ეს ლუკმა – დედიკოს ხათრით, ეს ლუკმა – მამიკოს ხათრით…

გააზიარე:

  ხდება ასეც – ბავშვს მთელი სულითა და გულით მოუმზადებ საყვარელ კერძს, ის კი პირს არ აკარებს... ზოგიერთი საერთოდ არაფერს ჭამს, გარდა საყვარელი სასუსნავისა. მშობლებიც იძულებულნი არიან, დაჰყვნენ შვილის ნებას და სადილად იოგურტითა და სოსისით დაკმაყოფილდნენ ან დღეში სამჯერ შემწვარი კარტოფილი მოუმზადონ პატარას.
თუ უჭმელი შვილი გყავთ, ალბათ, ბევრ სხვასავით, თქვენც არაერთხელ გითქვამთ, რა ბედნიერებაა, როდესაც ბავშვს საჭმლის დაძალება არ სჭირდებაო.
როგორ მივაჩვიოთ პატარა ნორმალურ კვებას და როგორ შევაყვაროთ ჯანსაღი საკვები? 
უმადობის მიზეზები
სანამ ბავშვს კერძს დავაძალებდეთ, მოდი, გავარკვიოთ, რატომ არ სურს ჭამა.
* უმადობის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება. ორგანიზმი ძალ-ღონეს ინფექციასთან საბრძოლველად ინახავს და არ სურს, საკვების გადასამუშავებლად დახარჯოს ძვირფასი რესურსი. ასე რომ, თუ ბავშვი გაციებულია, ჭამას ნუ დააძალებთ, უმჯობესია, მეტი სითხე მისცეთ.
* ზოგჯერ მიზეზი საჭმლის მონელების დარღვევაა – შეკრულობა, ღებინების შეგრძნება, მუცლის ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. ასეთ დროს საჭმლის დაძალების ნაცვლად ექიმს მიმართეთ.
* ზოგიერთ პატარას ჩვენგან განსხვავებული გემოვნება აქვს და ის, რასაც მშობლები სთავაზობენ, უგემური ეჩვენება. ასე რომ, სანამ ჭამას დააძალებდეთ, ჰკითხეთ, რატომ არ მოსწონს კერძი.
* მადა ბავშვს შეიძლება ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მირთმეულმა ტკბილეულმა ან ხილმა წაუხდინოს. ამ დროს კუჭს სამყოფი საკვები უკვე მიღებული აქვს და ბავშვს შიმშილის შეგრძნება აღარ აწუხებს.
* უარი შეიძლება მივიღოთ მაშინაც, თუ კერძი უდროო დროს შევთავაზეთ. როცა ბავშვი მთელი არსებით თამაშშია ჩართული, ბუნებრივია, ჭამაზე უარს იტყვის.
* ხშირად კი ჭირვეულობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა. თუ პატარამ რამდენჯერმე თავისი გაიტანა და მისი ჭირვეულობით გაბეზრებულმა მშობლებმა სასარგებლო კერძი საყვარელი სასუსნავით (ტკბილეულით, შოკოლადით, ნამცხვრით) შეუცვალეს, ბავშვი აუცილებლად ეცდება, ეს ხერხი მომავალშიც გამოიყენოს. ასე რომ, თუ ერთხელ დაუთმეთ, არ გაგიკვირდეთ, მეორედაც თუ იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდით.
ბავშვის უმადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მისი ინდივიდუალური მოთხოვნილებებია, რომლებსაც მშობლები, უბრალოდ, ვერ ხვდებიან. მაგალითად, ზაფხულის სიცხეში ბავშვს (ისევე როგორც ზრდასრულ ადამიანს) ძნელად თუ მიიზიდავს მსუყე, ნოყიერი, ცხელი კერძი. ამ დროს მას ხილი და ბოსტნეული ურჩევნია. ამასთან, თუ ბავშვი ცოტას მოძრაობს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, საკვებსაც ნაკლებს ითხოვს.
ბავშვის უჭმელობაზე მშობლების რეაქცია არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მზად არის, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები თავიდან ბოლომდე ჩამოაბულბულოს, ზოგიერთი ბავშვს ცხვირზეც კი უჭერს ხელს, რომ პირი გააღებიოს და ძალისძალად ჩაუდოს ლუკმა. არიან ისეთებიც, ერთი თეფში კერძისთვის წარმოდგენას რომ მართავენ და შვილს, ოღონდ კი პირი გააღოს, ტკბილეულის მთებს ჰპირდებიან. ასეა თუ ისე, ყველა მშობელი ერთი მიზნისთვის იბრძვის – უჭმელ შვილს როგორმე ცოტაოდენი ჯანსაღი საკვები შეაჭამოს.
ვეძებთ გამოსავალს
მშობლები ყოველთვის ადეკვატურად ვერ აფასებენ ვითარებას, ეშინიათ, ბავშვი მშიერი არ დარჩეს და იმაზე მეტს აჭმევენ, ვიდრე საჭიროა, რასაც ჭარბ წონამდე და სიმსუქნემდეც კი მივყავართ. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პატარა ისე ცოტას ჭამს, წონას ვერ იმატებს, სათანადოდ ვერ ვითარდება. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
* უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ ძალდატანებით ბავშვის კვება არ შეიძლება. ვერც მუქარა, ვერც დასჯა და ვერც პირის ძალით გაღებინება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
როდესაც ბავშვი საჭმელს არ ეკარება, გადადგით თეფში განზე და გაუშვით პატარა სათამაშოდ, ოღონდ არამც და არამც არ მისცეთ რაიმე სასუსნავით წახემსების უფლება. როდესაც მოშივდება, ბავშვი თვითონვე მოვა და მოგთხოვთ საჭმელს.
* ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც თავად მონაწილეობენ “კულინარიული შედევრების” შექმნის პროცესში, შექმნაზე არანაკლებ კი თავიანთი ნახელავის გასინჯვა მოსწონთ. ასე რომ, შესთავაზეთ პატარას, კერძის მომზადებაში მოგეხმაროთ – მას აუცილებლად მოუნდება იმ საჭმლის გასინჯვა, რომელიც “თვითონ მოამზადა”.
* მადას გაღვიძებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვების ესთეტიკურ მხარეს. გამოიჩინეთ ფანტაზია და უბრალო კერძიც კი სადღესასწაულო შედევრად აქციეთ. მაგალითად, კარტოფილის პიურეს არაჟნით თვალები და ღიმილი მიახატეთ, ჩვეულებრივ შვრიის ფაფას კი ჩირით თქვენი შვილის სახელი დააწერეთ.
* გაითვალისწინეთ ბავშვის გემოვნება და სურვილი. ჰკითხეთ, დილით რის ჭამას ისურვებდა, უფრო სწორად, შესთავაზეთ, რამდენიმე კერძიდან გააკეთოს არჩევანი. მაგალითად, ასე: “დღეს სადილად რა გირჩევნია – ბორში, ქათმის წვნიანი თუ ძროხის ხორცის ბულიონი?” ან კიდევ – “რას მიირთმევ საუზმეზე – ცხელ შოკოლადს და კარაქიან პურს თუ ჩაის და ყველიან ბუტერბროდს?” ბავშვს გაუჩნდება განცდა, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, აუცილებლად იგრძნობს მასზე პასუხისმგებლობას და შეასრულებს.
* თუ ბავშვს რომელიმე სასარგებლო პროდუქტი ვერა და ვერ შევაჭამეთ, შეგვიძლია, ვიეშმაკოთ და ეს პროდუქტი სათანადოდ “შევფუთოთ”. მაგალითად, თუ კომბოსტოს არ ჭამს, შეგვიძლია, მოშუშული ბოსტნეული ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, ცოტაოდენი ბრინჯი შევურიოთ და იმ ღვეზელის გულსართად გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენს შვილს განსაკუთრებით უყვარს; თუ პატარა ვერაფრით ეგუება ხაჭოს, გაუთქვიფეთ ის ბლენდერში საყვარელ ხილთან ერთად, ჩაასხით ჭიქებში, შედგით საყინულეში და რამდენიმე საათში სასარგებლო “ნაყინი” მზად იქნება.
ცოტას თუ უყვარს ბოსტნეული, რომელიც ასე სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ თუ ფანტაზიას მოვიშველიებთ, მისგან ისეთი შედევრებიც შეიძლება შევქმნათ, რომ ყველაზე პრეტენზიული პატარებიც კი ვერ იტყვიან უარს.
რამდენიმე რეცეპტს ჩვენც შემოგთავაზებთ.
ბოსტნეულის გვირგვინები
ცხელ წყალში მოთუთქეთ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის თავაკები, შებრაწეთ ზეთში, მოაყარეთ მარილი და დაჭერით წვრილად. მიღებული მასა აურიეთ იმდენ არაჟანში, რომ სქელი, ფაფისმაგვარი კონსისტენციის ნაზავი მიიღოთ. 
მკვრივ პომიდვრებს ისე მოაჭერით თავი, რომ გვირგვინის ფორმა მისცეთ, გამოუღეთ გული და ამოავსეთ კომბოსტოს ფარშით. მოასხით არაჟანი და ლამაზად დააწყვეთ თეფშზე. 
ასეთ “მეფურ” სალათზე ვერც ერთი პრინცი თუ პრინცესა ვერ იტყვის უარს.
ზარმაცა სტაფილოსგან
უმი სტაფილოს ხრამუნი ბევრ პატარას არ სიამოვნებს, მაგრამ თუ ოსტატობას მოვიშველიებთ და რამდენიმე მარტივი მოძრაობით სტაფილოს ზარმაცას დავამსგავსებთ, პატარებს მისკენ აუცილებლად გაუწევთ გული.
ბოსტნეულის ღვეზელი
დაგჭირდებათ: 1 შეკვრა მზა ფენოვანი ცომი; 500 გ ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, სოკო; 200 გ 20%-იანი ნაღები; 2 კვერცხი; ყველი, მარილი, პილპილი.
სოკო დავჭრათ და ცოტაოდენ ცხიმში დავბრაწოთ. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მოვთუთქოთ მარილწყალში რამდენიმე წუთით. გადავწუროთ და გავაგრილოთ.
თასში ავთქვიფოთ კვერცხები და ნაღებს შევურიოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი. ცომი გავშალოთ ფორმაში და გავანაწილოთ მასზე ბოსტნეული. მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გადმოვკეცოთ გვერდები, გადავუსვათ ცოტაოდენი წინასწარ გადანახული ნაღებში არეული ათქვეფილი კვერცხი და ვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაბრაწვამდე, დაახლოებით 30-40 წუთი.

გააზიარე: