მთებში ჩაკარგული მშვენიერება
გააზიარე:
აქ ხის კენწეროები ყველაზე ახლოს არიან ცასთან, თქვენ კი ნეტარებასა და ნირვანასთან იქნებით ყველაზე ახლოს.
ბახმარო საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. ის ჩოხატაურის რაიონში, ზღვის დონიდან 1810-2022 მ სიმაღლეზე, მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობებზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს. ბათუმიდან 112 კმ-ით არის დაშორებული, ქუთაისიდან – 110 კმ-ით, ხოლო ჩოხატაურის ცენტრიდან – 40 კმ-ით.
მთის ფერდობებზე სოჭისა და ფიჭვის ტყეები ხარობს, რომლებიც თანდათან სუბალპური ზონის მდელოებში გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან ბახმარომდე ექვსი საათის სავალია, დარწმუნებული ვარ, ამ ადგილით სამუდამოდ მოიხიბლებით. თუ ზაფხულს აქ გაატარებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ავადმყოფობა მთელი წელი არ შეგეყრებათ. ბახმაროს უნიკალური კლიმატი საუკეთესოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გასაკაჟებლად.
ცოტა რამ ისტორიიდან
საინტერესოა კურორტის სამკურნალო თვისებების აღმოჩენის ისტორია. XIX საუკუნის ბოლომდე ბახმარო საძოვრებით ყოფილა განთქმული. სწორედ მწყემსებმა აღმოაჩინეს აქაური ჰავის უნიკალური სამკურნალო თვისებები – 1884 წელს ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებული ვინმე ქარცივაძე ბახმაროს საძოვრებზე წაჰყოლია მათ და ორი თვის შემდეგ შინ პრაქტიკულად ჯანმრთელი დაბრუნებულა. ჭლექიანის მოულოდნელმა განკურნებამ კურორტს სწრაფად გაუთქვა სახელი. მიუხედავად უგზობისა და მოუწესრიგებელი ყოფითი პირობებისა, უამრავმა ხალხმა მიაშურა ბახმაროს. კურორტის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა 1904 წელს დაარსებულმა ორგანიზაცია “ჯანმრთელობამ”. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ იმ დროის ცნობილი მედიცინის მუშაკები: ა. ინგოროყვა, ვლ. ჟღენტი, ს. შონია, ვლ. ცეცხლაძე, ა. ვადაჭკორია, ვ. ოთხმეზური, ი. მოსეშვილი, ვ. შარაშიძე. მათი ინიციატივით ბახმაროში გაიყვანეს წყალსადენი, ააშენეს 250 პატარა ხის სახლი, თეატრი, გაიყვანეს გზა ჩოხატაურიდან ნაბეღლავის გავლით. უკვე საბჭოთა ხელიუფლების დამყარების შემდეგ, 1922 წელს, ბახმაროს მიენიჭა რესპუბლიკური კუროტრის სტატუსი, გაიხსნა პოლიკლინიკა და მეტეოსადგური, 1932 წელს – დასასვენებლი სახლიც. 1946 წელს გაიყვანეს ნაბეღლავი-ბახმაროს ახალი საავტომობილო გზა, რომელიც კურორტს რკინიგზის სადგურთან აკავშირებდა. ამან დამსვენებელთა მატებას შეუწყო ხელი. იმავე პერიოდში ჩატარებულმა მრავალმხრივმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბახმაროს კლიმატურ პირობებში მკურნალობა დიდ თერაპიულ ეფექტს იძლეოდა ტუბერკულოზის სხვადასხვა (ფილტვის, ძვალ-სახსართა, ჯირკვლოვანი, პლევრალური) ფორმის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, მეორეული ანემიების, ნევრასთენიის მკურნალობის დროს. საინტერესოა, რა განაპირობებს ბახმაროს უნიკალურობას და რომელი დაავადებების დროს არის სასარგებლო აქ მკურნალობა. ტრადიციისამებრ, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ექიმ კურორტოლოგს მივმართეთ. ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარია თბილისის ბალენოლოგიური კურორტის “თბილისი სპას” საქართველოს ფიზიოთერაპიის კურორტოლოგიის რეაბილიტაციიისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში მანანა ტაბიძე:
– ბახმარო მართლაც უნიკალური კურორტია და ამას მისი მდებარეობა განაპირობებს. დასავლეთით კურორტი ღიაა, რის წყალობითაც ხეობაში იჭრება ზღვის თბილი ქარი – ბრიზი, ეს კი, თავის მხრივ, რბილი შუა მთის მაღლივი სარტყლის ჰავის ფორმირებას უზრუნველყოფს. მთა-ველის ქარების სიჭარბე (საშუალო სიჩქარე – 2-3მ`წმ) კურორტის კარგ განიავებას უწყობს ხელს, ამიტომ ჰაერი აქ მუდამ სუფთა და გამჭირვალეა. ეს ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს, რაც მთლიანობაში ბახმაროს კლიმატის განსაკუთრებულობას განაპირობებს. ზამთარი აქ ზომიერად რბილია (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5.5 0ჩ), თოვლის საფარი ძალიან მაღალია (ზოგჯერ 4-5 მეტრსაც აღწევს) და 6 თვემდე რჩება. ზაფხული ზომიერად გრილი და მშრალია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +13.4), ნალექის რაოდენობა წელიწადში 1600 მმ-ს აღწევს, წლიური საშუალო ტენიანობა 73%-ია, მზის ნათება – წელიწადში 2000 საათი. საკურორტო სეზონი სხვა კურორტებთან შედარებით ხანმოკლეა – ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუამდე გრძელდება. სექტემბრის ბოლოს შესაძლოა თოვლიც კი მოვიდეს.
– როგორ მოქმედებს ბახმაროს ჰავა ადამიანის ორგანიზმზე და რომელი დაავადებების დროს არის ნაჩვენები აქ დასვენება?
– როგორც აღვნიშნეთ, ბახმარო მაღალმთიანი კურორტია. რაც უფრო მაღალია მთა, მით დაბალია ბარომეტრიული წნევა. დაბალი პარციალური წნევა აღიზიანებს ძვლის ტვინს, სისხლმბად ორგანოს, რის შედეგადაც მისი სისხლწარმომქმნელი ფუნქცია ძლიერდება. ამის კვალობაზე, ბახმაროში დასვენება მათთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო, ვისაც ამა თუ იმ წარმოშობის, მეტადრე – რკინადეფიციტური ანემია აქვს. ამასთანავე, მთის კლიმატი მატრენირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, მობილიზებას უწევს და აძლიერებს მის სარეზერვო ძალებს, რაც გაკაჟების, იმუნიტეტის გაძლიერების საწინდარია, ამიტომ ბახმაროში დასვენებას ვურჩევ მათ, ვინც ხშირად ავადმყოფობს. მთის კლიმატის ზემოქმედებით ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა, ვითარდება სასუნთქი კუნთები, ფართოვდება გულმკერდი, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა. ამის კალობაზე, ბახმაროში მკურნალობის ძირითადი ჩვენებებია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, (ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი), რკინადეფიციტური ანემია, ქრონიკული გულის იშემური დაავადებების I ფუნქციური კლასის დაძაბვის სტენოკარდია, მიოკარდიოდისტროფიები, ესენციური ჰიპერტენზიის I სტადია, ნევროზი.
უთუოდ უნდა ითქვას, რომ კურორტის ეფექტურობას განაპირობებს არა მხოლოდ უნიკალური კლიმატი, არამედ მთის ლანდშაფტის დამამშვიდებელი გავლენაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროზის, ნევრასთენიის დროს.
ბახმაროს განსაკუთრებით ეტანებიან გურიისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი. შავი ზღვის სიახლოვის გამო ამ რეგიონში ნალექი საკმაოდ უხვია, ჰავა – ნესტიანი, ბახმაროში კი მშრალი ჰავაა, ნალექების რაოდენობა აქ მცირეა, თანაც უმთავრესად (1600 მმ) თოვლის წილად მოდის. ამიტომაც ბახმარო დღემდე გურულების საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
– რა ასაკიდან გვირჩევთ ბახმაროში ბავშვების წაყვანას და როდის არის უკუნაჩვენები აქ მკურნალობა?
– ცხადია, თოთო ბავშვს ასე შორს დასასვენებლად ვერ წაიყვანთ, 2-3 წლიდან კი უკვე შეიძლება წაყვანა. ორსულები ბახმაროში დასვენებას, უმჯობესია, ერიდონ, რადგან მაღალი მთა მაინც ტვირთავს ორგანიზმს. გარდა ამისა, ბახმაროში წასვლამდე უნდა შეფასდეს გული, მისი ფუნქციური მდგომარეობა. გულ-ფილტვის უკმარისობის თუნდაც მეორე სტადია მაღალმთიან კურორტზე დასვენების უკუჩვენებაა. ცხადია, დასვენება არ შეიძლება ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც საზოგადოდ კურორტოთერაპიის უკუჩვენებას წარმოადგენს. მათზე წინა ნომრებში ბევრი გვისაუბრია.
– რთული შესაგუებელია თუ არა ასეთი მაღალი მთა? აკლიმატიზაცია როგორ მიმდინარეობს?
– გზა თანდათანობით ადის მთაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარად ორგანიზმი ნელ-ნელა ეგუება განსხვავებულ პირობებს. ცხადია, პირველი ორი დღე შესაძლოა გაჭირდეს, მოუსვენრობამ, სისუსტემ, აღგზნებამ იჩინოს თავი. ამ პერიოდში უმჯობესია მეტი დაისვენოთ, არ დაიტვირთოთ. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ბახმაროში დასვენებას აპირებთ, სულ ცოტა, სამი კვირა მაინც უნდა გამონახოთ. ამაზე მოკლე ხანში მთის კლიმატი სათანადო ეფექტს ვერ მოახდენს. აქ ძლიერია ულტრაიისფერი გამოსხივება, ამიტომ უნდა ერიდოთ მზეზე დიდხანს ყოფნას.
***
თბილისიდან ბახმაროსკენ მიკროავტობუსები ყოველდღე დადის. მგზავრობისთვის 15 ლარის გადახდა მოგიწევთ. ისიც შეიძლება, ტრანსპორტს ჩოხატაურამდე გაჰყვეთ, იქიდან კი ტაქსი დანიშნულების ადგილამდე ოც წუთში მიგიყვანთ. ღამის გასათევის პოვნა აქ არცთუ ისე ძნელია. კოტეჯს ერთი ღამით 50 ლარად დაიქირავებთ, სასტუმროში ღამისთევის საფასური კი 35 ლარიდან იწყება. კოტეჯში სადილ-ვახშამზე ზრუნვა თავად მოგიწევთ, სასტუმროში კი სამჯერად კვებას შემოგთავაზებენ. თუ მარტო ყოფნა არ გსურთ, კერძო სახლშიც შეიძლება ოთახის დაქირავება, მასპინძლები არ მოგაწყენენ.
რით შეიძლება შეიქციოთ თავი ბახმაროში?
დილით მზის ამოსვლას შეეგებეთ. გაისეირნეთ ბუნებაში მეგობრებთან ერთად, მოაწყვეთ პიკნიკი, დაკრიფეთ სოკო და ნაკვერჩხალზე ააშიშხინეთ, იბანავეთ მდინარეში, გამართეთ სპორტული შეჯიბრება ახალაშენებულ სტადიონზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბახმაროს რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. კურორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად ბახმარო არქიტექტორთა და გეოლოგთა ჯგუფმა მოინახულა. ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა სასტუმროც, რომელსაც საკუთარი კინოთეატრი აქვს.
თუ თქვენი პატარა დაბადების დღეს ბახმაროში აღნიშნავს, შეგიძლიათ მიმართოთ საბავშვო სადღესასწაულო ცენტრს, სადაც მულტფილმების პერსონაჟები სადღესასწაულო ტორტით გაგიმასპინძლდებიან.
***
ბახმაროში ახალ წელს, კალანდას, ჩიჩილაკით, სადღესასწაულო სუფრითა და ხონჩით ეგებებიან. ხონჩაზე საახალწლო ნუგბარი – ჩურჩხელები, გოზინაყი, ტკბილეული და ტკბილი კვერები – აწყვია. ახალი წლის დადგომისთანავე ოჯახის უფროსი ხონჩაზე სანთელს ანთებს, ხონჩით ხელში სახლს გარს შემოუვლის და უფლის სადიდებელ ლოცვას აღავლენს, მერე სუფრასთან ბრუნდება და ლხინიც იწყება.
კალანდასთან ერთად ბახმაროში გამორჩეულად ზეიმობენ ფერისცვალებას. ამ დღეს აქ დოღი იმართება. ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რაიონებიდან ჩასული ათეულობით მხედარი მონაწილეობს. ცხენს თუ იშოვით, დოღში ჩაბმაზე არც თქვენ გეტყვიან უარს. გამარჯვებულებს შესანიშნავი პრიზები ერგებათ.
გაბედავთ?