სიცოცხლის მეორე წელი
გააზიარე:
თქვენს პატარას ერთი წელი შეუსრულდა. ის უკვე თამამად ხოხავს, ცდილობს სიარულს და შესაძლოა, ლაპარაკობდეს კიდეც. რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება ბავშვი, მით უფრო იკლებს მშობლებისადმი (განსაკუთრებით – დედისადმი) მისი უპირობო მორჩილება, ნდობა და მიჯაჭვულობა.
ამ ცვლილებების გაცნობიერება მშობლებს ერთსა და იმავე დროს სიამაყით, მოლოდინითა და სევდით ავსებს. ხშირად ანერვიულებს კიდეც, როცა ბავშვის სურვილები უფროსებისას აღარ ემთხვევა. სცადეთ, რამე გამოართვათ პატარას – ის ამას ყვირილით გააპროტესტებს. ან, მაგალითად, საშიშ სიტუაციას გაარიდეთ – თვალს მოაშორებთ თუ არა, ის იმავე საქმიანობას დაუბრუნდება. შესაძლოა, საყვარელი ხილი ან სხვა სასუსნავი შესთავაზოთ და მოულოდნელად უარი მიიღოთ. ეს ყველაფერი ბავშვის ადრეული ექსპერიმენტებია – ის ამოწმებს მშობლების საზღვრებს და ადგენს საკუთარს.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვი იმით იქნება დაკავებული, რომ შეისწავლის თქვენ მიერ დადგენილ წესებს და თავისი განვითარების ფიზიკურ და ემოციურ საზღვრებს. საბედნიეროდ, ეს პროცესი ნელა წარიმართება, რაც საშუალებას მოგცემთ, მოერგოთ ბავშვის მზარდ დამოუკიდებლობას. როცა პატარა სიარულს იწყებს, ის სულ სხვანაირად ხედავს სამყაროს, ამიტომ მისი ქცევის ცვლილებაც ლოგიკურია. თუ ბავშვი უფრო და უფრო ხშირად ცდილობს მშობლების მიერ დადგენილი წესების დარღვევას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განგებ იქცევა ასე და თქვენს გამოწვევას ცდილობს.
რაც უფრო მტკიცედ და გამართულად იწყებს სიარულს ბავშვი, მით უფრო თავდაჯერებული ხდება. 18 თვისთვის მისი საყვარელი ფრაზები ხდება "არა" და "არ მინდა". ორი წლისთვის შესაძლოა ისტერიკაც კი მოაწყოს, თუ მისი სურვილი თქვენს მოთხოვნას არ დაემთხვა.
ერთიდან ორ წლამდე ასაკში ბავშვს უმძაფრდება საკუთრების შეგრძნება როგორც ადამიანების, ისე ნივთების მიმართ. თუ დედა ან მამა სხვა ბავშვს მოეფერება ან ხელში აიყვანს, პატარა შესაძლოა გაბრაზდეს. თუ სხვა ბავშვმა მისი სათამაშო აიღო, შესაძლოა ატირდეს ან წაართვას კიდეც. რამდენიმე თვეში მისი ლექსიკონი კიდევ უფრო გამდიდრდება. ამჯერად მისი საყვარელი სიტყვა "ჩემია" გახდება.
ფიზიკური განვითარება
ერთი წლის ასაკისთვის ბავშვის ზრდის სისწრაფე რამდენადმე იკლებს. ის ისე სწრაფად აღარ იზრდება, როგორც სიცოცხლის პირველ თვეებში. მთელი წლის განმავლობაში, ანუ 2 წლამდე, ის მხოლოდ 1,4-2,3 კილოგრამს მოიმატებს.
15 თვის ასაკისთვის ბავშვის სიმაღლე 77-78 სმ-ს მიაღწევს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი წონაში დაახლოებით 0,7 კილოგრამს, ხოლო სიმაღლეში 2,5 სმ-ს მოიმატებს.
სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში თავის გარშემოწერილობა ოდნავ გაიზრდება – საშუალოდ მხოლოდ 2,5 სმ-ით, ორი წლის ასაკისთვის კი ის ზრდასრულის თავის ზომის 90%-ს მიაღწევს.
არ დაგავიწყდეთ, ეს მონაცემები 2-3 თვეში ერთხელ გადაამოწმოთ, რათა რამე არ გამოგრჩეთ და საეჭვო შემთხვევაში პედიატრი ჩააყენოთ საქმის კურსში. ასევე გახსოვდეთ, რომ გოგონებსა და ბიჭებს შორის არსებობს მონაცემთა გარკვეული სხვაობა და არც ზემოხსენებული ციფრებია მკაცრად დადგენილი ნორმა – ყველა ბავშვი ინდივიდუალური ტემპით იზრდება და ერთმანეთს ნუ შეადარებთ.
გარეგნობა
ორი წლის ასაკისთვის ბავშვის გარეგნობა უფრო მეტად იცვლება. 12 თვისა ჯერ კიდევ ჩვილს ჰგავს – თავი და მუცელი მისი სხეულის ყველაზე დიდი ნაწილებია, კიდურები შედარებით მოკლეა, ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე – ნაზი და ფუმფულა, კუნთები ნაკლებადაა განვითარებული, მიუხედავად იმისა, რომ პატარა უკვე დამოუკიდებლად დადის ან დარბის. სახეც მრგვალი და ფუმფულაა. რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვლება: ბავშვს კიდურები შესამჩნევად დაუგრძელდება, ტერფების სწორად დადგმას დაიწყებს, სახე უფრო ოვალური გაუხდება და ქვედა ყბაც უფრო გამოეკვეთება. ორი წლისთვის შესაძლოა გახსენებაც კი გაგიჭირდეთ, როგორ გამოიყურებოდა თქვენი პატარა სიცოცხლის პირველ წელს.
სიარული
თუ ბავშვი ერთი წლის ასაკისთვის ჯერ კიდევ არ დადის, უახლოესი 6 თვის განმავლობაში აუცილებლად გაივლის. ეს ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფეხურია. ფეხის ადგმის შემდეგ ამ უნარის სრულყოფას შესაძლოა რამდენი თვეც დასჭირდეს. ეს ყოველივე ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების განვითარებასა და გაძლიერებაზეა დამოკიდებული.
პირველ ხანებში პატარები სასაცილო ხერხებს მიმართავენ წამოსადგომად, თან ყოველ მოძრაობას ნელა და დაკვირვებით ასრულებენ: ჯერ ხელებს ეყრდნობიან და ისე წამოიწევენ, მერე საჯდომს წამოსწევენ, ფეხებს გამართავენ და როცა დარწმუნდებიან, რომ მყარად დგანან, მერეღა გაასწორებენ ტორსს; ვიდრე ნაბიჯს გადადგამენ, რამდენიმე წამს კიდევ შეყოვნდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მყარად დგანან და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამენ ნაბიჯს.
ახალფეხადგმული ბავშვი ბორძიკით დადის, ბაჯბაჯებს (ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვის აღმნიშვნელი ინგლისური სიტყვა ტოდდლერ სწორედ სიტყვა ტოდდლინგ-ისგან წარმოდგება, რაც ბაჯბაჯს, ბორძიკით სიარულს ნიშნავს). ტერფებს განიგან დგამს, წვერებით გარეთ, ფეხები გაჩაჩხული აქვს და სიარულისას იმ მხარეს იხრება, რომელ ფეხსაც ეყრდნობა. მაგრამ, რაც უნდა ნელი და გაჭიანურებული მოგეჩვენოთ პროცესი დასაწყისში, პატარა ძალიან მალე აითვისებს სიარულის უნარ-ჩვევას და გაგიკვირდებათ, სირბილსაც კი ისე სწრაფად დაიწყებს.
წაქცევა სიარულის განუყრელი თანამგზავრია, ამას ვერსად წაუხვალთ. უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულისას წაქცევის შანსი, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. ბავშვს უმცირესი დაბრკოლების გადალახვაც კი უჭირს – ხალიჩის მოკეცილი კუთხე იქნება ეს, კარის ძგიდე თუ პატარა სათამაშო. მაგრამ რამდენიმე თვეში ის ისწავლის მოძრაობის მიმართულების ცვლას, დაბრკოლებისთვის გვერდის ავლას და კუთხეში წაქცევის გარეშე მოხვევას. ეს მხოლოდ პრაქტიკის ამბავია.
ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბავშვი სიარულისას იმთავითვე გამოიყენებს ხელებს წინასწორობის დასაცავად. თავდაპირველად ის ბალანსს მხოლოდ მხრების დახმარებით დაიცავს, მაგრამ ფეხის ადგმიდან 2-3 თვის შემდეგ ნელ-ნელა ყველაფრის კონტროლს ისწავლის: შეჩერდება, რათა სათამაშო ან ბურთი აიღოს და თან წაიღოს, მიაწვება ან მოქაჩავს ურიკას, შეძლებს როგორც გვერდულად, ისე უკუსვლით სიარულს.
ფეხის ადგმიდან 6 თვის შემდეგ ბავშვის სიარულის მანერა ნელ-ნელა ემსგავსება ზრდასრულისას: ფეხებს ისე განივად აღარ ადგამს, მოძრაობა თანაბარი და გამართული უხდება. უფროსის დახმარებით უკვე კიბეზე ასვლა და ჩამოსვლაც შეუძლია, თუმცა დამოუკიდებლად ასვლა-ჩამოსვლისას აუცილებლად შეეცდება, ხელებს დაეყრდნოს და ცოცვით გადაადგილდეს. ამ ასაკისთვის ეს სავსებით ნორმალურია.
ამ ყველაფერთან ერთად ბავშვი სირბილსაც დაიწყებს. მართალია, სამ წლამდე ამ ჩვევას სრულყოფა დასჭირდება, მაგრამ მეორე წლის დასასრულს თქვენს პატარას სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილება ეცოდინება.
ხელებისა და თითების მოძრაობა
ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვანია, პატარამ ხელებისა და თითების კონტროლი ისწავლოს. წვრილი მოტორიკის განვითარება მას საშუალებას მისცემს, შეისწავლოს ახალი საგნები, აითვისოს ახალი მოძრაობები და უკეთესად შეიმეცნოს გარე სამყარო.
12 თვისთვის ბავშვს ჯერ კიდევ სუსტად ექნება განვითარებული ცერა და საჩვენებელი თითებით პატარა ნივთების აღების უნარი, თუმცა 18 თვისთვის ეს უნარი საგრძნობლად გაუმჯობესდება. დააკვირდით მის საყვარელ თამაშებს, რომლებიც წვრილი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს. ერთი წლის ასაკისთვის პატარას უნდა შეეძლოს:
* 4 კუბისგან კოშკის აშენება და შემდეგ დანგრევა;
* ყუთის სახურავის ახდა და დახურვა;
* სიარულის დროს სათამაშოს ერთი ან ორივე (მაგალითად, ბურთის) ხელით აღება;
* სახელურის გადატრიალება;
* წიგნის გადაფურცვლა;
* მრგვალი საგნის ხვრელში ჩაგდება;
* ჯღაბნა და ხატვა.
ამ ტიპის აქტივობათა წახალისება აუცილებელია. ამ დროს ბავშვი მხოლოდ თითებს კი არ ავარჯიშებს, არამედ სივრცეში საგნების ერთმანეთის მიმართ განლაგებასაც სწავლობს. მაგალითად, თოჯინა შეიძლება დაიდოს ყუთზე ან ჩაიდოს ყუთში, ბურთი შეიძლება შეგორდეს დივნის ქვეშ, გაგორდეს მის გასწვრივ და ა.შ.
ორი წლისთვის უმჯობესდება კოორდინაცია – როგორც თითების მოძრაობა, ასევე ხელების მოძრაობა სახისა და სხეულის სხვა ნაწილების მიმართ. ბავშვს უკვე შესწევს უნარი, უფრო კომპლექსური თამაშებით გაერთოს:
* დაკეცოს ქაღალდი (როგორც ამას უფროსი ასწავლის);
* მოარგოს დიდი ზომის ოთხკუთხა საგანი შესაბამისი ფორმის ხვრელს (ეს მოქმედება გაცილებით რთულია, ვიდრე მრგვალი საგნის ხვრელში ჩაგდება, რადგან ამ დროს აუცილებელია კუთხის სწორად შერჩევა, რათა საგანი ადვილად მოერგოს ხვრელს);
* 5-6 კუბის ერთმანეთზე დაწყობა;
* სათამაშოების აღება და შემდეგ უკან დაბრუნება;
* თიხისგან ან პლასტილინისგან სხვადასხვა ფიგურის გამოძერწვა.
მეორე დაბადების დღისთვის შესაძლოა ცხადი გახდეს, ბავშვი მემარჯვენეა თუ მემარცხენე, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამის გარკვევას წლები სჭირდება. ზოგიერთი ბავშვი ამბიდექსტერია – ორივე ხელს ერთნაირად ხმარობს და არც ერთს არ ანიჭებს უპირატესობას. არავითარი ჩარევა არ არის საჭირო ამ ბუნებრივი პროცესის დასაჩქარებლად ან შესაცვლელად.
მეტყველება
მეორე წლის დასაწყისში უეცრად აღმოაჩენთ, რომ თქვენს პატარას ყველაფერი ესმის. მაგალითად, თუ გამოაცხადებთ, რომ სადილის დროა, ის მაშინვე სასადილო ოთახისკენ გაიქცევა; თუ იტყვით, რომ რამე დაკარგეთ, დაკარგული ნივთის მოძებნაში მოგეხმარებათ.
ეს ნამდვილად დიდი ნახტომია ბავშვის განვითარებაში. მშობელიც, როცა იცის, რომ პატარას ყველაფერი ესმის, მეტი ენთუზიაზმით ესაუბრება მას. ამ პერიოდიდან აღარ არის საჭირო ბავშვის ყურადღების მიპყრობა წვრილი, სასაცილო ხმით თუ სიმღერით.
ეცადეთ, ელაპარაკოთ ნელა და გარკვევით, მარტივი სიტყვებით და მოკლე წინადადებებით.
პირველ ხანებში არ გამოიყენოთ ბევრი სინონიმი.
აუცილებლად დაუსახელეთ ის საგნები, რომლებთანაც ყოველდღე უწევს შეხება (ბურთი, თოჯინა, ფეხსაცმელი, ქურთუკი, კბილის ჯაგრისი, ძაღლი, კატა და ა. შ.).
ასწავლეთ სხეულის ნაწილების სახელები (ხელი, ფეხი, თავი, თვალი, ყური, პირი).
ნუ გამოიყენებთ სახელების კნინობით ფორმებს (მაგალითად, "თითუკა"). დაუსახელეთ საგნები, როგორც წესია.
ელაპარაკეთ გამართულად. თქვენს მაგალითზე ბავშვი ისწავლის, როგორ უნდა ისაუბროს, როცა გაიზრდება.
ორი წლის ასაკისთვის ბავშვს შეუძლია ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა. მისი ლექსიკონი ამ დროისთვის დაახლოებით 50 სიტყვისგან შედგება. თუმცა გახსოვდეთ ისიც, რომ ბიჭები საზოგადოდ გოგონებზე გვიან იწყებენ საუბარს.
პირველი სიტყვები, რომლებსაც ბავშვი წარმოთქვამს, უმეტესად ახლობლების სახელები და მათდამი მიმართვის ფორმებია ("დედა", "მამა", "ბებო"...); მალევე სწავლობს საყვარელ სათამაშოებისა და სხეულის ნაწილების დასახელებას.
შესაძლოა, ბავშვის ნათქვამი მხოლოდ მშობელს (მომვლელს) ესმოდეს, ვინაიდან პატარები ახალ სიტყვებს ხშირად განსხვავებულად წარმოთქვამენ – ასოს ყლაპავენ ან სხვის ნაცვლად სხვა თანხმოვანს იყენებენ. არასოდეს შეაწყვეტინოთ პატარას ლაპარაკი, თუნდაც სიტყვებს არასწორად ამბობდეს. არც გაიცინოთ. პირიქით, ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ, პასუხის დროს მის მიერ დამახინჯებული სიტყვა სწორად წარმოთქვათ (მაგალითად, თუ პატარა ითხოვს "ბუთს", უპასუხეთ: "ბურთი გინდა?"). ვერც კი შეამჩნევთ, ისე სწრაფად აითვისებს ბავშვი ყველაფერს და გამართულად ამეტყველდება.
18 თვისთვის პატარა აქტიურად გამოიყენებს რამდენიმე ზმნას: "წადი", "მოდი", "მომეცი"; ასევე – მდებარეობისა და მიმართულების გამომხატველ სიტყვებს: "ზემოთ", "ქვემოთ", "შიგნით", "გარეთ"; ორი წლისთვის უკვე ეცოდინება "მე" და "შენ".
რა თქმა უნდა, ორი წლამდე ბავშვი სრულფასოვან წინადადებებს ვერ წარმოთქვამს. ის შეეცდება ერთი ან ორი სიტყვით მიგახვედროთ, რა უნდა:
* "ბურთი" – ითხოვს, ბურთი გაუგორონ;
* "ბურთი მაღლა" – გთხოვთ, ბურთი მაღლა აისროლოთ;
* "გარეთ?" – აინტერესებს, სასეირნოდ თუ წახვალთ;
* "ესა? ესა? ესა?" – გეკითხებათ, რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ნივთს.
ამ ეტაპის შემდეგ ბავშვი მალევე დაიწყებს ორ-სამსიტყვიანი წინადადებებით საუბარს.
გონებრივი განვითარება
თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ერთი წლიდან ბავშვი თამაშს ძალზე სერიოზულად ეკიდება, ყოველ დეტალს დიდ ყურადღებას უთმობს და ისეა კონცენტრირებული თამაშზე, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევს. ამ ასაკში ბავშვს აინტერესებს, რა როგორაა მოწყობილი. ამავე დროს, მას მხოლოდ თავისი განვითარების შესაბამისი ნივთები და აქტივობები იზიდავს. თუ იმ სათამაშოს შესთავაზებთ, რომლითაც 8-10 თვის ასაკში თამაშობდა, ზედაც არ შეხედავს. არც რთულ თამაშში აგყვებათ.
ამ ასაკში ბავშვებს უფრო მექანიკური სათამაშოები აინტერესებთ, რომლებსაც მბრუნავი ბორბლები, ღილაკები და სახელურები აქვს. თუმცა წინასწარ ვერავინ იტყვის, რა მოეწონება თქვენს პატარას, მით უმეტეს, როცა ეს თვითონაც არ იცის, ამიტომ მიეცით საშუალება, სათამაშოები და აქტივობები თვითონვე აირჩიოს.
განსაკუთრებით იტაცებთ მიბაძვითი, იმიტაციური თამაშები, აინტერესებთ საყოფაცხოვრებო ნივთები, გატაცებით აწყობენ ერთმანეთში ქვაბებს და ჯამებს, მოსწონთ მათში სათამაშოების ჩადება და ამოღება. თანდათან უჩნდებათ სურვილი, ეს ნივთები დანიშნულებისამებრ გამოიყენონ – სავარცხლით ივარცხნიან თმას, როგორც ამას დედა აკეთებს; ტელეფონი ყურთან მიაქვთ და "საუბრობენ“; წიგნს "უკითხავენ" თოჯინას. თავდაპირველად მარტოები თამაშობენ, მერე და მერე კი ცდილობენ, თამაშში და-ძმები, მშობლები/აღმზრდელები, ბებია და ბაბუაც ჩართონ.
განვითარების ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია როგორც ბავშვისთვის, ისე მისი აღმზრდელებისთვის. გახსოვდეთ, რომ პატარა თქვენს ყოველ მოქმედებას აკვირდება და იმეორებს. ამ გზით ის სწავლობს, როგორ დაემსგავსოს თავის სახეობას, ანუ ადამიანებს. უფროსი და-ძმები (საზოგადოდ, ბავშვები, რომელთა გვერდითაც პატარა იზრდება და რომლებთანაც ხშირი შეხება აქვს) აქ გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ასე რომ, ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ქცევას და მეტყველებას, რათა პატარას სწორი მაგალითი მისცეთ.
ვიდრე ბავშვი ორი წლის გახდება, განსაკუთრებით ეყვარება დამალობანას თამაში. უფროსს შესაძლოა დაავიწყდეს დამალული სათამაშო, მაგრამ ბავშვს ის ემახსოვრება და მანამდე არ შეწყვეტს მის ძებნას, სანამ არ იპოვის.
როცა ბავშვი კარგად გაერკვევა დამალობანას არსში, მშობლებთან განშორებასაც უფრო ადვილად შეეგუება და ნაკლებად ინერვიულებს, როცა ისინი სამსახურში წავლენ, რადგან ეცოდინება, რომ როცა დედა და მამა მისი თვალთახედვის არეში არ არიან, ისინი სხვა სივრცეში აგრძელებენ არსებობას და აუცილებლად დაბრუნდებიან შინ. თუ პატარას აჩვენებთ ადგილს, სადაც მიდიხართ ხოლმე (სამსახურს, მაღაზიას), თქვენი არყოფნა მისთვის ნაკლებად სტრესული იქნება, რადგან გონებაში უფრო ადვილად ჩამოაყალიბებს იმის ხატს, სად ხართ, როცა გვერდით არ ჰყავხართ.
ერთიდან ორ წლამდე ასაკის პატარები მომთხოვნები არიან. მაგალითად, მოაქვთ სათამაშო და "გაიძულებენ", მათ თამაშში ჩაერთოთ; თუ რამე ახალი ნივთი აღმოაჩინეს, მოითხოვენ, აჩვენოთ, რისთვისაა ის და როგორ მუშაობს, რათა მერე დამოუკიდებლად შეძლონ მისი გამოყენება.
18 თვისთვის ბავშვი უკვე აცნობიერებს, კარგად იქცევა თუ ცუდად. თუ კარგად მოიქცა, შემოგხედავთ და თქვენს რეაქციას დააკვირდება. ამ დროს ნუ დაიშურებთ ქებას. თქვენი დადებითი რეაქცია ბავშვის პოზიტიურ ქცევას წაახალისებს, თანაც პატარას დაანახებს, რომ ჯანსაღი და კეთილგანწყობილ გარემოს ნაწილია.
ყველაფერ ამასთან ერთად, ნურც კონსტრუქციული კრიტიკა დაგავიწყდებათ. მართალია, ამ ასაკში პატარას უკვე ესმის, როგორ მუშაობს გარკვეული მექანიზმები (კარი იხურება და იღება, სათამაშო მანქანა მიგორავს), მაგრამ ვერ ხვდება, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ მოქმედებას. მაგალითად, კარის დახურვისას შესაძლოა ღრიჭოში ხელი მოიყოლოს – ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავს, თუ თქვენ არ ეტყვით. შესაძლოა, გამოცდილებამაც კი ვერ ასწავლოს და სხვა დროსაც დაემართოს იგივე. შანსი, რომ პატარამ ტკივილი საკუთარ მოქმედებას დაუკავშიროს, ამ ასაკში ძალიან მცირეა, ამიტომ მშობლებს (აღმზრდელებს) უფრო მეტი ყურადღება მართებთ.
სესილი ცირეკიძე