სეზონური აფექტური დაავადება
გააზიარე:
ზამთრის უღიმღამო დღეები ბევრს ისე თრგუნავს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი უშლის ხელს. ამ მდგომარეობას სეზონურ აფექტურ დაავადებას უწოდებენ.
როგორ ვლინდება
სეზონური აფექტური დაავადების სიმპტომები დეპრესიის სიმპტომებს ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, სეზონთან კავშირი ახასიათებს – ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს იჩენს თავს და ერთსა და იმავე დროს ქრება. დაავადება მწვავდება შემდგომის მიწურულს ან ზამთრის დასაწყისში, როცა დღეები მოკლდება და კარგი ამინდი იშვიათდება, ამიტომ მას ზამთრის დეპრესიის სახელითაც იცნობენ, გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი უკან იხევს.
ადამიანი ამ დროს უხალისოდ, უენერგიოდ გრძნობს თავს, უსაფუძვლოდ შფოთავს, აქვს გამოუსადეგარობის შეგრძნება, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, გაღიზიანებულია, გამუდმებით ეძინება, ადვილად იღლება, ეტანება ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს და იმატებს წონას. ბევრი უარს ამბობს სოციალურ ურთიერთობებზე, საყვარელ საქმიანობაზე.
სეზონური აფექტური დაავადება იშვიათად ზაფხულშიც მწვავდება. ამ ფორმას ზაფხულის დეპრესიას უწოდებენ. მისთვის, პირიქით, უძილობა, უმადობა, წონის კლება, შფოთვა და მოუსვენრობაა დამახასიათებელი.
რისკფაქტორები
არსებობს ფაქტორები, რომლებიც სეზონური აფექტური დაავადების ალბათობას ზრდის:
* სქესი – სეზონური აფექტური დაავადებით ქალები მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ქალებს, საზოგადოდ, დეპრესიისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება ახასიათებთ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალებთან ეს დიაგნოზი 4-ჯერ უფრო ხშირია.
* გეოგრაფიული მდებარეობა – იმ გეოგრაფიულ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც ზამთრის დღეები უფრო მოკლეა, სეზონური დეპრესიის რისკიც უფრო მაღალი აქვთ.
* ოჯახური ანამნეზი – თუ ადამიანს ჰყავს ახლო ნათესავი რომელიმე ტიპის დეპრესიით, სავარაუდოდ, მასაც მაღალი ექნება სეზონური აფექტური დაავადების რისკი.
* პირადი ანამნეზი – თუ ადამიანს ანამნეზში დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა აღენიშნება, შესაძლოა, სეზონურად სიმპტომები გაუმწვავდეს.
რა იწვევს
სეზონური აფექტური დაავადების სპეციფიკური მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორს შეაქვს წვლილი.
შემოდგომაზე და ზამთარში დეპრესიის მიზეზად შესაძლოა იქცეს მზის სხივების ნაკლებობა. ამ დროს ირღვევა ორგანიზმის ცირკადული რიტმი – ე.წ. შინაგანი საათი. მცირდება სეროტონინის გამოყოფა (სეროტონინი ჰორმონია, რომელიც განწყობაზე მოქმედებს). ირღვევა ძილის რეჟიმსა და განწყობაზე პასუხისმგებელი მეორე ჰორმონის, მელატონინის, ბალანსიც. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინისა და სეროტონინის დონეებს შორისაც არის კავშირი. ვინაიდან D ვიტამინი მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება ორგანიზმში, სეზონური აფექტური დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ზამთარში მზის სინათლის ნაკლებობით და D ვიტამინის დეფიციტითაც შეიძლება აიხსნას.
დიაგნოზი
სეზონური აფექტური დაავადების დიაგნოსტიკისთვის აზუსტებენ სიმპტომების აღმოცენების დროს, აფასებენ მათ სიმძიმეს და ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენას, ითვალისწინებენ ძილისა და კვების რეჟიმის, აზროვნებისა და ქცევის ცვლილებებს, არკვევენ, ხომ არ ჰყავს პაციენტს დეპრესიის ან ბიპოლარული დაავადების მქონე ახლო ნათესავი, ემთხვევა თუ არა სიმპტომების აღმოცენება და გაქრობა წლის განსაზღვრულ პერიოდს. ვინაიდან დეპრესიის სხვა ტიპებსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, სეზონური დეპრესიის დიაგნოსტიკას შესაძლოა გარკვეული ხანი დასჭირდეს. ზოგჯერ სხვა მდგომარეობების გამოსარიცხავად ინიშნება სისხლის ანალიზიც.
შესაძლოა, ადამიანი განიცდიდეს სეზონთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური გამღიზიანებლების გავლენას, მაგრამ ექიმმა სეზონური აფექტური დაავადების დიაგნოზი არ დასვას. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც სეზონური სამუშაო აქვთ და ზამთრობით ისვენებენ, ამ პერიოდში დეპრესიის ზოგიერთი სიმპტომი აღენიშნებათ.
მკურნალობა
სეზონურ აფექტურ დაავადებას მკურნალობენ ფსიქოთერაპიით, ფოტოთერაპიით და მედიკამენტებით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ პაციენტს ანამნეზში ბიპოლარული დაავადება აქვს, სინათლით თერაპიამ და ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა მდგომარეობა დაუმძიმოს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოთერაპია, კერძოდ, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც განწყობისა და ქცევის შეცვლისკენაა მიმართული, შედეგიანია სეზონური აფექტური დაავადების დროს და შესაძლოა უფრო ხანგრძლივი ეფექტიც ჰქონდეს, ვიდრე სინათლით ან ანტიდეპრესანტებით მკურნალობას. კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის კურსი მოიცავს ინდივიდუალურად შერჩეულ აზროვნებით და სუნთქვით ვარჯიშებს. ის ადამიანს ეხმარება, გააცნობიეროს და მართოს თავისი უარყოფითი შეგრძნებები, აკონტროლოს თავისი რეაქციები განსაზღვრულ პირობებში; შეუძლია, გავლენა მოახდინოს მოვლენების პიროვნებისეულ აღქმაზე, რაც დროთა განმავლობაში მის ქცევასაც შეცვლის.
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია ეხმარება მათაც, ვინც სეზონური აფექტური დაავადების მქონე ადამიანებთან ერთად ცხოვრობს.
როცა სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, ექიმი ანტიდეპრესანტებს გამოწერს. ესენი, წესისამებრ, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორებია, რომლებიც ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. გასათვალისწინებელია, რომ ანტიდეპრესანტების ეფექტის გამოვლენას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება.
ფოტოთერაპიას, იმავე სინათლით თერაპიას, 1980 წლიდან იყენებენ სეზონური აფექტური დაავადების სამკურნალოდ. მისი მიზანი დღის სინათლის დეფიციტის ანაზღაურებაა. ფოტოთერაპიის შედეგად იმატებს თავის ტვინში განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნაერთების დონე და აღდგება ორგანიზმის ცირკადული რიტმი.
ფოტოთერაპიისთვის გამოიყენება სანათი მოწყობილობა, რომლის სინათლეც ოთახის განათებაზე ოცჯერ კაშკაშაა, თუმცა ულტრაიისფერ სხივებს არ შეიცავს, ამიტომ კანსა და თვალებს არ ვნებს.
ფოტოთერაპიის სეანსის ჩატარება რეკომენდებულია ყოველდღიურად, გაღვიძებიდან მცირე ხნის შემდეგ, 30-60 წუთის გამავლობაში. საღამოს 5 საათის შემდეგ ის არ ტარდება, რათა ჩაძინებას არ შეუშალოს ხელი. სეანსის ჩატარების დროსა და ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
ფოტოთერაპიის დროს ადამიანი თვალგახელილი ზის სანათი მოწყობილობიდან 60 სმ-ზე, თუმცა სინათლის წყაროს პირდაპირ არ უყურებს. შედეგი რამდენიმე კვირაში ხდება აშკარა. გვერდითი ეფექტები იშვიათია და უმთავრესად მათთან გვხვდება, ვისაც თვალების დაავადება აქვს ან ისეთ მედიკამენტებს იღებს, რომლებიც სინათლისადმი მგრძნობელობას ზრდის (ასეთია, მაგალითად, ფსორიაზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ანტიბიოტიკები, ნეიროლეპტიკური საშუალებები). მკურნალობის დაწყებამდე მიზანშეწონილია მხედველობის შემოწმება.
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია და სინათლით თერაპია თანაბრად ეფექტურია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ფოტოთერაპია უფრო სწრაფად ამსუბუქებს ზოგიერთ სიმპტომს, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის შედეგი კი უფრო დიდხანს გასტანს.
სეზონური აფექტური დაავადების ეფექტური მართვისთვის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია გვირჩევს:
* რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ დღის სინათლეზე – სამუშაო კუთხე მოვიწყოთ ფანჯრის ახლოს, ვისეირნოთ დღის საათებში, მივდიოთ ზამთრის სპორტს, ვინაიდან მზის სხივების ნაკლებობას სეზონური აფექტური დაავადების ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრებენ.
* ვიკვებოთ ჯანსაღად – ჭარბად არ მივიღოთ კალორიები, ვერიდოთ შაქრითა და ცხიმით მდიდარ პროდუქტებს: ნამცხვრებს, კანფეტებს. უპირატესობა მივანიჭოთ სეზონურ ხილს.
* მეტი დრო გავატაროთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად – ეს შესანიშნავი საშუალებაა სოციალური დისტანცირებისგან თავის დასაღწევად.
* ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები – თუ უკვე ვიცით, რომ ზამთრის დეპრესია ყოველ წელს გვიმწვავდება, წინასწარ შევადგინოთ აქტივობათა გეგმა. ეს დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.
მარიამ რამაზაშვილი