გივი კოლელიშვილის აჟღერებული ფერები
გააზიარე:
მიაჩნია, რომ ის, რაც უემოციოდ იქმნება, ყალბია, თუმცა ვერც მხოლოდ ემოციებით გახვალ ფონს... ხატვა მისთვის ლოცვაა, რომელშიც გული და გონება ერთდროულად მონაწილეობს. მთავარი კი მაინც ნიჭია – ის ამოუცნობი ენერგია, რომელსაც ხელოვანი იღებს და გასცემს.
გივი კოლელიშვილის ნამუშევრები სწორედ ამ ამოუცნობი ენერგიით, ფერთა სიმრავლით და განუმეორებელი სტილით იპყრობს ყურადღებას. თუმცა, სანამ გაიცნობდნენ და აღიარებდნენ, გრძელი გზა განვლო – თვითგამორკვევის, საკუთარ თავთან ჭიდილის...
ჯერ იყო კახეთში გატარებული უდარდელი, ლაღი ბავშვობა: ულამაზესი იყალთო, მშვიდი ოჯახი. დედა – ბიოლოგიის მასწავლებელი, მშრომელი ქალი, მამა – საოცარი იუმორის პატრონი ("დინჯად იხუმრებდა, თვითონ არც კი გაიღიმებდა, მეზობელ-ნათესავები კი წლობით იმეორებდნენ მის ფრაზებს", – იხსენებს ბატონი გივი). იყო დაწყებითი სკოლა და მასწავლებელი ქეთო ოტიაშვილი, მაისის ბალი რომ ედგა ეზოში და მოწაფეებს კუნწულებს უკრეფდა... მერე – თელავი და სამხატვრო წრე:
– ჩემი ნათესავები მალხაზი და ბიჭიკო თელავში, სამხატვრო წრეზე დადიოდნენ. ერთ დღეს თავიანთი ნახატები მაჩვენეს – ტაძრები, კედლებზე ამოსული ბალახი... მოვინუსხე... მათვე მიმიყვანეს სტუდიაში, რომელიც მალე სკოლად გადაკეთდა.
პირველი სამხატვრო ყუთიც ფუნჯებითა და პალიტრით მალხაზმა უყიდა. დღემდე ახსოვს იმ საღებავების უცხო, სასიამოვნო სურნელი, ფერები...
პედაგოგს, სერგო ასლანიშვილს, საოცარი ნიჭი ჰქონია – მოწაფეებს თურმე მთელი გულით აყვარებდა მხატვრობას. არც გივი კოლელიშვილი ყოფილა გამონაკლისი, თუმცა ლიტერატურა, რომელზეც თელაველ მოსწავლეს მიუწვდებოდა ხელი, იმდენად მწირი იყო, რომ უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა პირველად ნახა ვან გოგის და სეზანის ალბომები. არ მოეწონა. დაიბნა. ასეთს ბავშვიც კი დახატავდაო, იფიქრა...
– მახსოვს, ერმიტაჟში პირველად რომ მოვხვდი, ორიგინალების თვალიერებისას ზოგჯერ იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რადგან ნამუშევარში, უპირველეს ყოვლისა, ტექნიკას და შესრულების მანერას ვაფასებდი. რემბრანტის “ძე შეცდომილის დაბრუნება" პირველი ნახვისას შეღებილ ტილოდ აღვიქვი, მაგრამ მეორედ რომ ჩავუარე, ნახატმა თავად შემაჩერა... ნამდვილი ხელოვნება თანდათან შემოდის შენში, ისე მძაფრად, თითქოს კანქვეშ გრძნობ...
რაღაცები მომწონდა კიდეც, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, ძველი პრინციპების ერთგული ვრჩებოდი.
ასეთი ვარ – მიჭირს ერთხელ მიღებული ჭეშმარიტების უარყოფა, მიჩვეულ გარემოსთან, ნივთებთან განშორება. ბავშვობაში ფეხსაცმელი რომ დამეხეოდა, ვდარდობდი, ახალი არ მინდოდა. მეორე მხრივ კი გაუცნობიერებლად სულ სიახლეს ვეძებ, ცვალებადობა, უკვე განვლილის ხელახლა გავლა, უცხო თვალით დანახვა მიყვარს. ხასიათის ეს ორი ურთიერთსაპირისპირო მხარე ხან წინსვლაში მეხმარება, ხანაც მაფერხებს. საზოგადოდ, ხელოვანს ერთი დიდი მტერი ჰყავს – საკუთარი თავი. მთელი ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა.
პაუზა და თვითგამორკვევა
სამხატვრო აკადემიაში თავდაპირველად თავისუფალ მსმენელად მიიღეს, თუმცა რექტორი, აპოლონ ქუთათელაძე, გულშემატკივრობდა ნიჭიერ ახალგაზრდას. პირველკურსელების გამოფენაზე გივი კოლელიშვილის ნამუშევრებს ხუთიანი კედელზევე მიაწერა.
წარჩინებული სტუდენტი არ ვყოფილვარო, აღიარებს და იქვე დასძენს: ცხოვრებამ მასწავლა, აღმოჩენებმა გამზარდაო.
ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტმა თეატრალური მხატვრობის განხრით გააგრძელა სწავლა, თუმცა მისი ხელმძღვანელი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ფერწერის მოტრფიალე იყო და სტუდენტებსაც უფრო ამ კუთხით უღრმავებდა ცოდნას. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სწორედ ფარნაოზ ლაპიაშვილმა წაიყვანა ოპერის თეატრში სამუშაოდ.
თეატრის შიდა სამზარეულოს არ იცნობდა, ეს სამყარო უცხო იყო მისთვის, თუმცა საქმეს თანდათან აუღო ალღო. მერე თეატრალურ ინსტიტუტში გადავიდა მხატვარ-შემსრულებლად. ერთხანს დამდგმელ მხატვრადაც მუშაობდა, რამდენიმე საინტერესო დეკორაციაც შექმნა სპექტაკლებისთვის. რობერტ სტურუაც დაინტერესდა მისი ნამუშევრებით, თუმცა თეატრის მტვერმა გივი კოლელიშვილი ვერ მოწამლა:
– თეატრი გუნდური სამუშაოა, მხატვარი კი ინდივიდია. ვხედავდი, რომ იქ ყველას უყვარდა თავისი საქმე – მსახიობს, რეჟისორს... მე კი იმას არ ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ვდარდობდი, ღამეები არ მეძინა, თუმცა უკვე ოჯახი მყავდა სარჩენი, შემოქმედება კი თავისუფლების გარეშე არ არსებობს... აკადემიის დამთავრების შემდეგ თითქმის ათი წელი არაფერი დამიხატავს.
ისევ აკადემიას დაუბრუნდა. ჯერ – ლაბორანტად, მერე – დამხმარე პედაგოგად კოკა იგნატოვთან. ხატვისთვის ისევ ვერ იცლიდა, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, ცხოვრების ამ ეტაპმაც ბევრი რამ შესძინა, ასწავლა, დაანახა...
9 აპრილის შემდეგ შვებულება ითხოვა და სახელოსნოში ჩაიკეტა, მუშაობა დაიწყო. თავის სარჩენად სანაპიროზე ძველი თბილისის პეიზაჟებს ყიდიდა. თანდათან სწავლობდა, იზრდებოდა, ვითარდებოდა... საკუთარ თავზე მუშაობდა, ბევრს ფიქრობდა. თვითკრიტიკულობა განვითარებისკენ უბიძგებდა. გრძნობდა, რომ მეტი შეეძლო. და თანდათან გაიცნეს.
– ხატვა შემოსავლიან საქმედ რომ იქცეს, მარკეტინგული ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. ხელოვანს კი იშვიათად, რომ ასეთი უნარები ჰქონდეს. ახალგაზრდა ბიზნესმენმა, გალერეების მფლობელმა ნიკა მაჭავარიანმა, ჩემი იწამა, ჩემს ნამუშევრებს რეკომენდაცია გაუწია და ახლა იმდენ შეკვეთას ვიღებ, თავისუფალი დრო თითქმის აღარ მრჩება. მჭიდრო ურთიერთობა მაქვს დანიაში მდებარე ტვერსტედის გალერეასთან, იფინება და იყიდება ჩემი ნამუშევრები...
ძუნწი ფერების ტყვეობიდან უხვ პალიტრამდე
– ხომ არიან მხატვრები, რამდენიმე ძუნწი ფერით შედევრებს რომ ქმნიან. მაგალითად, ედმონდ კალანდაძე. ერთხანს მეც რუხი ტონები მიყვარდა. მერე თანდათან ფერის აწევა მომინდა. ეს ძალიან ფაქიზი საქმეა. ნახატში მკვეთრი ტონები ისე უნდა გამოიყენო, რომ ფერი კი არ “აყვირდეს”, არამედ აჟღერდეს. თითოეულ ტილოზე ძალიან დიდხანს ვმუშაობ, ფერში რამდენიმე შრეს ვდებ, ყოველ ჯერზე ვეჭიდები, ხელებს ვუგრეხ...
კახური სიჯიუტე მჩვევია. მისი წყალობით ზოგჯერ წარმატებას ვაღწევ, ზოგჯერ კი ყველაფერს ვაფუჭებ, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ პრინციპულობა და შეუპოვრობა ხელოვნებაშიც გადამწყვეტია.
ნათელი, ლამაზი ფერები მის სულში მისმა მეუღლემ, მარინე ფოდიაშვილმა შემოიტანა.
ქალბატონი მარინე ნიჭიერი მხატვარი და ხატვის მასწავლებელია. როგორც ბატონი გივი ამბობს, მსუყე ფერწერა აქვს:
– მარინეს და, დალი, შესანიშნავი მხატვარია. თავადაც დიდ წარმატებას მიაღწევდა. ფერის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს, საოცრად უყვარს ხატვა. ტილოს რომ დაიწყებს, თავს ვეღარ ანებებს ხოლმე. თუმცა მხატვარს თავისუფლება სჭირდება... ოჯახით, ყოველდღიურობით იმდენადაა შებოჭილი, რომ სახატავად ვეღარ იცლის.
გივი კოლელიშვილის უფროსმა ვაჟმა, ირაკლიმ, სამხატვრო აკადემია დაამთავრა. უნიჭიერესი მხატვარიაო, ამბობს ბატონი გივი, თუმცა, ოჯახისა და სამსახურის გადამკიდე, მხატვრობისთვის ვეღარ იცლისო. უმცროსი, გიგა, ექიმია.
ხატვის მისტიკა
– ნახატს სულიც უნდა უწილადო, თუ გინდა, გაცოცხლდეს, – ამბობს ბატონი გივი.
– შთაგონება სრულიად აუხსნელი რამ არის. სურნელმა, ქუჩაში ყურმოკრულმა სიტყვამ, მოულოდნელად გამონათებულმა ფერმა შეიძლება მოიტანოს იდეა, რომლის ტილოზე გადატანაც მოგინდება...
ყველაზე რთული პირველი შტრიხებია. რელსებზე რომ შედგება ნახატი, მერე თავად მიდის. ხან გემორჩილება, ხან თავის ჭკუაზე მიყავხარ – თავად ქმნის საკუთარ თავს. მხატვარი კი, როგორც ამოუხსნელი ენერგიის გამტარი, მილიონიდან ერთ ტონს არჩევს, იმ ერთს, მხოლოდ იმ ერთს...
მხატვარმა ისიც უნდა იგრძნოს, სად სრულდება ნახატი. ამასაც რაღაც ზებუნებრივი მიგანიშნებს.
ბევრს უთქვამს, შენი ნახატები სიმშვიდეს, სითბოს, სიკეთეს ასხივებენო... მიხარია.
თითოეული ნახატის დასრულების შემდეგ დრო სჭირდება ძალების აღსადგენად. თუმცა ხატვისას ყველა უსიამოვნო შეგრძნება, ყველა უსიამოვნო ფიქრი სადღაც ქრება. ავადმყოფობაც კი ავიწყდება.
ტაძრების რესტავრაციაზეც მუშაობდა – ალავერდში, სვეტიცხოველში. სვანეთში... ამბობს, რომ საქართველოს მთებში რაღაც სხვა, ძალიან დიდი ენერგია მოქმედებს, რომელიც სულიერად ზრდის ადამიანს.
გეგმები მასშტაბური აქვს – სურს, ვაჟას პოეზიას შეეჭიდოს. მისი ნამუშევრები – ფერთა გამა, დახვეწილი აბსტრაქციები და გემოვნებიანი კომპოზიციები – კიდევ ბევრ დადებით ემოციას გვაჩუქებს.
თამარ ციბალაშვილი