პნევმონია განსხვავებული სცენარით

გააზიარე:

კლასიკური სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, – პნევმონიას ყოველთვის არ ახლავს თან. ზოგჯერ ის უჩვეულოდ, არატიპურად მიმდინარეობს. მაგალითად, შესაძლოა უმნიშვნელოდ მოიმატოს ტემპერატურამ, აგვტკივდეს ყელი ან ყური. პნევმონიის ასეთ ფორმებს ატიპურს უწოდებენ.

მიუხედავად სახელწოდებისა, ატიპური პნევმონია არცთუ იშვიათია.

რა არის

პნევმონია ფილტვების ინფექციური ანთებითი დაავადებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, ბაქტერიამ, სოკომ. მეცნიერებმა ჯერ კიდევ დიაგნოსტიკური ტესტების დახვეწამდე შეამჩნიეს, რომ პნევმონია ზოგჯერ უჩვეულოდ მიმდინარეობდა – მსუბუქი სიმპტომებით, განსხვავებული რენტგენოგრაფიული სურათით – და არც ისეთ მკურნალობას ემორჩილებოდა, როგორსაც ტიპურ შემთხვევებში უნიშნავდნენ. ამიტომაც უწოდეს პნევმონიის ამ ფორმას ატიპური.

ატიპური პნევმონიის წილად საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიების 30-40% მოდის (ტერმინი “საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია” აღნიშნავს იმ ინფექციური აგენტით გამოწვეულ ფილტვების ანთებას, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაეცემა და არა სამედიცინო დაწესებულებაში). ტიპური პნევმონიისგან განსხვავებით, რომელიც ერთბაშად იჩენს თავს და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს, ფილტვების ატიპური ანთების სიმპტომები, წესისამებრ, მსუბუქია და უფრო მდგრადი. განსხვავებულია მის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკებიც.

რა იწვევს

ატიპური პნევმონიის გამომწვევთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია სამი ბაქტერია, რომლებიც შემთხვევათა უმრავლესობას იწვევს:

* Mycoplasma pneumoniae  – აავადებს უმთავრესად უმეტესად 40 წლამდე ასაკის პირებს;

* Chlamydophila pneumoniae – დასტურდება უმთავრესად სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან და ახალგაზრდებთან;

* Legionella pneumophila – ამ ბაქტერიით გამოწვეული ანთება უმეტესად უდასტურდებათ შუახნის და ასაკოვან, მწეველ, ქრონიკული დაავადებების, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. მას ლეგიონერების დაავადებასაც უწოდებენ და შედარებით მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა.

იშვიათად ატიპურ პნევმონიას იწვევს ბაქტერია Chlamydophila psittaci-ც, რომელიც ადამიანს ინფიცირებულ შინაურ ფრინველებთან, მაგალითად, თუთიყუშებთან, ქათმებთან კონტაქტის დროს გადაედება.

ვის ემართება

ატიპური პნევმონიით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. ასეთებია მწეველობა, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება, 2 წლამდე და 65 წელზე უფროსი ასაკი, იმუნური სისტემის სისუსტე. ინფექცია ადვილად ვრცელდება ხალხის თავშეყრისა და მჭიდრო დასახლების ადგილებში: სახლებში, სკოლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში.

როგორ ვრცელდება

ატიპური პნევმონიის გამომწვევი ადამიანისგან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. როცა ავადმყოფს ახველებს ან აცემინებს, ჰაერში ბაქტერიების შემცველი წვეთები გამოიფრქვევა. თუ ასეთი წვეთებით გაჯერებული ჰაერი ახლოს მყოფმა შეისუნთქა, შესაძლოა, ისიც დაავადდეს. თუ ბაქტერია ხელზე მოხვდა, მერე კი ხელი პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოვისვით, შესაძლოა, მიკრობი ლორწოვანის გავლით სხეულში შეიჭრას. ლეგიონელათი გამოწვეული ინფექცია ვრცელდება ბაქტერიების შემცველი წყლის უმცირესი წვეთების ჩასუნთქვით (ასეთი წვეთები ჰაერში შეიძლება მოხვდეს, მაგალითად, კონდიცირების სისტემებიდან).

ტიპური პნევმონიის, გრიპისა თუ გაციებისგან განსხვავებით, ატიპური პნევმონიის სიმპტომების გამოვლენას ერთიდან ოთხ კვირამდე სჭირდება. დროის ამ მონაკვეთს ინკუბაციური პერიოდი ეწოდება. ამ ხნია განმავლობაში ადამიანმა არ იცის, რომ ავად არის და ინფექციას ავრცელებს. ავადმყოფი გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან მათ გაქრობამდე.

როგორ ვლინდება

ფილტვების ანთება ზოგჯერ ისეთი მსუბუქია, რომ ავადმყოფს წოლითი რეჟიმი არც კი სჭირდება. ასეთ ფორმას “მოსიარულე პნევმონიას” უწოდებენ. უმეტესად ასეთია მიკოპლაზმით გამოწვეული შემთხვევები. მოსიარულე პნევმონიის დროს ადამიანი თავს კარგად გრძნობს, თავს ართმევს ყოველდღიურ მოვალეობებს და აზრადაც არ მოსდის, რომ ფილტვების ანთება აქვს. ასეთი მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს ქლამიდოფილათი გამოწვეულ პნევმონიას, ლეგიონელათი გამოწვეული ფილტვების ანთების დროს კი პირველი 4-6 დღის განმავლობაში მდგომარეობა მძიმდება და ავადმყოფი მხოლოდ 4-5 დღის შემდეგ მომჯობინდება.

ატიპური პნევმონიის სიმპტომები ყველაზე ხშირად ასეთია: ყელის ტკივილი, სისუსტე, გულმკერდის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ხველების დროს, ციება, სუბფებრილური ტემპერატურა, მუდმივი მშრალი ან ნახველიანი ხველა (ლეგიონელოზის დროს შესაძლოა სისხლიანიც), ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს. გარდა ამისა, მოსალოდნელია თავის ტკივილი, უმადობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ოფლიანობა, ნამიანი კანი.

სიმპტომები დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ტიპზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ლეგიონელათი გამოწვეულ პნევმონიას ზოგჯერ თან ახლავს დიარეა, დროსა და გარემოში დეზორიენტაცია (უპირატესად – ასაკოვნებთან), ხოლო მიკოპლაზმით გამოწვეულს – ყურების, თვალების ან ყელის ტკივილი, შეშუპება ან გამონაყარი.

დიაგნოსტიკა

ატიპური პნევმონიის დიაგნოსტიკის საწყის ეტაპზე ექიმი გამოგკითხავთ, რას უჩივით, რამდენი ხანია უჩივით, ხომ არ გქონიათ კონტაქტი ინფიცირებულთან და თუ კი – როდის. გასინჯვისას მოწმდება ტემპერატურა, პულსი და სუნთქვის სიხშირე, გულმკერდის მოსმენისას – სუნთქვა. გამოცდილ ექიმს ამ გზით მიღებული მონაცემები ჰყოფნის დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასაწყებად. თუ დიაგნოზის სიზუსტე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ტარდება დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებული გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა. ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის (არტერიული სისხლის აირების) დონის განსაზღვრა, – გამოიყენება როგორც დამატებითი სადიაგნოზო მეთოდები, რომლებიც ავსებს საერთო სურათს და ექიმს რისკის შეფასებაში ეხმარება. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სისხლის ან ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც.

მკურნალობა

ატიპური პნევმონიის შემთხვევათა უმრავლესობა კარგად ემორჩილება მკურნალობას. მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ხოლო თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად იძლევიან რამდენიმე რეკომენდაციას:

* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები (იბუპროფენი ან ნაპროქსენი) ამსუბუქებს ცხელებას, ტეხას და ტკივილს სახსრებსა და კუნთებში.

არ მიიღოთ ურეცეპტოდ გასაცემი ისეთი წამალი, რომელსაც ხველის დამთრგუნველი მოქმედება აქვს, თორემ ორგანიზმს ზედმეტი ლორწოსა და ნახველის გამოძევება გაუჭირდება!

* სვით საკმარისი სითხე (წყალი, ჩაი, მცენარეთა ნაყენები) – ის ლორწოს დაარბილებს და ფილტვებიდან მის გამოძევებას გააადვილებს.

კოფეინიან სასმელებს ერიდეთ!

ინფექციასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია მოსვენება. ფიზიკურ და გონებრივ გადაძაბვას შეუძლია დაასუსტოს იმუნური სისტემა და ინფექციასთან ბრძოლა გაახანგრძლივოს.

თუ ატიპური პნევმონია Mycoplasma pneumoniae-თია გამოწვეული, შესაძლოა დაინიშნოს ანტიბიოტიკი მაკროლიდების (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი), ფთორქინოლონების (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ოღონდ არა ბავშვებისთვის) ან ტეტრაციკლინების (დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი) ჯგუფიდან.

Chlamydophila pneumoniae-თი გამოწვეულ პნევმონიას ბევრი ავადმყოფი ანტიბიოტიკების გარეშეც უმკლავდება, განსხვავებით ლეგიონერების დაავადებისგან, რომლის დროსაც ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია. ლეგიონელას მიმართ ანტიბიოტიკების არაერთი ჯგუფია ეფექტური, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მაკროლიდებით ან ქინოლონებით მკურნალობენ.

თუ მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ (უმეტესად ესენი არიან სუსტი იმუნური სისტემის ან თანმხლები დაავადებების – დიაბეტის, გულის ან ფილტვების დაავადებების – მქონე პირები). ანტიბიოტიკი შეჰყავთ ვენაში. ამასთან ერთად ტარდება დამხმარე თერაპია ჟანგბადით.

ანტიბიოტიკებით მკურნალობა ზოგჯერ ორ კვირას და უფრო მეტხანსაც გრძელდება. მნიშვნელოვანია, პაციენტმა ექიმის მიერ დანიშნული კურსი ბოლომდე მიიყვანოს. თუნდაც თავი მალევე იგრძნოს კარგად, წამლების დროზე ადრე შეწყვეტა არ შეიძლება – ეს მკურნალობას გაართულებს და გამოჯანმრთელებას დააგვიანებს.

პრევენცია

რეკომენდებულია ყოველწლიური აცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, რადგან ის ხშირად რთულდება სხვადასხვა ინფექციით, მათ შორის – პნევმონიითაც. ამასთან ერთად, პრევენცია გულისხმობს იმ რისკფაქტორების გავლენის შემცირებას, რომლებიც დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. მოწევისთვის თავის დანებება, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ძლიერი იმუნიტეტით კი ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებთან გამკლავება უფრო ადვილია. ამასთან ერთად, ერიდეთ პნევმონიით დაავადებულებთან ახლო კონტაქტს, რეგულარულად იბანეთ ხელები, რომ დაავადების გამომწვევი მიკრობების გავრცელებას ხელი არ შეუწყოთ. ავადმყოფმა, თავის მხრივ, ხველებისა და ცემინების დროს ქსოვილით ან ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცით უნდა დაიფაროს პირი და ცხვირი, რადგან ჰაერწვეთოვანი გადაცემა ის ძირითადი გზაა, რომლითაც ინფექცია ვრცელდება.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: