შუათანა შვილის სინდრომი
გააზიარე:
გაგიგონიათ ტერმინი “შუათანა შვილის სინდრომი”? მის მიღმა საინტერესო თეორია იმალება, რომლის თანახმადაც, შუათანა შვილები ძირითადად გარიყულები და უგულებელყოფილები არიან, მუდამ და-ძმების ჩრდილში არიან მოქცეულები და ამის მიზეზი დაბადების რიგითობაა. ის, რომ ბავშვი არც პირველია და არც ნაბოლარა, თავისთავად განაპირობებს მის ხასიათს და პიროვნულ თვისებებს.
შეესაბამება თუ არა რეალობას შუათანა შვილის სინდრომის ცნება? რა პრობლემებს ეჯახებიან შუათანა შვილები და რას გვეუბნება მეცნიერება ამის შესახებ?
არსებობს თუ არა?
1964 წელს ფსიქოთერაპევტმა ალფრედ ადლერმა ჩამოაყალიბა თეორია იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს დაბადების რიგითობა პიროვნების განვითარებაზე. ადლერი ამტკიცებს, რომ ერთსა და იმავე ოჯახში დაბადებული ბავშვების ფსიქოლოგია დიდწილად მათი დაბადების რიგითობაზეა დამოკიდებული.
მაგალითად:
* უფროსი შვილი მეტად ავტორიტეტულია და თავს ყოვლისშემძლედ მიიჩნევს, იმ დიდი მოლოდინის გამო, რაც მშობლებს აქვთ მის მიმართ.
* ნაბოლარა განებივრებული ბავშვივით იქცევა, იმიტომ, რომ მშობლები მას ძირითადად სწორედ ასე აღიქვამენ და ექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა კარგა ხანია აღარ იყოს ბავშვი.
* შუათანა შვილი გაწონასწორებულია, მაგრამ ხშირად აქვს ადამიანებთან შეწყობის პრობლემა, რადგან მუდმივად უფროსსა და უმცროსს შორისაა მოქცეული და საკუთარ განსაკუთრებულობას თითქოს კარგავს.
ადლერის ამ თეორიამ გზა გაუკვალა მეცნიერებს, რათა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ დაბადების რიგითობის გავლენა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე. დღესდღეობით ეს თეორია სადავოდ მიიჩნევა, თუმცა ფსიქოლოგები იმაზეც თანხმდებიან, რომ სწორი აღზრდით მშობელს ყოველთვის შეუძლია, შეუქმნას შვილს ისეთი გარემო, სადაც მის ჯანსაღ პიროვნულ განვითარებას საფრთხე არ დაემუქრება.
მაინც როგორები არიან შუათანა შვილები?
ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, უნიკალურია, მაგრამ კვლევებმა მაინც გამოავლინა ის ზოგადი თავისებურებები, რომლებიც შუათანა ბავშვებს აერთიანებს.
პიროვნული თვისებები
შუათანა შვილებს ხშირად აქვთ თვითშეფასების პრობლემა, რადგან გამუდმებით უფროსისა და უმცროსის ჩრდილქვეშ გრძნობენ თავს. უფროსი პირველი შვილია, შესაბამისად, პირველობა ახასიათებს, უმცროსი ნაბოლარაა და ბევრი რამ ეპატიება, ხოლო შუათანა სადღაც მათ შუაში რჩება გამოკერებული.
ურთიერთობები
ხშირად მშობლები – გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც – უფროს შვილს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ და დიდ იმედებს ამყარებენ მასზე, ნაბოლარას ბავშვად აღიქვამენ და ცდილობენ, ყველა სურვილი აუსრულონ, ხოლო შუათანა თითქოს ყოველგვარ განსაკუთრებულებას მოკლებულია.
მართალია, შუათანა შვილები ადვილად ეჩვევიან დამოუკიდებლობას, მაგრამ ზოგჯერ უჭირთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, რადგან მიიჩნევენ, რომ არცთუ ისე საინტერესონი არიან.
მეტოქეობა
ხშირად შუათანა შვილი გრძნობს მოთხოვნილებას, მეტოქეობა გაუწიოს უფროს და უმცროს და-ძმებს, რათა მშობლების ყურადღება დაიმსახუროს, დაამტკიცოს, რომ ისიც განსაკუთრებულია. მას უჭირს შეეგუოს, რომ როდესაც ერთი უფროსია, მეორე კი – უმცროსი, ის უბრალოდ შუათანაა. მუდმივად დაუკმაყოფილებლობის განცდა აქვს და ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ არავინ არაფრითაა მასზე მეტი.
შუათანა შვილები, ვინაიდან გამუდმებით შუაში არიან მოქცეულები, ხშირად გამშველებლების როლშიც გვევლინებიან და გაწონასწორებული ხასიათი უყალიბდებათ.
ვინ არის ფავორიტი
შუათანა შვილებს იშვიათად აქვთ განცდა, რომ მშობლების ფავორიტები არიან, მაშინ როდესაც უფროსმა შვილმა იცის, რომ პირველი შვილია, პირველი სიხარული და, შესაბამისად, განსაკუთრებულად უყვართ, ნაბოლარამ კი იცის, რომ ნაბოლარაა, რომ ყველა ყოველთვის ბავშვად აღიქვამს და, შესაბამისად, ყოველთვის ექნება უპირატესობა და-ძმებთან შედარებით.
რა ხდება, როდესაც ბავშვი იზრდება?
მიიჩნევა, რომ შუათანა შვილის სინდრომის ეფექტი ზოგს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება. სწორედ ბავშვობაში ჩამოყალიბებული პიროვნული თვისებები განაპირობებს მათ ურთიერთობათა ხასიათს და სოციუმში მათი ადაპტაციის პროცესს.
თუ შუათანას ბავშვობაში ხშირად უწევდა და-ძმის გაშველება, შესაძლოა, სამსახურშიც და მეგობრების წრეშიც იგივე როლი მოირგოს. შესაძლოა, საკუთარი თავის გამუდმებით სხვებთან შედარების ჩვევა ჩამოუყალიბდეს, რადგან ბავშვობაში და-ძმას ედრებოდა და ცდილობდა, თავისი განსაკუთრებულობა დაემტკიცებინა, მაშინ როდესაც სხვებს ამის მტკიცება არ სჭირდებოდათ. შესაძლოა, საკუთარი თავი საკმარისად კარგად არ მიაჩნდეს საიმისოდ, რომ ვინმეს საუკეთესო მეგობრის სტატუსზე ჰქონდეს პრეტენზია, ან ვერასოდეს დაიჯეროს, რომ საკმარისად საინტერესოა პარტნიორისთვის. საკუთარ თავზე მსგავსი წარმოდგენა ადამიანს სოციალურ ცხოვრებაში არცთუ უმნიშვნელო პრობლემებს უქმნის.
რას გვეუბნება მეცნიერება
მეცნიერებმა შეისწავლეს დაბადების რიგითობის როლი ისეთი ფსიქოლოგიური დარღვევების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OჩD), დეპრესია, შიზოფრენია, აუტიზმი და ანორექსია. კვლევებმა აჩვენა, რომ დაბადების რიგითობა და შუათანა შვილის სინდრომი საკმაოდ საყურადღებო ფაქტორებია.
ყველაზე სანდო თეორიის თანახმად, შუათანა შვილებს მშობლებთან ოდნავ უფრო დისტანციური დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე მათ და-ძმებს. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შუათანა შვილებს უფროსებსა და უმცროსებზე მეტად გაუჭირდათ მშობლებთან სქესობრივ განათლებაზე საუბარი.
კვლევაში 15 000 ადამიანი მონაწილეობდა. ბიჭებსა და გოგოებთან მიღებული მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ბავშვების უმეტესობა 14 წლისა იყო. ნაბოლარა გოგოების 30-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ დაუბრკოლებლად ესაუბრებოდნენ მშობლებს სქესობრივ განათლებაზე, ხოლო შუათანა გოგონების 29 პროცენტისთვის ეს პროცესი არაკომფორტული აღმოჩნდა. შუათანა ბიჭების მხოლოდ 18-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მშობლებს ამ საკითხებზე თამამად ესაუბრებოდნენ, ხოლო ნაბოლარა ბიჭების 21 პროცენტზე მეტისთვის ეს პროცესი ძალიან მარტივი იყო.
1998 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შუათანა შვილები იშვიათად არიან და-ძმებს შორის დედასთან ყველაზე ახლოს. ამავე კვლევის შედეგად გაირკვა, რომ უსიამოვნებების შემთხვევაში დახმარებისთვის მშობლებს ყველაზე იშვიათად შუათანა შვილები მიმართავენ – ისინი, უწინარეს ყოვლისა, დამოუკიდებლად ან მეგობრების დახმარებით ცდილობენ პრობლემებისგან თავის დახსნას.
2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც 320 სტუდენტი გამოკითხეს გაირკვა, რომ მათ შორის, ვინც უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას არ აპირებდა, პროცენტულად ყველაზე მეტი შუათანა იყო.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ შუათანა შვილები ყველაზე მეტად ილტვოდნენ პერფექციონიზმისკენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ყველაფრის გეგმის მიხედვით შესრულებას.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი
* იყავით მომთმენი. მშობლისთვის ყველა შვილი განსაკუთრებულია, მაგრამ თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შუათანა სხვაგვარად ფიქრობს, ყველანაირად ეცადეთ, საპირისპიროში დაარწმუნოთ. უფრო მეტად აგრძნობინეთ სიყვარული. თუ მაშინვე არ შეიცვალა აზრი, აცადეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ, მაგრამ არც ცდა დააკლოთ და საბოლოოდ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
* გამონახეთ დრო მხოლოდ მისთვის. სამი და მეტი შვილის დედას ხშირად უჭირს, ცალ-ცალკე დაუთმოს დრო თითოეულ ბავშვს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მათთვის ეს აუცილებელია, განსაკუთრებით კი შუათანასთვის. თუ ატყობთ, რომ ეჭვობს, თითქოს დანარჩენებივით არ გიყვართ ან ეჩვენება, რომ მისი და-ძმები მასზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები, მეუღლე, მეგობრები და რამენაირად მოახერხეთ, თუნდაც მცირედი დრო მხოლოდ მას დაუთმოთ. ერთად წადით მაღაზიაში, წაუკითხეთ ზღაპარი ძილის წინ მხოლოდ მას ან უბრალოდ ერთად გაისეირნეთ სკვერში. ესაუბრეთ მხოლოდ მის პრობლემებსა თუ სიხარულზე, აგრძნობინეთ, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნებით, როცა დასჭირდება.
* ნურც თავად გამოარჩევთ რომელიმე შვილს და ახლობლებსაც სთხოვეთ, არ გამოარჩიონ ბავშვები, მით უმეტეს, დანარჩენების თანდასწრებით. შეიკავეთ თავი ისეთი გამოთქმებისგან, როგორიცაა “პირველი შვილი ხარ და ამიტომ ყველაფერში პირველი უნდა იყო” ან “პატარაა და ეპატიება”. შესაძლოა, ეს დასაშვები იყოს მანამდე, სანამ ბავშვი მართლა ისეთი პატარაა, რომ ყველაფერი ეპატიება, მაგრამ მოზრდილ ასაკში ეს არათუ მის და-ძმებს, თავად მასაც არ მოუტანს სიკეთეს.
* წაახალისეთ. იმისთვის, რომ თვითშეფასება აუმაღლდეს, აუცილებლად წაახალისეთ ბავშვი კარგი საქციელისთვის და მიეცით მეტი სტიმული, აკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის. ასე ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდება და მომავალშიც მეტი თავდაჯერებით შეხვდება ახალ გამოწვევებს.
კვლევების შედეგად ფსიქოლოგებმა დაასკვნეს ისიც, რომ მრავალშვილიან ოჯახებში, ანუ ისეთ ოჯახებში, სადაც სამზე მეტი და-ძმაა, ბავშვებს იშვიათად აქვთ შუათანა შვილის სინდრომი. ეს იმის დამსახურებაა, რომ ბავშვი მარტო არ არის ამ მდგომარეობაში, არ არის ერთადერთი “მეორე” ოჯახში. ასეთ ოჯახებში ბავშვები ხშირად ინაწილებენ როლებს და თითოეულ მათგანს თავისი როლი განსაკუთრებულად მიაჩნია, სჯერა, რომ ოჯახის ფუნქციობაში თავისი უნიკალური წვლილი შეაქვს.
გარდა ამისა, ასეთ ოჯახში ბავშვს აქვს არჩევანი: თუ ერთ დედმამიშვილთან არ გამოსდის ურთიერთობა, აუცილებლად იპოვის ისეთს, ვინც მის აზრს გაიზიარებს, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს და ნაკლებად დაისტრესება.
მეორე მხრივ, ასეთ ოჯახებში მშობლები უფრო იშვიათად ახერხებენ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად დროის გატარებას, რადგან ამისთვის ხშირად უბრალოდ ვერ იცლიან, ამიტომ ბავშვები უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს და ასე ინაზღაურებენ მშობლების დანაკლისს, რაც საწინდარია იმისა, რომ ზრდასრულ ასაკში ისინი კარგი მეგობი იქნებიან.
მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია დაბადების რიგითობას ბავშვის ფსიქიკასა და პიროვნულ განვითარებაზე; ვერც იმაზე, რომ, თუ არსებობს, რამდენ ხანს გასტანს შუათანა შვილის ეფექტი და როგორ გამოვლინდება ის ადამიანის ზრდასრულ ცხოვრებაში, მაგრამ ნამდვილად არ არსებობს ორი აზრი იმის შესახებ, რომ ყველაზე მეტად მშობლებსა და მათ მიერ შექმნილ გარემოზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მათი შვილი, არ აქვს მნიშვნელობა, უფროსი იქნება ის, უმცროსი თუ შუათანა.
ლია ქათამაძე