ქოლესტეროლი – სისხლძარღვთა დაუძინებელი მტერი

გააზიარე:

ქოლესტეროლი ორგანული წარმოშობის ცხიმოვანი სპირტია და სულაც არ არის ისეთი “მონსტრი”, როგორადაც ამერიკელმა კარდიოლოგმა დინ ორნიშმა 1990 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში წარმოგვიდგინა. სხეულისთვის მას უამრავი სიკეთე მოაქვს. კერძოდ, სტეროიდული, ანტისტრესული, ანთების საწინააღმდეგო და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასქესო ჰორმონების წარმოქმნაშიც კი მონაწილეობს. მონაწილეობს ნაღვლის მჟავების წარმოქმნაშიც და, ამგვარად, ცხიმების ათვისებაშიც გვეხმარება. მის გარეშე შეუძლებელია ესოდენ მნიშვნელოვანი D ვიტამინის სინთეზი და ნერვულ სისტემაში იმპულსის გატარება. მეტსაც გეტყვით: ამერიკული კვლევების თანახმად, ქოლესტეროლის დონის დაქვეითებისას ინტელექტის კოეფიციენტი 45%-ით იკლებს.

ტვინის ცხიმოვანი შიმშილის პირველი სიგნალი მხედველობის გაუარესება იქნება – ის ბუნდოვან სურათს მიიღებს, რადგან კოლბებს, ჩხირებს (თვალის მგრძნობიარე რეცეპტორებს) და მხედველობის ნერვს ქოლესტეროლის გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ, ამას კი დარღვევათა მთელი კასკადი მოჰყვება.

ქოლესტეროლის დაბალი დონე სეროტონინის – დადებით ემოციებზე პასუხისმგებელი ჰორმონის – გამომუშავებასაც აფერხებს, ასე რომ, აპათია, მელანქოლიის შეტევები, დეპრესია შესაძლოა ქოლესტეროლის უკმარისობის გამოხატულებაც იყოს.

საბედნიეროდ, "უზენაესმა არქიტექტორმა" ორგანიზმის ცხიმოვანი ცვლა ისე ააწყო, რომ ქოლესტეროლის დეფიციტის საფრთხე თითქმის არ გვემუქრება, ასე რომ, ამ კუთხით თეორიული მოსაზრებების გამოთქმას დავჯერდებით. სამაგიეროდ, ქოლესტეროლის სიჭარბით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები რეალურია და სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ამაზე სასაუბროდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოვასკულური, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჯინჭველაძეს ვესტუმრეთ.

– რა გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე ქოლესტეროლის მაღალი დონე?

– თუ სისხლში ჭარბი ქოლესტეროლია, არტერიებში შესაძლოა ათეროსკლეროზული ცვლილებები დაიწყოს და  მკვრივი ფოლაქები ჩამოყალიბდეს. ფოლაქი თანდათან იზრდება, ავიწროებს და ზოგჯერ ახშობს კიდეც სისხლძარღვის სანათურს. ხშირად შევიწროება იმდენად კრიტიკულია, რომ საქმე ნეკროზამდე, ქსოვილის კვდომამდე მიდის.

ათეროსკლეროზული ფოლაქი ძირითადად ცხიმისა და კალციუმისგან შედგება. მათი თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ სტაბილურ და არასტაბილურ, ფხვიერ ფოლაქებს. სტაბილური ფოლაქის არსებობისას პროცესი უმეტესად სისხლძარღვის შევიწროებით და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ორგანოში ქრონიკული პროცესების აღმოცენებით რთულდება. ფხვიერი ფოლაქის პროგნოზი გაცილებით უარესია: მისი დაწყლულებული ადგილიდან წყდება პატარა ფრაგმენტები, სისხლის ნაკადს მიჰყვება და შესაძლოა, უფრო წვრილი კალიბრის სისხლძარღვის შევიწროება ან დახშობა გამოიწვიოს.

ფოლაქების ნაწილი გლუვზედაპირიანია. ისინი უფრო სტაბილურებად მიიჩნევა, უსწორმასწოროზედაპირიანი ფოლაქები კი – არასტაბილურებად, თუმცა არ არის გამორიცხული, გლუვზედაპირიანი ფოლაქი დაწყლულდეს, გასკდეს და ამ დროს წარმოქმნილი ათეროსკლეროზული ნაწილაკები სისხლის ნაკადმა სხვადასხვა მიმართულებით წაიღოს.

– რა კავშირია ქოლესტეროლის სიჭარბესა და ათეროსკლეროზის განვითარებას შორის?

– ათეროსკლეროზს რთული პათოგენეზი აქვს. ის უკავშირდება ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის მოშლას, რაც სისხლში ქოლესტეროლის დონის მატებას და მის ფრაქციებს შორის სწორი თანაფარდობის დარღვევას – დისლიპიდემიას იწვევს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლის დონის მომატება. სისხლძარღვის ენდოთელიუმით ამოფენილი შიდა კედელი, ინტიმა, ბიოლოგიურად აქტიური ქსოვილია და გამოიმუშავებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვის შიგნით სისხლის სწორ, თანაბარ და შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველყოფს. ორგანიზმში ქოლესტეროლის დონის მატება სისხლძარღვის ენდოთელიუმის უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართების – ათერომების – ჩალაგებას იწვევს. სწორედ ამ ჩანართებს უწოდებენ ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ისინი აზიანებენ სისხლძარღვის შიდა შრეს და იწვევენ მის დისფუნქციას, რის შედეგადაც ირღვევა სისხლძარღვთა ტონუსი, იქმნება თრომბული მასების წარმოქმნის წინაპირობა, რასაც ათეროსკლეროზის განვითარებამდე მივყავართ.

ათეროსკლეროზი შესაძლოა სისხლძარღვის გაფართოების – ანევრიზმის – მიზეზადაც იქცეს. ანევრიზმის ყველაზე საშიში გართულება გასკდომაა, რასაც მძიმე ჰემორაგიულ შოკამდე და ხშირად ლეტალურ შედეგამდე მივყავართ.

რაც უფრო მაღალია სისხლში ქოლესტეროლის დონე, მით უფრო აგრესიულად მიმდინარეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნა და გავრცელება სხვადასხვა ორგანოთა მკვებავ სისხლძარღვებზე.

– რაზეა დამოკიდებული ათეროსკლეროზული ფოლაქის ადგილმდებარეობა?

–  ათეროსკლეროზი უმთავრესად მსხვილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვებს აზიანებს. დადგენილია, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქები ყალიბდება იმ ადგილებში, სადაც სისხლი მაღალი წნევის ზეგავლენით ქაოსურად, არაერთგვაროვნად მოძრაობს. ესენი სისხლძარღვთა ბიფურკაციის ანუ გაორკაპების ადგილებია, ამიტომ ათეროსკლეროზს სხვაგვარად ბიფურკაციულ დაავადებასაც უწოდებენ. თუმცა ათეროსკლეროზული დაზიანება ნებისმიერ სისხლძარღვშეია მოსალოდნელი, მათ შორის – აორტასა და ბარძაყის ზედაპირულ არტერიებშიც.

– რატომ მიიჩნევა ათეროსკლეროზი მძიმე დაავადებად?

– საქმე ის არის, რომ სისხლში ქოლესტეროლის კონცენტრაციის მატებას სპეციფიკური კლინიკური გამოხატულება არ ახასიათებს. დაავადება თავს იჩენს მოგვიანებით, როდესაც ერთი ან რამდენიმე სისხლძარღვი უკვე მნიშვნელოვნად და კრიტიკულადაც კია დაზიანებული. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ათეროსკლეროზის პირველად პრევენციას: ფიზიკურ დატვირთვას, სწორ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას.

– კლინიკურად როგორ ვლინდება ათეროსკლეროზი?

– სხვადასხვანაირად. გააჩნია დაზიანების ადგილს და სისხლძარღვის შევიწროების ხარისხს. ათეროსკლეროზი ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, ამიტომ ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა ერთდროულად სხვადასხვა სისხლძარღვის დაზიანებით გამოწვეული ჩივილები ჰქონდეს. ვინაიდან პროცესი უმთავრესად მაგისტრალურ სისხლძარღვებს აზიანებს, შესაძლოა თავი იჩინოს თავის ტვინის, გულის, თირკმლის, ქვედა კიდურების არტერიათა შევიწროებით გამოწვეულმა სიმპტომებმა. გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება გულის იშემიურ დავაადებას იწვევს, რომელიც გულის არეში ტკივილით (სტენოკარდიით) ვლინდება. შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. საძილე არტერიების ათეროსკლეროზი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას განაპირობებს, რაც შესაძლოა იშემიურ ინსულტში გადაიზარდოს. ქვედა კიდურების სისხლძარღვთა არტერიების ათეროსკლეროზი ხშირად სიარულის დროს კიდურების ტკივილის, გარდამავალი კოჭლობის მიზეზია. გართულებულ შემთხვევებში მოსალოდნელია განგრენა. მამაკაცებს შესაძლოა ერექციული დისფუნქცია განუვითარდეთ.

– რატომ წარმოადგენს ფოლაქი ორმაგ საფრთხეს?

– სისხლძარღვის სანათურის შევიწროებას ამა თუ იმ ორგანოს ქრონიკულ უკმარისობამდე მივყავართ (მაგალითად, ქვედა კიდურის ქრონიკულ არტერიულ უკმარისობამდე). თუ არასტაბილური ფოლაქი დაწყლულდა, როგორც უკვე გითხარით, მოხდება ათეროგენული ემბოლიზაცია – ათეროსკლეროზული ფოლაქიდან პატარ-პატარა ნაწილაკები მოწყდება, სისხლის ნაკადს გაჰყვება და სხვა, ხშირად საკმაოდ მოშორებულ სისხლძარღვებში მოხვდება. საძილე არტერიის დაწყლულებული ათეროსკლეროზული ფოლაქის ათეროემბოლიზაციას იშემიურ ინსულტამდე მივყავართ. აორტის ან თეძოს დაწყლულებული კედლიდან მოწყვეტილმა ფოლაქის ნაწილებმა შესაძლოა ქვედა კიდურის მკვებავი სისხლძარღვი დაახშოს.

წარსულში დარჩენილი სავალალო პროგნოზი

– მრავალი წლის განმავლობაში სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით განპირობებული დაავადებების პროგნოზი არაკეთილსაიმედო იყო. მიუხედავად აქტიური მედიკამენტური თერაპიისა, სტენოკარდიით დაავადებულებს ხშირად  უვითარდებოდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც პრაქტიკულად აქვეითებდა მათი ცხოვრების ხარისხს. ქვედა კიდურის იშემიის მქონე ავადმყოფებიც განწირულნი იყვნენ სისხლძარღვის სრული დახშობისა და კიდურის დაკარგვისთვის. მედიცინის განვითარებასთან ერთად შემუშავდა დაზიანებული სისხლძარღვის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიც, თუმცა აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქირურგიული მკურნალობა კონსერვატიულთან ერთად უფრო შედეგიანია. კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების (სტატინების) მიღებას, რისკფაქტორების (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა) აღმოფხვრას ან შემცირებას. 

ქირურგია და პროცედურები

– რევასკულარიზაცია ათეროსკლეროზით გამოწვეული სისხლძარღვის შევიწროების ან თრომბოზის ქირურგიული მკურნალობაა. რევასკულარიზაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ყველაზე გავრცელებულია ენდარტერექტომია – დაზიანებული სისხლძარღვიდან ათეროსკლეროზული ფოლაქის ამოღება. იშემიური ინსულტის პრევენციის მიზნით ტარდება საძილე არტერიის ენდარტერექტომია, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა უკმარისობის თავიდან ასაცილებლად საზარდულიდან, ბარძაყის არტერიის გაორკაპების ადგილიდან, იღებენ ათეროსკლეროზულ ფოლაქს.

სტენტირება თუ შუნტირება?

– გასული საუკუნის ბოლოს მედიცინაში გადაიდგა პროგრესული ნაბიჯი – შეიქმნა მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური, ე.წ. უსისხლო მეთოდი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მინიმალური ჩარევით (ჩხვლეტით) სისხლძარღვთა შევიწროებული ნაწილის გახსნა-გაფართოება და შესაბამის ორგანოში სისხლის მიმოქცევის აღდგენა.  ამის წყალობით უამრავი ადამიანი გადაურჩა უმძიმეს გართულებებს.  სტენტირების წყალობით პაციენტი სწრაფად გადის რეაბილიტაციას და, პრაქტიკულად, მეორე დღიდან, სავსებით შრომისუნარიანია.  მკურნალობის ენდოვასკულური მეთოდი ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროებული ან დახურული სისხლძარღვის სეგმენტის გაბურღვა-გაფართოებას გულისხმობს.

შესაძლოა, გაფართოებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს ან მოხდეს დაწყლულებული ათეროსკლეროზული ფოლაქის ინტიმის დისექცია – სისხლძარღვის შიგნითა კედლის აშრევება. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია არტერიაში სპეციალური მეტალის ბადის, სტენტის, იმპლანტაცია. სტენტები სხვადასხვანაირია. საუკეთესოა მისი წამლით (უმეტესად – პაკლიტაქსელით) დაფარული ნაირსახეობა. წამალი ხელს უშლის სტენტის ირგვლივ თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას) და ათეროსკლეროზული პროცესის ხელახალ განვითარებას.

ზოგჯერ სისხლძარღვი ისეა გამკვრივებული კალციუმის ჩანართებისგან, რომ მისი გაბურღვა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ტარდება შუნტირება – დაზიანებული სისხლძარღვის პროთეზირება პერიფერიული ანატომიური და ექსტრაანატომიური შუნტის დადებით.

გახსოვდეთ: ქირურგიული ჩარევის შემდეგ სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის კონტროლის, დიეტისა და მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია.

მარი მარღანია

გააზიარე: