როგორ მოვუაროთ ხელებს ზამთარში
გააზიარე:
სიცივე სტრესია კანისთვის, სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილი კი ხელებია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხელებზე კანი ადვილად უხეშდება და თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, სკდება კიდეც.
მაინც რატომ გვიშრება ხელები ზამთარში?
რისი ბრალია
ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის. ცხიმოვანი ჯირკვლების დანიშნულება, როგორც ვიცით, ცხიმის გამოყოფაა, რომელიც ცხიმოვან შრეს წარმოქმნის, კანს გადაეკვრება და ხელს უშლის წყლის აორთქლებას. დაბალ ტემპერატურაზე ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ ცხიმს გამოყოფს, ამიტომ ირღვევა კანის დამცავი შრის მთლიანობა და გარეთ – სიცივით, შიგნით კი გათბობით გამომშრალ ჰაერზე ხელებიდან უხვად ორთქლდება წყალი. შედეგად კანი იქერცლება, უხეშდება და სკდება. არის შემთხვევები, როცა მისი ბუნებრივი დამცავი მექანიზმი იმდენად ირღვევა, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა მძაფრად რეაგირებს, რამაც შესაძლოა ანთებითი რეაქცია და ეგზემაც კი გამოიწვიოს. ასეთი რამ უმთავრესად მათ ემუქრებათ, ვინც წყალთან მუშაობს ან ვისაც ხშირად უწევს ხელის ბანა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.
გარდა ამისა, ზამთარში ცოტაა ვიტამინებით მდიდარი საკვები, რაც მთელ ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ არასასურველ პროცესებს ამძიმებს სტრესი და ჰორმონული დისბალანსიც.
კანის გამოშრობა, აქერცვლა და დახეთქვა შესაძლოა დაავადების შედეგიც იყოს. მაგალითად, ქრონიკული დერმატიტისა ან ფსორიაზისა. იმავე სიმპტომებს ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაც იწვევს, ამიტომ თუ შესაბამისმა მოვლამ არ უშველა ექიმს უნდა მიაკითხოთ.
ტენის შენარჩუნებისა და ცხიმის გამოყოფის უნარზე ასაკიც ახდენს გავლენას, ამიტომ გამომშრალი და დახეთქილი ხელები განსაკუთრებით ხშირად აქვთ ასაკოვან ადამიანებს.
როგორ მოვიქცეთ
გარემო პირობებისადმი ესოდენ მგრძნობიარე ხელები ინტენსიურ მოვლას მოითხოვს. მოვლის მიზანი კანის დატენიანება და დამცავი ბარიერის გაძლიერებაა. თუ ხელების გამოშრობაში ავადმყოფობას არ მიუძღვის ბრალი, არც ისე ძნელია, საქმე ნახეთქებამდე არ მიიყვანოთ.
სწორი დაბანა
ექიმები გვირჩევენ, ინფექციის თავიდან ასაცილებლად ხელები ხშირად და გულდასმით ვიბანოთ. ამ ერთი შეხედვით უმარტივეს პროცედურასაც კი თავისი ნიუანსები აქვს.
1. ეცადეთ, ხელები ნელთბილი წყლით იბანოთ და არა ცხელით. ცხელი წყალი იმ ცოტაოდენ ცხიმსაც აცლის მას და აღიზიანებს.
გამოიყენეთ რბილი, საშუალო PH-ის (5,5) მქონე საპონი. აგრესიული ფორმულა ჭუჭყთან ერთად ცხიმსაც აცლის კანს და ამით მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს არღვევს. ზოგიერთი საპონი სადეზინფექციო კომპონენტებსაც შეიცავს, რომლებიც უფრო მეტად აზიანებს კანს. უნდა გვახსოვდეს, რომ კანზე სასარგებლო ბაქტერიებიც ბინადრობენ, რომლებიც მას მიკრობებისა და სოკოსგან იცავენ, ანტიბაქტერიული საპონი კი მათაც ანადგურებს. შედეგად კანი ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება.
უმჯობესია, საპონი დამატენიანებელ კომპონენტებსაც შეიცავდეს.
კრემი, კრემი და კვლავ კრემი
ზამთარში კანს უფრო მეტი ცხიმი სჭირდება, ვიდრე ზაფხულში. რაც უფრო მშრალი და აქერცლილია კანი, მით უფრო ცხიმიანი კრემია რეკომენდებული. წაისვით დღეში რამდენჯერმე, საუკეთესო შემთხვევაში – ყოველი დაბანის შემდეგ, ოღონდ მანამდე კარგად გაიმშრალეთ. კრემის წასმა ყველაზე მგრძნობიარე ადგილიდან – ხელის ზურგიდან დაიწყეთ. უხვად დაიდეთ და კარგად შეიზილეთ. ნურც თითებს შორის არეებს და ნურც ფრჩხილებს ნუ გამოტოვებთ.
არ დაგავიწყდეთ კრემის წასმა ძილის წინ, რომ დილით გლუვი და ხავერდოვანი კანი გქონდეთ.
დღისით უმჯობესია შედარებით მსუბუქი კრემი გამოიყენოთ, რომელიც სწრაფად შეიწოვება, ღამით კი – უფრო ცხიმიანი.
რომელი ჯობია
კარგი კრემი კანს უნდა ატენიანებდეს და გამოშრობისგან იცავდეს, ხელს უწყობდეს კანის რეგენერაციას და კარგად შეიწოვებოდეს.
როგორ ავარჩიოთ?
უპირველეს ყოვლისა, კანის ტიპის მიხედვით. კრემების უმეტესობა ნორმალური ან მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ძალიან მშრალი, ასაკოვანი, მგრძნობიარე, ალერგიისადმი მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილიც შეგხვდებათ.
კრემი ისეთი კონსისტენციისა უნდა იყოს, რომ კანზე ადვილად ნაწილდებოდეს და სწრაფად შეიწოვებოდეს. კანზე მან სასიამოვნო შეგრძნება უნდა დაგიტოვოთ და არა წებოვან ფენასავით გადაგეკრათ.
ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. კარგი კრემის უცვლელი კომპონენტებია ალოე ვერა, შიის კარაქი, ავოკადოს, ჟოჟობას, ზეითუნის, ნუშის და ენოთერას ზეთები. მათი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ დიდი ხნით აკავებენ კანში ტენს, ამიტომ ამ ინგრედიენტების შემცველი კრემები პირველივე დაბანისას არ სცილდება კანს.
ძალიან ცხიმიანი კრემი უმჯობესია შარდოვანას შეიცავდეს. ის კარგად ატენიანებს კანს და იმავდროულად ხელს უშლის ტენის აორთქლებას.
სიფრთხილე გმართებთ მინერალურ (ხელოვნურ) ზეთთან, რომელსაც ბევრი კრემი შეიცავს. თუ ინგრედიენტების ჩამონათვალში აღმოაჩინეთ Cera Microcristallina (Microcristallina Wax), Ceresin, Mineral Oil, Ozokerite, Paraffin, Paraffinum Liquidum, Petrolatum, ესე იგი კრემი მინერალური ზეთის შემცველია. მიუხედავად იმისა, რომ მათი მავნე მოქმედება მეცნიერულად დადასტურებული არ არის, სპეციალისტები ასეთი კრემების რეგულარულ გამოყენებას არ გვირჩევენ.
კანმა კრემი კარგად რომ შეიწოვოს, ზოგიერთი მწარმოებელი მას ალკოჰოლს ამატებს. ზამთარში ასეთი კრემის გამოყენებას ერიდეთ. ასევე ერიდეთ დიდი რაოდენობით წყლის შემცველ კრემებს – მშრალ ჰაერში წყალი ადვილად ორთქლდება, რაც კანს უფრო მეტად აშრობს.
ინტენსიური მოვლა
როცა პროცესი შორსაა წასული, ხელებს კიდევ უფრო ინტენსიური მოვლა სჭირდება. ძილის წინ უხვად წაისვით ცხიმიანი კრემი, ჩაიცვით ბამბის ხელთათთმანები და დილამდე დაიტოვეთ. თუ ბამბის ხელთათმანები არ გაქვთ, კრემის წასმის შემდეგ, ვიდრე კანი კარგად არ შეიწოვს საჭირო ნივთიერებებს (30-35 წუთი), არაფერს შეეხოთ. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ზეითუნის, ჟოჟობას ან ნუშის ზეთის აბაზანა გაიკეთეთ: ჩააწვეთეთ ნელთბილ წყალში რამდენიმე წვეთი და 10-15 წუთით ჩაალბეთ ხელები. ბოლოს ნაზად შეიმშრალეთ, არ გაიხეხოთ.
დროდადრო გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი, მაგალითად, ბანანისა და არაჟნის: ბანანი ჩაგლით დაჭყლიტეთ, დაამატეთ ცხიმიანი არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით ხელებზე და 20 წუთი გაიჩერეთ, მერე ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ პილინგი. ის კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, არბილებს და აღდგენას უადვილებს.
პილინგისთვის საჭირო მასის მომზადება თავადაც შეგიძლიათ. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი უხეში მარილისა და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთისგან. ერთმანეთში აურიეთ და ნაზად შეიზილეთ ხელებზე. მერე ჩამოიბანეთ და აუცილებლად წაისვით კრემი.
პრაქტიკული რჩევები
* ზამთრობით ზოგჯერ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ სითხის ბალანსს, სითხე კი აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისა და კანის სიჯანსაღისთვის, ამიტომ სვით რაც შეიძლება მეტი წყალი ან უშაქრო ჩაი. სასურველია, დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი სითხე მიიღოთ. მართალია, სიცხეში მეტად გვწყურდება, ვიდრე სიცივეში, მაგრამ ორგანიზმს ზამთარშიც იმდენივე სითხე სჭირდება, რამდენიც ზაფხულში.
* სიცივეში, განსაკუთრებით კი ყინვაში, თბილი ხელთათმანები აუცილებელია. დალაგებისა თუ რეცხვის დროს რეზინის ხელთათმანები ჩაიცვით, რომ ქიმიურმა საშუალებებმა კანი არ დაგიზიანოთ.
* სისხლმა კარგად რომ იმოძრაოს ხშირად დაიზილეთ ხელები, მათ შორის – კრემის წასმის დროსაც.
* იკვებეთ დაბალანსებულად. სპეციალისტები გვირჩევენ, ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა, ბიოტინით, თუთიით, იოდით, ნიაცინით (ვიტამინი B3), რიბოფლავინით (ვიტამინი B2) და A ვიტამინით მდიდარი საკვები მივიღოთ. სწორედ საკვები და არა აბები.
ჯილდა გაჩეჩილაძე