იოგა ბავშვებისთვის

გააზიარე:

იოგა ერთ-ერთი იმ აქტივობათაგანია, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა. ბოლო დროს აქტუალური გახდა იოგა ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისა და ხუთიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ის დადებით გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს კოორდინაციას, მატებს სხეულს ძალას და გამძლეობას, მოქნილობას და პლასტიკურობას.

მეტი ბენეფიტი

იოგას სისტემით ვარჯიშის შედეგად უმჯობესდება ფოკუსირების უნარი, მეხსიერება, მაღლდება თვითშეფასება, მცირდება სტრესი და შფოთვა.

კვლევების თანახმად, ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებს იოგა იმპულსურობისა და გონებაგაფანტულობის დაძლევაში ეხმარება, რასაც, ყველაფერთან ერთად, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებამდე მივყავართ.

დღესდღეობით იოგა ბევრ ბაღსა და სკოლაშია დანერგილი, თუმცა თვითონაც შეგიძლიათ, ბავშვთან ერთად შინ ივარჯიშოთ. ამისთვის მხოლოდ საგები და მონდომება დაგჭირდებათ.

იოგა სახლში

იოგა იდეალური აქტივობაა ბავშვისთვის, რადგან არ აწესებს ასაკობრივ ზღვარს, არ მოითხოვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, არ აჩქარებს, არ ქმნის კონკურენციას, პირიქით, ამ დროს ადამიანს საშუალება ეძლევა, მშვიდად, სხვებთან შეჯიბრების გარეშე აღმოაჩინოს სხეულის ფარული უნარები და დახვეწოს ისინი.

ბავშვს იოგა გააცანით როგორც სახალისო აქტივობა. ჯერ თავად შეასრულეთ რამდენიმე მარტივი ასანა, შემდეგ, თუ სურვილი გაუჩნდება, ასწავლეთ მასაც. თუ მაშინვე არ დაინტერესდა და არ აგყვათ, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ, მშვიდად განაგრძეთ ვარჯიში, აჩვენეთ, რა კარგად იგრძნობთ თავს ვარჯიშის შემდეგ, როგორ დამშვიდდებით, როგორ გაგეხსნებათ სახსრები, როგორ გაგივლით თავის ტკივილი და ასე შემდეგ.

როცა თავადაც მოისურვებს ვარჯიშს, აჩვენეთ რამდენიმე მხიარული ასანა. საზოგადოდ, იოგას სისტემით სრულფასოვანი ვარჯიშისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას და ასანების თანმიმდევრობას, მაგრამ რაკი ჩვენი მიზანი ბავშვის დაინტერესებაა, შეგვიძლია, აქტივობას თამაშის სახე მივცეთ. ზოგიერთ ასანას ბავშვებისთვის საინტერესო სახელი ჰქვია, მაგალითად, “პეპელა”, “მგორავი პანდა”, “ლომი”, “კატა”, “მელაკუდა”... ეს სახელები ბავშვს გაართობს და ის უფრო მეტი მონდომებით და ხალისით შეასრულებს მოძრაობებს. როდესაც დაინახავს, რომ კარგად გამოსდის, დამოუკიდებლადაც დაიწყებს ვარჯიშს, თქვენს დაუხმარებლად მოისურვებს ილეთების შესრულებას. თანდათან იოგა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა და ეს თქვენი მხრიდან უდიდესი საჩუქარი იქნება მისთვის.

დაუძალებლად

თუ ატყობთ, რომ ბავშვი იოგას მიმართ დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს, თამაში ან გაფერადება ურჩევნია, არ დააძალოთ. თქვენთვის ივარჯიშეთ, ოღონდ მის დასანახად და ხანდახან ჰკითხეთ ხოლმე, მასაც თუ შეუძლია, მაგალითად, ფეხის კისერზე შემოდებას. უთხარით, რომ თუ სისტემატურად ივარჯიშებს, ამას მოახერხებს. თავზე დადგომასაც შეძლებს და ბევრ სხვა უცნაურ ილეთსაც შეასრულებს. ნელ-ნელა ის აუცილებლად დაინტერესდება და შემოგიერთდებათ. თუ ასე არ მოხდა, ესე იგი ბავშვი ფსიქოლოგიურად ჯერ მზად არ არის. თავი დაანებეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ სცადეთ, აიყოლიოთ.

ნუ შებოჭავთ

მას შემდეგ, რაც ბავშვი აგყვებათ და იოგას ილეთების შესრულებას დაიწყებს, შეაქეთ. უთხარით, რომ ძალიან კარგად გამოსდის და, თქვენი აზრით, კიდევ უნდა სცადოს. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ, არ უსაყვედუროთ და არ მოსთხოვოთ ასანების წესისამებრ შესრულება – ბავშვი დაფრთხება და, დიდი შანსია, საერთოდ გაუქრეს თქვენთან ერთად ვარჯიშის სურვილი. მეტიც – შესაძლოა, იოგას მიმართ უარყოფითად განეწყოს და აღარასოდეს მოისურვოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

მოიწვიეთ მაყურებლები

ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთი მიღწევებით უფროსებთან ან თანატოლებთან თავის მოწონება. თუ პატარა ამის სურვილს გამოთქვამს, მოიწვიეთ “მაყურებლად” ვინმე, ვინც თქვენთან ერთად არ ვარჯიშობს და აჩვენეთ, რა შეუძლია ბავშვს. ნურც ამ შემთხვევაში დააძალებთ რომელიმე ასანას შესრულებას – ნება მიეცით, აჩვენოს ის, რისი ჩვენებაც თავად სურს. მაყურებლების აღფრთოვანება პატარას სურვილს გაუჩენს, მომავალში უფრო მეტად გააოცოს ისინი.

თუ შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან მიდის სტუმრად, შესთავაზეთ, აჩვენოს ახლად ნასწავლი ილეთები, ბებიას და ბაბუას კი სთხოვეთ, შეიპირონ პატარა, რომ მომავალ კვირას მათ რამე ახლით გააოცებს. ამით ბავშვს მოტივაცია მოემატება, გთხოვთ, ახალი ასანები ასწავლოთ და მთელი მონდომებით შეეცდება მათში დახელოვნებას.

წაახალისეთ

შეგიძლიათ, ვარჯიშის რიტუალს სახალისო დეტალები დაუმატოთ. ჩაურთეთ ბავშვს საყვარელი მუსიკა, ჰკითხეთ, რისი მოსმენა ესიამოვნება ვარჯიშის დროს. არ აქვს მნიშვნელობა, მუსიკა მშვიდი იქნება თუ ენერგიული, მთავარია, პატარას სიამოვნებდეს. შეიძინეთ ლამაზი, ბავშვის საყვარელი პერსონაჟებით, მანქანებით, ცხოველებით მოხატული საგები. სავარჯიშოდ ხალისიანი, მხიარული ფერის ტანსაცმელში გამოეწყვეთ. შეგიძლიათ, ოთახი ჩააბნელოთ და სანთლის შუქზე ივარჯიშოთ.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

ალბათ გეცოდინებათ, რომ იოგას სისტემით ვარჯიშის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად სუნთქვას. ბავშვებთან ვარჯიშის დროს სუნთქვაზე ყურადღება არ მახვილდება. მეტიც, სუნთქვითი ვარჯიშები პატარებთან საერთოდ არ გამოიყენება. ვარჯიშის დროს ბავშვმა თავისუფლად უნდა ისუნთქოს. იმავდროულად, დააკვირდით – თუ სუნთქვა გაუხშირდა, ქოშინებს, მეტისმეტად წამოწითლდა და შეახურა, არ შეშინდეთ და ბავშვიც არ შეაშინოთ, მშვიდად სთხოვეთ დასვენების წუთების მოწყობა. დააწვინეთ ზურგზე, ჩაურთეთ მშვიდი მუსიკა, მოეფერეთ, დაამშვიდეთ, მოუყევით სასიამოვნო ამბავს, სანამ სუნთქვა მწყობრში არ ჩაუდგება და ბოლომდე არ დამშვიდდება. იმ დღეს ვარჯიშს ნუღა გააგრძელებთ, თუ ბავშვმა თვითონვე გთხოვათ, შეგიძლიათ, რამდენიმე ყველაზე მარტივი ილეთი შეასრულებინოთ, რომ არ შეშინდეს, გული არ დასწყდეს ან იმედგაცრუების გამო საერთოდ არ აიცრუოს გული ვარჯიშზე.

ზოგადი რჩევები

* არ არის სასურველი ვარჯიშის დროს ან უშუალოდ ვარჯიშის დაწყებამდე ბევრი სითხის მიღება – სხეული დამძიმდება და ვარჯიში სასიამოვნო აღარ იქნება.

* ასევე არ არის სასურველი ვარჯიშამდე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში ჭამა.

* თუ ვარჯიშს გვიან საღამოს ან ძილის წინ აპირებთ, შეარჩიეთ მჯდომარე ან მწოლიარე პოზები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა ისე გააქტიურდეს, რომ დაძინება გაუჭირდეს.

* სავარჯიშოდ ჩააცვით რაც შეიძლება მოხერხებულად და მსუბუქად, ისე, რომ სხეული სუნთქავდეს.

გირჩევთ, ბავშვს რეალური მიზნები დაუსახოთ. ნუ შეუქმნით ილუზიას, რომ ორი ვარჯიშის შემდეგ თავზე დადგომას შეძლებს – ეს შეუძლებელია, წარუმატებლობამ კი, დიდი შანსია, ვარჯიშზე გული აუცრუოს ან თვითშეფასება დაუქვეითოს, რაც მთელ მის მომავალზე მოახდენს გავლენას.

* მიაჩვიეთ დასვენებას, ნუ ააჩქარებთ. იოგაში სისწრაფე დაუშვებელია. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ არავის ეჯიბრება, არსად ეჩქარება და უბრალოდ პროცესით დატკბეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: