ცხოვრება კოვიდის შემდეგ
გააზიარე:
კალათბურთის მოყვარულთათვის ორიათას ოცი დარჩება კობი და ჯიჯი ბრაიანტების ტრაგიკული გარდაცვალების წლად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის – დიდი სკანდალის წლად, როცა სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამეფო პრივილეგიებზე უარი თქვეს, სამხრეთი კავკასიის მოსახლეობისთვის – მთიანი ყარაბაღის ომის განახლების წლად, მაგრამ ის, რაც მკაფიოდ აღიბეჭდება მთელი კაცობრიობის მეხსიერებაში, პანდემიაა. კოვიდ-19-ით გამოწვეულ ინფექციაზე ბევრი დაიწერა და მომავალშიც ბევრი დაიწერება. ჩვენც არაერთხელ შევხებივართ ამ თემას – დაავადების წარმოშობას, სიმპტომებს და გართულებებს, მკურნალობის პერსპექტივებს და პროგნოზს... ამჯერად გვინდა, კოვიდის კიდევ ერთ საინტერესო ასპექტზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება: როგორ გაგრძელდება ცხოვრება ინფექციის შემდეგ, რას უნდა ველოდეთ და რა სახის რეაბილიტაცია დაგვჭირდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად.
პანდემიის მართვას, ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, ართულებს ისეთი პაციენტების სიმრავლე, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების სწრაფი გადავსება და საწოლების დეფიციტი. ექიმებს უწევთ, პაციენტები მაშინვე გაწერონ, როგორც კი კრიზისული პერიოდი ჩაივლის და მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოდ აღარ მიიჩნევა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო კოვიდგადატანილებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება, რომელთა მიზანია ფიზიკური და რესპირატორული ფუნქციების აღდგენა, შფოთვის შემცირება და ცხოვრების უწინდელ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნება.
ვის სჭირდება რეაბილიტაცია
პაციენტებს კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე კვირის თავზე სრული გამოჯანმრთელება უდასტურდებათ, თუმცა ნაწილს – მათაც კი, ვინც მსუბუქად გადაიტანა დაავადება – ავადმყოფობის სიმპტომები შესაძლოა გამოჯანმრთელების შემდეგაც დარჩეს. მათ სიმპტომების ხანგრძლივ მატარებლებს უწოდებენ. სწორედ ნარჩენი სიმპტომებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი შედეგები
ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, რა კვალს დატოვებს კოვიდ-19 მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამის გარკვევას ალბათ წლები დასჭირდება. ექიმები, მკვლევართა რეკომენდაციით, ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მუშაობს კოვიდგადატანილთა ორგანიზმი ვირუსის დამარცხების შემდეგ. მონაცემები ასეთია:
* გული – კოვიდ-19-ის გადატანიდან თვეების შემდეგ ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გულის კუნთის დაზიანება იმ პირებსაც კი გამოუვლინა, რომლებმაც მსუბუქად გადაიტანეს ინფექცია. დაზიანების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის ზრდის მომავალში გულის უკმარისობის, არითმიის და სხვა გართულებათა განვითარების რისკს.
* ფილტვები – კოვიდ-19-თან ასოცირებული პნევმონია, აზიანებს ფილტვის ალვეოლებს და იწვევს ნაწიბურის ჩამოყალიბებას, რამაც შესაძლოა სუნთქვის პრობლემებს დაუდოს სათავე.
* ნერვული სისტემა – კოვიდ-19-მა ახალგაზრდებთანაც კი შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, კრუნჩხვები და გიიენ-ბარეს სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კიდურების დროებითი დამბლა. იმატებს პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებათა განვითარების ალბათობაც.
* სისხლი – ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდ-19-ის გართულებები იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის ცვლილებას და თრომბის ჩამოყალიბებას. ხშირად თრომბი მცირე ზომისაა და აზიანებს გულის კუნთის მკვებავ წვრილ სისხლძარღვებს, ფილტვებს, თირკმელებსა და ღვიძლს.
გახანგრძლივებული სიმპტომები
ექიმებს ჯერჯერობით უჭირთ თქმა, როდის გაივლის ნარჩენი სიმტპომები. მათი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს
ეს სიმპტომებია:
* დაღლილობა;
* ჰაერის უკმარისობა;
* ხველა;
* სახსრების ტკივილი;
* ტკივილი გულმკერდის არეში;
* თავის ტკივილი;
* გულისცემის აჩქარება;
* ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა;
* მეხსიერების, კონცენტრაციის, ძილის დარღვევა;
* თმის ცვენა;
* გამონაყარი.
მძიმედ მიმდინარე კოვიდ-19-ის დროს ავადმყოფებს ხშირად სჭირდებათ დამხმარე ოქსიგენაცია სასუნთქი აპარატით. ასეთ პაციენტებს კლინიკიდან გაწერის შემდეგ უვითარდებათ პოსტტრავმული სტრესი, შფოთვა და დეპრესია.
ირვინგის პროგრამა
მსოფლიომ მალევე მოახერხა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ადაპტირება. მსოფლიოს მეცნიერთა გილდია ერთი მიზნისთვის გაერთიანდა: რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით დაასრულოს პანდემია. მეცნიერთა ნაწილი ვირუსის ბუნების შესწავლაზე მუშაობს, ნაწილი – ვაქცინის შექმნაზე, მედპერსონალი კი პაციენტების გამოჯანმრთელებასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სარეაბილიტაციო დეპარტამენტები მათ დასახმარებლად სპეციალურ სახელმძღვანელოებს გამოსცემენ.
სარეაბილიტაციო პროგრამები უმთავრესად სასუნთქი სისტემის აქტივობისა და ფიზიკური დატვირთვის გაზრდაზეა ორიენტირებული. მათი უმეტესობა, მაგალითად, კოლუმბიის უნვერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის პროგრამა, სუნთქვით ვარჯიშებს უწევს რეკომენდაციას. ამ ვარჯიშების მიზანი სასუნთქი კუნთების – დიაფრაგმის, ნეკნთაშუა კუნთებისა და გულმკერდის კუნთების – გაძლიერებაა. ვარჯიშში დაგეხმარებათ სპეციალური მოწყობილობა – სპირომეტრი. მისი უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაბერი ბუშტი. უნდა ჩაისუნთქოთ ღრმად და ნელ-ნელა ჩაბეროთ. ასე უნდა ივარჯიშოთ დღეში 15 წუთი. თუ გაგიჭირდათ, პირველ ხანებში ვარჯიში სამ ეტაპად გაყავით და დღეში სამჯერ 5-5 წუთი დაუთმეთ.
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
რა მსუბუქადაც უნდა მიმდინარეობდეს კოვიდი, ავადმყოფობას ყოველთვის ახლავს თან შიში, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც გრძელდება, ამიტომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ალბათ საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ: ავადმყოფობის დროს ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა გიხარიათ, თითქოს ისინი თქვენს შიშს ამარცხებენ, ამიტომ ექიმები, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან სიახლოვეს გვირჩევენ. უფრო ზუსტად, სოციალურ სიახლოვეს ფიზიკური დისტანციის დაცვით. სოციალური მედია, ინტერნეტი, ტელეფონი, საბედნიეროდ, გვაძლევს ამის საშუალებას.
როდესაც საქმე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ამაში დაგეხმარებათ ვარჯიში, კოფეინიანი სასმელების მიღებისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით – შუადღის შემდეგ, რადგან ორგანიზმზე კოფეინის ზემოქმედება რამდენიმე საათი გრძელდება. ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და ადგეთ – ეს ძილის რეჟიმის მოწესრიგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.
ფიზიკური ვარჯიში
კოვიდის შემდგომ დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება ყველაზე გავრცელებული ჩივილია, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, ჩვენი მდგომარეობის შესაბამისად ვიაქტიუროთ, ვივარჯიშოთ. თუ ინფექცია რთულად გადაიტანეთ და რამდენიმე დღის კლინიკაში გატარება მოგიწიათ, გაწერისას ექიმი ვარჯიშის თაობაზე სათანადო რჩევებსაც მოგცემთ. თუ ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობდა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ოთახებში იარეთ, ვადის ამოწურვის შემდეგ კი – გარეთ. დღიდან დღემდე გაზარდეთ მანძილი, თანდათან დაამატეთ კიდურების, კისრის, წელის ვარჯიშებიც.
გახსოვდეთ:
* ვარჯიში უნდა დაიწყოთ მინიმალური დატვირთვით და ნელ-ნელა გაზარდოთ.
* თუ პულსოქსიმეტრი გაქვთ, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ გაიზომეთ პულსი და სატურაცია (სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია), რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი მზად არის ასეთი დატვირთვისთვის. თუ თავი შეუძლოდ იგრძენით ან სატურაცია 88%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, მაშინვე შეწყვიტეთ ვარჯიში და დაისვენეთ.
* თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ, ვარჯიში არ შეიძლება.
* დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში, თუ გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის გახშირება, დაღლილობა ან თავბრუხვევა იგრძენით. თუ ეს სიმპტომები დასვენების შემდეგაც დაგრჩათ, დაუკავშირდით პირად ექიმს.
კვება
რეაბილიტაციის პროცესში დიდი როლი ენიჭება სწორ, ბალანსირებულ კვებას - ორგანიზმსა ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად ძალ-ღონის აღდგენა სჭირდება:
* მიირთვით მრავალფეროანი საკვები. დააბალანსეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, თევზეულით, კვერცხით, მჭლე ხორცით.
* შეამცირეთ მარილისა და შაქრის მოხმარება.
* სვით ბევრი სითხე.
* ერიდეთ ალკოჰოლს.
ავტორისგან:
მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა უმთავრესია. ყველას გვენატრება დრო, როცა ერთმანეთს უნიღბოდ, უშიშრად ვხვდებოდით, ერთად ვმოგზაურობდით ან უბრალოდ ერთად ვატარებდით საღამოს. მჯერა, რომ ეს განსაცდელი მალე დასრულდება, მანამდე კი, მოდი, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.
თამთა კაპანაძე