხოლოდ ადრეულ ეტაპზე. ანტიბიოტიკები დაავადებას ამსუბუქებს და გარშემო მყოფებსაც იცავს – ავადმყოფი ნაკლებად გადამდები ხდება. დაავადების დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ ანტიბიოტიკების გამოყენებას აზრი აღარ აქვს, რადგან ბაქტერიები სხეულში უკვე აღარ არიან, მაგრამ მათ მიერ მიყენებული ზიანი ავადმყოფობის სიმპტომებს ახანგრძლივებს.

***

ქრონიკული ხველის მიზეზები

როდესაც მოზრდილ ადამიანს რვა კვირაზე მეტხანს ახველებს, ხოლო ბავშვს – ოთხ კვირაზე მეტხანს, ხველას ქრონიკულის კვალიფიკაცია ეძლევა. ქრონიკული ხველა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შემაწუხებელი სიმპტომი. ის არღვევს ძილს, იწვევს გამოფიტულობის შეგრძნებას, ზოგჯერ – ღებინებას, თავბრუხვევას, ნეკნების მოტეხილობას...

ფქოდი

ფქოდი (COPD), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ჯგუფია დაავადებებისა, რომლებიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს და თანდათან მძიმდება. ნორმალური სასუნთქი გზები ელასტიკური და წელვადია. ჩასუნთქული ჰაერი ბრონქების პატარა ბუშტუკებს, ალვეოლებს, ავსებს. ამოსუნთქვისას ალვეოლები იჩუტება და ჰაერი გარეთ გამოდის. ფქოდით დაავადებულთა ფილტვებში ნაკლები ჰაერი მოძრაობს, ვინაიდან ამ დროს:

* ბრონქები და ალვეოლები ნაკლებად ელასტიკურია;

* ალვეოლებს შორის არსებული კედლების დიდი ნაწილი დაშლილია;

* ბრონქების კედლები სქელი და ანთებითია;

* სასუნთქ გზებში ჩვეულებრივზე მეტი ლორწო წარმოიქმნება და სანათურს ახშობს.

ფქოდი დაავადებათა ორ ძირითად ტიპს აერთიანებს: ემფიზემას და ქრონიკულ ბრონქიტს. ემფიზემის დროს დაზიანებულია ალვეოლები, ალვეოლათაშორისი კედლები, დაქვეითებულია მათი ელასტიკურობაც, ზოგჯერ ფილტვებში ჩნდება ჰაერით სავსე ბუშტები – ბულები, ქრონიკული ბრონქიტის დროს კი მუდმივი გაღიზიანებისა და ანთების გამო შეშუპებულია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი და დიდი რაოდენობით ლორწოს წარმოქმნის.

ფქოდით დაავადებულთა უმეტესობას სხვადასხვა ხარისხით აქვს ემფიზემაც და ქრონიკული ბრონქიტიც.

რა იწვევს

ფქოდი, წესისამებრ, ბრონქებსა და ფილტვებზე გამაღიზიანებელი ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედებითაა გამოწვეული. აშშ-ში მის მთავარ მიზეზად თამბაქოს კვამლი მიიჩნევა – მავნებელია როგორც მოწევა, ისე სხვისი მოწევისას წარმოქმნილი კვამლის ჩასუნთქვაც. ფქოდის განვითარებაში უმეტესად დამნაშავეა დაბინძურებული ჰაერი, სახლში თუ სამუშაო ადგილზე წარმოქმნილი ქიმიური ორთქლი ან მტვერი, ძალიან იშვიათად კი ის ერთ-ერთი პროტეინის, ალფა-1 ანტიტრიფსინის, გენეტიკურად განპირობებული უკმარისობითაა გამოწვეული.

სიმპტომები

ფქოდი თავდაპირველად შეიძლება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდეს. დაავადების დამძიმებასთან ერთად სიმპტომებიც მძაფრდება.

ფქოდის ნიშნებია:

* ხშირი ხველა ან ხველა უხვი ნახველით;

* ხიხინი;

* მსტვენი სუნთქვა;

* ქოშინი, განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვისას;

* გულმკერდის შებოჭილობა.

ფქოდის მქონე ზოგიერთ ადამიანს ადვილად ემართება სასუნთქი გზების ინფექცია (გაციება, გრიპი).

ფქოდის მძიმე ფორმამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის კლება, კუნთების სისუსტე, ტერფების, კოჭების ან მთელი ფეხების შეშუპება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფქოდის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ მისი პროგრესირება. პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და სიმპტომების გაცნობის შემდეგ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ლაბორატორიული ანალიზები, ფილტვების ფუნქციური ტესტები (მაგალითად, სპირომეტრია), გულმკერდის რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

ფქოდი არ იკურნება, მაგრამ მკურნალობას შეუძლია, შეამსუბუქოს ჩივილები, შეანელოს დაავადების პროგრესირება და პაციენტს აქტიური ცხოვრების საშუალება მისცეს. მკურნალობის კიდევ ერთი მიზანი გართულებათა აღმოფხვრა ან თავიდან აცილებაა.

ფქოდის დროს მოწოდებულია:

* ცხოვრების წესის შეცვლა – თუ ადამიანი მწეველია, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოწევაზე უარის თქმა. საშიშია მეორეული კვამლიც, ამიტომ უნდა ერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ეწევიან. ასევე – გარემოს, სადაც ჰაერში ფილტვების გამაღიზიანებელი ნივთიერებები ტრიალებს. სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა აძლიერებს სუნთქვაში მონაწილე კუნთებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა დატვირთვის ინტენსივობა ექიმთან უნდა შეთანხმდეს.

* მედიკამენტების მიღება – ინიშნება ბრონქოდილატატორები, ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები. ეს წამლები ადუნებს სასუნქი გზების კუნთებს, ხსნის სასუნთქ გზებს და სუნთქვას აადვილებს. ბრონქოდილატატორების უმეტესობა ინჰალატორის საშუალებით მიიღება. უფრო მძიმე შემთხვევებში იყენებენ სტეროიდების შემცველი ინჰალატორს ანთების შესამცირებლად.

მნიშვნელოვანია გრიპისა და პნევმოკოკური პნევმონიის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება, რადგან ფქოდის ფონზე ამ დაავადებების განვითარების შემთხვევაში დიდია ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების რისკი.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ანტიბიოტიკებიც.

* ჟანგბადის თერაპია – როცა სისხლში ჟანგბადის დონე დაბალია, ჟანგბადის მიწოდება სუნთქვას აადვილებს. ზოგიერთ პაციენტს დამატებითი ჟანგბადი პერიოდულად სჭირდება, ზოგიერთს – მუდმივად.

* ფილტვის რეაბილიტაცია – მრავალ ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მოიცავს ვარჯიშს, დაავადების მართვის სწავლებას, კვების სპეციალისტის კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და სხვა.

* ქირურგიული ჩარევა – ეს უკიდურესი გზაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მძიმე სიმპტომები აქვთ და მკურნალობის სხვა მეთოდები არ შველით. ოპერაცია ძირითადად ემფიზემის გამო ტარდება. ამოიკვეთება ფილტვის დაზიანებული ქსოვილი და ჰაერის ბუშტები (ბულები). მძიმე ფქოდის შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ფილტვის გადანერგვაც დასჭირდეს.

თუ ფქოდით დაავადებულს სიმპტომები დაუმძიმდა ან მათ დაერთო ინფექციის ნიშნებიც (მაგალითად, სიცხე), ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს. თუ სუნთქვა ან ლაპარაკი გაუჭირდა, მას გადაუდებელი დახმარება უნდა გაეწიოს.

ფქოდის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა მოწევაზე უარის თქმა და ფილტვების გამაღიზიანებელი სხვა ფაქტორებისთვის თავის არიდება.

ასთმა

ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებაა. ის უმეტესად ბავშვობაში იწყება, თუმცა ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება იჩინოს თავი. მსტვენი სუნთქვა, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმით იყოს გამოხატული და შეტევებიც სხვადასხვა სიხშირით ვითარდებოდეს. არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ასთმის სიმპტომების გამოწვევა ან დამძიმება შეუძლია. მაგალითად, ცივი ჰაერი. მათ ასთმის ტრიგერებს უწოდებენ. ბავშვებში ასთმა უფრო მეტად ბიჭებს აქვთ, მოზარდებსა და მოზრდილებში კი ქალებს.

მიზეზები

ასთმის ზუსტი მიზეზი უცნობია. სხვადასხვა ადამიანისთვის ის შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხშირად დაავადება ფილტვებში მოხვედრილ რაიმე ნივთიერებაზე იმუნური სისტემის გაძლიერებული პასუხის შედეგია. იმუნური სისტემა ალერგენს ანთებითი რეაქციით პასუხობს, ანთების შედეგად სასუნთქი გზები შუპდება, ვიწროვდება და მეტ ლორწოს წარმოქმნის, ეს ყველაფერი კი სუნთქვას აძნელებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას ბრონქოსპაზმიც – სასუნთქი გზების ირგვლივ არსებული კუნთების შეკუმშვაც – ერთვის. დროთა განმავლობაში სასუნთქი კედლებიც სქელდება.

ასთმის განვითარებისა და დამძიმების რისკს ზრდის გარემოში არსებული გამომწვევები. მაგალითად, თამბაქოს კვამლი. ის არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ ბავშვებშიც ხშირად იქცევა ასთმის მიზეზად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მუცლად ყოფნის პერიოდში ან ადრეულ ბავშვობაში განიცდის მის ზემოქმედებას.

ასთმის განვითარების რისკს ზრდის მცენარის მტვერი, დაბინძურებული ჰაერი, ქიმიური გამღიზიანებლები, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მტვერი. პროფესიული ასთმა, რომელიც სამსახურში არსებულ გამღიზიანებლებს უკავშირდება, შესაძლოა წლების შემდეგ გამოვლინდეს და მას შემდეგაც გაგრძელდეს, რაც ადამიანი გამღიზიანებელთან კონტაქტს შეწყვეტს.

ასთმის განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური მიდრეკილებაც. თუ მშობელს, განსაკუთრებით დედას, ასთმა აქვს, იზრდება ბავშვის დაავადების რისკიც.

ასთმა ალერგიული რეაქციის ნაირსახეობაა. ასთმით დაავადებულებს ხშირად აქვთ სხვა სახის ალერგიაც, მაგალითად, ალერგია საკვებზე ან თივის ცხელება – სურდო, ცრემლდენა, ხველა, რომლებსაც მცენარის მტვრის ჩასუნთქვა იწვევს.

ასთმის განვითარების ან სიმპტომების გამოვლენის რისკს ზრდის სიმსუქნეც, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც ხშირად ემართებათ ვირუსებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექცია, დიდი აქვთ ადრეულ ასაკში ასთმის განვითარების რისკი.

სიმპტომები

ზოგ ადამიანს ასთმის სიმპტომები ყოველდღე აწუხებს, ზოგს კი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე. ზოგიერთისთვის ის მხოლოდ დისკომფორტის წყაროა, ხოლო ზოგიერთს ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი უშლის ხელს.

ასთმის სიმპტომებია:

* გულმკერდის შებოჭილობა;

* ხველა, განსაკუთრებით ღამით ან დილით ადრე;

* ჰაერის უკმარისობა;

* ხიხინი, მსტვენი ხმა ამოსუნთქვისას.

ეს სიმპტომები ზოგიერთ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, მაგრამ ასთმის დროს ისინი პერიოდულად ქრება და ისევ ჩნდება. მათი გამოვლენა ან დამძიმება ხშირად უკავშირდება ვირუსულ ინფექციას, მაგალითად, გაციებას. ასთმის სიმპტომების გამოწვევა შეუძლია ვარჯიშს, ალერგიას, ცივი ჰაერის ჩასუნთქვას, სიცილის ან ტირილის გამო განვითარებულ ჰიპერვენტილაციას.

ასთმის სიმპტომები ღამღამობით ან დილაობით ვლინდება ყველაზე მძაფრად, ხოლო ასთმური შეტევების დროს მძიმდება.

როდესაც ასთმა კარგად კონტროლდება, სიმპტომებიც ნაკლებადაა გამოხატული. უკონტროლო ასთმამ კი დროთა განმავლობაში შესაძლოა სასუნთქი გზები დააზიანოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ასთმის დიაგნოზს სამედიცინო ისტორიის, გასინჯვის და დიაგნოსტიკური ტესტების საფუძველზე სვამენ. ექიმი გამოიკითხავს, განიცდის თუ არა პაციენტი ასთმის რისკფაქტორების ზემოქმედებას, რას უჩივის, რა ტრიგერები აქვს, რა სიხშირით უვლინდება სიმპტომები, მოუსმენს ფილტვებს, შეამოწმებს, ხომ არ აქვს კანზე ალერგიული გამონაყარი...

მნიშვნელოვანია ფილტვის ფუნქციური ტესტების, მაგალითად, სპირომეტრიის ჩატარება. ამ დროს პაციენტი კომპიუტერთან შეერთებული მილიდან ჩაისუნთქავს და ამავე მილში ამოისუნთქავს, აპარატი კი ზომავს ფილტვებში ჩასული ჰაერის რაოდენობას და მისი მოძრაობის სიჩქარეს. ამავე გზით მოწმდება ბრონქების გამაფართოებელი წამლების, ბრონქოდილატატორების, ეფექტიც. სპირომეტრიის საშუალებითვე ამოწმებენ, როგორ რეაგირებს სასუნთქი გზები სპეციფიკური ნივთიერებების ზემოქმედებაზე. სპირომეტრია ხუთი წლიდან ტარდება.

მდგომარეობის შესაფასებლად იზომება ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის (FeNO) შემცველობა. მისი მომატება ფილტვებში მიმდინარე ანთებით პროცესზე მიუთითებს. კანის ალერგიული სინჯები და სისხლის სპეციალური ანალიზები აჩვენებს, რომელი ალერგენები იწვევს გაძლიერებულ იმუნურ რეაქციას. ეს შეიძლება იყოს შინაური ცხოველის ქერტლი, ყვავილის მტვერი და სხვა.

მკურნალობის მიზანი ასთმის სიმპტომების მართვა და მისი შეტევების თავიდან აცილებაა. ის პაციენტის ასაკის, ასთმის სიმძიმის და ჩატარებულ მკურნალობაზე დაავადების რეაგირების მიხედვით ირჩევა. ექიმი მანამდე ცვლის მკურნალობის სქემას, სანამ სიმპტომები კონტროლს არ დაემორჩილება. ამისთვის გამოიყენება მაკონტროლებელი და შემამსუბუქებელი პრეპარატები. მაკონტროლებელი პრეპარატები ყოველდღიურად მიიღება, შემამსუბუქებელი კი – საჭიროებისამებრ, მწვავე სიმპტომების ასალაგებლად, და ისინი პაციენტმა მუდამ თან უნდა ატაროს.

მნიშვნელოვანია ინჰალატორის (წამლის შესასუნთქი მოწყობილობის) სწორად გამოყენება, რადგან ასთმის დამძიმება მის არასწორ გამოყენებასაც შეუძლია.

ექიმი თითოეულ პაციენტს უდგენს მოქმედების გეგმას, რომელშიც აღწერილია, როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა ალერგენები და გამღიზიანებლები, რათა მოერიდოს მათ, როგორ მიხვდეს, რომ ასთმის შეტევა ეწყება და როგორ გაუმკლავდეს მას, როდის რომელი მედიკამენტები მიიღოს, როდის დაუკავშირდეს ექიმს და რა შემთხვევაში სჭირდება გადაუდებელი დახმარება.

გერდი – კუჭიდან საყლაპავში

გასტროეზოფაგური რეფლუქსი კუჭის შიგთავსის საყლაპავში ამოსვლას ნიშნავს. ზოგჯერ რეფლუქსი უსიმპტომოა, ზოგჯერ კი გულძმარვით ან სხვა სიმპტომებით ვლინდება. ხშირი გულძმარვის დროს სავარაუდოა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – გერდი, თუმცა მასა და ფიზიოლგიურ რეფლუქსს შორის ზღვრის გავლება ხშირად ძნელია. ეს დაავადებაც საკმაოდ ხშირად გვევლინება ქრონიკული ხველის მიზეზად.

აშშ-ში გერდი ყოველ მეხუთე ადამიანს აღენიშნება. ნორმაში რეფლუქსს ხელს უშლის საყლაპავის ქვედა სფინქტერი და დიაფრაგმის ხვრელი, მაგრამ სფინქტერი შეიძლება მოდუნდეს, თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, ორსულადაა, ეწევა ან რეგულარულად ისუნთქავს სხვის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლს. ამ შემთხვევაში რეფლუქსის ალბათობა იმატებს. მის განვითარებას ასევე უკავშირებენ ისეთი წამლების მიღებას, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები (დამამშვიდებელი საშუალებები), კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებსაც მაღალი წნევის სამკურნალოდ იყენებენ, ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

გერდის განვითარების ან სიმპტომების დამძიმების ალბათობას ზრდის დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარიც. ამ დროს კუჭის ზედა ნაწილს საშუალება აქვს, გულმკერდის ღრუში გადაინაცვლოს.

სიმპტომები

გასტროეზოფაგური რეფლუქსი და რეფლუქსური დავადება იწვევს:

* გულძმარვას, მკერდის შუა ნაწილში, მკერდის ძვლის უკან – მტკივნეული წვის შეგრძნებას, რომელიც ქვემოდან ზემოთ ვრცელდება;

* რეგურგიტაციას – კუჭის შიგთავსის ყელში ან პირში ამოსვლას, რასაც საჭმლის გემო ან სიმჟავე მოჰყვება.

თუმცა შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს არც გულძმარვა, არც რეგურგიტაცია და რეფლუქსი დაავადების გართულების ისეთი ნიშნებით გამოვლინდეს, როგორიცაა:

* ქრონიკული ხველა;

* ხმის ჩახლეჩა;

* ტკივილი გულმკერდის არეში;

* გულისრევის შეგრძნება;

* ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს.

ამ სიმპტომებთან ერთად გერდის გართულების შემთხვევაში მოსალოდნელია მადის დაკარგვა, მუდმივი ღებინება, ღებინება სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი მასით, შავი ან სისხლიანი განავალი, წონის აუხსნელი კლება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოზს უმეტესად სიმპტომების მიხედვით სვამენ. მის დასადასტურებლად და მდგომარეობის შესაფასებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა. ენდოსკოპით, კამერით აღჭურვილი მოქნილი მილით, ათვალიერებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილს: საყლაპავს, კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს. საჭიროების შემთხვევაში ენდოსკოპით შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარებაც – ქსოვილის პატარა ნაწილის მოკვეთა ლაბორატორიული გამოკვლევისთვის.

მნიშვნელოვანია საყლაპავის მჟავატუტოვანი წონასწორობის, PH-ის, მონიტორინგი. ეს საყლაპავში კუჭის მჟავა წვენის გამოვლენის ყველაზე საიმედო გზაა. გამოკვლევა ან ცხვირის ღრუდან საყლაპავში ჩადგმული კათეტერით ტარდება, ან ენდოსკოპით. PH-ის მონიტორინგს მიმართავენ როგორც გერდის დიაგნოზის დასადასტურებლად, ისე მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლადაც.

გერდის დროს რეკომენდებულია ცხოვრების წესის შეცვლა, საჭიროებისამებრ – სიმპტომების მართვა მედიკამენტებით, ზოგიერთ შემთხვევაში– ოპერაცია.

ცხოვრების წესის შეცვლამ შესაძლოა შეასუსტოს გერდის სიმპტომები. ექიმმა პაციენტს შესაძლოა ურჩიოს:

* წონის დაკლება (თუ პაციენტს ჭარბი წონა აქვს);

* ძილის დროს საწოლის თავის 15-20 სანტიმეტრით აწევა;

* თუ ეწევა – მოწევისთვის თავის დანებება;

* კვებითი ჩვევებისა და რაციონის შეცვლა.

თუ ადამიანს გერდის სიმპტომები ღამღამობით ან წოლის დროს აწუხებს, მათ შესამსუბუქებლად სასურველია, დაწოლამდე, სულ ცოტა, სამი საათის განმავლობაში საკვების მიღებისგან თავი შეიკავოს.

გერდის დროს სიმპტომებს იწვევს ან ამძიმებს:

* მჟავე საკვები, მათ შორის – მჟავე ხილი, ციტრუსები, პომიდორი;

* ალკოჰოლიანი სასმელები;

* შოკოლადი;

* ყავა და სხვა კოფეინიანი სასმელები;

* ცხიმიანი საკვები;

* პიტნა;

* ცხარე საკვები.

თუ პაციენტი ეჭვობს, რომ გერდის სიმპტომებს განსაზღვრული საჭმელი ან სასმელი იწვევს, ექიმმა შესაძლოა მათი შეზღუდვა ურჩიოს.

მსუბუქი სიმპტომების დროს ინიშნება ანტაციდები – მჟავას გამანეიტრალებელი მედიკამენტები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათ აქვთ ისეთი გვერდითი ეფექტებიც, როგორიცაა დიარეა ან ყაბზობა, შედარებით ძლიერად გამოხატული სიმპტომების დროს კი კუჭის მჟავიანობის დასაწევად H2 ბლოკატორებს და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს იყენებენ.

თუ ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტები გერდის სიმპტომებს არ ამსუბუქებს ან პაციენტს წამლების მუდმივი მიღება აღარ სურს, მას ოპერაციას სთავაზობენ. ტარდება ფუნდოპლიკაცია, რომელიც გერდის დროს ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა – ქირურგი კუჭს შემოაკერებს საყლაპავის ქვედა ნაწილს, რის შედეგადაც სიმჟავე ადვილად ვეღარ გადადის საყლაპავში, ხოლო სიმსუქნის შემთხვევაში – ბარიატრიული ანუ წონის დასაკლებად განკუთვნილი ქირურგიული ოპერაცია.

 მარი აშუღაშვილი

გააზიარე: