ფსორიაზული ართრიტი

გააზიარე:

 

ფსორიაზული ართრიტი სახსრების ანთების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებულებს ემართებათ, თუმცა შესაძლოა, ფსორიაზისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარეშეც იჩინოს თავი. მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა სახსრების შორს წასული დაზიანების თავიდან აცილებას ნიშნავს.

რა არის

ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კანზე წითელი და თეთრი ქერცლოვანი ლაქების არსებობით გამოიხატება. მას კანზე ორგანიზმის იმუნური სისტემის შეტევა იწვევს. ფსორიაზით დაავადებული ათი ადამიანიდან ორს ან სამს უვითარდება ფსორიაზული ართრიტი, რომელიც სახსრების ტკივილით, დაჭიმულობითა და შეშუპებით ვლინდება. ფსორიაზული ართრიტის სიმპტომები, ფსორიაზის მსგავსად, ხან მწვავდება, ხან ცხრება, სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად იჩენს თავს და თანდათან უფრო და უფრო მეტ სახსარს ითრევს.

დაავადება უმეტესად 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებთან აღირიცხება, თუმცა შესაძლოა, ადრეულ ბავშვობაშიც დაიწყოს. ქალებსა და მამაკაცებს დაავადების თანაბარი რისკი აქვთ. ფსორიაზული ართრიტი უმეტესად ფსორიაზის განვითარებიდან ათი წლის შემდეგ იწყება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მისი სიმპტომები უსწრებს ფსორიაზის ნიშნებს.

როგორ ვლინდება

ფსორიაზული ართრიტი შესაძლოა განვითარდეს ნელა, მსუბუქად ან სწრაფად და მძიმედ. ზოგჯერ მას ბიძგს აძლევს სახსრის ტრავმული დაზიანება. ფსორიაზული ართრიტის დროს ორგანიზმის ნებისმიერი სახსრის დაზიანებაა მოსალოდნელი. ზოგჯერ პროცესში მხოლოდ ერთი სახსარია ჩართული, ზოგჯერ კი რამდენიმე.

ფსორიაზული ართრიტის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია ტკივილი მყესებისა და იოგების ძვლებთან შეერთების ადგილას. იმის მიხედვით, რომელი უბანია დაზიანებული, ტკივილმა შესაძლოა თავი იჩინოს ქუსლზე, ტერფზე, იდაყვების გარშემო...

დაავადებისთვის დამახასიათებელია სისუსტე, მტკივნეულობა და შეშუპება მყესების ირგვლივ, ხელისა და ფეხის თითების შეშუპება, რის შედეგადაც თითები ძეხვს ემსგავსება, ერთი ან რამდენიმე სახსრის დაჭიმულობა, მტკივნეულობა, პულსაცია, შეშუპება და მომატებული მგრძნობელობა, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, დილის შებოჭილობა და დაღლილობა, წერტილოვანი ჩაზნექილობა ფრჩხილებზე ან სარეცლისგან ფრჩხილის განცალკევება, უვეიტი (თვალების სიწითლე, მტკივნეულობა, მხედველობის დაბინდვა). ფსორიაზული ართრიტის სიმძიმე ფსორიაზის სიმძიმეზე ნაკლებადაა დამოკიდებული. კანის მცირე დაზიანების შემთხვევაშც კი ართრიტმა შესაძლოა მრავალი სახსარი მოიცვას.

ხშირად აღინიშნება ანემიაც – სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა. ზოგიერთ პაციენტს ხასიათიც ეცვლება.

დაავადებულთა მცირე ნაწილს სახსრების მუდმივი ანთება შესაძლოა წვრილი ძვლების დაზიანებით და დეფორმაციით გაურთულდეს და ინვალიდობამდეც კი მივიდეს საქმე. ვფიქრობ, ნათელია, რაოდენ მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა. მკურნალობა პაციენტთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი და ეფექტურია.

რა იწვევს

ფსორიაზული ართრიტის მიზეზი, ისევე როგორც თავად ფორიაზისა, საბოლოოდ დადგენილი არ არის. ორივე დაავადება საკმაოდ კომპლექსურია. ვარაუდობენ, რომ განსაზღვრული გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების თანხვედრისას იწყება ანთებითი პროცესები იმუნური მექანიზმების გააქტიურებით. პაცოენტთა დაახლოებით 40%-ს ჰყავს ფსორიაზით ან ართრიტით დაავადებული ოჯახის წევრი, რაც გენეტიკური განწყობის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ასეთ ადამიანებთან დაავადების გამოვლენას ინფექცია, სტრესი, ფიზიკური ტრავმა და სხვა გარეგანი ფაქტორები უწყობს ხელს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ფსორიაზული ართრიტის მართვა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დროულ დიაგნოსტიკაზე. ვინაიდან სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, დიაგნოზი უმეტესად ექიმის მიერ პაციენტის შეფასების და სხვა დაავადებების გამორიცხვის საფუძველზე ისმება.

თავდაპირველად ექიმი ამოწმებს სახსრების შეშუპებას და მტკივნეულობას, მოძრაობის დიაპაზონს, ართრიტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ფსორიაზისთვის დამახასიათებელ კანისა და ფრჩხილების ცვლილებებს. სახსრის დაზიანების შესაფასებლად ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა. უფრო დეტალური შეფასება შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ულტრაბგერითი კვლევით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით.

სისხლის ანალიზით გამოირიცხება ართრიტის სხვა ტიპები, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, მათ შორის – პოდაგრა, ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი. ყურადღება ექცევა ჩ რეაქტიულ ცილას და რევმატოიდულ ფაქტორს. ფსორიაზული ართრიტის დროს რევმატოიდული ფაქტორი თითქმის ყოველთვის უარყოფითია. თუ ის დადებითი აღმოჩნდა, რევმატოიდულ ართრიტს ვარაუდობენ. სახსრის ირგვლივ არსებული სითხის ანალიზი პოდაგრისა და ინფექციური ართრიტის გამორიცხვის საშუალებას იძლევა. ფსორიაზული ართრიტის დროს სისხლის ანალიზი ავლენს ანთების მაღალ ხარისხს, ზოგჯერ კი – მსუბუქად გამოხატულ ანემიას.

ფსორიაზულ ართრიტს ექიმი რევმატოლოგი მართავს.

მკურნალობა

ფსორიაზული ართრიტის მკურნალობის მიზანია დაავადების პროგრესირების შეჩერება, ანთების ჩაცხრობა, კანისმხრივი სიმპტომების ალაგება, ტკივილის შემსუბუქება, სახსრების მოძრაობის დიაპაზონის შეძლებისდაგვარად შენარჩუნება. დაავადების ადრეული და სათანადო მკურნალობისას ცხოვრების ხარისხზე მისი უარყოფითი გავლენა არც ისე ძლიერია. მკურნალობის გეგმას ექიმი ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის, დაზიანებული სახსრების რაოდენობის, მედიკამენტების მიმართ პაციენტის ალერგიული განწყობის, თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობის და მათ სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების გათვალისწინებით ადგენს.

მსუბუქი ფორმის დროს სახსრების ტკივილის სამკურნალოდ თავდაპირველად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი ან ნაპროქსენი. ეს წამლები ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს ანთებას.

თუ ართრიტის სიმპტომები არ ალაგდა, მკურნალობა გრძელდება უფრო ძლიერმოქმედი ანტირევმატული წამლებით, რომლებიც აცხრობს ანთებას და ხელს უშლის მდგომარეობის გაუარესებას, შემდგომი დაზიანებისგან იცავს სახსრებს და სხვა ქსოვილებს. ამ ჯგუფის მედიკამენტებიდან ყველაზე ხშირად მეთოტრექსატს და სულფასალაზინს იყენებენ. ამ წამლებს გვერდითი ეფექტებიც ახასიათებს: ღვიძლის დაზიანება, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ფილტვების მწვავე ინფექცია.

იმუნოსუპრესანტები ასუსტებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ორგანიზმზე მის უარყოფით ზემოქმედებას. ამ ჯგუფის მედიკამენტებია აზათიოპრინი და ციკლოსპორინი.

ბიოლოგიური პრეპარატები ანტირევმატული წამლების შედარებით ახალი ჯგუფია. მათ მიეკუთვნება აბატაცეპტი, ადალიმუმაბი, ეტანერცეპტი, ინფლიქსიმაბი. ეს მედიკამენტები სპეციფიკურად მოქმედებს იმუნური სისტემის იმ რგოლზე, რომელიც ანთებას და სახსრის დაზიანებას იწვევს. ბიოლოგიური პრეპარატები გამოიყენება როგორც ცალკე, ისე სხვა ანტირევმატულ საშუალებებთან, მაგალითად, მეთოტრექსატთან ერთად.

მიუხედავად მაღალი ეფექტურობისა, იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები ზრდის ინფექციის რისკს.

სტეროიდები სწრაფად აცხრობს ანთებას. ზოგჯერ ისინი პირდაპირ დაზიანებულ სახსარში შეჰყავთ.

თუ სახსრები ძლიერაა დაზიანებული ან მკურნალობის სხვა მეთოდები ტკივილს არ ამსუბუქებს, მიმართავენ ორთოპედიულ ქირურგას. დაზიანებული სახსარი პლასტმასის, ლითონის ან კერამიკის პროთეზით იცვლება.

ფსორიაზის მქონე ადამიანებს ოდნავ უფრო მაღალი აქვთ არტერიული ჰიპერტენზიის, ცხიმოვანი ცვლის დარღვევის, სიმსუქნის, დიაბეტის განვითარების ალბათობა, ამიტომ ჯანსაღი წონის შენარჩუნება, არტერიული წნევისა და ცხიმოვანი ცვლის დარღვევების მოწესრიგება მკურნალობის მნიშვნელოვან ასპექტებად მიიჩნევა.

ცხოვრება ფსორიაზული ართრიტით

ართრიტის მქონე ადამიანები ცოტას მოძრაობენ, რასაც სახსრების შებოჭილობამდე და კუნთების სისუსტემდე მივყავართ. კვლევები მოწმობს, რომ რეგულარული ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სახსრების ტკივილისა და დაჭიმულობის შესამცირებლად, მათი მოქნილობის შესანარჩუნებლად. ამისთვის საკმარისია ყოველკვირეული 150-წუთიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა – ფეხით სიარული, ცურვა ან ველოსიპედის მართვა.

ვარჯიშის პროგრამა მკურნალ ექიმთან ან ფიზიოთერაპევტთან შეთანხმებით უნდა შედგეს.

საჭიროა მოხერხებული ფეხსაცმლის ტარებაც, რომ ართრიტით დაზიანებული ტერფები, ქუსლები თუ მუხლები ზედმეტად არ დაიტვირთოს.

დამხმარე მეთოდებია ველოტრენაჟორზე ვარჯიში, იოგა, გაჭიმვითი ვარჯიშები.

ართრიტით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი უფრო ადვილად მოძრაობს წყალში, სადაც ფიზიკური აქტიურობა სახსრების დაძაბვას არ მოითხოვს.

ფსორიაზული ართრიტით დაავადებულებს ურჩევენ, ზედმეტად არ დაძაბონ სახსრები, მაგალითად, მძიმე ჩანთა არა ერთი, არამედ ორივე ხელით ასწიონ, თავი დაანებონ მოწევას, რადგან ის ფსორიაზის გამწვავებას უწყობს ხელს, ერიდონ ალკოჰოლს, რადგან ის ამცირებს მკურნალობის ეფექტიანობას და მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობასაც ზრდის.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: