ინტიმური მიდამოს ვარიკოზი

გააზიარე:

  ალბათ გაგიგონია ვარიკოზული ვენების შესახებ – ეს ის უსახური ლურჯი “მატლებია”, ფეხებზე რომ შემოგეხვევა და კოჭებამდე ქვედატანის ტარებას გაიძულებს... იქნებ ბებოსა და მისი მეგობრის საუბრისთვისაც მოგიკრავს ყური, ვენების გაგანიერებას საათობით რომ უჩივიან და ერთმანეთს ყურმოკრულ რჩევებს უზიარებენ. მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, მათგან სიტყვასაც ვერ გაიგონებდი ვარიკოცელეს შესახებ. არადა ვარიკოცელეც ვენების გაგანიერებაა, ოღონდ სხვა ადგილას. თუ გოგო ხარ, მშვიდად იყავი, ეს დაავადება არასოდეს დაგემართება, თუმცა სიხშირით ქვედა კიდურების ვარიკოზულ ვენებს არ ჩამოუვარდება და თუ მის შესახებ აქამდე არაფერი გსმენია, მხოლოდ იმიტომ, რომ მის საჯაროდ განხილვას არც ერთი ბიჭი არ მოინდომებს, რადგან საქმე ფეხებზე გაცილებით ინტიმურ და მგრძნობიარე ადგილს ეხება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება გახლავს.


ალბათ გაინტერესებს, რამ შეიძლება ამ ვენების გაგანიერება გამოიწვიოს. მოდი, ადამიანის ანატომია გავიხსენოთ. ისევე როგორც ყველა ორგანოდან, სათესლე ჯირკვლებიდანაც სისხლი ვენებს გამოაქვს,  იქიდან კი ორგანიზმის ეს უმნიშვნელოვანესი სითხე გულისაკენ აგრძელებს გზას. სისხლმა ქვევიდან ზევით, დედამიწის მიზიდულობის ძალის წინააღმდეგ, თავისუფლად რომ იდინოს, სათესლის ვენებს სპეციალური სარქვლები აქვს, რომლებიც სისხლის უკუდენას ხელს უშლიან. ხდება ხოლმე, რომ “ჯადოსნური” სარქვლები მწყობრიდან გამოდიან და ვენებს მარტოდმარტო ტოვებენ დედამიწის მიზიდულობის ძალის პირისპირ. ამ დროს სისხლი უკან, სათესლეში ბრუნდება და ვენების გაგანიერებას იწვევს.
ალბათ ახლა უკვე ის გაინტერესებთ, რა იწვევს სარქვლების მწყობრიდან გამოსვლას და ვის შეიძლება დაემართოს ეს.


მართალია, ვარიკოცელე ყოველ მეორე ახალგაზრდას არ ემართება, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია – 15-დან 25 წლამდე ასაკის ვაჟების ბიჭების 15%-ს აწუხებს. განსაკუთრებით ხშირია სქესობრივი მომწიფების პერიოდში, რადგან ამ დროს სათესლე სწრაფად იზრდება და მეტი სისხლი მიეწოდება. საინტერესოა. რომ ამგვარი გასაჭირი მარცხენა სათესლეს უფრო ხშირად ადგება, რადგან მას უფრო მეტი სისხლი მიეწოდება, ვიდრე მარჯვენას, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ორივე დაზარალდეს.
ხშირად, განსაკუთრებით – დაავადების საწყის სტადიებში, ახალგაზრდა არაფერს უჩივის. სიმპტომები ხშირად სიცხეში, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის ან ხანგრძლივად ფეხზე დგომის (ან ჯდომის), ასევე – სქესობრივი აქტის შემდეგ იჩენს თავს. მათი ჩამონათვალი ასეთია:
• უსიამოვნო შეგრძნება, ყრუ ტკივილი სათესლე ჯირკვლების მიდამოში;
• სამძიმის ან დაქაჩვის შეგრძნება სათესლე პარკში
• გაგანიერებული ვენები სათესლეზე, რომლებიც ხელითაც მოისინჯება (პაციენტები მას მატლს ან სპაგეტის ადარებენ ხოლმე);
• მდგომარეობის გაუმჯობესება წოლისას.


დიაგნოზი სათესლეების ულტრაბგერითი კვლევით დასტურდება.
იწვევს თუ არა ვარიკოცელე უშვილობას? ამის თაობაზე ექიმები ჯერ ვერ შეთანხმებულან. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ ვარიკოცელე ამ მხრივ სრულიად უვნებელია და შორეულ გართულებებს არ იწვევს, ამიტომ ვერც საგანგებო მკურნალობის საჭიროებას ხედავენ, ზოგიერთი კი მათ კატეგორიულად არ ეთანხმება. მათი თქმით, ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როდესაც სისხლის მიმოქცევის დარღვევა სათესლე ჯირკვალს ვნებს და სპერმის წარმოქმნის შემცირებას იწვევს. ექიმთა ეს ნაწილი მძიმე შემთხვევებში ოპერაციულ ჩარევასაც გვთავაზობს.
ვარიკოცელე იშვიათად პროგრესირებს, თუმცა ზოგჯერ ხანგაზმულ ასაკშიც იჩენს თავს სათესლეების ტკივილი, რომელიც სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება.


ვარიკოცელე, როგორც უკვე გითხარით, მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთი მას მთელი ცხოვრება ატარებს, შვილებიც ჰყავს და არც კი იცის, რომ ავად არის. ამგვარი შემთხვევები ჯანმრთელობისთვის საშიში არ გახლავთ და არც მკურნალობას მოითხოვს. თუ პაციენტს ტკივილი და სათესლის შესივება აღენიშნება, უროლოგი მას ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს დაუნიშნავს. ზოგჯერ სპეციალური საცვლის ტარებაც შვების მომგვრელია. თუ ტკივილი მუდმივია, ოპერაციულ ჩარევას ვერ ავცდებით. უროლოგი ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს ამოკვეთს და სისხლის დინებას აღადგენს. ამ ოპერაციას ვარიკოცელექტომია ჰქვია. ზოგჯერ ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენაში სპეციალურ პლასტმასის მილს დგამენ და სისხლის ნაკადს გზას უკეტავენ. ამით პრობლემაც გვარდება. რომელი მეთოდი ჯობია კონკრეტული პაციენტისთვის, უროლოგთან კონსულტაციისას გაარკვევთ. ოპერაციის შემდეგ, შესივება თავიდან რომ აიცილოთ, სათესლე ჯირკვლების სპეციალური დამცავის ტარება და ყინულის დადება მოგიწევთ. ერთხანს მცირე დისკომფორტი შეგაწუხებთ, მაგრამ რამდენიმე კვირაში გაივლის და აღარასოდეს დაბრუნდება უკან. 
ორიოდე სიტყვას პროფილაქტიკაზეც გეტყვით. მართალია, მიიჩნევა, რომ ვარიკოცელე ანატომიური და გენეტიკური განწყობის საფუძველზე ვითარდება, მაგრამ მაინც... თუ ეს დიაგნოზი დაისვა, ფიზიკურ დატვირთვას თავი არიდეთ, მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება და, რაც მთავარია, მუდმივი კონტაქტი გქონდეთ უროლოგთან.

გააზიარე: