ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
გააზიარე:
შფოთვითი აშლილობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა.
შფოთვა ნერვული სისტემის გადაჭარბებული აქტივობით გამოწვეული ემოციური მდგომარეობაა, რომელიც დაძაბულობით, უსიამოვნო წინათგრძნობით, საფრთხის მუდმივი მოლოდინით გამოიხატება. რიგითი ადამიანისთვის შფოთვა შფოთვაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კი მის რამდენიმე ფორმას გამოყოფენ. ერთი მათგანია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. დღეისთვის ის 160 მილიონამდე ადამიანს აქვს დიაგნოსტირებული. მათ შორის ბევრი ცნობილი პერსონაცაა. მაგალითად, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი აღიარებს, რომ ვერ ისვენებს, თუ ყველა ნივთი წყვილად ან სწორ ხაზზე განლაგებული არ არის. მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, რომელმაც ფილმ “ავიატორში” ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მაგნატი განასახიერა, თვითონაც ამ მდგომარეობას ებრძვის.
რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
სპეციალისტები, როგორც უკვე ვთქვით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის რამდენიმე ფორმას გამოყოფენ. ზოგადად კი ეს მდგომარეობა აკვიატებული აზრებით, რიტუალებით, უსაფუძვლო მღელვარებით და განმეორებადი სტერეოტიპული ქცევებით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს უშლის ადამიანს სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებაში. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონეთა 50% არ ან ვერ ქმნის ოჯახს, რადგან ასეთ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი არ არის.
რა არის ობსესია
ეს არის აკვიატებული ფიქრი, აზრი ან იდეა, რომელიც შფოთვის შეგრძნებას ბადებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სხეულის დაბინძურების შიში, ნივთების სიმეტრიულად დალაგების დაუძლეველი სურვილი.
რა არის კომპულსია
კომპულსია არის გაცნობიერებული ქცევა, რომელსაც ახორციელებს ადამიანი ობსესიური აზრების გასანეიტრალებლად. მაგალითად, ხელების წამდაუწუმ ბანა, თვლა, შემოწმება, გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდება. ხშირად კომპულსია ობსესიის საპასუხოდ აღმოცენდება. მაგალითად, როცა გონებაში გაგვიელვებს, ღუმელი ჩართული ხომ არ დამრჩაო, ვამოწმებთ მას, ხოლო თუ ადამიანს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, ამას აკეთებს ასჯერ, ათასჯერ, გამუდმებით, თუმცა ამ აშლილობის მქონეთა უმეტესობა აცნობიერებს, რომ ობსესიები რეალურ საფუძველს მოკლებულია. კომპულსიისგან თავის შეკავების შემთხვევაში შფოთვა იმატებს.
ყველა რიტუალი და ჩვევა, რა თქმა უნდა, კომპულსია არ არის, ყველას გვიყვარს გადამოწმება, სისუფთავე და ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ ზომიერად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანი კი ვერ აკონტროლებს ფიქრს და ქცევას, რა ზედმეტადაც უნდა მიაჩნდეს ის. მნიშვნელოვანია, რომ კომპულსიური ქცევა ადამიანს კმაყოფილების განცდას არ ჰგვრის, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ შფოთვას ამსუბუქებს, ზიანს კი გაცილებით დიდს აყენებს. მაგალითად, ხდება ისეც, რომ ადამიანი გაუჩერებლად ალაგებს სახლს, ამის გამო აგვიანდება სამსახურში, აცდენს შეხვედრებს და საბოლოოდ შემოსავლის წყაროს კარგავს, თუმცა დალაგება მაინც უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია.
ზემოთ აღწერილი სიმპტომები ყოველთვის არ აწუხებს ადამიანს. როგორც წესი, ერთმანეთს ენაცვლება უარესობისა და უკეთესობის, მწვავე და ნათელი პერიოდები. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანები თავს არიდებენ სიტუაციებს, რომლებმაც შესაძლოა მათი ემოციური ფონის დამძიმება გამოიწვიოს და, შესაბამისად, ბიძგი მისცეს მდგომარეობის გამწვავებას. ზოგიერთი ფსიქოემოციური დაძაბულობის მოსახსნელად ალკოჰოლს ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს.
ვის ემართება
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ზრდასრულსაც შეიძლება აღმოაჩნდეს და ბავშვსაც. ქალებს მამაკაცებზე ხშირად ემართებათ, თუმცა მცირე განსხვავებით. ბავშვებს აშლილობას ატყობენ ის ზრდასრულები, რომლებიც ყველაზე მეტ დროს ატარებენ მათთან: მშობლები ან მასწავლებლები. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია 19 წლიდან, ბიჭებთან – უფრო ადრეც, თუმცა ისეც ხდება, რომ ადამიანი წლობით მალავს აკვიატებულ ქცევას, რადგან რცხვენია მისი, ზოგიერთს კი დამალვაც არ სჭირდება, რადგან მისი აკვიატებაა უხმოდ თვლა, უხმოდ ლოცვა, გულში ამა თუ იმ ფრაზის გამეორება, რაც ისედაც შეუმჩნეველია გარშემომყოფთათვის.
რა იწვევს
გენეტიკა
ოჯახებზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ადამიანებს, რომელთა პირველი რიგის ნათესავებსაც (მშობლებს, და-ძმას, შვილს) აქვთ ობსესიურ– კომპულსიური აშლილობა, თავადაც ემუქრებათ რისკი, თანაც მით უფრო მეტად, რაც უფრო მცირე ასაკში გამოაჩნდა აშლილობა აღნიშნულ ნათესავს.
თავის ტვინი
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს გააქტიურებულია თავის ტვინის ზოგიერთი ზონის ფუნქციონირება, შეცვლილია ტვინის გარკვეული ნაწილები, კერძოდ, შუბლის წილი და განსაზღვრული ქერქქვეშა სტრუქტურები.
გარეგანი ფაქტორები
მაგალითად, ბავშვობაში გადატანილი ფსიქოემოციური ტრავმა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ ბავშვს აშლილობა უვლინდება სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ. რა ხდება ამ დროს ორგანიზმში – უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ინფექციაზე იმუნური სისტემის არანორმალურ პასუხს.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მრავალნაირად იჩენს თავს, თუმცა მის სიმპტომებს სპეციალისტები ხუთ ძირითად კატეგორიად ყოფენ. ესენია:
1. შემოწმების აკვიატება
ზოგს აკვიატებული აქვს ხანძრის ან წყლის გაჟონვის შიში და თავის დასაზღვევად გამუდმებით ამოწმებს ელექტროგაყვანილობას, ელექტროხელსაწყოებს, წყალგაყვანილობას, ონკანს... სხვები გამუდმებით ამოწმებენ, ხომ კარგად არიან მათი ახლობლები, ხომ დაკეტილია კარები, ფანჯრები, ხომ ჩართულია სახლის/ოფისის სიგნალიზაცია, ხომ არ რჩებათ საფულე, ტელეფონი.
აშლილობის მქონე ადამიანს, ჯანმრთელისგან განსხვავებით, გამუდმებით ეჩვენება, რომ თუ არ გადაამოწმა, აუცილებლად მოხდება რაღაც ცუდი და ეს მისი ბრალი იქნება.
2. ავადმყოფობის აკვიატება
ზოგს აკვიატებული აქვს, რომ უკურნებელი დაავადება სჭირს. ორსულობის აკვიატებაც კი არსებობს: ქალს ჰგონია, რომ სულ ორსულადაა და გამუდმებით იტარებს სწრაფ ტესტს.
შიზოფრენიის შიშის დროს ადამიანს ჰგონია, რომ ეს აკვიატებები "გააგიჟებს".
3. დაბინძურების აკვიატება
ამ დროს ადამიანი განუწყვეტლივ რეცხავს, ხეხავს, იბანს, იხეხავს კბილებს, ფერთხავს ტანსაცმელს, თავს არიდებს ხელის ჩამორთმევას, არ ეხება კარის სახელურებს, მოაჯირებს, ერიდება ხალხმრავალ ადგილებს, არ ჭამს კაფეებსა და რესტორნებში, თავს იკავებს სექსუალური ურთიერთობისგან.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანმა შესაძლოა იქამდე იხეხოს ხელი, სანამ სისხლი არ წამოუვა. არის სარეცხის მათეთრებლით ბანაობის შემთხვევებიც.
არსებობს დაბინძურების შიშის თავისებური ფორმაც – აზრებით დაბინძურების შიში. ამ დროს ადამიანი თავს “ჭუჭყიანად”, უწმინდურად მიიჩნევს სიტყვიერი შეურაცხყოფის, კრიტიკის შემდეგ. აზრებით დაბინძურების შიშის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ “დაბინძურების” წყარო ამ შემთხვევაში ადამიანია, მაშინ როდესაც შეხებით დაბინძურების შიშის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უსულო საგნებთან ფიზიკურ კონტაქტს უფრთხიან. საინტერესოა, რომ “შინაგანი ჭუჭყის ჩამობანაც” შხაპით ხდება.
4. წესრიგისა და სიმეტრიის აკვიატება
წესრიგისა და სიმეტრიის გადაჭარბებული მოთხოვნილებაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამოხატულებაა. ამ დროს ადამიანს აქვს არაჯანსაღი მოთხოვნილება:
* ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილას ეწყოს;
* სურათები ეკიდოს სწორად;
* კონსერვები ეწყოს ეტიკეტით წინ;
* ტანსაცმელი საკიდზე ერთი მიმართულებით იყოს შებრუნებული;
* წიგნები თაროზე ეწყოს განსაზღვრული სისტემით, მაგალითად, გარეკანის ფერის მიხედვით;
* ავეჯზე`ფანჯრებზე არ იყოს არც ერთი ლაქა.
აშლილობის მქონე ადამიანი უამრავ დროს ხარჯავს სიმეტრიის მისაღწევად. ეს ღლის მას, ხელს უშლის მის პროფესიულ საქმიანობას, უარყოფითად აისახება მის სოციალურ ცხოვრებაზე.
მკითხველს შესაძლოა ეგონოს, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანები იდეალურად დალაგებულ-დასუფთავებულ სახლებში ცხოვრობენ. ასე არ არის. ზოგჯერ ჩვეულებრივად არეული სახლიც კი უფრო დალაგებულია, ვიდრე აშლილობის მქონე ადამიანისა, რადგან ასეთი ადამიანები თანმიმდევრულად არ ალაგებენ, მათ საქმიანობას არ აქვს დასაწყისი და დასასრული, კმაყოფილება კი წესრიგის სუბიექტურ შეგრძნებაზეა დამოკიდებული და არა ობიექტურ შეფასებაზე.
5. აზროვნებითი ცოხნა
რუმინაციას, აზროვნებით ცოხნას, უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი გამუდმებით ატრიალებს გონებაში ერთსა და იმავე აზრს. მაგალითად, არის თუ არა ადამიანი ბუნებით კეთილი ან გრძელდება თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. რა არგუმენტიც არ უნდა მოიხმოს ადამიანმა, რა დასკვნაც არ უნდა გამოიტანოს, ვერ მშვიდდება და ისევ და ისევ უბრუნდება აკვიატებულ აზრს.
ინტრუზიული აზრები
ასე უწოდებენ უსიამოვნო, ზოგჯერ შემზარავ ფიქრებს, მაგალითად, ფიქრებს ახლობლებისთვის ზიანის მიყენების შესახებ. ამ აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა “ჯადოსნური” აზროვნება. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა მთელი არსებით სჯეროდეს, რომ ავტოკატასტროფის წარმოდგენა მის ალბათობას გაზრდის, ან, თუ ათამდე არ დაითვალა, მის ახლობელს ზიანი მიადგება.
ინტრუზიული აზრების სხვა მაგალითებია:
* გამართლების ან ხელის მოცარვის დაკავშირება გარკვეულ ფერთან ან ციფრთან;
* “იღბლიანი” და “უიღბლო” დღეების რწმენა;
* რწმენა, რომ:
* შესაძლებელია საყვარელი ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება;
* ფიქრით შეიძლება ზიანი მიაყენო სხვას და კატასტროფაც გამოიწვიო;
* თუ ტროტუარის კიდეზე დააბიჯე, შესაძლოა ცუდი რამ მოხდეს;
* რასაც გაიფიქრებ, შეიძლება ახდეს;
* დაკრძალვაზე დასწრება სიკვდილის მომასწავებელია.
უსარგებლო ნივთების შემგროვებლობა
უსარგებლო ნივთების შემგროვებლობა ცალკე დარღვევად განიხილება, თუმცა მსგავსი აკვიატება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვისაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, ამ აშლილობის მქონე ზოგიერთი ადამიანი ვერაფრით ელევა გამოუსადეგარ ნივთებს, ბევრს აშინებს კიდეც ამაზე ფიქრი, თითქოს, თუ რომელიმე ნივთი გადააგდეს, რამე ცუდი მოხდება.
როგორ მკურნალობენ
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისგან, ისევე როგორც ფსიქიკურ აშლილობათა უმრავლესობისგან, ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მისი მართვა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. მკურნალობენ მედიკამენტებით (ანტიდეპრესანტებით), ფსიქოთერაპიით ან ორივეთი ერთად. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პირებს ზოგჯერ აქვთ სხვა ფსიქიკური დარღვევებიც: შფოთვა, დეპრესია, შიზოფრენიაც კი. მკურნალობისას ექიმი ამ მდგომარეობებსაც ითვალისწინებს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა
მნიშვნელოვანია, მკურნალობის პროცესში ოჯახის წევრებიც ჩაერთონ. კარგი იქნება, თუ ისინი ექიმისგან მიიღებენ ინფორმაციას აშლილობის ბუნებისა და მისი მკურნალობის შესახებ, გაეცნობიან შესაბამის ლიტერატურას. ობსესიის მქონე ადამიანმა შესაძლოა სცადოს საკუთარ რიტუალებში ოჯახის წევრების ჩათრევაც. ასეთ დროს მათ სიმტკიცე და, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ.
ჩვენ განვიხილეთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმები და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი შიში. არსებობს სხვა ტიპებიც, რომლებზეც აქ არ გვისაუბრია, მაგრამ იმედი გვაქვს, ჩვენმა სტატიამ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგიქმნათ ამ მდგომარეობის შესახებ. დასასრულ, გირჩევთ, თუ საკუთარ თავს შეატყვეთ უსიამოვნო აკვიატება, რომელიც უარყოფითად აისახება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვითარებაში გასარკვევად ექიმს მიმართოთ.
დეა დვალი