ექტოპიური ორსულობა: ნაყოფი საშვილოსნოს გარეთ

გააზიარე:

ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებით იწყება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი,  ჩვეულებრივ, ენდომეტრიუმში, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვან გარსში, ინერგება და ზრდას იწყებს.

თუმცა არსებობს საშვილოსნოსგარე ორსულობაც: განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ინერგება და იზრდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ – კვერცხსავალ მილში, საკვერცხეზე, მუცლის ღრუში... ასეთ ორსულობათა წილი 1-2%-ია.

საშვილოსნოსგარე, იგივე ექტოპიური ორსულობა ნორმალურად არ მიმდინარეობს, ვინაიდან ნაყოფის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო მხოლოდ საშვილოსნოს ღრუშია, სხვაგან ის ვერ გადარჩება. მკურნალობის გარეშე კი მზარდმა ქსოვილმა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს.

ადგილი

საშვილოსნოსგარე ორსულობა ასიდან ოთხმოცზე მეტ შემთხვევაში საშვილოსნოს მილში ვითარდება, დანარჩენ შემთხვევებში – საშვილოსნოს ყელზე, კვერცხსავალი მილის ინტერსტიციულ ნაწილში (ფალოპის მილის საშვილოსნოსთან შეერთების ადგილას), საკეისრო კვეთის შემდეგ დარჩენილ ნაწიბურში, საშვილოსნოს კუნთოვან შრეში, საკვერცხეზე ან მუცლის ღრუში.

საშვილოსნოს ყელის ექტოპიური ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგიაა. ის შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა საშვილოსნოს დაკარგვამდეც მიგვიყვანოს. საბედნიეროდ, მის წილად ექტოპიურ ორსულობათა მხოლოდ 1% მოდის.

ცალკე გამოყოფენ ჰეტეროტოპიულ ორსულობას: ამ დროს სხეულში ორი განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, რომელთაგან ერთი საშვილოსნოს ღრუში, ჩვეულ ადგილას ვითარდება, ხოლო მეორე – საშვილოსნოს ღრუს გარეთ, ექტოპიურად.

რისკის ფაქტორები

საშვილოსნოსგარე ორსულობის მთავარი მიზეზი ფალოპის მილის ნორმალური ანატომიის დარღვევაა, რაშიც, თავის მხრივ, შესაძლოა ბრალი მიუძღვოდეს ინფექციას,  ქირურგიულ ჩარევას, თანდაყოლილ ანომალიას, სიმსივნეს.

სასქესო სისტემის ანატომიურ ცვლილებებს ზოგჯერ თან ახლავს მისი ფუნქციის დაქვეითებაც, რაც საშვილოსნოსა და კვერცხსავალი მილების ლორწოვანი გარსების ანთებით აიხსნება.

რისკი უფრო მეტად ემუქრებათ იმ ქალებს, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობა ან ქირურგიული ჩარევა ფალოპის მილებზე.

რისკის ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს წევაც. საქმე ის არის, რომ მწეველ ქალებს დაქვეითებული აქვთ ფალოპის მილის კუნთოვანი შრის კუმშვითი აქტივობა, ამიტომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დროულად ვეღარ გადადის საშვილოსნოს ღრუში და არასწორ ადგილას (მაგალითად, ფალოპის მილში) ინერგება.

რისკის კიდევ ერთი ფაქტორია ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება, რის გამოც შარდსასქესო სისტემა ანთებითი დაავადებისადმი უფრო მეტად განწყობილი ხდება.

ჰეტეროტოპიული ორსულობის მაღალი რისკი აქვთ ქალებს, რომლებიც რეპროდუქციულ ტექნიკებს: ოვულაციის სტიმულაციას, ხელოვნურ განაყოფიერებას, – მიმართავენ. მათთვის დამატებითი რისკფაქტორებია მრავლობითი ოვულაცია, კვერცხსავალი მილის ფუნქციური ან ანატომიური დაზიანება, საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის გადატანისას გამოყენებული ტექნიკა, ენდომეტრიუმის სიმწიფე, ანთების არსებობა-არარსებობა, ემბრიონის გამოთავისუფლების დისტანცია, საშვილოსნოს ღერძის ორიენტაცია და სხვა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასაკთან ერთად იმატებს საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკიც, ვინაიდან რაც უფრო ემატება ასაკი ქალს, მით უფრო მეტი რისკფაქტორის ზემოქმედებას განიცდის.

სიმპტომები

საშვილოსნოსგარე ორსულობის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა ვაგინალური სისხლდენა და მუცლის ტკივილი პირველ ტრიმესტრში, თუმცა არც პროცესის უსიმპტომო მიმდინარეობაა გამორიცხული.

საშვილოსნოსგარე ორსულობის კლინიკური ნიშნები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბოლო ნორმალური მენსტრუაციიდან 6-8 კვირის შემდეგ, მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ორსულობა კვერცხსავალი მილის გარეთ ვითარდება, სიმპტომებმა შესაძლოა დაიგვიანოს. ვინაიდან ფალოპის მილი სასქესო სისტემის ყველაზე ვიწრო ნაწილია, ყველაზე დიდია ემბრიონის ზრდასთან ერთად მისი დაზიანების რისკიც, ამიტომ ფალოპის მილის ექტოპიური ორსულობის დროს პათოლოგიური სიმპტომები ყველაზე ადრე ჩნდება. ზოგჯერ – თვით ორსულობის ნიშნებზე ადრეც კი.

ორსულობის თანმხლები დისკომფორტი (მაგალითად, მკერდის მგრძნობელობის მომატება, ხშირი შარდვა, გულისრევა) შესაძლოა წინ უძღვოდეს საშვილოსნოსგარე ორსულობასთან დაკავშირებულ ჩივილებს, თუმცა სავალდებულო არ არის, ყველაფერი ამ თანმიმდევრობით მოხდეს.

ვინაიდან ორსულობის ნიშნები ჰორმონულ ცვლილებებზეა დამოკიდებული, ექტოპიური ორსულობის დროს ისინი უფრო მსუბუქია. საქმე ის არის, რომ როცა ემბრიონის საშვილოსნოს გარეთაა, პროგესტერონი, ესტრადიოლი და ადამიანის ქორიონული გონადოტროპინიც უფრო დაბალი კონცენტრაციით გამომუშავდება, ვიდრე ნორმალური ორსულობის დროს.

დიაგნოსტიკა

საშვილოსნოსგარე ორსულობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ტარდება ორსულობის სწრაფი ტესტი, მაგრამ ვინაიდან ორსულობის ჰორმონების დონე ამ დროს დაბალია, ტესტმა შესაძლოა ცრუ  უარყოფითი პასუხი მოგვცეს, ამიტომ სისხლში ჰორმონების დონე 48 საათში ერთხელ მოწმდება.

ყველაზე მკაფიო პასუხს კი ექოსკოპიური კვლევა იძლევა, იმის მიხედვით, სად მდებარეობს ემბრიონი – საშვილოსნოს ღრუში თუ მის გარეთ.

მკურნალობა

საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა ორგვარადა შესაძლებელი – მედიკამენტურად და ქირურგიულად. არჩევანი ემბრიონის ზომაზე, სიმპტომებსა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მკურნალობის საბოლოო მიზანი კი ემბრიონის მოცილება და ქალისთვის შვილოსნობის უნარისა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.

* მედიკამენტური მკურნალობა ექიმის მიერ ინიშნება და მკაცრად კონტროლდება დინამიკაში. ის აჩერებს ემბრიონის ზრდას და იწვევს მის დაშლას. ამ დროს სისხლში რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგულარულად მოწმდება ორსულობის ჰორმონების დონე, რათა მკურნალობის ეფექტიანობაში დარწმუნდნენ.

მედიკამენტური თერაპია საკმაოდ ეფექტიანი და ქირურგიულთან შედარებით უსაფრთხოა, თუმცა თავისი ჩვენებები მასაც აქვს. თუ არ გაამართლა, ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.

* ქირურგიული ჩარევა ემბრიონის მოსაცილებლად ტარდება. მას რამდენიმე უპირატესობა აქვს. კერძოდ, უფრო სწრაფია და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ხანგრძლივ მონიტორინგს არ მოითხოვს.

ჩვენებები ქირურგიულ ჩარევასაც აქვს. ესენია:

* გადაუდებელი შემთხვევა (პაციენტის არასტაბილური მდგომარეობა, მილის მთლიანობის სავარაუდო დარღვევა, შინაგანი სისხლდენა);

* მდგომარეობა, როდესაც მედიკამენტური მკურნალობა უკუნაჩვენები ან უეფექტოა;

* ჰეტეროტროპიული ორსულობა (ამ დროს ოპერაცია ტარდება ექტოპიურად მდებარე ემბრიონის მოსაცილებლად);

* ქალის სურვილი.

მილის ორსულობის სამკურნალოდ ორგვარი ქირურგიული მიდგომაა მიღებული: სალპინგექტომია (საშვილოსნოს მილის ამოკვეთა) და სალპინგოსტომია (მილის გაკვეთა ემბრიონის მოსაცილებლად, მერე კი მისი მთლიანობის აღდგენა). ამ დროს არსებობს პლაცენტის ქსოვილის სხეულში ჩარჩენის და შედეგად ტროფობლასტური დაავადების განვითარების საფრთხე. იმატებს განმეორებითი საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობაც.

ოპერაცია ღია წესითაც შეიძლება ჩატარდეს და ლაპაროსკოპიულადაც.

პერსისტირებადი საშვილოსნოსგარე ორსულობა

პერსისტირებადი საშვილოსნოსგარე ორსულობა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც, მიუხედავად მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობისა, ემბრიონული ან პლაცენტური ქსოვილი ქალის ორგანიზმში არსებობას და გამრავლებას განაგრძობს.

პერსისტირებადი ექტოპიური ორსულობის რისკი ქირურგიული ჩარევის ტექნიკაზეა დამოკიდებული. მილის ამოკვეთის შემთხვევაში ის შედარებით დაბალია, რადგან არასასურველი ქსოვილები ამ დროს სხეულში ფაქტობრივად აღარ რჩება.

პრევენცია

განაყოფიერებული კვერცხუჯრედის სწორ ადგილას ჩანერგვას საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება უშლის ხელს, ეს უკანასკნელი კი უმეტესად განპირობებულია ინფექციური პროცესებით, რომლებიც ხშირად საშვილოსნოს მილების ანატომიურ და ფუნქციურ ცვლილებებს იწვევს. ეს ცვლილებები, წესისამებრ, ორმხრივია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობას ზოგჯერ მეორეც მოჰყვება, ზოგჯერ კი საქმე უნაყოფობამდეც მიდის.

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოსგარე ორსულობის პრევენცია?

უმეტესად – არა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სასქესო სისტემის ინფექციის ფონზე საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობა იმატებს. ინფექციური პროცესი კი ფარულიც შეიძლება იყოს და მანიფესტირებულიც (ანუ აშკარად გამოხატული).

პროგნოზი

საშვილოსნოსგარე ორსულობის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ თითქმის ყველა ორსულობა ბუნებრივი გზით დგება პროცედურის შემდგომი 18 თვის განმავლობაში. თუ ბუნებრივი გზით დაორსულებას რამე უშლის ხელს, ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ.

თუ პირველ 12-18 თვეში ქალი არ დაორსულდა, სასურველია, დამატებითი კვლევები ჩატარდეს.

რაც შეეხება ოპტიმალურ ინტერვალს მკურნალობიდან ჩასახვამდე, ამის თაობაზე კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს. ზოგი ექიმი ურჩევს პაციენტს, მომდევნო მენსტრუალური ციკლის ფაზაში დაორსულდეს, ზოგი კი ორიდან ექვს თვემდე თავის დაცვას სთავაზობს. რეკომენდაციები ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია.

იშვიათი ამბები

მედიცინის ისტორია ძალიან ცოტა შემთხვევას იცნობს, როდესაც მუცლის ღრუს ორსულობა ბავშვის დაბადებით დასრულდა. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

* 1937 წელს კლინიკას მიმართა 31 წლის ქალმა, ორი შვილის დედამ. ის მუცლის ტკივილს და საშოდან სისხლიან გამონადენს უჩიოდა. აღნიშნავდა, რომ რამდენიმე დღის წინ გონება დაკარგა და საერთოდ, მუდმივ მოთენთილობას გრძნობდა. ვინაიდან ექოსკოპია ჯერ არ არსებობდა, პაციენტს სისხლის ანალიზი ჩაუტარდა და კონსულტაცია გაეწია.

ოთხი თვის შემდეგ ქალმა ისევ მიმართა კლინიკას, რადგან მუცელი ძალიან გაეზარდა და პერიოდულად სტკიოდა. გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ მუცლის გადიდება ორსულობით იყო გამოწვეული, თუმცა მუცელი ასიმეტრიულად იყო გადიდებული, უფრო მეტად – მარცხენა მხარეს.

ორსულის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა. ექიმებმა შინაგან სისხლდენაზე მიიტანეს ეჭვი. გადაწყდა, სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. როცა მუცლის ღრუ გაკვეთეს, აღმოჩნდა, რომ ნაყოფი პირდაპირ მუცელში იყო სანაყოფე ბუშტში გახვეული, პლაცენტა კი წვრილ ნაწლავზე იყო მიხორცებული.

საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა 500-გრამიანი ცოცხალი ბიჭი, მაგრამ ვინაიდან XX საუკუნის 30-იან წლებში ასეთი პატარა ახალშობილების მოვლისთვის შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა, მალევე დაიღუპა. დედა, საბედნიეროდ, გადარჩა და გამოჯანმრთელდა.

* ასეთივე ამბავი  გადახდა 2009 წელს 22 წლის ქალს, რომლისთვისაც ეს ორსულობა პირველი და თანაც დაუგეგმავი იყო. როცა ნაყოფმა მოძრაობა დაიწყო, დედა ტკივილებმა შეაწუხა და პირველად სწორედ მაშინ მიმართა ექიმს – უკვე 28 კვირის ვადაზე. ვინაიდან ქალიც და ბავშვიც ჯანმრთელები იყვნენ, ორსული კლინიკიდან მალევე გაწერეს. 40 კვირის ვადაზე ექოსკოპიურმა კვლევამ ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა აჩვენა. მის ამოსაყვანად ჩატარდა საკეისრო კვეთა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ნაყოფი პირდაპირ მუცლის ღრუში იწვა, ხოლო პლაცენტა ღვიძლის ახლომდებარე ქსოვილებზე იყო მიმაგრებული.

დაიბადა ცოცხალი ჯანმრთელი გოგონა, წონით – 3 კილოგრამი. დედაც და მისი პატარაც მალევე გაეწერნენ კლინიკიდან.

* 2012 წელს, ოთხწლიანი უშვილობის შემდეგ, ბრიტანელ წყვილს ჯანმრთელი გოგონა გაუჩნდა, თუმცა ნანატრ ორსულობას თავდაპირველად სიხარული არ მოუტანია: ადრეულ ვადაზე ექტოპიური ორსულობა დადასტურდა. ექიმებმა წყვილს არჩევანი შესთავაზეს: ორსულობის დასრულება ან შენარჩუნება. თუ ცოლ-ქმარი უარს იტყოდა ორსულობის დასრულებაზე, ამას შესაძლოა დედის სიცოცხლე შეეწირა. არც იმის გარანტია არსებობდა, რომ ახალშობილი ცოცხალი, დროული და ჯანმრთელი დაიბადებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, გაერისკა. 30 კვირის ვადაზე დაიბადა გოგონა, რომელიც 1400 გრამს იწონიდა. დღენაკლულობის გამო ახალშობილს სამი თვის კლინიკაში გატარება მოუხდა, თუმცა საბოლოოდ გამოჯანმრთელებული გაეწერა შინ.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: